მთავარი » ქრისტიანობა

გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2010 17 კომენტარი | 24,622 ნახვა

მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ვირიცელი

 სერაფიმე ვირიცელიგიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა. შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.

მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე. შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.

გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია. მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!

ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.

მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.

ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე “ენის ყივილს”. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.

დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.

იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.

დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?

მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.

ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი. ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.

უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით. გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა. გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა! ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები – ეს ჩემგან იყო!

როგორ დავიწყოთ? – საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?

პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს. რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მცირედმორწმუნეობაში ხშირად თვით მოციქულებსაც ამხელდა, მათ, ვინც მისი მრავალრიცხოვანი სასწაულები იხილა და ვინც – მისგან ბოძებული სულიწმიდის მადლითა და წყალობით – თავადაც სასწაულებს აღასრულებდა. “თუ გექნებათ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის” (მთ. 17,20).

ჭეშმარიტი სარწმუნოება ღმერთის მადლია. ეს მადლი მას ეძლევა, ვისაც გულწრფელად სწყურია მისი მიღება. “ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ” (მთ. 7,7). იმისთვის, რომ ადამიანის სულში სარწმუნოების მოხვეჭის სურვილი დამკვიდრდეს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ღმერთთან ერთობის საკითხი მხოლოდ “სიკვდილ-სიცოცხლის” საკითხი კი არ არის, არამედ – მარადიული სიცოცხლისა და სიკვდილისა.

აშკარაა, რომ ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრებულა და ჩაჰკითხებია საკუთარ თავს: ვინა ვარ, რისთვის ვარსებობ, იქნება რამე სიკვდილის შემდეგ? სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ცდილობს, არამედ ამქვეყნიური საზრუნავითაა გატაცებული, ზოგს ახალი და ძვირფასი ნივთები გაუხდია საფიქრალად, სხვებს არ სურთ, ყოველდღიურ გართობას მოაკლდნენ და ეს უმთავრესი საკითხი ან ავიწყდებათ, ან მასზედ სერიოზულ დაფიქრებას სამომავლოდ, “როდესმე – მერესთვის” გადასდებენ ხოლმე. საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება, ეს “მერე” არც არასდროს დადგეს.

იმ ადამიანის სული, რომელიც მხოლოდ ამსოფლიური საზრუნავითაა აღსავსე და ცოდვათა სიმრავლით წვეთ-წვეთობითაა დატვირთული, იხრჩობა და კვდება. მას აღარ ძალუძს შეიწყნაროს რაიმე – ჭეშმარიტად სულიერი, ღმერთის შეცნობის სურვილის უნარი აღარა აქვს. სამწუხაროა, რომ ამგვარი “მკვდარი სულების” რიცხვი ჩვენს დროში წარმოუდგენლად იზრდება. ხოლო ის, ვინც საკუთარ თავში არ ჩაახშობს მოკრძალებულ ძახილს სულისას, რომელიც შემოქმედისაგან განშორებას ჰგოდებს, ადრე თუ გვიან მაინც დადგება კითხვის წინაშე: არსებობს ღმერთი? თუ არსებობს, ვინ არის იგი, რომელ ეკლესიაშია დაცული მის შესახებ სწორი სწავლება? როდესაც უფალი ამ კითხვებზე პასუხის მიღების გულმხურვალე სურვილს იხილავს, დაეხმარება ადამიანს, საშუალებას მისცემს, შეიმეცნოს ჭეშმარიტება და შეკავშირდეს ქრისტესთან, რომელიც თავად არის “გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება” (ინ. 14,6).

საგულისხმოა, რომ გონების, ანალიზისა და განსჯის გზით (განსაკუთრებით თანამედროვე, მისაწვდომ ინფორმაციებზე დაყდნობით) ძალიან ადვილია ღმერთის არსებობაში დარწმუნება. მაგრამ ასეთი განსჯითი რწმენა მხოლოდ უნაყოფო ცოდნაა. ღმერთის შეცნობის მთავარი იარაღი ადამიანის გულია – გული განმცდელი, მაძიებელი. და თუ იგი პირთამდე არ არის სავსე მდაბალი ვნებებით, შურით, ბოროტებით, ამქვეყნიური სიტკბოებით, მასში აუცილებლად მოიძებნება ერთი ციდა “ცოცხალი” ნაწილი, რომელსაც ღმერთის შეგრძნება, მისი სიყვარულის დატევა შეუძლია, რომელსაც უნარი აქვს, სულის ცხონების საწყისად იქცეს. ამის მაგალითია ავაზაკი, რომელიც გოლგოთაზე ქრისტეს მარჯვნივ იყო ჯვარცმული. აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ სახარება: “მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ავაზაკი. როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ავაზაკებიც, – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცნივ. იესო კი ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ. გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღმერთის რჩეული“. “ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც. მეორე კი გაუწყრა და უპასუხა მას: ნუთუ ღმრთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. მან უთხრა: იესო, გამიხსენე, როდესაც შენი სასუფეველით მოხვალ. იესომ უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში” (ლუკა 23, 32-36, 39-43).

აი, ასეთია თავისი ქმნილების მიმართ უფლის სიყვარულის ძალა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ავაზაკის არსებაში სინანულის გრძნობამ გაიღვიძა: მან ირწმუნა უდანაშაულოდ ჯვარცმული იესო, ჯვარზე გაკრულმა უფალმა კი მიუტევა მას ყველა ცოდვა და ადამიანებს შორის პირველი იგი შეიყვანა სამოთხეში. მოწყალე უფალი ჩვენც ყველა ცოდვას მოგვიტევებს. თუ მოვინდომებთ, თუ მოვასწრებთ, თუ ჩვენი ცოდვებით სინანულსა და მონანიების უნარს არ დავკარგავთ და ამით არ ჩავკლავთ საკუთარ სულს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

17 კომენტარი »

  • ღუტუ says:

    გთხოვთ ტექსტში ორი შეცდომა შეასწოროთ რომლებიც ცვლიან აზრს და ძალიან მნიშვნელოვანია:

    1.წერია: მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას
    სწორი ვარიანტია: მაგრამ მე მინდა, რომ შენ მე დამითმო, წარვმართო შენი ცხოვრება

    2.წერია: მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში.
    სწორი ვარიანტია: მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, რათა იდგე ჩემს სამსახურში.

  • ლია says:

    “gaxsovdes es chemgan iyo”…………

  • თეონა says:

    ვმშვიდდები როდესაც ამ საოცარ სიტყვებს ვკითხულობ.

  • irakli says:

    dideba ufalo ieso qriste shens saxels gvixseni yovelive gansacdelisagan da borotebisagan

  • ხატია says:

    გამათბო და ამატიარა

  • თამთა says:

    უფალი ღმერთი დიდია,მის არსს ვერავინ ჩასწვდება, რაც უფრო ვცდილობთ გავიგოთ რა არის ღმერთი და რაც უფრო მაღლა მივდივართ სულიერებაში მით უფრო სწრაფად გვანარცხებს განგება და შეგვახსენებს რომ ვართ ცოდვილი სუსტი არსებები, და როცა ვეცემით ისევ უფალი გვიწოდებს ხელს და ასე ვგრძნობთ რომ ყველა გასაჭირი ჩვენი სულის საცდელი თამაშია…

  • მანანა says:

    დიდება უფალს!ღმერთს ვებარებოდეთ!არ მიგვატოვოს და გაგვხადოს ღირსი მასთან მყოფობის…..

  • მანანა says:

    2001 წელს შევიძინე ეს სანუგეშო და მას მერე სულ ერთად ვართ და მრავალჯერ დამიბრუნა სულიერი სიმშვიდე,შედარებით გამიიოლა სამშობლოდან შორს ყოფნით გამოწვეული დეპრესია

  • დოდო says:

    ამ წიგნიდან,აქ მოყვანილი ყოველი ეპიზოდი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. პირველად, რომ წავიკითხე მართლმადიდებლური ჟურნალების ფურცლებზე ამონარიდები ამ დიდებული წიგნიდან, არ მჯეროდა, რომ ამას პირველად ვაკეთებდი…

  • ვინმე says:

    მიყვარხარ უფალო…

  • giorgi says:

    ადმინ,

    მართალია, ეს მომენტი შესასწორებელია:

    “მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, …”

    სწორად ნამდვილად ასეა:
    “მაგრამ მე მინდა, რომ შენ მე დამითმო, მე წარვმართავდე შენ ცხოვრებას, …”

    ინტერნეტში რამდენიმე თარგმანი ვნახე და ყველგან ასე იყო, თან აზრობრივადაც ჯდება. კარგი იქნება თუ რუსულ ორიგინალს მოიძიებთ.

  • giorgi says:

    “Ты создавал себе планы,
    и принес их Мне,
    чтобы Я благословил их.
    Но Я хочу, чтобы ты
    предоставил Мне
    распоряжаться
    обстоятельствами
    твоей жизни,
    и тогда ответственность
    за все будет на Мне,
    ибо слишком тяжело
    это для тебя,
    ты один не можешь
    справиться с ними,
    так как ты только орудие,
    а не действующее лицо.”

    http://serafim.com.ru/site/nstr_1_1_01.html

  • medea says:

    ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა. მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე. დიდება სენდა უფალო!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი