მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

გარდამავალი ხანა VII ს-ის II ნახ.-X ს-ის I ნახ.

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.07.2016 | 2,847 ნახვა

ხანძთა გარდამავლ ხანაში ქვეყანაში რთული პოლიტიკური მდგომარეობაა. ამ დროს საქართველო არაბ დამპყრობთა ხელშია, თბილისში არაბთა მეფის ნაცვალი – ამირა ზის. ასეთმა პოლიტიკურმა ვითარებამ კულტურის კერების პერიფერიებისკენ დაძვრა გამოიწვია.

VIII საუკუნის მიწურულსა და IX საუკუნის დასაწყისში საქართველოს მიწა-წყალზე სამი ახალი ეროვნული სახელმწიფო წარმოიშვა: აფხაზთა სამეფო, რომელსაც მთელი დასავლეთ საქართველო ეჭირა; კახეთის საქორეპისკოპოსო და ტაო-კლარჯეთის სამთავრო – შემდეგ უკვე სამეფო – რომლის ფარგლებშიც შედიოდა სამცხე, ჯავახეთი, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, ოლთისი და სხვ.

IX ს-ის დასაწყისში აშოტ კურაპალატმა (გარდაიცვალა 826 წ.) არტანუჯი აღადგინა, ამავე პერიოდს განეკუთვნება დმანისის, ჯავახეთის ახალქალაქის, თმოგვის, ოლთისის, ახალციხის, თელავისა და სხვათა გაქალაქება და ქუთაისის აღორძინება; თბილისი კი ამ დროსაც ამიერკავკასიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ტაო-კლარჯეთში VIII საუკუნის მიწურულს ჩასახულ სამონასტრო მოძრაობას, რომელსაც დიდი სასულიერო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი (759-861) ჩაუდგა სათავეში. მამა გრიგოლმა და მისმა მოწაფეებმა მრავალი ტაძარ-მონასტერი (ხანძთა, ჯმერკი, დაბა, მიძნაძორი, გუნათლე, წყაროსთავი, ბარეთელთა) დაარსეს და ძველი (ბანა, იშხანი, ოპიზა, ანჩა) აღადგინეს.

ეს მონასტრები კულტურისა და განათლების მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა. IX-X საუკუნეების ქართული მწერლობა თითქმის მთლიანად ტაო-კლარჯეთის მონასტრებთან არის დაკავშირებული. აქ იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები, ითარგმნებოდა უცხოელ ავტორთა ნაწერები; აქვე შეიქმნა ქართული მონუმენტური მხატვრობის თავისებური სკოლა, კალიგრაფიული ხელოვნების, მინიატურისა და ჭედურობის ღირსშესანიშნავი ნიმუშები.

VIII-IX საუკუნეები “ექსპერიმენტული” ძეგლების სიმრავლით გამოირჩევვა და ძიებათა, მხატვრულ ამოცანათა დასახვისა და გადაწყვეტის ხანაა. ჩნდება გუმბათიანი ტაძრის რამდენიმე საინტერესო ტიპი; შენდება დარბაზული ეკლესიები და ბაზილიკებიც. ტრიკონქი (• თელოვანი, VIII ს.) , გუმბათოვანი სამეკლესიიანი ნაგებობა (• ნეკრესის მონასტრის გუმბათიანი ეკლესია, VIII-IX სს. მიჯნა), კუპელჰალე (გუმბათიანი დარბაზი) (• წირქოლი, VIII ს. • არმაზი, (ქსნის) 864 წ.), კუპელჰალეს, ტრიკონქისა და სამეკლესიიანი ბაზილიკის ნაერთი (• ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, VIII-IX სს.), ორგუმბათიანი ბაზილიკა (• გურჯაანის ყველაწმინდა, VIII-IX სს.), ტეტრაკონქის ვარიაციები (• დრანდა, VII-VIII სს. • ჩამხუსი, IX ს.), ექვსაფსიდიანი ეკლესია (• ოლთისი, X ს. • გოგუბა, X ს. • ბოჭორმა, X ს. • კაცხი, X ს.), რვააფსიდიანი ეკლესია (• ტაოსკარი, X ს.) ბაზილიკა (• ალვანის “ცხრაკარას” ეკლესია, VIII-IX სს. • ზედაზენი, VIII ს. • აკურის მამა-დავითი, 855წ.), სამეკლესიიანი ბაზილიკა (• ამბარა, VIII ს. • ნეძვი, IX ს.) , სამეკლესიანი ბაზილიკა ოთხმხრივ გარშემოსავლელით (• ერედვი, 906 წ.), დარბაზული ეკლესია (• ალანძა, VIII-IX სს.). პარალელურად ისხება დეკორატიული და ცხოველხატული ტენდენციები.

წყარო: http://www.heritagesites.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი