მთავარი » საზოგადოება

დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანისა” და ანდრია კრეტელის “დიდი კანონის” რამდენიმე ადგილის ინტერპრეტაციისათვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.06.2018 | 846 ნახვა

“დავით აღმაშენებლის მიერ ანდრია კრეტელის “დიდი კანონის” გავლენით შექმნილი “გალობანი სინანულისანი” ქარული ლირიკის შედევრს წარმოადგენს”.

გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა ბახსოლიანი: საქართველო კულტურის მხრივ ფრიად საინტერესოა: კავკასიონის ქედის ძირში, ასურეთ-პალესტინიდან მომდინარე აღმოსავლური ქრისტოლოგიის მისტიკურ-ემციური ნაკადი ბუნებრივად ეჯახებოდა დასავლეთიდან მომდინარე ბერძნულ-ბიზანტიური თეოლოგიის რაციონალურ-ფილოსოფიურ ნაკადს. გალობანი სინანულისანისა ამ ორი სხვადასხვაგვარი სინთეზიდან იქმნებოდა ის თავისებური რელიგიურ-კულტურული ფაქტი, რომელსაც ქართული ქრისტიანობა ეწოდება და აღბეჭდილია ქართულ ორიგინალურ თუ ნათარგმნ საეკლესიო ლიტერატურულ ძეგლებში. მაგალითად, დავით აღმაშენებლის ბრძანებით, ექვთიმე და გიორგი ათონელებისეულ თარგმანთა შემდეგ არსენ ბერმა ანდრია კრეტელის “დიდი კანონი” მესამედ თარგმნა.

დავითის “გალობანი სინანულისანი” მრავალმხრივ საინტერესო ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებია, რომელმაც მკვლევართა ყურადღება ადრიდანვე დაიმსახურა (გ. ხელიძე, ნიკოლოზ ურბნელი, ა. ხახანაშვილი, კ. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, თ. ჟორდანია, შ. ნუცუბიძე, ლ. გრიგოლაშვილი, რ. მეტრეველი). აღნიშნული ძეგლის კვლევისას მხედველობაში იქნა მიღებული მისი სპეციფიკა: ნაწარმოები ქრისტიანული მწერლობის ისეთი ძეგლია, რომელიც ადამიანის სულის ღრმა განცდებს ასახავს. ზოგადად, ამ ჟანრის ავტორისათვის დამახასიათებელია სულის უმკაცრესი გაშიშვლება და თავის დამდაბლების მიზნით თავისი თავის უცოდვილესად წარმოდგენა. “დიდ კანონში” ჩვეულებრივი ღვთისმოსავი ადამიანის სულის ბიოგრაფიაა გადაშლილი, “გალობანი სინანულისანი” კი შეიცავს არა ჩვეულებრივი კაცის განცდას, არამედ მეფისას, რომელმაც დიდი სირთულეებისა და მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო რეფორმები გაატარა, გადაიხადა უმძიმესი ბრძოლები თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ და აღმშენებლობითი ღონისძიებები განახორციელა. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რამდენად შეიძლებოდა მეფეს, მხედართმთავარს, რეფორმატორს, ქალაქებისა და ტაძრების აღმშენებელს ისევე განეცადა პირველცოდვა, როგორც ამას ღრმა მისტიციზმში მყოფი განდეგილები, სასულიერო პირები და წმინდანები შეიგრძნობდნენ? წმიდა მამების თანახმად, წმინდანი სინათლისკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ცოდვებს. ამდენად, საფიქრებელია, რომ ისინი მთელ ცხოვრებას სინანულში ატარებენ.

გასაზიარებელია, რომ დავითის სინანულის დასაბამი არა ავტორის ბიოგრაფიული ცნობებია, არამედ ის უმთავრესი ქრისტიანული დოგმატი, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი ცოდვილია, უცოდველი მხოლოდ ღმერთია. ქრისტიანული მწერლობის სხვა მისტიკურ თხზულებათა მსგავსად, “გალობანი სინანულისანის” დედააზრის გასაღები ზოგადსაკაცობრიო მოტივია. დავითიც, რომლის მრავალპლანიანი მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს სცდებოდა, თავისი ნაყოფიერი შემოქმედებით, სინათლის გზაზე მავალი კიდევ უფრო მეტად შეიცნობდა ცოდვათა ზოგადსაკაცობრიო ხასიათის სიმძიმეს, რაც ფილოსოფიური ლირიკის ჟანრში სევდის მომგვრელი აღსარების სახით გადმოსცა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ რამდენიმე ადგილს მოვიყვან, რომელიც ორივე საგალობელში თითქმის მსგავსი ემოციითაა წარმოჩენილი. ანდრია კრეტელი მაგალითად, “გალობანში” დავითი ამბობს: “…მეცა სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ!” “დიდი კანონის” მიხედვით: “მომხედენ მე, მოწყალითა თვალითა, ვითარცა სახიერმან და მიითუალე აღსარებაი ჩემი”.

ანდრია კრეტელის და დავით აღმაშენებლის საგალობელთა შეპირისპირებით იკვეთება ღვთისგან მეფობის პატივით აღზევებული ადამიანი, რომელიც ადამის მსგავსად, დიდებაში დარწმუნებული ცოდვის მონად იქცევა “ბუნებითსა რაი თვთმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი, რამეთუ “რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ”. ანდრია კრეტელის თანახმად, “მეფობისა პატივითა და გვრგვნითა და პორფირითა შემკული პოვნიერი და მართალი კაცი, სამწყსო მრავალი და განმდიდრებული სიმდიდრისა დიდებისა და მეფობისაგან, გლახაკ და უღონო იქმნა”. აქ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ღმერთს დაშორებული ადამიანი ცოდვის პოტეცნიური მსხვერპლია. მსგავსი პასაჟი შეიძლება დავინახოთ ორივე საგალობელში, სადაც მაგალითად მოყვანილ ისრაელის მეფე სოლომონთან დაკავშირებით შემდეგს ვკითხულობთ: “სოლომონისასა წურბლისა მსგავსად ვერ-მაძღარი სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ” – “საკვრველმან ბრძენმან სოლომონ, ვრცელმან ფრიად სიბრძნისა მადლითა, წინაშე ღმრთისა ოდესმე ქმნა ბოროტი და განსდგა”.

“გლობანში”, ისევე როგორც “დიდ კანონში”, ცოდვის მძაფრი განცდის ამსახველი ადგილები მრავლადაა: “კაენის მკვლელებრი ცნობა – “მივემსგავსე კაენს, მკვლელსა”, “ხუთ-ქალაქელთა შეგინებისა მწარე” – “ივლტოდე სოდომით და გომორით”, “მეგვპტური გულმძიმობა” – “არა მოაკვდინე შენ მეგვპტელი გონება”, “ქანანელთა ჯურღმულნი”, “სეითის ძეთა ლირწებაი” – “სეითს არა ემსგავსე”. საფიქრებელია, რომ დავითის მიერ ქვეყანაში ჩატარებული რეფორმები არა მარტო სიახლის დანერგვას ისახავდა მიზნად, არამედ, სავარაუდოდ, მსგავს დანაშაულობათა აღმოფხვრასაც, რომელიც მის დროს ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული.

და ბოლოს, “გალობანის” და “დიდი კანონის” შედარებამ აჩვენა, რომ სევდასა და სინანულს რწმენითა და იმედით გასხივოსნებული ნათელი აგვირგვინებს, რომელიც ღვთისმშობლისადმია მიმართული: “ამისთვს იყო ქალწული და ხორც-ქმნაი სიტყვსაი, რაითა დედობრივითა ოხათა მიერ ცხოვნდენ ცოდვილნი” – “ღმერთი გუშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა ვითარცა მიზეზსა ყოველთასა ცხოვრებად ჩუენდა, ევედრე ღვთისმშობელო”. ღვთისმშობლისადმი დავითის მიმართებას გელათში აგებული ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ადასტურებს.

ამრიგად, დავით აღმაშენებლის მიერ ანდრია კრეტელის “დიდი კანონის” გავლენით შექმნილი “გალობანი სინანულისანი” ქარული ლირიკის შედევრს წარმოადგენს. მასში პიროვნების განცდა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობითაა წარმოჩენილი. ჩემი დაკვირვებით, შემთხვევითი არ უნდა იყოს ზემომოყვანილ ნაწარმოებში ხაზგასმული “სინანულის” მაგალითების თანხვერდა, რაც სემანტიკური კოდის მატარებელია. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას იქცევს ერთსა და იმავე დროს დავითის როგორც სახელმწიფო მოღვაწისა და წუთისოფლის ამაოებისაგან განდგომილი სასულიერო პირის განცდების სინთეზი, რაც ჩემი მოსაზრებთ, მისი, როგორც ზეადამიანური სიმაღლის მაჩვენებელი უნდა იყოს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.