მთავარი » ქრისტიანობა

ფსალმუნნი თანამედროვე ქართულით გამოიცა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2010 19 კომენტარი | 10,403 ნახვა

ფსალმუნნი თანამედროვე ქართულით გამოიცასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: “ერთ–ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სჯობია მზემ შეწყვიტოს თავისი ნათება, ვიდრე შეწყდეს დავითნის კითხვა”

იმას, ვისაც ძველი ქართულით შესრულებული ფსალმუნის გაგება უჭირს, ამიერიდან, შეუძლია თანამედროვე ქართულით გამართული, ფსალმუნნთა კანონიკური ტექსტი წაიკითხოს, წიგნში – ფსალმუნნი, რომელიც ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობის შედეგად, რამდენიმე დღის წინ გამოიცა.

“ფსალმუნის ძველი ქართული, კანონიკური ტექსტის თანამედროვე ქართულად გამართვის (ადაპტირების) მიზანია, მოხსნას ენობრივ დონეზე არსებული სირთულე, დაუბრუნოს ბიბლიას, კერძოდ კი ფსალმუნების წიგნს თავისი თავდაპირველი და უპირველესი დანიშნულება – იყოს მლოცველისა და მკითხველისათვის ღვთიური მადლის ზიარებისა და ბიბლიური სიბრძნის შეცნობის უშრეტი წყარო”, – ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში, რომლის წარდგინება საქართველოს საპატრიარქოში მოეწყო.

წიგნის ბოლოს, ახნა–განმარტებებში ფსალმუნი ასეა განმარტებული – “ფსალმუნი ებრაულად “მიზმორ”-ს ნიშნავს – მუსიკის თანხლებით, ღმერთის სადიდებელ გალობას. ამ საგალობელთა კრებულმა მიიღო სახელწოდება – ფსალმუნნი, ბერძნული სიტყვიდან “ფსალო”, რაც ნიშნავს სიმღერას, სიმებიანი მუსიკალური საკრავის თანხლებით. საკრავს ებრაულად ეწოდება “ნეპელ”, ბერძნულად “ფსალტერიონ”, ქართულად საფსალმუნე. მეოთხმოცე ფსალმუნში სიტყვა ფსალმუნი ინსტრუმენტის მნიშვნელობით იხმარება. ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, ფსალმუნთა კრებულს დავითნი ეწოდება”.

ფსალმუნნის წარდგინებისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, მის მნიშვნელობაზე ასეთი რამ თქვა – “დავითნი განსაკუთრებული წიგნია; უპირველეს ყოვლისა, ეს არის წინასწარმეტყველება, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ამის შესახებ თვითონ უფალი ბრძანებს, თავის სიტყვებში. დავითნი იწყება სიტყვებით – “ნეტარ არს კაცი” და მთავრდება – “ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი”. წმიდა მამები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამის შესახებ; ერთ-ერთი წმიდა მამა ამბობს, რომ სჯობია მზემ შეწყვიტოს თავისი ნათება, ვიდრე შეწყდეს დავითნის კითხვა”.

ფსალმუნნთა კანონიკური ტექსტის ძველი ქართული ენიდან თანამედროვე ქართულად გამართვაზე მუშაობა, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა, 2004 წელს დაიწყო, მისი უწმინდესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეკლესიის აქტიური მონაწილეობით.

ახლადგამოცემული წიგნი ეძღვნება წმიდა გიორგი მთაწმიდლის დაბადების 1 000 წლისთავს, რომლის გამოცემაზე მუშაობდნენ: პროფესორი ირინე მელიქიშვილი – ძველი ქართული ტექსტის ადაპტაცია, თანამედროვე ქართულზე; გურამ დოჩანაშვილი – თანამედროვე ტექსტის სტილისტურად გამართვა; დეკანოზი მიქაელ გალდავა – თანამედროვე ტექსტის თეოლოგიური რედაქტორი; სალომე ზვიადაძე – თანამედროვე ტექსის აპრობაცია და კორექტურა; ასოცირებული პროფესორი, მღვდელი ლევან მათეშვილი – ნუსხური ტექსტის კორექტურა; პროფესორი ლელა ხაჩიძე, პროფესორი თინათინ ცქიტიშვილი – რეცენზენტები; ქეთევან გადილია, პროექტის კოორდინატორი.

საპატრიარქოში, ფსალმუნნის წარდგინებას, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქეთევან გადილია უძღვებოდა, რომელმაც ფსალმუნნის თანამედროვე ქართულით გამოცემის მიზეზი ასე ახსნა:

“საქართველოში არსებობს ფსალმუნის კითხვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია; ფსალმუნნთა წიგნს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თანამედროვე ქართული საზოგადოების სულიერ ღირებულებათა სისტემაში; ქართველი მკითხველისთვის და მორწმუნე–მლოცველი ადამიანისთვის ფსალმუნნი ერთ–ერთი უსაყვარლესი წიგნია; ფსალმუნთა კანონიკური ტექსტი მიეკუთვნება მეთერთმეტე საუკუნეს და როგორც მოგეხსენებათ, იგი გიორგი მთაწმინდლის რუდუნებით, შრომით და მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობის შედეგადაა შექმნილი; მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ ქართულ ენაში საკმაოდ დიდი ცვლილება მოხდა და დღეს მკითხველს ძველი ტექსტის აღქმა და ჯეროვნად გაგება ცოტა უჭირს; ამიტომ გადავწყვიტეთ, ენობრივი სირთულე მოგვეხსნა და თანამედროვე ტექსტი გაგვეკეთებინა. მისი უწმინდესობის სურვილით, ამ იდეას დაემატა ნუსხურად გამართული კანონიკური ტექსტი და მივიღეთ საკმაოდ რთული სტრუქტურის წიგნი, რომელიც ვეცადეთ დაკაბადონებისას, მკითხველისთვის, რაც შეიძლება მარტივად აღსაქმელი გაგვეხადა. ერთ წიგნში სამი პარალელური ტექსტია განთავსებული – პირველ ნაწილად მოდის მხედრულით შესრულებული კანონიკური ტექსტი, შედგომ ნუსხურით შესრულებული კანონიკური ტექსტი და ბოლოს, მისი თანამედროვე ადაპტაცია”.

ანუ, ძველი ქართული და თანამედროვე ქართული ტექსტების პარალელურად დაბეჭდვით, მკითხველს, მლოცველს შესაძლებლობა ეძლევა ძველი ქართული ტექსტი წაიკითხოს და იმავდროულად, მისი ენობრივი თვალსაზრისით უკეთ გაგების მიზნით, თანამედროვე ტექსტით ისარგებლოს.

“ჩემთვის ძალიან სახიფათო იყო მასთან შეხება, დიდ შიშს განვიცდიდი, რადგან ეს გადაწონის, რაც მსოფლიო მხატვრულ ლიტერატურაში შექმნილა. ჩემი ოცნებაა მთაწმიდლის ენა დაბრუნდეს – ეს სიტყვები, ჩვენი ენა გამდიდრდეს. მე ასე მგონია და ბევრი დამეთანხმა (ფილოლოგები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ), რომ მაცხოვარი და სულიწმიდა, გიორგი მთაწმიდლის ენაში უფრო ჩანან, ვიდრე თანამედროვეში და ეს ძალიან კარგია. მე დიდი ხანია ვკითხულობ სახარებას და მაინც მჭირდება ხოლმე სულხან–საბას მოშველიება და გვერდიგვერდ რომ იქნება, ძველი და თანამედროვე ქართულით დაწერილი, წაიკითხავენ გიორგი მთაწმიდლის ენას, რომ გაუჭირდებათ, თანამედროვე ქართულით დაწერილს გადახედავენ და იქნებ ამან უფრო მეტად მოიზიდოს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ერი, ამ წიგნისკენ”, – განაცხადა ფსალმუნნის წარდგინებისას გურამ დოჩანაშვილმა, რომელმაც წიგნში წარმოდგენილი ფსალმუნნის გიორგი მთაწმიდლისეული, გათანამედროვებული ტექსტი სტილისტურად გამართა.

ნინო მიქიაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

19 კომენტარი »

  • გრიგოლი says:

    კარგია, მაგრამ მსახურებისას მაინც ძველი ტექსტი უნდ იკითხებოდეს.
    სად შეიძლება შეძენა? ნეტავ დიდი რაოდენობით დაიბეჭდა?

  • მარიამი says:

    რა კარგია :) უკვე არის ნეტავ გაყიდვაში?

  • მოვედი says:

    მსახურებისას რა თქმა უნდა ძველი ტექსტი წაიკითხება, თუმცა ალბათ ოდესმე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე ქართულიც დაიმსახურებს ამ პატივს.

  • რუსკა says:

    ძალიან კარგია ჩემი აზრით,აუცილებელია შინაარსის ზუსტად ცოდნა

  • ნელი says:

    ძალიან კარგია.

  • არჩილი says:

    შინაარსის უკეთ აღსათქმელად აუცილებელ პირობად მიმაჩნია მისი თანამედროვე ქართული ვარიანტითაც გადმოცემა.ასე რომ ეს შრომა მისასალმებელი და გასახარია!

  • ეკატერინე says:

    რაც უფრო ხშირად მივუბრუნდებით ბიბლიას, მეცნიერებიც და მლოცველებიც, მით უკეთ ვიქნებით. ღმერთმა შეუწიროს შრომა ყველას, ვინც ამ საქმეს შეეწია.

  • მარიამი says:

    სად იყიდება ეს წიგნი, ვინმემ ხომ არ იცის?

  • მერი says:

    ჩემთვის ძველი ქართულით დაწერილის შინაარსის გაგება ძნელია.
    მადლობა თანამედროვე ქართულით დაწერილი ფსალმუნნისათვის.

    ხომ არ დადგა დრო რომ მსახურებაც თანამედროვე ქართულით იკითხებუდეს?

  • ინგა says:

    გამარჯობა,
    მაინტერესებს რატომ კვია ილია მეორეს საკარტველოს ”კატოლიკოს#’ პატრიარკი და არა ”მარტლმადიდებელ ” პატრიარკი?

  • დავითი says:

    სიტყვა ,,კათოლიკე” ბერძნული წარმოშობისაა და ითარგმნება როგორც ,,საყოველთაო”/
    ანუ პატრიარქის რეგალიებში ,,კათოლიკოსის” ხსენება ნიშნავს, რომ იგია ,,ყოველთა” ქართველთა პატრიარქი!

  • ინგა says:

    უგრმესი მადლობა პასუხისთვის!

  • თორნიკე says:

    ღმერთმა გაგახაროთ ნამდვილად კარგი საქმეა!
    ხომ არ იცით დაიბეჭდა თუ არა ეს წიგნი და თუ დაიბეჭდა სად არის გაყიდვაში.

  • კოტე says:

    ძველი ენით ფსალმუნებას და ლოცვას ეკლესიაში იმედია საფრთხე არ დაემუქრება.არავინ თქვას-გაუგებარია მსახურებისას ძველი ქართულიო,მასში სხვა იდუმალება და მუხტია და ნუ გავაუბრალოებთ გთხოვთ.მთაწმიდელის ენა,წვდომა და სიღრმე სამწუხაროდ,დღეს იშვიათობაა,რადგან ის სულიერება აღარაა რაც თარგმანის შესრულებას ჭირდება. სხვა მხრივ მისასალმებელი მოვლენაა.

  • გიორგი (სხვა) says:

    კოტე არა მარტო გეთანხმებით, არამედ ვერც კი წარმომიდგენია თანამედროვე ენაზე, როგორი მოსასმენი იქნება წირვა-ლოცვა.

  • ქეთევანი says:

    ეს წიგნი გამოიცა უაღრესად მცირე ტირაჟით (500). ამჟამად მიმდინარეობს თანამედროვე (ადაპტირებული ტექსტის) დახვეწა და სულ მალე, იმედია საშობაოდ, უკვე დიდი ტირაჟით გამოიცემა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება. ქეთევან გადილია

  • nino says:

    საერთოდ ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა წავიკითხო ფსალმუნები თანამედროვე ქართულზე.ნურავის ეწყინება,მაგრამ სად დღევანდელი მთარგმნელების სულიერი ხედვა და სად-ძველქართულად მთარგმნელი ჩვენი სულიერი მამების წვდომა?მიუხედავად იმისა,რომ ბაჩანა ბრეგვაძე გენიოსია და ზურა კიკნაძეც ნიჭიერი,მათი ნათარგმნი ახალი აღთქმა დიდად ჩამოუვარდება გიორგი მთაწმინდელის რედაქციისას,რადგან ის თაობა უფრო ახლო იყო უფალთან.ფსალმუნების გაახალქართულებით სიღრმე იკარგება,ენა თითქოს ღარიბდებაარადა სულაც არ არის გაუგებარი,მერწმუნეთ გასაკვირია და პატარა ბავშვებსაც კი არ უჭირთ მისი წვდომა.ამდენად,ნუ გავაუბრალოებთ სამლოცველო ენას,თორემ თავისთავად რა თქმა უნდა-კარგია რომ ეს ვერსიაც იარსებებს და გმადლობთ ამისთვის.

  • მანანა says:

    დიდება უფალს!კარგი საქმეა!პირველად წაკითხვისას ძნელია გაიგო,ამიტომ უმჯობესია ორივე ტექსტით იყოს,თუმცა საკუთარი გამოცდილებით,რამდენიმე ხნის მერე ძველი ქართულიც ისეთი მარტივი და ახლობელი ხდება მგონია, ჩემ სულს რაც აწუხებს ზუსტად ვპოულობ და ფსიქოლოგიურად გაწესრიგებს,ხსნის იმედს გაზლევს.ამიტო ყველა ქარველმა უნდა ვიკითხოთ,ერთად ვადიდოთ უფალი….ეს ნამდვილი ნაბიჯია ჭეშმარიტებისაკენ…ძალიან მიხარია,ღმერთმა გაგვაზლიეროს სულიერად სრულგვყოს…

  • ლელა ქემოკლიძე says:

    ძალიან კარგი,მაგრამ მე ვფიქრობ მაინც საკითხავად ისევ ის ძველი ვერსია უნდა ვიკითხოთ, ეგ ახალი ვერსიაც უნდა გვქონდეს ერთხელ წასაკითხად ან თუ რაიმეს კარგად ვერ ჩავწვდებით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი