მთავარი » ქრისტიანობა

განკითხვა – ამპარტავნების ფარული გამოვლენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.09.2011 4 კომენტარი | 7,457 ნახვა

განმკითხველი უარესად სცოდავს

“ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. სანთელი ანუ რაჲსა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა”.

განკითხვა გავრცელებული და მავნე ცოდვაა. ამ ცოდვას არა მხოლოდ ეკლესიისგან შორს მყოფი ხალხი სჩადის, არამედ ისინიც, ვინც საკმაო ხანია მართლმადიდებელი მრევლის წევრები არიან.ხვდებიან, არასწორად იქცევიან, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევენ საკუთარ თავს.

სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონის თანახმად, განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ. როცა მრუშობის ვნებით დაცემულზე აუგს ამბობენ, ზოგჯერ უფალი უშვებს, განმკითხველი თავად დაეცეს იმავე ცოდვით, რათა უფრო შემწყნარებელი, სულგრძელი, თანამგრძნობი გახდეს სხვისი გასაჭირისადმი, გათავისუფლდეს ქედმაღლობისგან, რაც სხვისი განკითხვისას მჟღავნდება.

ერთ-ერთი მოძღვარი წერს: “თუკი არავის განიკითხავ, მრავალი ცოდვაც რომ გამძიმებდეს, მაინც შეიძლება მოელოდე შეწყალებას, ხოლო თუ განიკითხავ, მაშინ თავშეკავებულ, ღირსეულ და წესიერ ცხოვრებაშიც ბევრი ცოდვა მოგეძებნება ისეთი, უმკაცრესად რომ მოგეკითხება. ამიტომაც ეშინოდათ მამებს ამ ცოდვის ასე ძალიან, ამიტომ ეკიდებოდნენ ასეთი სიფრთხილით ყოველ თავის სიტყვას, აზრს, გრძნობას, ცდილობდნენ, მსუბუქი საყვედურითაც კი არ განეკითხათ ვინმე”.
როგორი მოწყალეა უფალი, რამდენ რამეს გვპატიობს მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად მოგვიტევებს ცოდვებს, ხშირად ერთსა და იმავეს, სულგრძელად ითმენს მრავალი ჩვენი ნაკლის გამოვლენას, მონანიების შემთხვევაში კი ისევდაისევ წყალობით გვავსებს. ასე გრძელდება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ კი, როგორც მეწვრილმანე, შეზღუდულ ბუნებას ვამჟღავნებთ. ხშირად ერთი შეცდომისთვის, ნაკლისთვის მზად ვართ, ხაზი გადავუსვათ კაცს, არაფრად ჩავთვალოთ, დავცინოთ.

ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები უფრო მეტად არის შეზღუდული, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ერთი მხრივ, ცხოვრება, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა სპეციალური განათლება, ყველას გვამთავრებინებს ერთგვარ ფსიქოლოგიურ კურსს, რომელიც ადამიანთა ცნობაში გაწაფვასაც გულისხმობს, მაგრამ უნდა ითქვას, ამ დროს დიდი შეცდომებიც ბუნებრივია. ეს კი ძალიან ხშირად სხვისი განკითხვისას იჩენს თავს. ზოგჯერ გგონია, ადამიანს იცნობ, კარგ პიროვნებად მიიჩნევ, მისი იმედი გაქვს, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, გაჭირვებისას ისე უღირსად მოიქცევა, როგორც ვერც წარმოიდგენდი. ის კი, ვინც არ გესიმპატიურებოდა, გვერდში ამოგიდგება.

რამდენჯერ მოვუტყუებივართ ადამიანის გაცნობისას პირველ შთაბეჭდილებას და დროთა განმავლობაში აზრი შეგვიცვლია?!
განკითხვისას ხშირად ერთი ვიწრო კუთხით ხდება პიროვნების შეფასება. რომელიღაც ცოდვა, ნაკლოვანება არის წინ წამოწეული და ეს კაცის დადებითი თვისებების დანახვას უშლის ხელს. ერთ-ერთი ეპისკოპოსი იხსენებს: “სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტად სმის გამო. ვფიქრობდი, უკადრისად იქცეოდა და უღირს მღვდლად, ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელაც ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შემთხვევით შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდა თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, იმდენი რამ დავინახე მასში, სულ სხვაგვარად წარმოდგა ჩემ წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა”.

განკითხვისას ხშირად წინ მხოლოდ ადამიანის ნაკლოვანება მოდის, იმის იქით რა ხდება, უკვე აღარ აინტერესებთ. არადა იმავე პირობებში განმკითხველი რომ მოხვედრილიყო, ძნელი სათქმელია, აიცილებდა თუ არა იმ ცოდვას, რომელიც მის თვალში ასე მიუღებელია. ამიტომაც ზოგჯერ იმისთვის რომ ამ სიამაყისგან განთავისუფლდნენ, უფალი უშვებს განმკითხველი ისევე დაეცეს იმ ცოდვით, როგორც ის, ვისაც ასე აუგად იხსენიებდა. ეს განკითხვისთვის უფლისმიერი სასჯელის ერთ-ერთი ფორმაა, რაც კარგად უწყის სულიერი გამოცდილების ხალხმა.

ცოდვა, მართლმადიდებლური გაგებით, შთამომავალთა რამდენიმე თაობას გადაეცემა. მართალია, როცა ადამიანი ინათლება, იგი ყოველი ჩადენილი თუ წინაპრების ცოდვისგან თავისუფლდება და არაფერი მოეკითხება, მაგრამ ის მიდრეკილებები, რაც შთამომავლობით გენეტიკურად გადაეცემა, აღზრდისას მიღებული მავნე ჩვევები, მასში მაინც რჩება. ის არ თავისუფლდება ამა თუ იმ ცოდვისკენ სწრაფვისგანაც და ამ მხრივ დაცემის რისკის სიდიდე, რა თქმა უნდა, სახეზეა.
განკითხვა ხშირად ჩვენი ამპარტავნების ფარული გამოვლენაა. სხვისი ნაკლის, ცოდვების წარმოჩენის ფონზე ერთგვარად თითქოს იკვეთება განმკითხველის ღირსებები. ის ხომ არ სჩადის ასეთ რამეს?! ეს კი, გარკვეულწილად, სიამოვნების შეგრძნებას იწვევს, რომლის წარმოშობის მიზეზსაც შეიძლება ვერც კი ამჩნევდნენ.

არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებაში “ღმერთისა და ადამიანის სიყვარულის შესახებ” ერთ-ერთი ბერი თავის აღსარებაში ამბობს: “წმიდა წერილში ნათქვამია: “გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ” და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან“ (რომ. 12,15). მაგრამ მე ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება, მე გულგრილი ვარ მათ მიმართ, მაგრამ მე ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია”. მისმა სულიერებამ ბერს საშუალება მისცა, საკუთარ თავში დაენახა ადამიანის ეს ამაზრზენი თვისება, რომელიც, სავარაუდოდ, ყველასთან შეიმჩნევა, მაგრამ ვერ პოულობს ჩვენში გამოძახილს, არ ვაქცევთ მას სათანადო ყურადღებას. ეს რომ გავაკეთოთ, ხომ შეიძლება საკმაოდ გაფერმკრთალდეს საკუთარი თავის პატივისცემა?! თანაც ადამიანს ერთგვარი სწრაფვა აქვს, აირეკლოს, განდევნოს მისი ღირსების შემლახავი უსიამოვნო ფიქრები, განცდები.

ზოგჯერ მართლაც აწუხებთ სხვისი ცუდი საქციელი და სურთ, გამოსწორდეს ის ადამიანი. ამიტომაც შესაძლებელია მიუთითონ, ხაზი გაუსვან მის ნაკლოვანებას, უარყოფით მხარეს. მაგრამ ეს სიყვარულით, სიფრთხილით, დიდი ტაქტით უნდა გაკეთდეს, მხილებული რომ არ დაბრკოლდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმას, თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი აიტანს პირდაპირ თქმას, ზოგიერთი კი – ვერა. წმიდა სებასტიანე ყარაგანდელი ამბობდა: „აი, იმ ხალხის შეხება არ შეიძლება, რადგან თავისი სიამაყის გამო ვერ აიტანენ ვერც შენიშვნას, ვერც საყვედურს, სხვებს კი, მათი მორჩილებიდან გამომდინარე, შეიძლება უთხრა“. ზოგჯერ იგი რომელიმეს ტუქსავდა ყველას დასანახად (ხანდახან უდანაშაულოსაც, მაგრამ მომთმენსა და მორჩილს), რათა იმას შეეგნო, ვისთვისაც არ შეიძლებოდა თავისი ნაკლოვანებების, ცდომილებების შესახებ პირდაპირ თქმა. ასეთ ხალხს ის არ საყვედურობდა, არ ამხელდა და სხვასაც არ აძლევდა ამის უფლებას. არამედ იცდიდა მოთმინებით და ლოცულობდა, სანამ ადამიანი თვითონ არ შეიგნებდა და მოუბრუნდებოდა სინანულით ღმერთს, სულიერ მოძღვარს.

უნდა განვასხვავოთ მხილება, რომელიც კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, განკითხვისგან. ეს ხშირად ძნელი გასარჩევია. ამიტომ საჭიროა უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს ამ დროს, განვსაჯოთ, როცა სხვის ნაკლზე, ცოდვაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რა გვამოძრავებს ასეთ შემთხვევაში: ამპარტავნება, ბოროტი სიხარული თუ მისდამი დახმარების სურვილი.

უფალთან ვერ მიხვალ საკუთარი სრულყოფისკენ სწრაფვის გარეშე. ეს კი მრავალი ნაკლის, ცოდვის აღმოფხვრის სურვილს, მონდომებას გულისხმობს. ერთ-ერთი მათგანი განკითხვაა, რომელიც ესოდენ გავრცელებულია ირგვლივ და რასაც ხშირად არ ექცევა ყურადღება.

“ყველაზე რთული, რაც კი არსებობს სირთულეთა შორის, არის შეცნობა ადამიანის, შეცნობა საკუთარი თავის. ადამიანი შეიცნობა სამ განზომილებაში – ეს არის წარსული, აწმყო და მომავალი. არ შეიძლება, განვსაზღვროთ ადამიანი მხოლოდ წარსულით. ის აუცილებლად სამივე განზომილებაში უნდა დავინახოთ. ამას ვამობობ იმიტომ, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ ვხედავთ წარსულს და წარსულის მიხედვით ვზომავთ, გამოგვაქვს დასკვნა. ადამიანი, რომელიც ცუდი იყო, არავინ იცის, დღეს და მომავალში ვინ იქნება. შეიძლება ის ანგელოზთა სწორი გახდეს. ამიტომ უნდა ვერიდოთ განკითხვას. ეს ისეთი ცოდვაა, რომლის შედეგად თვითონ განმკითხველი ვარდება უარეს ცოდვაში,” – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი