მთავარი » საზოგადოება

გარემოსთან ადაპტაციისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.02.2013 ერთი კომენტარი | 3,219 ნახვა

გარემოსთან ადაპტაციის პრობლემებსა და ჩვენთვის სასურველი გარემოს შექმნის ხერხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ზურაბ ქარჩავა:

რატომ უჭირს ხშირად ადამიანს კონკრეტულ პირობებთან შეგუება და არსებულ საზოგადოებასთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება?

საინტერესო, აქტუალური და საჭირო კითხვაა, ორმაგად საინტერესო იქნება ამ კითხვაზე პასუხის მიღება. მიზეზები შეიძლება უამრავი იყოს როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზეც. თუ გავითვალისწინებთ ადამიანის პიროვნული სისტემის უნიკალურობას, პირი მის ბიოფსიქოსოციალურ კონტექსტში არსებულ რეალობას დავინახავთ – ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს, რადგან დღეს უკვე თანამედროვე მეცნიერების საშუალებით ვიცით, რომ ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდიც კი არ არსებობს. ადამიანი ინდივიდუალური ბუნებისაა და მისი პიროვნული ფსიქოსოციალური გამოვლინებები, აზრები და შედეგად გამოწვეული ქცევები სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული – მის გენეტიკურ მიდრეკილებებზე, პერინატალურ პერიოდში მომხდარ ცვლილებებზე, ანუ მუცელში ყოფნისას ნაყოფი უკვე მეექვსე თვიდან სრულყოფილად გრძნობს დედის ფსიქოფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას, მათ დადებით და უარყოფით გავლენას და ხშირ შემთხვევაში ისინი ძლიერ გავლენას ახდენენ მის პიროვნულ სისტემაზე. შემდეგ მოდის დაბადების პერიოდი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მომენტი ძლიერ სტრესულია. პატარა, მყუდრო და სასიამოვნო სამყაროდან პირველად ხვდება გარესამყაროში, სადაც თავად მოუწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. ქვეცნობიერად ადამიანში არსებობს ინსტინქტური ასპექტები, რომლებიც ეხმარებიან პირველ ეტაპზე გარესამყაროსთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. მომდევნო პერიოდია აღზრდა, ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა უამრავი საზოგადოებრივი, საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო ადგილი, სადაც ადამიანი ვითარდება და იზრდება, იღვწის საკუთარი პიროვნული თვითრეალიზებისთვის.

ადამიანის ბუნება მუდმივ განახლებასა და განვითარებას ითხოვს. მას ყოველთვის წინსვლა და წარმატება სურს, ყოველთვის მიდის მეტი სიამოვნების მიღების გზით. მაგრამ არსებობს სხვა მიმართულებაც, მაგალითად: როდესაც ადამიანს არ ეძლევა დაბადებამდე ან დაბადების შემდგომ განვითარებისა და საკუთარი ბიოფსიქოსოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება, ის ივსება უკმაყოფილებით, მეტად აგრესიულია, ბუზღუნებს, ეჭვიანობს, შურს, სძულს და ა.შ.

პიროვნული ხასიათის წყობაზე ძირითადად ექვსი ასპექტი ახდენს გავლენას. ბიოლოგიურ – გენეტიკური, ფსიქიკურ – ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკურ – კინესთეტიური, სოციალურ – ქცევითი და კოსმიურ – ტრანსცედენტური, რომელსაც სხვაგვარად კიდევ სულიერებას უწოდებენ, ღმერთს, ბედისწერას. ეს არის ძირითადი ასპექტები, რომელთა ჰარმონიულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული პიროვნების სისტემური მდგომარეობა და შედეგად მისი დამოკიდებულებები გარესამყაროს მიმართ, ანუ რას ფიქრობს, რას გრძნობს, რას აკეთებს და ა.შ. როდესაც ადამიანს უჭირს გარემოსთან ურთიერთობა, ანდა კიდევ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, ეს ძირითადად მის შინაგან მდგომარეობას გვაჩვენებს, ანუ რა შინაგანი სამყაროს მატარებელია ეს ადამიანი. ამ შინაგან სამყაროში არსებობს სრული კოსმიური სივრცე და მასზე დაყრდნობით კიდევ სხვა მიღებული უნარები თუ ჩვევები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძინა ადამიანმა. რას ნიშნავს კოსმიური სივრცე? ადამიანი სრული კოსმოლოგიისა და კოსმიური სამყაროს პატარა ნაწილია. მას გააჩნია გონება, სხეული, სული და სამშვინველი. მათი არსებობა კი ძლიერ არის დაკავშირებული და მასზე გავლენას ახდენს წინაპართა არქაული ბიოფსიქოსოციალური. ამ საკითხზე უამრავი საინტერესო თემაა დაწერილი და ბევრი საინტერესო მეცნიერი მუშაობდა და აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ეს იმდენად რთული საქმეა, რომ, სამწუხაროდ, ერთი ცხოვრება არ ეყოფა ადამიანს მისი ერთიან სისტემაში მოსაყვანად. ამავე დროს, არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა, მაგალითად, ღმერთი ან კიდევ წმინდა სული, რომლის გაზომვა და აწონვა თანამედროვე მეცნიერებს, სამწუხაროდ, არ შეუძლიათ, რადგან რაც უფრო ინტელექტუალურად ცდილობს ადამიანი, გაუგოს გულში არსებულ ამბებს, მით უფრო შორდება ობიექტურ ჭეშმარიტებას.

რაც შეეხება კითხვის ძირითად ნაწილს, გარემოსთან ადაპტაციის მიმართულებას, ზემოთ აღნიშნულიდან შემიძლია გითხრათ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრი, რომ გარემოსთან ადაპტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ადაპტაციურია ადამიანი საკუთარ თავთან. აქვე მინდა ერთი საინტერესო ხალხური ანდაზა გავიხსენო: “ბავშვების აღზრდას აზრი არ აქვს, ისინი მაინც მშობლებს ემსგავსებიან, ასე რომ, თავად მშობლებმა უნდა აღზარდონ საკუთარი თავი”. ადამიანში არსებული შინაგანი ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობა, რომელიც ქმნის სულიერებასა და შემოქმედთან ურთიერთობის ხარისხს, ასევე განაპირობებს გარემოში არსებულ მდგომარეობებსა და ურთიერთობებს. მარტივად ვთქვათ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ გარეთ გასვლის დროს მას თავზე აგური დაეცემა, ეს აუცილებლად მოხდება. ადამიანსა და გარემოს შორის არსებობს მატერიალური კავშირი, ანუ ფიქრი ქმნის გარემოებებს. მაგრამ საკითხავი და ყველაზე რთული საკითხი ზუსტად რომ ამ ფიქრის შემადგენლობის კონტექსტია. გარემოსთან ჯანსაღი ურთიერთობა კი საკუთარ თავთან სწორი და ჯანსაღი ურთიერთობის პირდაპირპროპორციულია. მაგრამ ზოგჯერ ადამიანი არ იბადება ჯანსაღი სხეულით ან გონებრივი შესაძლებლობებით და ეს, თავის მხრივ, ძლიერ გავლენას ახდენს როგორც მასზე, ასევე მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. ასე იქმნება იარლიყები: “გიჟი”, “ნარკომანი”, “შიზოფრენიკი”, “სპიდიანი”, “დაბადებიდან დებილი” და სხვა არასწორი ლინგვისტური შიშის მორევში შობილი გამოვლინებები. მიზეზი უამრავია, მაგრამ მის პოვნას აზრი არ აქვს, მთავარია ვიცოდეთ საკუთარი მექანიზმი, ბიოლოგია, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, კოსმოლოგია და ყველაფერი რიგზე იქნება. ყოველთვის განვსაჯოთ საკუთარი თავი არა თვითბრალეულობის ან თვითდასჯის მიზნით, არამედ საჭირო შედეგიანობის თვალსაზრისით და მივიღოთ საკუთარ თავთან საუბრის შედეგად მეტი სარგებელი. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სიბნელე სინათლის არარსებობაა და სინათლის შემოსვლისთანავე სიბნელე ნელ-ნელა ქრება, რაც უფრო მეტი სინათლე შემოდის სიყვარულის, ბედნიერების, კმაყოფილების, ყურადღების სახით, მით უფრო მეტი სინათლეა ჩვენ გარშემო და სხვა ადამიანებთან ურთიერთობებიც მათი ხარისხისაა.

შესაძლებელია თუ არა გარემოსთან შეუთავსებლობისა და გაუცხოების მდგომარეობიდან გამოსვლა და ცხოვრების ახალი სტილით დაწყება?

ცხოვრებაში პიროვნული ცხოვრებისეული ახალი სტილის მორგება და მისით გარემოსთან ურთიერთობა და მეორე მხრივ, გაქცევა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. საკუთარი თავის შეცვლა შიგნიდან იწყება, ანუ თუ მე გულით ვგრძნობ და გონებით ვიცი ჩემი დამღუპველი ფიქრების გავლენის შესახებ და ვცდილობ, შევქმნა ახალი მიმართულებები, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი გაურბის რაიმე მოვლენას. გაქცევა შეუძლებელია, პრობლემას ვერ გაექცევი, და თუ გაიქეცი, მხოლოდ დროებით და თუ დაგეწია, ათმაგად მეტ ზიანს მიაყენებს ადამიანს. აღმოფხვრა რთული საქმეა, რადგან პრობლემას ბიოლოგიურ – გენეტიკური კონტექსტი შეიძლება თან ახლდეს, მაგალითად, როდესაც ბავშვი იბადება გონებრივი ჩამორჩენილობით ან სხვა რაიმე პრობლემით. პრობლემური სხეული ქმნის პრობლემურ გონებას და პირიქით. ეს ჩვეულებრივი, ერთ-ერთი ფსიქოლოგიური კანონზომიერებაა. გონება ახდენს გავლენას სხეულზე და პირიქით, სხეულსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა გონებრივ მდგომარეობაზე. საუკეთესო გამოსავალია უშუალოდ პრობლემაზე ორიენტირებული მუშაობა, მისი მექანიზმისა და შემადგენლობის გაგება და საჭირო ცვლილებების შეტანა.

რა როლი აკისრია საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარემოსთან ადაპტაციაში?

ეს ადამიანები იგივე საზოგადოების წევრები არიან, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი ცხოვრობს და მათ იგივე სურვილები და მოთხოვნილებები გააჩნიათ, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს გააჩნდეს. მათაც სურთ სიყვარული, ყურადღება, სითბო, ალერსი, მეგობრობა, ბედნიერება, თამაში, სწავლა, განვითარება და სხვა მრავალი რამ, რაც ადამიანის ბუნებაშია. მაგრამ, ამავე დროს, ისინი ორმაგად რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ რაღაც უნარები და შესაძლებლობები ნაკლები აქვთ. აქედან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა, ძლიერი ეხმარება სუსტს და აძლევს საშუალებას, გახდეს ძლიერი. ამას ბევრი ფიქრი არ უნდა. თუ ვიწყებთ ფიქრს, დავეხმაროთ ამ ადამიანებს თუ არა, უკვე ვიტყუებით, რადგან გვეზარება დახმარება. ჩვეულებრივ უნდა მივიღოთ ისინი ისეთივე, როგორებიც არიან და დავეხმაროთ მათ ზრდა- განვითარებაში. არსებობს საინტერესო ექსპერიმენტები მონტესორის სკოლებში, რომელთა აღსაზრდელებიც ითვლებოდნენ შეზღუდული უნარების მქონედ, მაგრამ შეჯიბრების დროს, ზოგ შემთხვევაში, ჩვეულებრივ ე.წ. ჯანმრთელ ბავშვებსაც უგებდნენ სხვადასხვა თამაშებსა თუ გონებრივ სავარჯიშოებში.

რამდენად მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესი, რომ მომავალში პიროვნებას ახალ გარემოში ნაკლები პრობლემა შეექმნას?

მთავარი ნაკლები პრობლემა არ არის. მთავარია, როგორ იქვცევა ადამიანი პრობლემის არსებობის წინაშე. თუ მან იცის პრობლემის დაძლევა, უკვე მნიშვნელობა არ აქვს მათ რაოდენობას. აღზრდა მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბუნებრივია და კონტროლს მოკლებული. კონტროლის დროს არსებობს დაძაბულობისა და სტრესის გავლენა. სტრესულ ვითარებაში კი ყველა ვერ იზრდება, მით უმეტეს, ბავშვი. მათთვის მნიშვნელოვანია თამაში, რომელიც სასიამოვნოა და სასარგებლო ყოველმხრივ. შრომაც სასიამოვნო უნდა იყოს, რადგან თუ ბავშვობაში შრომისადმი სიძულვილია დათესილი, მაგალითად, არიან მშობლები, რომლებიც დასჯის მიზნით ბავშვებს ავალებენ ოთახის დალაგებას, წიგნის კითხვას ან სხვა მსგავს ქმედებებს, ასეთი დავალებები ქმნიან შრომისა და საჭირო საქმის სიძულვილს. პირველ რიგში, აღმზრდელი თავად უნდა იყოს აღზრდილი, ანუ თავად უნდა გააჩნდეს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც მოქნილი და სასარგებლოა გარემოსთან ადაპტაციისა და ურთიერთობის დროს.

როგორ შევძლოთ გარემოსთან ადაპტირება და ჩვენთვის სასურველი გარემოს შექმნა?

უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა გააჩნდეს ის საჭირო პიროვნული სისტემური შესაძლებლობები, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ემოციური, სოციალური, ბიოლოგიური და სხვა ასპექტები, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან და აძლევენ ადამიანს საჭირო ქცევით შედეგებს. ეს ადრეული გამოცდილებისა და თანდაყოლილი ინფორმაციის შედეგად არის ადამიანში ჩამოყალიბებული. მაგრამ, მეორე მხრივ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს არ გააჩნიათ საჭირო და სასარგებლო პიროვნული განწყობები, რომლებიც სასარგებლოა მათთვის და მათ გარეშე უჭირთ გარემოსთან ურთიერთობა.

გარემოსთან ადაპტირება, უმეტესწილად, აზროვნებით პროცესზეა დამოკიდებული, ანუ როგორი კოგნიტური შინაარსია ცნობიერებაში. ფიქრი, აზრი ქმნის სხვადასხვა მდგომარეობას, დამოკიდებულებების ხარისხებს, ურთიერთობების დონესა და სხვა ადამიანურ დამოკიდებულებებს. თუ ადამიანის კოგნიტური, აზროვნებითი შინაარსი უარყოფითი რწმენა- წარმოდგენებით არის დატვირთული, ის ყოველთვის უკმაყოფილების განცდისა და არასრულფასოვნების მორევში იქნება მოქცეული. თუ ადამიანის გონებაში ტრიალებს სხვადასხვა უარყოფითი სიუჟეტები და ფილმები, წარსული მწარე და დამთრგუნველი ხატებისა და მოგონებების სახით, მისი ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობა ნაკლებად ეფექტური იქნება გარემოსთან ურთიერთობაში, რადგან თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძლიერ სტრესულია და სწრაფად ცვლაბედი. ადამიანს ყოველ წამს უწევს ახალი გამოცდილების მიღება. სტრესი ძირითადად სისტემური დაძაბულობის კონტექსტია, როდესაც ადამიანს უხდება ახალ გარემოსთან ადაპტირება. თუ ადამიანს არ გააჩნია სათანადო უნარ-შესაძლებლობები, სწორი აზროვნებითი პროცესი, შეგრძნებების საშუალება და სხვა საჭირო უნარი, მას გაუჭირდება ურთიერთობა ჩამოაყალიბოს გარემოში მყოფ რეალობებთან. შედეგად მუდმივი სტრესული მდგომარეობა შესაძლებელია სხვადასხვა სომატურ ჩივილებში გადაიზარდოს, თავის ტკივილების ან სხვა რაიმეს გამოვლინებით.

ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გზაა ჩვენს ცნობიერებაში მოქნილი და პოზიტიური ფილმების შექმნა, რომლებიც იქნება ნათელი, ფერადი, კაშკაშა და პოზიტიურად, შეგრძნებით დონეზე სასიამოვნო და სიმსუბუქით დატვირთული. რაც უფრო ნათელი და მიმზიდველი იქნება ჩვენს გონებაში შექმნილი კოგნიტური რეალობა, მით უფრო მეტად მსუბუქად და თავისუფლად შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ პრობლემის სტრუქტურა და პრობლემაზე ორიენტირებული გზით ვიაროთ. უბრალოდ ფიქრი – “ვაი, რა ცუდად ვარ,” ანდა “არაფერი მეშველება”, პირიქით, უფრო ცუდ გუნება-განწყობილებაზე გვამყოფებს. მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. ხშირ შემთხვევაში, ადამიანს სჭირდება სპეციალისტი, რომელიც თავად კარგად გძნობს თავს და იცის, როგორ მიიყვანოს ადამიანი მისთვის საჭირო მდგომარეობამდე. ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები მუშაობენ ამ მიმართულებით. მაგრამ ეს მხარეც ცოტა მოუწესრიგებელია საქართველოში და არ არსებობს ისეთი მექანიზმები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ სპეციალისტებს და გაუწევენ მეთვალყურეობას მათი საქმიანობას. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ფიქრი და აზროვნების პროცესი ქმნის ემოციურ – შეგრძნებით მდგომარეობას. ეს ფიქრი ხატოვანია, გააჩნია ფერები, ხმები, შეგძნებები და სხვა პიროვნული სისტემური ასპექტი. თუ რა კონტექსტისაა ეს ფიქრი და აზრი, უკვე სხვა საკითხია. მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიაში უკვე არსებობს საკმაოდ საინტერესო და ეფექტური სკოლები და სისტემები, რომლებსაც კარგი შედეგი გააჩნიათ და შეუძლიათ, საჭირო დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. მთავარია ვიცოდეთ, რომ ადამიანის ბუნება და მისი ძირითადი საზრისი ბედნიერებაა, სინათლეა, რომელიც უფრო მეტი სიამოვნებისკენ იღვწის. პრობლემები და ტანჯვა კი, უბრალოდ, ამ სინათლის არარსებობაა და მეტი არაფერი, საკმარისია პატარა შუქი შემოვიდეს და სიბნელე ნელ-ნელა ქრება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი