მთავარი » საზოგადოება

,,Georgia” თუ ,,Грузия”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2017 | 4,597 ნახვა

რუკა თანამედროვე ქართულ მეცნიერებაში ცოტა თუ მოიძებნება ის მკვლევრები, ვინც თავის დროზე მიზნად დაისახა გაერკვია, თუ რატომ უწოდებენ მსოფლიოში საქართველოს ,,გეორგიას”, ქართველებს კი ,,გეორგიელებს”, ხოლო რუსეთი და რიგი ქვეყნები კი – ,,გრუზიას” და ,,გრუზინებს”.

ჩემთვის ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ 2010 წლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ლიტვის რესპუბლიკას, რომ საქართველოსთვის ლიტვურ ენაზე ეწოდებინათ ,,ჯორჯია” და არა ,,გრუზია”, რაზეც მათი მხრიდან მივიღეთ უარყოფითი პასუხი განმარტებით: რომ ლიტვური საზოგადოება მიეჩვია სიტყვა ,, გრუზიას” და არ აპირებს მის შეცვლას ,,ჯორჯია”-ზე.

მივმართოთ ტერმინ ,,ჯორჯია”-ს და ტერმინ ,,გრუზია”-ს წარმოშობის ისტორიას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ორივე ტერმინის ისტორიას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. როგორც ვიცით, ტერმინ ,,გეორგიას”-ს ფუძე ბერძნული წარმოშობისაა. როდის და რა მიზეზით დაარქვეს ბერძნებმა ქართველებს ,,გეორგიელები”?
ლეგენდის მიხედვით, პირველად ბერძნებმა საქართველოს ნაპირებს ძვ.წ.აღ.-ის XIII საუკუნეში მოაღწიეს, ოქროს საწმისისათვის, მაგრამ იმდროინდელი ბერძნები საქართველოს ,,კოლხიდას” უწოდებდნენ, აქ მცხოვრებ ხალხს კი – ,,კოლხებს”, შავ ზღვას – ,,პონტ-ავქსინუსს”, ანუ ,,ცივ ზღვას”, ხოლო, სავარაუდოდ, ტროას აღების შემდეგ, როდესაც ბერძნებმა შავი ზღვის ათვისება დაიწყეს, ეს ,,ცივი ზღვა” მათთვის ,,პონტ-ევქსინური” ანუ ,,თბილი ზღვა” გახდა. ქრისტეშობამდე ბერძენთა ურთიერთობა ქართულ შავი ზღვისპირა ქალაქებთან ინტენსიური იყო. ისინი, კოლხეთის განადგურების შემდეგ, მის ადგილზე აღმოცენებულ ეგრისთან ურთიერთობდნენ. ეგრისმა, როგორც ,,დამოუკიდებელმა” ან ,,დამოკიდებულმა” ქვეყანამ რომზე და შემდგომ ბიზანტიაზე VIII საუკუნის ბოლომდე იარსება, ხოლო IX საუკუნეში ზღვისპირა საქართველოს აფხაზეთის სამეფო ეწოდებოდა. ასე, რომ ბერძნების მიერ ,,გეორგია”-ს დარქმევა ნამდვილად არ მოხდებოდა კოლხეთ – ეგრის – აფხაზეთის ხარჯზე.

განვიხილოთ აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა. აქ ოდითგანვე მიმდინარეობდა ბრძოლა სპარსეთის სახელმწიფოსთან, რომელიც თითქმის 1000 წლის განმავლობაში (ძვ.წ.აღ.-ის VI ს-დან ახ.წ.აღ.-ის VI ს-მდე) ცდილობდა დამკვიდრებულიყო აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც იბერიის სამეფო არსებობდა. ათასწლოვანი ბრძოლა იბერიასა და სპარსეთს შორის განპირობებული იყო იმით, რომ იბერია მდებარეობდა დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთების ცენტრალურ ნაწილში და კეტავდა ჩრდილოეთიდან მომავალ უმნიშვნელოვანეს გზებს, თანაც არა მარტო კეტავდა, არამედ, თუ დასჭირდებოდა, ხსნიდა კიდეც ამ გზებს და იქიდან გადმოჰყავდა მომთაბარე ტომები და მათთან ერთად ლაშქრავდა სამხრეთით მდებარე სომხეთის და სპარსეთის მიწებს. ეს ბრძოლა პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და გამარჯვება ხან ერთ და ხან მეორე მხარეს რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ,,იბერია” ერქვა, , სპარსელები მის მოსახლეობას ,,გურჯებს” ეძახდნენ. თანდათანობით დასახელება ,,გურჯებს” დაემატა სპარსული სუფიქსი ,,სტანი” და იბერია, ივერია, სპარსელებისთვის ,,გურჯისტანად” გადაიქცა. თვით ,,გურჯის” ფუძეს სპარსულში წარმოადგენს სიტყვა ,,გორგ”, რაც ,,მგელს” ნიშნავს. ვ.ბერტოლდის ნაშრომში ,,ირანის ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერა” განიხილება მონაცემები ,,გირკანიაზე” და პარალელია გასმული ჰეროდოტეს ,, ვრკან” -ასთან, როგორც ,,მგლების ქვეყანა”. ,,გირკანიამ” სპარსულ ენაში განიცადა ტრანსფორმაცია და ,,გორგან”-ად იქცა, ხოლო არაბულში ,,ჯურჯან”-ად ან ,,ჯურზან”-ად, სირიულ ენაში კი ,,გურზ” ან ,,გურზან”-ად. ეს ის პერიოდია, როდესაც მიმდინარეობს თითქმის 300-წლიანი ბერძნულ-სპარსული ომები. ამ ომების განმავლობაში სპარსული ტერმინი ,,გურგან” გადადის ბერძნულში, როგორც ,,გეორგია”. ეს ხდებოდა ბერძენ-სპარსელთა საომარი თუ მშვიდობიანი პერიოდის დროს, ხომ ცნობილია, რომ სპარსელები როდესაც ცდილობდნენ საბერძნეთის დაპყრობას, ჯარში ყველა ხალხის წარმომადგენლებს იკრებდნენ, რომლებსაც ერთმანეთის არც ენა იცოდნენ და არც საბრძოლო ტაქტიკა, ამის საუკეთესო მაგალითი ალექსდანდრე მაკედონელისა და დარიუსის ბრძოლაა გავგამელასთან, როდესაც სპარსელთა 250 000 ათასიანი არმია მაკედონელის ორგანიზებულმა 40 000 არმიამ გაანადგურა. ის, რომ ბერძნებმა სპარსელებზე გვიან გაიცნეს აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებნი, ამას ადასტურებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. მხოლოდ ჩვენ, ქართველები (სომხების მცირე გამოკლებით), ვეძახით მდინარე მტკვარს – მტკვარს, ხოლო მსოფლიოს დანარჩენი ხალხი კი მტკვარს ეძახის – კურუს, კურას და ა. შ. სიტყვა ,,კურუს” მოდის სპარსეთის შაჰის კიროსისაგან, თვით კიროს II იყო სპარსეთს სახელმწიფოს დამაარსებელი, აქამენიდთა დინასტიის პირველი მეფე. ძვ. წ. აღ.-ის 539 წელს მან შექმნა სპარსელთა პირველი და უდიდესი იმპერია, სადაც შედიოდა: სპარსეთი, შუა აზია, წინა აზია, შუამდინარეთი. ფაქტობრივად, მისი იმპერია დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ბერძნულ სამყაროს. კიროს II-ის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება იყო დაპყრობითი ხალხების კულტურულ ფასეულობათა მიღება-ათვისება, შემწყნარებლური პოლიტიკა დაპყრობილ ხალხთა რელიგიისა და ადათებისადმი. მას მიეწერება ასევე ებრაელი ერის ,, ბაბილონის ტყვეობიდან” გათავისუფლება. კიროს II ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტკვრის ნაპირზე მოკლეს. ამის შემდეგ სპარსეთის იმპერიაში შემავალმა ყველა ხალხმა მტკვარს ,,კიროს”, ,,კურუს”, ,,კურა” უწოდა. ნათელია, რომ იმ დროს იბერია, ქართველები, სპარსეთის იმპერიაში არ შედიოდნენ და სპარსული რელიგიურ-კულტურული გავლენაც არ ჰქონდათ. სპარსულიდან ,,მტკვარი” ,,კურას” სახით გადავიდა ბერძნებთან, იქიდან კი მთელს იმდროინდელ ხალხებში, სწორედ ისე, როგორც ,,გურგან”.

ახ.წ.აღ.-ის VII-VIII საუკუნეებში, იმ დროს, როდესაც ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში აქტიურდებიან სლავი ტომები, ხოლო მათ ორგანიზებას და სახელმწიფოდ გადაქცევას ნორმანები, ანუ ვარანგები, ვიკინგები ახერხებდნენ, ჩნდება პირველი კონტაქტები ვიკინგებს-რუსებსა (რუს-ს ვიკინგები ეძახდნენ მენიჩბეებს, რომლებსაც ვიკინგები გადაჰყავდათ მდ. დნეპრის გაყოლებით, კონსტანტინოპოლამდე) და სპარსელებს შორის. როგორც ვიცით, ნორმანები, ვიკინგები ( ვარანგები) ძირითადად ზღვიდან ესხმოდნენ თავს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. VII-IX საუკუნიდან ისინი თავიანთი ბრტყელძირიანი გემებით იწყებენ ევროპული მდინარეების სიღრმეში ცურვას, დაპყრობებისა და ვაჭრობის მიზნით. სწორედ ამ დროს მდინარე ვოლგასა და კასპიის ზღვის გავლით მყარდება პირველი სავაჭრო კონტაქტები ვარანგ, ვიკინგ-რუსებსა და სპარსელებს შორის. ამავე დროს ხდება ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში სიტყვა ,,გურზი”-ს ,,ექსპორტი”. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში, რუსული წყაროები (,,ნიკოლაევის მატიანე”) ქართველებს, რომლებიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდნენ, უწოდებს ,,გურზანებს”, მათ ერთობას – ,,служба тамо Гурзиская”. მხოლოდ მოგვიანებით, რუსეთის იმპერატორის, პეტრე I -ის მეფობის დროს ჩატარებული რუსული ენისა და ალფაბეტის რეფორმებისას ,,გურზან”-მა ტრანსფორმაცია განიცადა და რუსებისთვის ,,გრუზინ”-ი გახდა. შესაბამისად, როგორც სჩვევია იმპერიულ იდეოლოგიას, რუსეთმაც დაიწყო ტერმინ ,,გრუზინ”-ის კულტივირება და გავრცელება. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ XX საუკუნის 80-იან წლებში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა პროპაგანდის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ სიტყვა ,,გრუზინმა” დაიმკვიდრა საბჭოური სივრცე, მათ დაიწყეს დასავლეთ ევროპულ ენებზე გამოცემულ ლიტერატურაში, მაგალითად, გერმანიაში გამოცემულ წიგნებსა და რუკებზე ,,Georgian”-ის ნაცვლად ,,Gruzinish”-ის აღნიშვნა, მაგრამ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაწყებულმა პროცესებმა, რომლის შედეგად მსოფლიო რუკაზე გაჩნდა დამოუკიდებელი საქართველო, ამგვარ მცდელობას ბოლო მოეღო.

ასე, რომ სიტყვა ,,გეორგია” მრავალი ათასწლეულის მანძილზე წარმოებულია სპარსული სიტყვა ,,გორგ”-იდან, რომელიც, თავის დროზე, სპარსელებმა იმიტომ უწოდეს ქართველებს, რომ 1000-წლიანი ომების პერიოდში ვერ შეძლეს მათი დამორჩლება, ხოლო ჩვენს სახელოვან მეფე ვახტანგს ,,გორგასალი” უწოდეს. სპარსელებს მისი ,,გორგასალობა”(მგლის თავა) ბუნებრივად მიაჩნდათ. მით უმეტეს, რომ ვახტანგის დედა, საგდუხტი, წარმოშობით რანიდან (სპარსეთიდან) იყო. იმ პერიოდში, იმისათვის, რომ სპარსელებს თავიანთი გავლენა მაქსიმალურად გაევრცელებინათ და განემტკიცებინათ დაპყრობილ პერიფერიებზე, ყველანაირად ცდილობდნენ მათ მიმართ კეთილგანწყობილი პირები დაენიშნათ, ისეთ პრობლემურ სამეფოებში, როგორიც იბერია იყო. ასე მოხდა ქართველებთან მიმართებაში. სპარსელებმა V საუკუნის პირველ ნახევარში ვახტანგს ხელი შეუწყეს, რომ ქართლის მეფე გამხდარიყო. (ზედმეტი გარანტიებისათვის მიათხოვეს მირდატს საგდუხტი, რომელთა შვილიც ვახტანგი იყო. ვატანგის მეუღლეც, ბალენდუხტი, სპარსი იყო.) რომ არა ქართველთა დაუმორჩილებელი სული, ვახტანგს თავისუფლად შეეძლო მშვიდად და წყნარად ემართა თავისი სამეფო სპარსული იმპერიის ხარჯზე. როგორც ჩანს, ვახტანგის (და არა მარტო მის) დაუცხრომელ სულს კვებავდა ქართველთა მებრძოლი, დაუმორჩილებელი სულისკვეთება. ყველასათვის ცნობილია: მგელს რაც არ უნდა მაძღარი და კომფორტული პირობები შეუქმნა, მისი ინსტინქტი (თავისუფლების) იმარჯვებს ყველაფერზე. 1000-წლოვანმა ბრძოლამ ქართველთა წინააღმდეგ სპარსელებს უკარნახა, რომ ეს ხალხი ( მგლის ინსტინქტის მატარებელნი) მგელთან გაეიგივებინათ. მგელთან, რომლის სწრაფვა თავისუფლებისაკენ თავდადებისა და თავგანწირვის ტოლფასია.

ხოლო რაც შეეხება ,,გეორგიანის” ( მიწის მოყვარული, მიწის მუშა) ახსნას, ყოველივე ზემოთ განხილული ტერმინის ამ ახსნას აბათილებს. ამას მიანიშნებს არგუმენტირებული ფაქტი, რომ ბერძნებს თუ ჩვენი მიწათმოქმედების ტექნოლოგია და აქ მოყვანილი პროდუქცია გაუკვირდათ, მაშინ რაღა უნდა ექნათ ეგვიპტისა და სკვითების სტეპებში მოყვანილი აუარებელი ხორბლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დანახვაზე, რომელიც ასობით წლის განმავლობაში გაჰქონდათ.
მიწის მუშები ბერძნებისთვის, ბიზანტიელებისთვის, რომაელებისთვის, პირველ რიგში, იყვნენ ხალხები, რომლებიც ცხოვრობდნენ აფრიკის, იტალიის, ესპანეთის(იბერია) და შავი ზღვის ჩრდილოეთ სტეპებში. მათ ქართველებთანაც ჰქონდათ ინტენსიური ვაჭრობა, მაგრამ ამ ვაჭრობაზე არ იყო დამოკიდებული მათი ( დიდი თუ მცირე ხმელთაშუაზღვისპირა ხალხების) ყოფა. თუ კარგად გავიხსენებთ საქართველოს ბუნებას, ნათლად დავინახავთ, რომ ქართველები ჩვენს ისტორიას ვჭედავდით მთიან, ტყიან და ხეობებით დაკბილულ ადგილებში. მხოლოდ მცირე გამონათება იყო, როდესაც მყარდებოდა ხანმოკლე მშვიდობა, ქართველი იწყებდა მთიდან ბარში ჩამოსვლას და მიწათმოქმედების ინტენსიურ განვითარებას. XII საუკუნეშიც კი, მაშინ, როდესაც დავით აღმაშენებელს მოგებული ჰქონდა დიდგორი, შემოერთებული ჰქონდა თბილისი, წინა აზიის სპარს და თურქ სულთნებს ( ისე, როგორც მათ წინაპრებს) ქართველები მიაჩნდათ არა მიწის მუშებად, არამედ ტყის და მთის მებრძოლებად. ასე იყო დავით აღმაშენებლის ბოლო ბრძოლის დროს, როდესაც ,,…მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს… მოეწერა წიგნი: ,,შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა.. თუ გინდა სამალავითათ გამოხვედ და მნახე”. დავითისა და ყოველთა ქართველთა გამოსვლა იყო სულთნისთვის შემდეგი: ,, ფრიად რამე სიმდაბლითა და არა ჭირვეულმან არ-ღა ძღვენი ანუ ომნი ითხოვნა, არამედ გზა სამლტოლვარო…ღამეს გაიპარა და სასდუნით მეოტი სხვით გზით წარვიდა სოფლად თვისად”.

ხოლო ის, თუ რატომ მოიკიდა ფეხი რუსულ და საბჭოურ იმპერიაში ქართველების ,,მიწის მუშების” ფენომენმა, მისი ახსნა ადვილია: რუსებს კავკასიური ერები ( დაპყრობიდანვე) ორი სახით ჰყავდათ წარმოდგენილი: 1) Буйный народ (მშფოთვარე ხალხი) და 2) Мирный народ (მშვიდობიანი ხალხი). აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა კავკასიელი მშფოთვარე ხალხების ან განადგურებას, ან რუსეთის იმპერიიდან გასახლებას. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს და რადგანაც ხელისუფლებას საქართველო მიაჩნდა პლაცდარმად წინა აზიისა და კავკასიის დაპყრობისათვის, ამ ,,პლაცდარმზე” მცხოვრებ ქართველებს ან არუსებდნენ, ანდა მათში მებრძოლ სულს ანადგურებდნენ. ამის ტრაგიკული მაგალითი გვაჩვენეს კომუნისტებმა. XX ს-ის 20-იან წლებში ქართველი თავადაზნაურობა ფიზიკურად ამოჟლიტეს, ხოლო 30-იან წლებში დარჩენილი ქართველები კოლმეურნეობებსა და შემდეგ საბჭოთა მეურნეობებში გამოამწყვდიეს. ამაში მათ მოიხმარეს ქართველთა ვითომ ,,მიწის მუშების” ლეგენდა, რაც ამ სტატიიდანაც ჩანს, რომ ასე არ იყო. თუმცა ქართველი ყოველთვის ამუშავებდა მიწას და სხვას არ შეჰყურებდა ხელებში და მუდმივ ბრძოლაში იყო. მისთვის სამშობლოსთვის ბრძოლა იყო უპირველესი! და დღეს საგანგაშოა ის, რაც ხდება: მებრძოლი სულის ჩაკვლა ხელისუფალთათვის მოდად იქცა!

მოამზადა ისტორიკოსმა გოჩა ომაიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი