მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

განვითარებული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2011 4 კომენტარი | 16,700 ნახვა

განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურა, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანა, X ს-ის მეორე ნახევრიდან XIII – XIV საუკუნეთა მიჯნამდე პერიოდს მოიცავს, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს გაერთიანებული სამეფოს არსებობის ხანას მიეკუთვნება.

პირველი ნიმუშები, რომლებიც ამ ეპოქას შეიძლება მივაკუთვნოთ, ჯერ კიდევ ატარებს გარდამავალი ხანის ნიშნებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მათში უკვე საკმაოდ ნათლად იჩენს თავს ახალი სტილის ნიშებიც.

კუმურდოამ დროს – X ს-ის შუა ათეული წლების – ტიპიური მაგალითია
კ უ მ უ რ დ ო ს შესანიშნავი ტაძარი ჯავახეთში, ახალქალაქის მახლობლად. ეს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთი მწვერვალთაგანია როგორც მხატვრული ღირსებებით, ისე ტექნიკური შესრულების დონითაც.

კუმურდოს გეგმაში თითქოს შეთავსებულია წარსული და მომავალი – მრავალფასადიანობა, რომელსაც არ გადმოუღწევია X-XI სს-თა მიჯნის აქეთ და წაგრძელებული სწორკუთხა გეგმა, დამახასიათებელი მთელი მომდევნო ხანის საეკლესიო არქიტექტურისათვის.

გარეგნული იერით კუმურდო უკვე ახალ დროს მიეკუთვნება. ამას მოწმობს აზიდული პროპორციებიც აღმოსავლეთისა და გვერდის ფასადების სამკუთხა ნიშნებიც (მოტივი, რომელიც შემდეგ დიდად გავრცელდა), სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეებიცაა და ჩუქურთმიანი ჯვრებიც. ჩუქურთმის კვეთა ფაქიზია, განსაცვიფრებლად რაფინირებული.

კუმურდოს კედლები გვხიბლავს თავისი ფერის სილამაზით: პერანგის ქვა მოვარდისფროა, ღრმა, ინტენსიური ტონის: აქა-იქ კი თითქოს შემთხვევით (სინამდვილეში კი ღრმად მოფიქრებულად) “ჩაწვეთებულია” სისხლისფერი “ლაქები”.

ოშკიკიდევ უფრო მეტად უახლოვდება ახალი დროის ნორმებს ო შ კ ის მონუმენტური საეპისკოპოსო ტაძარი (სამხრეთ საქართველო, ტაო). იგი მთიან ადგილას მდებარეობს, თორთუმის წყლის მარცხენა მაღალ ნაპირზე. შენობა აგებულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ძეგლის აგების შესახებ მოგვითხრობს სამხრეთის კედლის წარწერა, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები. ტაძრის მშენებლობის დაწყების თარიღია X საუკუნის 50-60-იანი წლები.

ოშკის გეგმა ჯვარისებრი მოხაზულობისაა; ეს არის ტრიკონქი, ანუ ჯვრის სამი მკლავი – აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის- ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხე კი – დასავლეთისა – წაგრძელებული და ერთნავიანი, უაფსიდოა. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს ორსართულად მოთავსებულია დამხმარე სადგომები. ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუნებულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება.

ტაძარი თავისი სიდიადით ბევრად სჭარბობს წინა დროის ძეგლებს და პროპორციების მხრივაც ახალი დროის ტიპიური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე – შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით – გაიზარდა, გუმბათის ყელი დიდად ამაღლდა, წინანდელ გუმბათისყელთა გეომეტრიულად მკაფიო რვაწახნაგამ ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც გრეხილი ლილვებითა და დეკორაციული თაღებით 24 არედ იყოფა. იმატა სარკმელთა რაოდენობამ. თუ წინათ ოთხი იყო, ახლა თორმეტია. ტაძრის ფასადებიც დეკორაციული თაღებითა და პილასტრებით (კედლის სვეტი) არის შემკული.

რელიეფის სიმდიდრით ოშკს ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის.

ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია სამგზის განმეორებული კომპოზიცია ხუთი დეკორაციული თაღისა. ამ თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. ეს სისტემა ხუთი თაღისა და ორი ნიშისა გადაიქცევა XI-XII საუკუნეთა მრავალგუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთა ტიპიურ კომპოზიციად.

ბაგრატის ტაძარიპირველი ღირსშესანიშნავი ძეგლი, რომელიც XI ს-ის მიჯნაზე შეიქმნა, ქუთაისის ბ ა გ რ ა ტ ი ს ტ ა ძ ა რ ი ა. თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების მთელ ქართულ ხელოვნებაში. ტაძარი მდებარეობს მთაზე, რიონის მარცხენა ნაპირას.

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) – ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე – გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ.

შენობის გარეგნული იერი მონუმენტური და დიდებულია, იმავე დროს, მრავალფეროვანი და დინამიკური: შვერილი მკლავები, დასავლეთის კოშკიანი ფასადის ასიმეტრიულობა, კარიბჭეები, დეკორაციული თაღები (აღმოსავლეთ ფასადზე ჩვენთვის უკვე ცნობილი კომპოზიციაა ხუთი თაღისა და ორი ნიშის), ჩუქურთმიანი სამკაული ქმნის ტაძრის ცხოველხატულ სახეს. გასაოცარია შენობა პროპორციების დახვეწილობით, პროფილების, სამკაულთა, თაღების შესრულების თავისუფლებითა და არტისტიზმით, კონსტრუქციების სიმსუბუქით, – ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა განსაცვიფრებელი სინატიფის ორმაგი სარკმლები აფსიდებისა.

ალავერდის ტაძარია ლ ა ვ ე რ დ ი ს საეპისკოპოსო ტაძარი აგებულია XI ს-ის პირველ მეოთხედში. იგი კახეთში მდებარეობს, თელავიდან 18 კილომეტრის დაშორებით. ვაკეზე დგას და თავს დაჰყურებს ალაზნის ველს – მისი ცადაწვდილი წვეტიანი სახურავი და თეთრი კედლები ყოველი მხრიდან ჩანს. ეს ერთი ულამაზესი ადგილთაგანია ჩვენს ქვეყანაში. თვით ალავერდის ტაძარი საქართველოს ყველაზე მაღალი ეკლესიაა (გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება).

შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოსა და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნის დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით. ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმლებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთი ფასადის აგებულება – ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში.

ალავერდის ტაძარი აგებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილას, რომლის აშენებამდეც აქ წარმართული სალოცავი არსებობდა. საუკუნეთა მანძილზე ალავერდი განსაკუთრებული სახელით სარგებლობდა. იგი წმიდა გიორგის სახელობისაა.

სვეტიცხოველიXI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი –
ს ვ ე ტ ი ც ხ ო ვ ე ლ ი ა

ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის და საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივი ცხოვრების ცენტრი.

საუკუნეთა მანძილზე სვეტიცხოველს ბევრი რამ გადახდა თავს, ბევრჯერ დააზიანეს და დაანგირეს, თითქოს საქართველოს ყველა ჭრილობა მის კედლებზედაც აღიბეჭდა. მაგრამ მას ყოველთვის კვლავ აშენებდნენ. იგი მკვდრეთით აღდგებოდა ხოლმე, როგორც ქვეყნის უკვდავების სიმბოლო.

XIII ს-ის მიწურულს, თემურ-ლენგის ბარბაროსული შემოსევის დროს, დაინგრა გუმბათი, ჩამოეცალა პერანგის ნაწილი, შიგნით დაანგრიეს დასავლეთი მხარე, ბოძების ნაწილი, პატრონიკე. აღდგენას ხელი მოჰკიდა გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა მეფემ ალექსანდრე I-მა. მის დროს ხელმეორედ აშენდა ყველა დანგრეული ნაწილი გუმბათის ყელიანად.

სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორსართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სვეტიცხოვლის გარეგნობა მშვენიერი ნიმუშია ქართული ტაძრის კრისტალურად ნათელი აღნაგობისა: ყოველი შემდეგი საფეხური აქ ბუნებრივადაა ამოზრდილი წინა საფეხურისაგან და ასევე, ბუნებრივადაა დასრულებული კარვისებრ გადახურული გუმბათის ყელით, რომელიც აგვირგვინებს შენობას და თითქოს განსაზღვრავს მის ფორმებს.

სამთავროსვეტიცხოვლის მახლობლად, იქვე, მცხეთაში მდებარეობს XI საუკუნის I ნახევრის კიდევ ერთი ძეგლი,
ს ა მ თ ა ვ რ ო ს საეპისკოპოსო ტაძარი. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მისი გეგმა. სწორედ აქ იჩენს თავს მიდრეკილება უფრო კომპაქტური სივრცის შექმნისა.

სამთავროს ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, მხატვრულ-სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით.

ტაძარში შესვლა სამხრეთის კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ტაძრის მთავარ სივრცეს გასასვლელებით უკავშირდებიან. სამხრეთით მიშენებულია ვარსკვლავისებრი კამარებით გადახურული დიდი ექვტერი – კარიბჭე.

მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები.

ს ა მ თ ა ვ ი ს ი ს საეპისკოპოსო ტაძარი (თბილისის ჩრდილო-დასავლეთით) საყურადღებოა არა მარტო განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით – პროპორციულ შეფარდებათა საკვირველი ჰარმონიულობით – არამედ იმითაც, რომ აქ თავს იჩენს ზოგი თავისებურება, რომლებიც საფუძვლად დაედო შემდგომ განვითარებას. გეგმაში იგივე ტენდენცია ჩანს, რომელიც სამთავროში ვნახეთ: გამარტივება, დამოკლება; მართალია, აქ ჯერ კიდევ ოთხი გუმბათქვეშა ბოძია, მაგრამ აღმოსავლეთის ორი ბოძი ძალიან მიახლოებულია საკურთხეველთან. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, რთულ დეკორაციულ კომპოზიციას ქმნის: საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ – კუთხით დაყენებული და აგრეთვე, ჩუქურთმებით შევსებული ორი კვადრატი. ეს ელემენტები, რომლებიც ფასადის შუა ღერძზეა ასხმული, ერთმანეთს უკავშირდება მომჩარჩოებელი ლილვით – ზემოთ იგი მთავარ თაღებს ებმის, ქვემოთ კი კედლის ძირამდე ჩადის. კომპოზიცია შუა თაღის ორ მხარეს დამატებულ თაღებსა და ლილვებთან ერთად ქმნის პლასტიკურად პროფილირებულ ხაზების უწყვეტ, უაღრესად დინამიკურ დინებას. სამთავისის აღმოსავლეთი ფასადის გავლენა ხანგრძლივი იყო. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII ს-ის მეორე ნახევარში. გეგმათა შემდგომი განვითარებაც სამთავროსა და სამთავისს უკავშირდება.

XII საუკუნე შუა საუკუნეების საქართველოს “ოქროს ხანაა.” დაახლოებით 120 წელი დავით აღმაშენებლიდან თამარ მეფემდე არა მარტო სრული სტაბილიზაციის დროა, არამედ პოლიტიკური სიძლიერისა და ეკონომიური აყვავებისაც.

გელათიXII საუკუნე “იხსნება”
გ ე ლ ა თ ი ს სახელგანთქმული მონასტრით, რომელიც 1106 წელს დააარსა დავით აღმაშენებელმა ქუთაისის მახლობლად. მემატიანე აღტაცებით მოგვითხრობს, რომ მეფემ “მოიგონა აღშენება მონასტრისა… ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა” და ააშენა ტაძარი ყოვლად წმიდისა (ე.ი ღვთისმშობლის), “აღმატებულთა ყოველთა წინანდელთა ქმნულთა.”

იგი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ გელათი მხოლოდ მონასტერი კი არ იყო, არამედ მეცნიერებისა და განათლების ცენტრიც – “მეორე იერუსალიმი” და, ამავე დროს, მეორე ათენი (ათენი ყოველთვის მიჩნეული იყო სიბრძნისა და მეცნიერების კერად). მართლაც, მონასტერთან დაარსდა აკადემია – ძველი საქართველოს ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრთაგანი (აქ იღწვოდა გამოჩენილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი.

მონასტრის გალავანში მთავარი ტაძრისა და აკადემიის გარდა მოთავსებულია სამრეკლო და ორი მცირე ეკლესია – წმ. გ ი ო რ გ ი ს ა და წმ. ნ ი კ ო ლ ო ზ ი ს ა.

მთავარ ტაძარს აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი აქვს. ძალიან ფართო შიგა სივრცე ჰაერისა და შუქის სიუხვით გვიზიდავს. გუმბათის ყელის სარკმელთა გარდა ტაძარს საკურთხევლის, დასავლეთისა და გრძივი კედლების უზარმაზარი სარკმლები ანათებს. ტაძრისა და მინაშენთა კედელ-კამარები ერთიანად მოხატულია, ხოლო საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლისა და ორი მთავარანგელოზის მოზაიკური გამოსახულებაა.

გელათის ფასადები დეკორაციული თაღების საკმაოდ რთული სისტემითაა გაფორმებული, მაგრამ ჩუქურთმა თითქმის არ არის. კედლები მოპირკეთებულია გათლილი ქვით – ზოგი მათგანი უჩვეულოდ დიდია და თქმულების თანახმად, ეს უშველებელი ლოდები თვით დავითის ხელით უნდა იყოს დაწყობილი. შვერილი აფსიდები, ჯვრის მკლავები, ექვტერები, მათი დაქანებული სახურავები და ფრონტონები მთელ შენობას მოძრაობასა და დინამიზმს მატებენ.

XII საუკუნის ბოლო ათეულ წლებსა და XIII-ის პირველ ნახევარში შეიქმნა ქართლის გუმბათოვან ტაძართა ერთი დიდი ჯგუფი. ამ შენობებში საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე. ტაძრის გეგმა უკვე მტკიცედ იცავს იმ ტენდენციებს, რომელიც XI ს-ის ცალკეულ ძეგლებში – სამთავროსა და სამთავისში – ჩაისახა. გეგმა კიდევ უფრო დამოკლდა და კვადრატს მიუახლოვდა; ოთხი ცალკე მდგომი ბოძის ნაცვლად ორი-ღა დარჩა. აღმოსავლეთის ბოძების წყვილი საკურთხევლის კედლებთანაა შერწყმული.

შეიცვალა პროპორციებიც: შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლდა, ხოლო გუმბათის ყელი კიდევ უფრო ამაღლდა და კოშკივით წამოიმართა.

X-XIII საუკუნეებმა უამრავი ძეგლი დაგვიტოვა. მათი დიდი მხატვრული ღირსება, მკაფიო თავისებურება, განვითარების დამოუკიდებლობა ნებას გვაძლევს ქართული ხუროთმოძღვრება იმდროინდელი ევროპული და წინააზიური ხელოვნების ღირსშესანიშნავ მოვლენად ჩავთვალოთ. ბუნებრივია, იგი ენათესავება სხვა ქრისტიანულ ქვეყნების ხუროთმოძღვრებას, რომლებთანაც მას იდეური და ფუნქციური ამოცანების იგივეობა აკავშირებს. მაგრამ ეს მის ორიგინალობაზე გავლენას ვერ ახდენს.

ქართულ მწერლობასთან და სიმღერასთან ერთად სწორედ ქართული ხუროთმოძღვრება გამოსახავს ყველაზე სრულად და ნათლად ქართული კულტურის ეროვნულ თავისებურებას.

(თემას განვაგრძობთ გვიანი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვით)

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი