მთავარი » ქრისტიანობა

ფსალმუნთა კითხვის მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.03.2010 8 კომენტარი | 19,495 ნახვა

დავითიფსალმუნთა კითხვას ადამიანის სულის საკურნებელი ძალა გააჩნია, იგი სიმშვიდესა და ტკბობას აღძრავს ადამიანთა გულებში. თუმცა, ხშირად ამას ნაკლებად ვაცნობიერებთ და მის კითხვასაც ნაკლებ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ. ფსალმუნთა შესახებ გვესაუბრება წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი დარჯანია.

მამა გიორგი: “ფსალმუნთა კრებული მეფე-წინასწარმეტყველმა, დავითმა შექმნა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ის ღვთის მიმართ დიდი რწმენით გამოირჩეოდა და მეფედაც ღვთის მიერ იქნა არჩეული. დავითის მამის, იესეს სახლში მისულ წინასწარმეტყველ სამუელს, იესეს შვილებს შორის ღვთის კარნაკით მეფე უნდა გამოერჩია და ეკურთხებინა. სამუელმა იესეს თავისი ძეების გამოყვანა თხოვა, თუმცა წინასწარმეტყველი ყველაზე უარს ამბობდა და ისევ დაეკითხა, კიდევ თუ ჰყავდა შვილი. იესე დაეთანხმა, რომ მას ჰყავდა უმცროსი შვილი, რომელიც სამწყემსად იყო წასული. დაბრუნებულ დავითს, როდესაც სამუელმა შეხედა, მიხვდა, რომ ის იყო ის რჩეული, რომელზეც ღმერთმა უკარნახა და მოხდა მისი მეფედ კურთხევა.

ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ცოდვილია და ცოდვის ჩადენისაკენ აქვს მიდრეკილება. დავით მეფესაც ცხოვრებაში ისეთი პერიოდი ჰქონდა, როდესაც ის ცოდვისკენ განსაკუთრებით იყო მიმართული. მან ცოლად ისეთი ადამიანი მოიყვანა, ვინც სხვას ეკუთვნოდა და ასე ვთქვათ, სხვისი ცოლი მიისაკუთრა. ამის შემდეგ მეფეს თავისი შვილი აუმხედრდა და გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდა. თუმცა, ის ყველა განსაცდელს მორჩილად შეხვდა, ღვთის გზას არ გადაუხვის და უფლის კარნახით და მითითებით შეასრულება ყველაფერი.

მეფე-წინასწარმეტყველი დაახლოებით 40 წელი მეფობდა და უძღვებოდა თავის სახელმწიფოს, ებრაელ ხალხს. ის 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ კი დატოვა საღმრთო წერილი ანუ იგივე ფსალმუნები, რომელიც დაყოფილია კანონებად. ფსალმუნთა კრებულში 20 კანონია წარმოდგენილი და მასში 150 ფსალმუნია განაწილებული”.

რას გადმოგვცემს ფსალმუნთა წიგნი და როგორია მისი კითხვის წესი?

დავით მეფის მიერ, ფსალმუნებში მოთხრობილია ღვთის დიდება, ძირითადად ყველა ის წინასწარმეტყველება, რაც მაცხოვრის, იესო ქრისტეს დაბადებისკენ არის მიმართული. ამასთან, თუ რატომ მოევლინება ის ჩვენს ქვეყანას, იგივე ჩვენი ცოდვების გამო. სინანულის გამო კი მან დაწერა 50-ე ფსალმუნი და თუ ნებისმიერი ადამიანი მას გულმოდგინედ წაიკითხვას და დააკვირდება, მიხვდება რამდენად დიდი სინანულია ამ ფსალმუნებში გამოხატული. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ვიცით, რომ განსაკუთრებით ვკითხულობთ ერთ ფსალმუნს, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად, ეს არის მეჩვიდმეტე კანონში.

ხშირია, როდესაც იკრიბება 20, 30 ან 40 ადამიანი და ფსალმუნებს ყოველდღიურად კითხულობენ. ამ პროცესში შესაძლებელია სასულიერო პირიც ჩაერთოს. კანონებს, ფსალმუნებს ინაწილებენ და ხდება უწყვეტლივ, ყველა ფსალმუნის ყოველდღიურად კითხვა. ფსალმუნებში მოიხსენიება მთელი მართლმადიდებელი სამყარო, გარდაცვლილი თუ ცოცხალი ადამიანები.

ძველ ქართულში სხვა დამწერლობა გვქონდა, ახლა მხედრული დამწერლობით ვკითხულობთ. ამასთან, მსახურებაზე სახარებიდან თავებს ძველი ქართულით ვკითხულობთ. მაგრამ როდესაც ადამიანს გაუჩნდება სურვილი, ჩაუღრმავდეს სახარებას, ფსალმუნებს, თუ ნებისმიერ ტროპან-კონდაკს, არსებობს მათი განმარტებანი, ასევე სხვადასხვა განმარტებები წმინდა მამების მიერ. გამარტივებული ენით მათი წაკითხვა კი ეხმარებათ ადამიანებს შინაარსის უკეთ გაგებაში, თუმცა, ისინი დამხმარე ლიტერატურაა და მათი კითხვა მხოლოდ ამ წიგნებიდან საკმარისი არაა.

რამდენად მნიშვნელოვანია ფსალმუნთა კითხვა?

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნისა და ლოცვის გასაძლიერებლად დაწესებულია შვიდგზის ლოცვების კითხვა, რომელიც ფსალმუნებისგანაც შედგება. ფსალმუნებს ვკითხულობთ ღვთისმსახურების დროსაც. ლიტურგიული კრებულის მიხედვით განსაზღვრულია, რომელ დღეს რომელი ფსალმუნი უნდა წავიკითხოთ.

თითოეული ადამიანისთვის და საერთოდ იმ ერისთვის, ვინც ფსალმუნებს კითხულობს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რადგან იმდენად ბრძნული და იმდენად ღმერთთან დამაახლოებელი სიტყვებია გამოყენებული ამ ფსალმუნებში, რომ ეს აუცილებლად იქნება შესმენილი. უწმინდესიც ხშირად უსვამს ხოლმე ხაზს, რომ აუცილებელია ვიკითხოთ ფსალმუნები.

ყველა მოძღვრისაგან მრევლს აქვს კურთხევა ნებისმიერ დროს წაიკითხოს თითო კანონი ამ ფსალმუნებიდან და ეს კანონები იკითხება მუდმივად. განაკუთრებით კი, როდესაც მარხვა იწყება. პირადად მე, ჩემი მრევლისთვის დავალებული მაქვს, ამ ერთ კანონს დაამატოს კიდევ ერთი კანონი. რადგან განსაკუთრებული მობილიზაცია მარხვაში უნდა გამოვიჩინოთ. ღვთისაკენ გონება ისედაც ყოველთვის უნდა იყოს მიმართული, მაგრამ განსაკუთრებით მარხვაში, უნდა მოვიკლოთ გარეგანი ზრუნვა და ლოცვის დამატება იქნება, თუ ტაძარში ხშირი სიარული იქნება, აუცილებელია ჩვენი სულისთვის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი