მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქი: „თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს სურს, მოსპოს ცნება ცოდვა“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2014 | 2,389 ნახვა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში ცოდვის ცნების შესახებ საუბრობს:

დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს” ადამიანს და ,,თავისუფლებას” აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის” მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა” და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან.”

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების” მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

,,ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) – ბრძანებს უფალი.

ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.

მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.

ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.

მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.

ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.
ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად, “ – ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი