მთავარი » კულტურა

ვინმე გენრი დოლიძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.06.2011 9 კომენტარი | 7,372 ნახვა

“პოეტის ცხოვრება ფირია, ლექსი – დისტანციური მართვის პულტი”…

შეიძლებოდა ყველაფერი ასე დაგვეწყო: “ახალგაზრდა პოეტი გენრი დოლიძე ბათუმელია… ბათუმის სასულიერო გიმნაზიის დამთვარების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და ა.შ.”, მაგრამ ბანალურია… ისეთი, პოეტს რომ არ შეეფერება.

გენრი დოლიძეპოეტი ხომ ყველაფერს განსხვავებულად ხედავს, განსხვავებულად აღიქვამს და განიცდის. ხშირად გაუცნობიერებლად რაიმეს “ამოიჩემებს” და სანამ მიზანს არ მიაღწევს, ვერ ისვენებს. სწორედ ასე ამოიჩემა, მიეყვანათ ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში, რომელიც ახალი გახსნილი იყო და გამოცდები უნდა ჩაებარებინა. “უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად გაგრძელდა და დღესაც გრძელდებაო,” – ამბობს თვითონ.

ბევრს წერს სამშობლოზე, რომლის ბედიც ყველაზე მეტად აწუხებს. “ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან განსხვავებულად მტკივა. არ მეგულება ნორმალური ქართველი, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ყოფა და ერის ზნეობრივი მდგომარეობა მოსწონდეს…უბრალოდ, სხვა თემებზე მეტად მაწუხებს ეს სატკივარი…მწერალი არის ერის ხმა და ამიტომ ჩემს უპირველეს ვალდებულებად მივიჩნევ ეროვნული და სულიერი შემოქმედების შექმნას.”

მისთვის პატრიოტის, ჰუმანისტის, დემოკრატის, მოაზროვნის, ქრისტიანისა და საერთოდ, ადამიანის იდეალი ილიაა. ის ეთანხმებოდა გონიერ ანდაზას – “მოყვარეს პირში უძრახეო”… ჰოდა, გენრიმაც “უძრახა” ქართველებს:

ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი – ბაღვაში.
ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში.
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავს,
ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.
იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,
ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ…
ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,
მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით…
ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან – უმზეო აისებს,
ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ.
თავს რომ ვიქებთ : “გაგვიზრდია აკაკი თუ ილია”…
გავიხსენოთ, საფარ ბეგიც ჩვენი გამოზრდილია..
ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით,
მეორეთი დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც…
მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან,
ალბათ, ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა!

პოეტი“დღიდან სამყაროს შექმნისა მთელი კაცობრიობა სამოთხეს მისტირის, თუმცა ადამისა და ევას გარდა იქ ხორციელ სიცოცხლეში არავინაა ნამყოფი. ჰოდა, ქართველებსაც გვაქვს ჩვენი დაკარგული სამოთხე – აფხაზეთი,” – ამ “დაკარგულ სამოთხეს” ისეთ გულიან, ტკივილიან, იმედიან ლექსებს უძღვნის, იფიქრებ, ალბათ, ბავშვობა იქ, აფხაზეთში გაატარა, ან რაღაც უშუალო შეხება აქვს მასთანო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ ბავშვის მეხსიერებაში დარჩენილი ომის კადრებზე ატირებული ბებიის სახის დამსახურებაა, რომელიც მაშინ გაუცნობიერებლად სტკენდა გულს, მერე კი თანდათან მიხვდა, რას ნიშნავს საქართველოსთვის აფხაზეთი:

მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
საქართველოს სიყვარულში გართული.
მომენატრა, მომენატრა აფხაზეთი,
თუმცა ის მე ჯერ კიდევ არ მინახავს.
ალბათ როცა გადმოგვხედავს, ნახავს ღმერთი,
ძმათა წყენა გულში არ შემინახავს!
მომენატრა ქამარ-ხანჯალ-ხმალ-აბჯარი,
ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო,
გონებაში მომეპარა ფიქრთა ჯარი,
მომეპარა და კინაღამ დამახრჩო.
ერთი სიტყვით, მომენატრა საქართველო,
საქართველო მაღალი და ძლიერი,
ავდგეთ ფეხზე, გაბზარული გავამთელოთ
და ქვეყანას დავუბრუნოთ იერი!
-შევევედროთ, შევევედროთ ბედის ამქარს,
სანამ ჩვენი არ ჩაქრება სანთელი,
მისი ცეცხლი მოუკიდოს სხვა ბევრ ახალს,
რომ მოვფინოთ კავკასიონს ნათელი…

-მომენატრა ირმის ჩლიქთა ხორუმი და
ბულბულების იავნანა ქართული,
ბათუმისკენ გამოვცურავ სოხუმიდან
გამარჯვების სიმღერებში გართული!

პოეტიმისი ბავშვობაც, როგორც ყველა ოთხმოციან და ოთხმოცდაათიანელისა, სროლების, ყაჩაღობების, მკვლელობების ფონზე დაიკარგა. “მაგ ბავშვობას ვეძებ დღემდე და ვერ ვიპოვე… ქუთაისში მაქვს ბავშვობის ეს ნაწილი გატარებული ბებია-ბაბუასთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, თვალნათლივ მახსოვს ყველაფერი. იყო გამუდმებული სროლები, მკვლელობები, ყაჩაღობები… ბებიას გაფრთხილებული ვყავდი და სროლების დროს მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი-ხოლმე… ეს ის პერიოდია, როცა ბავშვი სამყაროს შეცნობას იწყებს და უღრუბლო ცაზე, გვირილებსა და დათუნიებზე მღერის. ჩვენ, ომის შვილებს კი სად გვქონდა დათუნიები, მანქანები და კარგი ცხოვრება?! ჩვენი თამაშიც ის იყო, რაც ტელევიზორიდან, თუ რადიოდან (მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სახლებში) გვესმოდა… მაგ.: პარლამენტობანას ვთამაშობდით და, შესაბამისად, ხან “ბორჯომს” ვასხამდით ერთმანეთს, ხან კამათი ხელჩართულ ბრძოლაში გადაგვეზრდებოდა ხოლმე… ვიძახდით მრავალჯერ გაგონილ ტერმინებს, რომელთა მნიშვნელობაც არ ვიცოდით : “პლენუმი”, “მიმდინარეობს კენჭისყრა, გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე დარბაზში”, “ექსტრემიზმი”, “ბოევიკები”, “გაუბიცები” და ა. შ.

მერე ლექსიც მიუძღვნა თავისნაირ “პურის რიგში ბავშვობადაკარგულებ”:
დაბადების თარიღი – ათას ხცრაას ოთხმოცდა…
დაბადების ადგილი – დასანგრევი ქვეყანა.
ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს და
გული არ გამიძლებდა, ცოტა რომ დაგვეხანა.
ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,
(ეგებ ვინმე თუ არა, ქარი მაინც მომიტანს)…
ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს – გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.
ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს,
ბავშვი – ყველა ბავშვია – ქართველიც და აფხაზიც…
რადგან მეც ხომ სხვასავით, საქართველოს მაგვარად,
ქვეშმიწერით გამყვეს და განაყოფთან გამხაზეს.
ყველა, ვინც კი გულმკერდის ძმათა სასაფლაოზე
ვაგნებთ გულის საფლავს და არ მივიჩნევთ თავს ობლად –
ვდგავართ პურის რიგში და ვიცით, თითო დაოსილს
გვიწევს თითო პური და ასი გრამი ბავშვობა…
ო, რა გემრიელი და ცრემლიერი ძღვენია,
ცრემლში ცურავს ტივი და იმედია, – მეტივე…
დახეული ოცნებით დავდივარ და მრცხვენია,
რადგან ჩემს სამშობლოზე სამშობლოთი მეტი ვარ!

გენრი თვლის, რომ “პოეზიის ლიანდაგს” წრსულში მომავლის გავლით მივყავართ… “კარგი პოეტი (ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ბევრი მიკლია მადამდე) დროს უსწრებს და მთელი მისი ტრაგედია ისაა, რომ მას ეპოქა ჩამორჩება და არ ესმით მისი. ის ცდილობს, თვითონაც ჩამორჩეს, ნაბიჯი აუწყოს თანამედროვეობას, ხმა გააგონოს. როცა ხვდება, რომ ეს მცდელობა ამაოა, ბრუნდება ისევ უკან – მომავალში… თუ ჩაეციკლე წარსულს, ლოტის ცოლივით მარილის სვეტად იქცევი… პოეტის ცხოვრება ფირია, ლექსი – დისტანციური მართვის პულტი, საითაც გინდა, გადაახვევ ცხოვრებას. მე ძირითადად წარსულში ვახვევ ხოლმე …”

მის ყოველ ლექსში, ყოველ სტროფში იგრძნობა პოეტის რწმენა და ამ რწმენისადმი უდიდესი მოწიწება. თანაც ისე, რომ არ გაგაღიზიანებს, თავს არ მოგახვევს, უბრალოდ, შენც ასეთივე მოწიწებით განგაწყობს.”რწმენა და პოეზია არ უნდა აურიო ერთმანეთში… მაგრამ არც ლექსებში უნდა დაკარგო მორწმუნის სახე. მე მართლმადიდებელი ვარ სახლშიც, გარეთაც, ზღვაზეც, სამსახურშიც და, რა თქმა უნდა, პოეზიაშიც… თუმცა არ მიყვარს სულიერებასა და რწმენას ამოფარებული “პოეტები”… არ შეიძლება რელიგიური თემატიკით მანიპულირება.”

ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ მისი “პოეზიის ლიანდაგი” უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდა. ცოტა ხნის წინ სომხეთში ახალგაზრდა პოეტების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც გენრი დოლიძე იყო. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ქართველი პოეტების სომხურენოვანი თარგმანების წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

მერე იყო ისრაელი და მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. შოთა რუსთაველის კვირეულზე ჩასულმა ქართული დელეგაციის წევრებმა ისრაელის პატრიარქისგან საპატიო მედლები მიიღეს. დელეგაციაში, გენრის გარდა, ჯანსუღ ჩარკვიანი, ბესიკ ხარანაული, თამაზ კვაჭანტირაძე, როინ მეტრეველი, როინ აბუსელიძე, გურამ ბათიაშვილი და მაყვალა გონაშვილი შედიოდნენ.

წინა წელს საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაწესებული ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია “მერანიც” მიიღო.

ახალგაზრდა პოეტი ამჟამად გამომცემლობა “მერანს” ხელმძღვანელობს. პარალელურად კი პატრიოტულ-მართლმადიდებლურ ორგანიზაცია “კავკასიონს” უძღვება. მეგობრებთან ერთად ხშირად მართავს პოეზიის საღამოებს უნივერსიტეტებში და უკვე ბევრი ახალგაზრდის (და არა მარტო მათი) გული დაიპყრო.

ყველაფრის მიუხედავად თავმდაბალია… ესეც დამადასტურებლად:
“…დრამა, დრამა, დამა დამა წიგნში დამასაფლავეთ სათაურით

“განისვენებს ღვთის ალქატი, ვინმე გენრი დოლიძე”

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • ლიკა says:

    სალო… ძალიან მომეწონა…
    ყოჩაღ,ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ შენ და გენრის….

  • სალომე says:

    უფრო გენრის :)

  • მარიამი says:

    თვალყურს ვადევნებ გენრი დოლიძეს და ვთვლი, რომ იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი პოეტია, რომელიც თავის ბათუმელ მეგობრებთან(პოეტებთან) ერთად ალამაზებს თანამედროვე ქართულ(როგორც სტატიიდან ჩანს არამარტო ქართულ) ლიტერატურას.

    პატივისცემით

  • nika kvrivishvili says:

    genri shemogevle dzma iyavi gvtis madlmosili poetoba rtuli saqmea bidzia da radgan shevechidet girseulat vatarot gaixare miyvarxar dzamulia:)

  • tiko says:

    sall dzalian chkviani da nichieri xar! kargi werilia! yochag!

  • გვანცა says:

    გენრი ყველაზე ნიჭიერი და სამაყო ქართველი ხარ!!!ძალიან მიყვარხარ!!!!!

  • მურად მთვარელიძე says:

    გენრი დოლიძის პოეზია გამოირჩევა იმ მამულიშვილორი მუხტით, რაც ასე შენელებულია დღევანდელ ქართულ პოეზიაში. წერილი საინტერესოდ იკითხება და ნათლად წარმოგვიდგენს ამ მართლაც ნიჭიერი შემოქმედის პიროვნებას.

  • მანუ says:

    ყველაზე ,,გულიანი” (მინდია ცეცხლაძეს დავესესხები) პოეტია….. გენრის პოეზიის საღამოების შემდეგ საოცრად დამუხტული და აჟიტრებული ვარ ყოველთვის… ნამდვილად კარგად წერს და საოცრად კითხულობს.

  • ლაშა says:

    დღეს არავინ არ არის საქრთველოში პოეტი მითუმეტეს გენრი.შარვალ კოსტუმიანი პოეტების არ დაიჯერება,უნდა იყო ბოჰემა და არაფერი დასაკარგი არ უნდა გქონდეს როგორც მწირს და მონაზონს არ აქვს არაფერი დასაკარგი.დღეს უნდა წერო ძველ პოეტებზე და თვითმკვლელებზე.უნდა წერო ძველ ყაიდაზე და არ უნდა შეგეშინდეს ტიციანის “უნდა იყო სულელი რომ ძველებურად წერო ლექსები”.ის ამას თავის თანამედროვეებს ეუბნებოდა.უნდა იყო თუნდაც წარმართი თუ ამას მოითხოვს.ძიებაში მუდამ,ღმერთს გაურბოდე და ისევ უბრუნდებოდე.ფეთქდებოდე და ისევ ყუჩდებოდე.პოეტი უნდა იყოს მეხი ცაზე გავარდნილი რომელსაც თვითონვე ხვდება მიწაზე ამავდროულად.უნდა იყო შეშლილი როგორც კალიგულა და უცოლო როგორც ფიროსმანი,მდგმური სალვადორ დალის მაგრამ მლოცველიც გამორჩეული.უნდა იყო ყველგან უნდა იყო ყოველთვის.წინასწარმეტყველი ქვეყნის და ძველი აღთქმის მღვდელმთავარი ერისთვის რომ დარდობდე და ინანიებდე.წერო უნდა უმართავი გონებით,როგორც სიურეალისტი მაგრამ ერთია არავითარ შემთხვევასი არ უნდა გმობდე ღმერთს.ეს იმას არ ნიშნავს არ ედრებოდე მას და არ წარმოიდგინო თავი ერთადერთად.პირიქით ამით იცნობა პოეტი რომ პოეტია და არა მელექსე.პოეტს ბევრი რამე ეპატიება ისეთი თუ ლექსს წერს რაც სხვას სეიძლება არ ეპატიოს.ასეთები იყვნენ დიდი პოეტები.არათუ მარტო გენიები არამედ “გეჰენიები”.ვინ არის დღეს ასეთი.არავინ.ამიტომაც საქართველო პოეტის გარეშეა დარჩენილი.მოკრძალებული პოეტები?ვის?როდის?სად და რატომ?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი