მთავარი » კულტურა

ფოტოხელოვან ზურაბ დათუაშვილის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2013 ერთი კომენტარი | 1,911 ნახვა

ზურაბ დათუაშვილი – მხატვრული ფოტოგრაფიის დიდოსტატი, ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებელი

ა.წ. 20 თებერვალს, ზურაბ დათუაშვილის დაბადების დღეს, საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწაფო მუზეუმში /ი. კარგარეთელის ქ. 6/ გაიხსნა ფოტოს დიდოსტატის, ზურაბ დათუაშვილი ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლის, ზურაბ დათუაშვილის ნამუშევართა ფოტო გამოფენა – “შავ-თეთრი სიმფონია”.

ამ შესანიშნავი ღონისძიების გახსნას ქართველი ინტელიგენციის უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა. გამოფენას ეშხს მატებდა საეკლესიო მგალობელთა ქართული საგალობლები. გამოფენა 10 დღეს გაგრძელდა და ფართოდ გაშუქდა საქართველოს ტელევიზიებით.

ზურაბ დათუაშვილი დაიბადა 1931 წელს ქ. ქუთაისში. 1950 წელს ქ. ლაგოდეხის ი. ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო საინჟინრო ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1955 წელს მუშაობა დაიწყო “საქტყეპროექტში” ინჟინერ ტაქსატორად.

1957 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სატყეო ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა შაესანიშნავი ფოტო-კინო ლაბორატორია მუშაობდა წლების მანძილზე, ქმნიდა ქართული ტყის ფოტო არქივს და იღებდა სატყეო დარგის შესანიშნავ სამეცნიერო კინო ფილმებს /სამწუხაროდ, ინსტიტუტის დირექტორის, დიდი ქართული მეცნიერისა და ერის კაცის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტმა ვერ შეინარჩუნა ვერც ფოტო-კინო ლაბორატორია და ვერც მისი ფუძემდებელი ზურაბ დათუაშვილი/.

ბატონი ზურაბი ფოტოგრაფიით ბავშვობიდან იყო გატაცებული. შემდგომში მუშაობდა ფოტოხელოვნების მრავალ ჟანრში. მახსოვს, მისი პირველი ფოტო ეტიუდი “პატარა მძლეოსანი” გამოქვეყნდა 1957 წელს გაზეთ “ლელოში”, სურათზე აღბეჭდილი იყო მისი 3 წლის ვაჟი, ჩემი ნათლული ბადრი /დღეს მამა დავითი/ სამძლეოსნო იარაღებთან. ეს სურათი გაზეთიდან ამოვჭერი და დღემდე შენახული მაქვს. ამის შემდეგ, რომ იტყვიან, წავიდა და წავიდა… საქართველოში ჟურნალი და გაზეთი არ გამოქვეყნებულა “ფოტო ზ. დათუაშვილის” გარეშე.

სამოცდაათიანი წლებიდან ბატონი ზურაბი ძლიერ გაიტაცა მსოფლიოში გავრცელებულმა მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთმა ჟანრმა, – ფოტოგრაფიკამ, რომლის პიონერადაც ის ითვლება საქართველოში, თუმცა, სპეციალობიდან გამომდინარე, მისი გატაცება და მთავარი თემა მაინც ქართული ტყე, ბუნება, პეიზაჟია.

სამეცნიერო ექსპედიციებით ჩვენ ერთად გვქონდა შემოვლილი სვანეთის, ფშავ-ხევსურეთისა და საქართველოს ყველა სხვა კუთხის მთიანი ტყის მასივები, რაც აისახება მის ფოტო არქივში.

მოგეხსენებათ, პოსტ საბჭოთა ხანაში ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ საშინელი დაღი დაასვა ჩვენს ტყის მასივებს. ზურაბ დათუაშვილის ფოტოგრაფიკა უცხოელებზე გასხვისდა, განუკითხავად, უმოწყალოდ გაიჩეხა და ქვეყნიდან ჩალის ფასად გაიზიდა ჩვენი ეროვნული სიმდიდრე – გამეჩხერებულმა ტყეებმა დაკარგა დაცვით – ეკოლოგიური ფუნქცია და ქვეყანაში დაიწყო ეკოლოგიური კატასტროფები, მთის სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია…

დღეს თუ ვინმე ქართული ტყის ხელუხლებელი კორომების ნახვას მოისურვებს, ტყუილად თავს ნუ შეიწუხებს, მთაში და ხეობებში ნუ წავა. იქ ვეღარაფერს ნახავს. ნამდვილი ქართული ტყის ნახვა დღეს მხოლოდ ზურაბ დათუაშვილის მდიდარ ფოტოარქივშია შესაძლებელი. სასურველია, ეს არქივი შეიძინოს და გამოიყენოს შესაბამისმა ორგანოებმა.

ფოტომხატვარი ზურაბ დათუაშვილი არის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, კინომატოგრაფთა ასოციაციისა და ფოტოხელოვანთა კავშრის წევრი. წარსულში მისი ფოტოგამოფენები მოეწყო ქ. თბილისში, ვილნიუსში, ბელგრადში, მინსკში და სხვა ქალაქებში, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მახსოვს მისი პირველი ფოტოგამოფენა თბილისში, სადაც სიტყვით გამოვიდნენ ნეტარხსენებული აკადემიკოსი გურამ შარაძე და თბილისის მერი ბახვა ლობჟანიძე.

მხატვრული ფოტოს დიდოსტატმა სხვადასხვა ქვეყანაში 100-მდე ფოტოკონკურსსა და ფოტოგამოფენაში მიიღო მონაწილეობა და ყველგან აღიარება და მაღალი ჯილდოები, – ოქროსა და ვერცხლის მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურა. მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა საზღვარგარეთის პრესის ფურცლებზე. ფოტოჟურნალისტკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ბატონო ზურაბი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ფაკულტეტზე და სხვა ფოტოწრეებში ასწავლიდა “სინათლით ხატვას” – ფოტოხელოვნებას.

“გული მწყდება, ბევრი რამის გადაღება ვერ მოვასწარი… ეს არის წამის ამბავი და გაიქცა უკვე ის კადრი … მრჩება ნახევრად დაუმუშავებელი ფოტოარქივი, დღეს კი სინათლე აღარ მაქვს თვალში, ვეღარ ვხედავ – სამწუხაროდ, მიმდევარიც არავინ მყავს”, – გულისტკივილით აღნიშნა ტელეჟურნალისტების თვალწინ ღვაწლმოსილმა ფოტოხელოვანმა თავის გამოსვლაში ფოტოგამოფენაზე.

გული ნუ დაგწყდება, ჩემო ზურაბ, შენ ისეც ბევრი გააკეთე, შენს ღვაწლს შთამომავლობა შემოინახავს, შენი სახელი არ დაიკარგება.

იდღეგრძელე, ზურაბ, მრავალჟამიერ!!!

თანაკურსელთა სახელით
ელდარ ლობჟანიძე,
სრული პროფესორი, სატყეო მეცნიერებათა
საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი /IAWS, აშშ/.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გია says:

    საოცარი პროფესიონალი და რაც მთავარია უკეთილშობილესი♥️ რამდენს გვასწავლა უანგაროდ ფოტოგრაფია, მადლობა ბატონო ზურაბ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი