მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

განათლების მიღების პრობლემა საქართველოს მაღალმთიან სოფლებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.06.2013 | 4,162 ნახვა

საქართველოში ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა მიგრაციამ – მაღალმთიანი რაიონებიდან მოსახლეობა საცხოვრებლად ბარში გადადის. სოფლის სკოლა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არაერთია, მაგრამ ახლა ყურადღებას ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზზე – განათლების მიღებაზე შევაჩერებ.

განათლების მიღება აუცილებელია პიროვნების თვითრეალიზაციისთვის სოციუმში, ის ქვეყნის განვითარების საფუძველია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლისთვის ხელსაყრელი პირობები იყოს შექმნილი. საქართველოს ბარის სკოლებში, მეტ-ნაკლებად, მოგვარებულია პრობლემები, თუმცა მაღალმთიან რაიონებში სავალალო მდგომარეობაა. ამის ნათელი მაგალითია სოფელ შატილის სკოლა-პანსიონი (დუშეთის მუნიციპალიტეტი). ამჟამად აქ 12 ბავშვი სწავლობს. მათგან 7 მოსწავლე სხვა სოფლებიდან არის ჩამოსული. ისინი პანსიონში ცხოვრობენ და მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებენ თავიანთ სახლებში წასვლასა და ოჯახის წევრების ნახვას. ბავშვების სიმცირის გამო, სკოლაში პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე კლასები არ არის, დანარჩენ კლასებში კი თითო-ოროლა ბავშვია. შემოდგომაზე პირველ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლე იქნება. შატილის სკოლის დირექტორი შოთა ჭინჭარაული გულისტკივილით აღნიშნავს ამ ფაქტს. მისი თქმით, ბავშვების სიმცირე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სკოლის დახურვის საფრთხეს ქმნის.

ბატონმა შოთამ „ამბიონთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სკოლაში არ ჰყავთ ინგლისური ენის, ფიზიკისა და სპორტის პედაგოგები. მასწავლებლების არ ყოლის გამო, ბავშვები მოკლებულნი არიან კლასგარეშე აქტივობებს, როგორიცაა, მაგალითად, სიმღერისა და ცეკვის წრეები.

ბატონი შოთას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გზის არქონაა. შატილამდე მიმავალი საავტომობილო გზა საშიში და ავარიულია. ზაფხულში სოფლამდე მისვლა მსუბუქი ავტომანქანით შეუძლებელია. ზამთრის პერიოდში კი გზა 7-8 თვის განმავლობაში ოქტომბრიდან – მაისამდე იკეტება და სოფელი გარე სამყაროს წყდება. სწორედ ეს არის მიზეზი სხვა რიგი პრობლემებისა.

მძიმე მდგომარეობაა კახეთის მაღალმთიანი სოფლის თეთრწყლების სკოლაში. შენობა ძველი და ავარიულია. სასწრაფოდ რესტავრაციას საჭიროებს. შატილის სკოლის მსგავსად, თეთრწყლების სკოლაშიც ბავშვების სიმცირეა. სოფლის სკოლა აქ 43 ბავშვი სწავლობს. შემოდგომაზე კი პირველ კლასში მიმსვლელი არავინაა, რაც უახლოეს მომავალში სკოლის დახურვის საფრთხეს ქმნის. ბავშვების მცირე რაოდენობა სწორედ სკოლის უპირობობის გამოა. სკოლის დახურვა თავისთავად სოფლის დაცლას გამოიწვევს და საქართველოს კიდევ ერთი ნასოფლარი შეემატება…

სკოლის პრობლემების შესახებ “ამბიონს“ ესაუბრა თეთრწყლების სკოლის პედაგოგი ირმა ჩიტაშვილი: „ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სასწრაფოდ საჭიროებს რემონტს. მიწისძვრის დროს შენობის ერთი ნაწილი გაიბზარა. იმ მხარეს, ფაქტობრივად, გაკვეთილებს ვეღარ ვატარებთ. ეს ექსპერტიზამაც დაადასტურა. ჯერ უნდა ჩატარდეს შენობის გამაგრებითი სამუშაოები და შემდეგ -რემონტი. მოძველებულია ფანჯრებიც. აღარ შეუძლია ზამთარში სიცივის შეკავება. კლასების გათბობის მიზნით ფანჯრებიც უნდა გამოიცვალოს. გამოსაცვლელია სახურავიც, რადგან ცუდი ამინდის დროს წყალი ჩამოდის“.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ სკოლას არ აქვს კომპიუტერების საკმარისი რაოდენობა, წიგნების მარაგი, სპორტული დარბაზი.

მართალია, შატილის სკოლისგან განსხვავებით, თეთრწყლებში ყველა საგნის მასწავლებელი ჰყავთ, მაგრამ პედაგოგების უმეტესობა თელავიდან დადის. ზამთარში დიდთოვლობისას გზა იკეტება და სასწავლო პროცესი, ფაქტობრივად, იშლება.

“ამბიონი” აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც პრესმსახურში განგვიმარტეს, სამინისტრო სკოლების პრობლემებს სწავლობს და მათ მოგვარებასაც ცდილობს.

“თეთრწყლების სკოლის შენობის გამაგრების პროექტი მზადაა და განხილვის პროცესშია. რაც შეეხება შატილის სკოლას, მასზე ერთ კვირაში გამოცხადდება ტენდერი”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

შეგახსენებთ, ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს მაღალმთიანი სოფლის კიდევ ბევრი სკოლა. ამ პრობლემების გამო ბავშვები ძალიან ზარალდებიან, ბევრი ნიჭიერი მოსწავლე ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას სრულყოფილად, ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, ვერ იძენს საჭირო უნარებს… საჭიროა ამ სკოლებს სასწრაფოდ მიექცეს ყურადღება და პრობლემებიც შეძლებისდაგვარად გადაიჭრას. ეს არა მხოლოდ ქვეყნის მთავრობის, თითოეული ჩვენგანის ინტერესი უნდა იყოს. ვისაც როგორ შეუძლია, დავეხმაროთ ამ სკოლებს. ახალი თაობის ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობაში საზოგადოების თითოეული წევრი უნდა ჩაერთოს. შევინარჩუნოთ სოფლები და, შესაბამისად, კულტურა. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია?!

მაია ბურდული


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი