მთავარი » საზოგადოება

ფული – დამოუკიდებლობის გარანტი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.04.2013 3 კომენტარი | 10,497 ნახვა

ფული ჩვენი ცხოვრებისა და ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მის გარეშე თანამედროვე სამყაროში ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ფული ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საჭიროა. “ფული ოქროთი გამოკვეთილი თავისუფლებაა,” – ამბობდა რემარკი. ფული და ახალგაზრდა განსხვავება მხოლოდ ისაა, თუ როგორ დახარჯავენ მას. ყველა ასაკის ადამიანს სხვადასხვა მოთხოვნილება და მისწრაფება აქვს.

ფსიქოლოგ ია შუკაკიძის თქმით, “ფულის გავლენა თითოეულ ახალგაზრდაზე ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია მათ აზროვნებასა თუ შეხედულებებზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

ხშირ შემთხვევაში ძალიან არასახარბიელო შედეგამდე მიდის ახალგაზრდა, როცა ფული აქვს, არც თუ ისე სასარგებლოდ და საჭიროებისათვის ხარჯავს…

პიროვნების დამოუკიდებლობისათვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია განათლება და საკუთარი თავის რეალიზება პროფესიულ კარიერაში, რასაც თავისთავად მოჰყვება ფინანსური რესურსი.”

რა გავლენას ახდენს ფული ახალგარდაზე? ამ საკითხზე ფიზიკის პედაგოგს, ქალბატონ ნათელა მახარაძეს ვესაუბრეთ: “ფული დღეს ყველასთვის საჭიროა, ახალგაზრდისთვის თუ ხანდაზმულისთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იგი ამ მატერიალურ სამყაროში ცხოვრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ახალგაზრდებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. გარდა ამისა, ჩემი შვილიც სტუდენტია და ის პრობლემა, რაც მატერიალურ საკითხებს ეხება, ჩემთვისაც ნაცნობია. ახალგაზრდისთვის, განსაკუთრებით თინეიჯერისთვის ფული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ასაკში ფულს როგორც კარგის, ისე ზიანის მოტანაც შეუძლია. მე გამოვყოფდი ახალგაზრდის ხელში ფულის მოხვედრის ორ სახეს:

1. როდესაც ახალგაზრდას ოჯახი აძლევს სახარჯო ფულს და ბავშვი ბოლომდე ვერ აცნობიერებს ამ ფულის შოვნის სირთულეს. ძირითადად ასეთ შემთხვევაში თინეიჯერები ადვილად ხარჯავენ ფულს და პასუხისმგებლობას ნაკლებად გრძნობენ, არც თუ ისე იშვიათად, განსაკუთრებით ვაჟები აზარტულ თამაშებსაც კი ეჩვევიან.

2. როდესაც ახალგაზრდა მუშაობს და უკვე კარგად აქვს გათავისებული ფულის შოვნის სირთულე. ასეთ შემთხვევაში მას არც დრო რჩება აზარტული თამაშებისა და ამგვარი გართობისთვის და ხშირად არც სურვილი აქვს, რადგან თავის ნაშოვნ ფულს ისე უწინდელივით ადვილად აღარ ანიავებს. მან უკვე იცის ფულის ყადრი. რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ჩემი გამოცდილების მიხედვით, უმეტესად ასე ხდება.

საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს ახალგაზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

ალბათ, გსმენიათ, ხშირად ამბობენ, რომ ქართველი ახალგაზრდები ოჯახზე ზედმეტად არიან დამოკიდებულები. ეს მართალია და ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ეს მარტო ახალგაზრდების ბრალი არაა. ამაში გარკვეული წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ზოგადად საზოგადოებასაც ეკისრება, რადგან სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია, თან ისეთი გრაფიკით, რომ ახალგაზრდამ სწავლა და სამუშაო ერთმანეთს შეუთავსოს.

მაგალითად, უცხოეთში ხშირად ახალგაზრდები ცვლებში მუშაობენ და ანაზღაურებას საათობრივად იღებენ ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა: კაფე-ბარები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ა.შ. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თუ ადამიანმა გაჭირვებით იშოვა სამსახური, ხშირად მიზერულ ანაზღაურებაზე დილიდან საღამომდე უწევს მუშაობა”.

რატომ სჭირდება ფული ახალგაზრდებს? ამ თემაზე “ამბიონი” მათაც გაესაუბრა:

მარიამ ჩიღოშვილი (21 წლის სტუდენტი): “ჩემთვის ფული ცხოვრებაში მთავარი არ არის. თუმცა იგი წინსვლის კარგი საშუალებაა, თუ მას გონივრულად გამოიყენებ. ფული მჭირდება იმისთვის, რომ ვისწავლო რამდენიმე ენა, რაც ვფიქრობ, კარიერულ წინსვლაში დამეხმარება. კარგი სამსახური რომ მქონდეს, ფულს სამოგზაუროდაც შევაგროვებდი. ასევე, დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი სხვებსაც.
რატომ სჭირდება ფული ახალგაზრდას? კარგი კითხვაა… იმიტომ რომ, ნამდვილი თავისუფლება შეიგრძნოს”.

გიორგი სულაძე (21 წლის): “ზოგს ეუხერხულება ფულსა და მატერიალურზე საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სირცხვილი სულაც არ არის. ფული ყოველ ორ ნაბიჯზე სჭირდება ადამიანს: ტრანსპორტი, კვება, სიგარეტი, გართობა – ეს ყოველივე ახალგაზრდისთვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა”.

ნინო ბუჩუკური (24 წლის სტუდენტი): “ფული ბედნიერების გარანტად არ მიმაჩნია, თუმცა მის საჭიროებას ვერ უარვყოფთ. უამრავ ადამიანს ვიცნობ, მდიდარი არ არის, მაგრამ ბედნიერია თავისი ცხოვრებით, რადგან ამ სამყაროში საკუთარი ადგილი იპოვა და თავი დაიმკვიდრა, საკუთარი ცხოვრების მიზანი და არსი შეიცნო. პირადად ჩემთვის, საკუთარი ძალებით გამომუშავებული ფული ძალიან მნიშვნელოვანია. როცა შენი ფული გაქვს, დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობ თავს. შეგიძლია განკარგო ისე, როგორც გსურს, მიიღო განათლება, დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა, იმოგზაურო, გაერთო მეგობრებთან, გააკეთო კეთილი საქმეები და პირველ რიგში, მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან ძნელია, რადგან ხანგრძლივი სამსახურის შოვნა, თან ისეთის, რომ სწავლას შეუთავსო, ძალიან რთულია, ამიტომ ძირითადად ოჯახის იმედად გვიწევს ყოფნა”.

ქართველი ახალგაზრდების მისამართით ხშირად მოისმენთ კრიტიკას, რომ ოჯახზე ძალიან არიან დამოკიდებულნი. რამდენიმე კვირის წინ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ “ჭიპლარგადაუჭრელი დედა-შვილების ქვეყნად ვიქეცით”. “დედის კალთას ამოფარებული ახალგაზრდა, რომელიც მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ გაერთოს და “ფეისბუკსა” თუ ონლაინკაზინოში “იმოღვაწეოს”, კრეტინდება და არარაობად იქცევა”, – ამბობს ვასაძე. ამ მოსაზრებას მომხრეებიც გამოუჩნდება და მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდების ბრალი არ არის.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • მარიამ–ხათუნა says:

    ფული აუცილებელია…და კარგია თუ ხარჯვაც იცის ადამიანმა გონივრული…მაგრამ მხოლოდ მასში ვლინდება ადამიანის სული და ყოველი ანდარებიანი, ანუ ფულის მოყვარული ადამიანი,(არა აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, წმინდა წერილმა ნათლად გვაჩვენა, რომ სულ რაღაც 30 ვერცხლით დაეცა იუდა)ანუ ყველა ანგარებიანი ადამიანი უფლის გამყიდველია!უფალი მეფობს!

  • მირიანი 24 says:

    ფული სიხარულია, ფული ბედნიერებაა, ფული ახალი სახლია, ფული მიწაა, ფული ვენახია, ფული წყალია, ფული დენია, ფული გაზია, ფული ჯანმრთელობაა, ფული დასვენებაა, ფული სიამოვნებაა, თანამედროვე დროში ფული ყველაფერია.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი