მთავარი » ჯანმრთელობა

გაიგეთ მეტი წითელას შესახებ…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.10.2018 | 2,203 ნახვა

წითელა 1. ზოგადი მიმოხილვა – წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულარული) გამონაყარით, ხველებით, რინიტით ან კონიუქტივიტით.

წითელა ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში. საქართველოშიც, 2004-2005 წლების ეპიდემიიდან მოყოლებული და 2013 წლის ეპიდემიის პერიოდში წითელას შემთხვევების უმეტესობა დარეგისტრირდა მოზრდილებში. დაავადების მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში „გადანაცვლებამ“ კი წამოჭრა ახალი პრობლემები, როგორიცაა მოზრდილ მოსახლეობაში დაავადების პრევენციისა და ეპიდაფეთქებაზე საპასუხო ღონისძიებების გატარების სირთულე, აგრეთვე დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა და გართულებების მაღალი რისკი.

2016-2017წლების მონაცემებით წითელას შემთხვევების მატება დაფიქსირდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში – რუმინეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ტაჯიკეთში, ლიტვასა და ყაზახეთში, მათ შორის საქართველოშიც.

2. გამომწვევიაგენტი – მიეკუთვნება paramyxoviridae-ს ოჯახს, Morbillivirus-ის გვარს და წითელას ვირუსის სახეობას.

3. მიზეზები/რისკ ფაქტორები – წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინაცინით დაბალი მოცვა, მოსახლეობის ფართო ფენებში იმუნიტეტის არარსებობა და ინფექციის მიმღები კონტიგენტის დიდი ხვედრითი წილის დაგროვება.

4. რეზერვუარი – ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ვირუსი ბინადრობს ავადმყოფის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში. ხველების და ცემინების დროს იგი იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც იწვევს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას.

5. გადაცემის გზები – აეროგენული მექანიზმი-სუნთქვის, ხველების და ცემინების დროს.

6. ინკუბაციური პერიოდი – ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენს 7-18 დღეს (ჩვეულებრივ, 10-12 დღეს). მაქსიმალურ შესაძლო ინკუბაციურ პერიოდად ითვლება 21 დღე.

7. გადამდებლობის/კონტაგიოზურობის პერიოდი – წითელას ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა) – თითქმის 100%, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება ექსპოზიციის ქვეშ და არ აქვს იმუნიტეტი, დიდი ალბათობით დაავადდება. ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყარის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყარის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.

8. მიმღებლობა – არის ძალიან მაღალი: 24 საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48 საათიანი კონტაქტის პერიოდში 60%; 72 საათიანი კონტაქტის პერიოდში 80%.

9. კლინიკური მიმდინარეობა – წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ -ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს – ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.

ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი (1 შემთხვევა წითელას 10 000-დან 100 000 შემთხვევაზე) რომელიც შესაძლებელია განვითარდეს წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე ჰოსპიტალიზებულ შემთხვევაში.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცხელებით და გამონაყარით მიმდინარე სხვადასხვა დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

10. კონტროლის ღონისძიებები – წითელა ვაქცინით მართვადი დაავადებაა.

წითელას გეგმიური ვაქცინაციის მაღალი მოცვით-95% (პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით წითელას იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით – ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში) ქვეყანაში შესაძლებელია შემცირდეს ავადობა და მიღწეული იქნას დაავადების ელიმინაცია.

სრულყოფილი ვაქცინაცია ან დაავადების გადატანა ძირითადად ტოვებს მყარ იმუნიტეტს.

გახსოვდეთ! წითელა ვაქცინით მართვადი დაავადებაა. არ არსებობს ამ დაავადებების სპეციფიური მკურნალობა. სპეციფიური არის მხოლოდ პროფილაქტიკა, რომლის ერთადერთი საშუალებაა-უსაფრთხო და უფასო ვაქცინაცია.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი