მთავარი » სხვადასხვა

განადგურებული ოშკი და მეჩეთად ქცეული ქართული ტაძრები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.07.2010 8 კომენტარი | 4,942 ნახვა

რეპორტაჟი ტაო-კლარჯეთიდან

ოშკი წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მომლოცველთა ჯგუფისათვის, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების მოლოცვის მეორე დღე შფოთიანი გათენდა. ყველა მოუთმენლად ელოდა მთის კალთაზე მდგარი ოშკის ტაძრის ხილვას. ტაძარი, რომლის მშენებლობაც 963-973 წლებში დასრულებულა ტაოს ბაგრატიონებს, ბაგრატ ერისთავთ ერისთავს და დავით მაგისტროსს აუგიათ.

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. უძველესი ქართული მონასტერი განადგურებული დაგვხვდა. გუმბათოვან ტაძარს, რომელიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის, გუმბათის დამბჯენი კონსტრუქცია მოშლოდა. ფიქრებაღელვებულნი დავაბიჯებდით ტაძარში. თითქოს გველოდა კიდეც… არ გვსურდა საკუთარი თავისთვის გაგვემხილა, რომ ტაძარი ჩვენს თვალწინ სიხარულისგან კანკალებდა. იმ წუთს აღარაფრის ეშინოდა…

მოულოდნელად ხმა შემოგვესმა. ის ყოველწამს გვიახლოვდებოდა. დაბნეული თვალებით შევცქეროდით. თურქი მოხუცი რიგრიგობით ესხმოდა თავს მომლოცველებს. ტაძრის მოვლისათვის ის ფულს ითხოვდა…

ოშკი ისევ მონასტრის კედლებს შევყურებდით. მოუვლელი იყო, მიტოვებული. კედლებიდან გამქრალიყო საუცხოო ფრესკები, ფილები, რომელზეც ქართული წარწერები იყო. ყურადღება მონასტრის წინა ფასადთან დადგმულმა სტენდმა მიიპყრო. ინგლისურ და თურქულ წარწერებთან ერთად ქართული ტექსტის ბოლო ნაწილიც საინტერესო აღმოჩნდა. ოშკის მონასტერი ,,1985 წელს თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ დარეგისტრირდა და დასაცავი უძრავი კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.’’ სიტყვა ,,დასაცავი’’ გულში კიდევ ერთხელ მტკივნეულად ჩაგვებეჭდა. ტაძარი, მართლაც რომ დასაცავი და მოსავლელია. გამორიცხული არაა, მან მომავალ ზამთარს ვეღარ გაუძლოს. ვინ იცის, იქნებ იმ თურქ მოხუცსაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ ფულის მიღების სანაცვლოდ ის ტაძარს დარაჯობს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ქართულ-თურქული მხარეების მოლაპარაკებებს მოთმინებით დაველოდოთ. ტაძარი მალე აღდგება… ამ იმედით დავტოვეთ მონასტერი, რომლის დატოვებაც გვენანებოდა.

ხახული ოშკის მონასტრიდან ხახულის მონასტრისკენ გამევართეთ. ხახული ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ საეკლესიო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი.. მწვანეში ჩაფლული ეკლესიის დანახვისას თითქოს სუნთქვა შეგვეკრა. კარი დაკეტილი დაგვხვდა. ფანჯრებს წვრილი გისოსები შემორტყმოდა. მეჩეთად ქცეულ მონასტერში სკოლა გაეხსნათ. სახელგანთქმულ მთარგმელს, გიორგი მთაწმინდელს პირველდაწყებითი განათლება სწორედ აქ მიეღო და ბერადაც აქვე აღკვეცილიყო. დღეს კი მონასტერში შესვლაც ვერ შევძელით. თითქოს ჩვენთვის გაუცხოებულიყო. თვალებში სიმწრის ცრემლები ჩასდგომოდა… მაინც მრავლისმეტყველი სახით გამოგვაცილა…

პარხალი პარხალის ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ამხელა ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსად შემორჩენილა. მეათე საუკუნეში, დავით მესამე კურაპალატის მიერ, იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული მონასტერი კარგ მდომარეობაში დაგვხვდა. ერთი შეხედვით მიუკარებელ ტაძარს სიცოცხლის ძაფი მაინც გასწყვეტოდა. მეჩეთად ქცეულ ტაძრის ეზოში თურქი მამაკაცები ისარივით გვსროდნენ მზერას, თურქი ბავშვები კი ჭიანჭველებივით ირეოდნენ. ეზო კალათბურთის სათამაშო მოედნად ექციათ. იქნებ მერამდენედ ჩაეჩარათ ტაძრისთვის პირში უმიზნოდ გასროლილი ბურთი. იქნებ მერამდენედ აეტანა სახეში აუტანელი ტკივილი. ტაძარი ცივ ოფლში იწურებოდა. მუხლმოდრეკილი ქართველნი უფალს შემწეობასა და ტაძრის ფეხზე დადგომას ევედრებოდნენ…

დოლისყანა მცხუნვარე მზის გულზე მდგარ დოლისყანას კი იმ დროს მივუახლოვდით, როცა მის გვერდზე მდებარე მეჩეთში ლოცვა იწყებოდა. თურქი მამაკაცები ჯოხების ბაკუნით მიუყვებოდნენ მეჩეთის გზას. ტაძრის კარი ფრთხილად შევაღეთ. პატარა გოგონა ტაძარში ფუსფუსით შემოვიდა. ქართულად მოგვესალმა და შესაწირის ყუთი დადგა. ჩვენს გამოსვლას მოთმინებით ელოდა, ადგილიდან არ იძროდა. მოლას ხმა ზარივით რეკდა, ყველას ყურში გვიწიოდა… მთავარანგელოზ მიქაელის დაუჯდომელს ისევ სიმშვიდით ვკითხულობდით, თითქოს ყურებში ბამბა გვქონდა დაცული და მხოლოდ ქართული ლოცვის ხმა გვესმოდა. მალე დავტოვეთ უმწეო ტაძარი მარტო. ტაძრის სარკმელს სამი მტრედი შემოსხდომოდა, თითქოს ჩვენი ვედრება მასაც შეესმინა.

თეონა ნოზაძე
თბილისი-ტაო-კლარჯეთი
09.07.2010.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

  • მარიკა says:

    მეც სატირლად გავემზადე ამ სტატიის წაკითხვისას…ერტი კითხვა მიტრიალებს თავში: ამდენ ცათამბჯენს და სასტუმროს ვაშენებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უამრავი შეთანხმება მიიღწევა ამ ორ ქვეყანას შორის და რით ვერ მოგვარდა, რომ არა თუ დაბრუნება, აღდგენა მაინც მოხდეს ამ უძველესი და უწმინდესი ტაძრებისა. გული მტკივა, რომ ჩვენი სთამომავლები ჩვენი აწმყოთი თავს ვერ მოიწონებენ…

  • ირინე გივიაშვილი says:

    ფული გადაუხადეთ ან იმ მოხუცს ან იმ პატარა გოგოს?

  • სოფო says:

    უფალი ასეთ დაუდევრობას არ გვაპატიებს, ეს ხომ ყველა ჩვენთაგანის ბრალია, ამას ერთად უნდა მოვერიოთ, თუ საჭიროა შევქმნათ ფონდები და შევეხიდოთ საპატრიარქოს, აქაც ბევრი რამეა მოსავლელი და გადასარჩენი, თუ რამეს გავაკეთებთ კარგს, ისევ ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობას გავუკეთებთ, ასევე ცუდსაც.

  • მზაღო ნინო says:

    ეს ჩემი სულია, ჩემთან ერთად სუნთქავს.რაზე საუბრობს ეს ორი ქვეყანა დღეს ვინმე თუ დაინტერესებულა ამით. ან შენ, ქართველო სად მიაბიჯებ.სად გადადიხარ კითხე აქეთკენ ვინმეს. მაჩვენე რა მიგაქვს, და რატომ.შე ქრისტიანო ამ დამსხვრეულ გუმბათებს ჩაუვლი და სხვა ნიავი გიბერავს, რატომ ვერ ხვდები. თუ ხვდები და………….და ეს ცოდვები ჩვენზე გადმოდის, ნადგურდება სული ქართული რომელიც ძალიან მტკივა. გქონიათ ამ ნადავლზე საუბარი. ანუ ეს ხომ არ არის მუზეუმი ვინმეს აჩვენო, ეს შენი მომავლის სულია რომელსაც ახშობ.
    და მე, გეტყოდით. წაიღეთ, გაიტანეთ, დაწვით, დაამსხვრიეთ, ყუელაფერი რაც გამაჩნია.ოღონდ სულს, სულს ნუ შეეხებით!!!!!!!!!!

  • ნინო says:

    როგორ მინდა რაიმე მცირედით მაინც შევძლო დახმარება…. თუნდაც მოვილოცო მაინც…არადა, საქართველოს დიდების მომღერალია ოშკი, თურქებს რა ენაღვლებათ თუ ნადგურდება…

  • ნინო says:

    თურქებს რა ენაღვლებათ თუ ნადგურდება…როგორ მინდა რაიმე მცირედით მაინც შევძლო დახმარება… თუნდაც მოვილოცო მაინც…

  • მანანა says:

    გული დამიმძიმდა!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი