მთავარი » კულტურა

“ფოტოში ღვაწლი, შრომა უნდა ჩანდეს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.08.2012 3 კომენტარი | 3,047 ნახვა

ბავშვობაში ბევრს ხატავდა… ეხერხებოდა სახლების, გემების, თვითმფრინავების… მაკეტების გაკეთება. მისი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებდა სკოლაში, მოსწავლეთა გამოფენებზე… ყოველთვის პირველ ადგილს იმსახურებდა…

ზურაბ დათუაშვილი შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლები… გამოქცევა ბესარაბიის საზღვრიდან ოჯახთან ერთად… მცირეწლოვან ასაკში განცდილი სიმძიმე… ნაღმის აფეთქებისას დაკარგული თვალი…

ლაგოდეხში ცხოვრების დროს ფოტოგრაფიით გახლდათ გატაცებული. იმ დროს არ იშოვებოდა მასალა, ფირები, ქაღალდი… თუმცა საქმის სიყვარული თავისას აკეთებდა… ლაგოდეხის ნაკრძალში სიარულმა შეაყვარა ბუნება, ტყე, ფოტოებსაც ხშირად იღებდა. ცნობილმა ფოტოხელოვანმა და საქართველოში გრაფიკული ფოტოგრაფიის ფუძემდებელმა ზურაბ დათუაშვილმა პროფესიაც ამის მიხედვით შეარჩია.

სატყეო საინჟინრო ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა ტყეპროექტში დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოზე ექვსი თვე ტყეში ყოფნა მოუწია, რამაც კიდევ უფრო შეაყვარა ბუნება. მან ფეხით შემოიარა მთელი საქართველო და უნიკალური ფოტომასალაც დააგროვა.

“1957 წელს დავოჯახდი, შემეძინა ვაჟი… ყოველ დილით ვვარჯიშობდი. ის იყო გირები დავაწყვე, რომ ჩემი პატარა ვაჟი ერთ-ერთ მათგანს დაეჭიდა, აპარატს ხელი წამოვავლე და სურათი გადავუღე. ფოტოეტიუდმა “პატარა მძლეოსანი” დიდი მოწონება დაიმსახურა ახლობლებსა და მეგობრებში. ფოტო გაზეთ “კომუნისტის” რედაქციაში მივიტანე და მეორე დღესვე გაზეთის მეოთხე გვერდზე დიდი ფორმატით დაიბეჭდა”, – ასე დაიწყო ბატონი ზურაბის ფოტოჟურნალისტური კარიერა. მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა საზღვარგარეთის პრესის ფურცლებზეც. მოგვიანებით ფოტოჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენითაც დააჯილდოვეს.

ბუნებამხატვრული ფოტოს ოსტატმა, სხვადასხვა ქვეყანაში 100-მდე ფოტოკონკურსსა და ფოტოგამოფენაში მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველგან სამართლიანი აღიარება და მაღალი ჯილდოები დაიმსახურა..

ბატონ ზურაბს, რომლის ფოტოებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური მიგნებით, გადაღების მახვილგონივრულად შერჩეული კუთხით, შინაარსობრივი გააზრებით, მხატვრულობით, საკუთარი ხელწერითა და ტექნიკური ოსტატობით “ამბიონი” ფოტოგრაფიის დანიშნულებაზე, ფოტოოსტატობასა და საქართველოში ქართული ფოტოხელოვნების განვითარების გზებზე ესაუბრა.

ზურაბ დათუაშვილი: “ფოტოგრაფია ხელოვნების ერთ-ერთ დარგადაა უკვე აღიარებული. საბჭოთა წყობის დროს კი, როცა ფოტოგრაფად ვმუშაობდი, ამ საქმეს ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას. ფოტოგრაფიას როგორც ჩვეულებრივ ხელოსნობას, ფოტოატელიეს უყურებდნენ. ახლა რაც მოგესურვება, იმას გადაიღებ და გაიტან გამოფენაზე, არავინ არაფერს არ გიშლის. მაშინ კი შეზღუდული ვიყავით, ცენზურა იყო. არ შეიძლებოდა ფოტო და მისი სიუჟეტი თუ იმ წყობას შეწინააღმდეგებოდა. თუმცა ასეთ სურათებსაც ვიღებდი, მინდოდა კოლექციაში მქონოდა.

ფოტოგრაფ სიმონ კილაძის ხელმძღვანელობით რამოდენიმე ხელოვანმა ჩამოვაყალიბეთ ფოტოკლუბი “საქართველო”, ვაწყობდით ფოტოგამოფენებს, სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე იმართებოდა გაერთიანებული გამოფენებიც. რადგან ყურადღებას ჩვენ მიმართ ნაკლებად იჩენდნენ, მხოლოდ ენთუზიაზმისა და ამ საქმის სიყვარულის ხარჯზე გვიწევდა ყველაფრის კეთება. ამის პარალელურად დავხელოვნდით, ბევრიც ვისწავლეთ…

თანამედროვეობაში ფოტოგრაფიამ სხვა დატვირთვა შეიძინა, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენი ყოფის ნებისმიერი სფერო სადაც ამ საოცრებას რასაც შუქით ხატვა (ფოტოგრაფია) ჰქვია გამოყენება არ ჰქონდეს. დაიხვეწა ფოტოტექნიკაც და მეტი საშუალება გაჩნდა უკეთესი ხარისხით ფოტოსურათების დამზადებისა. მეტი ადამიანი დაინტერესდა ამ საქმით, თუმცა მხატვრული ფოტოგრაფია სხვა თვისებების ქონასაც მოითხოვს.”

ბატონო ზურაბ, რა არის საჭირო მხატვრული ფოტოს შექმნისთვის?

ეკლესიაპირველ რიგში, აუცილებელია გქონდეს ნიჭი და მხატვრული ხედვა. უნდა იცოდე კომპოზიციის აგების ხერხები, უნდა გრძნობდე როგორი უნდა იყოს განწყობა, რომ წარმოაჩინო ის, რაც მნიშვნელოვანია, რისი თქმაც გინდა ფოტოენით, ასეთ შემთხვევაში ფოტოხელოვნების ნიმუშს შექმნი.

წარმოიდგინეთ, ისწავლო რაიმე ხელობა და არ გქონდეს ამის ნიჭი, მიმართულება. ასეთ შემთხვევაში შედეგიც ნაკლები იქნება.
დღეს ძალიან ბევრი გამოფენა ეწყობა, რაც ადრე იშვიათობა იყო. პირველი ფოტოგამოფენა, რომელიც მე მოვაწყვე თბილისში, საოცრება გახლდათ ყველასთვის. დიდი მოწონება, დადებითი ემოციები დაიმსახურა ხალხში. იმ დროისათვის არ იყო მიღებული და ბევრისთვის წარმოუდგენელი გახლდათ, როგორ შეიძლებოდა ფოტოგამოფენის მოწყობა.

დღეს ყველას შეუძლია ციფრული ფოტოპარატით ტექნიკურად გამართული ფოტოსურათების გადაღება, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით უგემოვნო, გაუაზრებელია და ხშირად, სამწუხაროდ, ამის გამო უნიჭო გამოფენებიც ეწყობა. ეს მხოლოდ უბრალო სურათებია და ფოტოხელოვნებას არ შეეფერება. ფოტოოსტატი ალექსანდრე სააკოვი თავის ფოტოებს პატარა ზომისას ბეჭდავდა. ჯიბით დაატარებდა. ვისაც შეხვდებოდა, აჩვენებდა, ხალხის აზრს იგებდა. რომელსაც უმრავლესობა მოიწონებდა, გამოფენაზეც ის გაჰქონდა. მარტო შენ რაც მოგწონს, ეს არ არის ფოტოხელოვნება. ფოტოში შენი მსოფლმხედველობა, ღვაწლი, სამყაროს აღქმის უნარი უნდა ჩანდეს. დღეს ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს, აქვთ ხედვა, მაგრამ ძალიან ცოტაა ღრმად მოაზროვნეობით დაჯილდოებული. ფოტოხელოვანს კი სასურველია ყველა ეს თვისება ჰქონდეს.

როგორ ხდებოდა და რა არის გასათვალისწინებელი ფოტოს დამუშავებისას?

ფოტოს დამუშავება ლაბორატორიაში ხდება. აქ წყდება ყველაფერი. მარტო ხედვა, ნიჭი, გადაღება და გამჟღავნება არაა საკმარისი. ფოტო ტექნიკურადაც უნდა იყოს გამართული, რომ მიაღწიო ჩანაფიქრს. აქ განსაკუთრებული ხერხებია საჭირო. ფოტოგრაფმა თავიდანვე უნდა იგრძნო, რომელი ფოტო გამოვა გრაფიკაში, ფონი, ხაზები უნდა გახლდეთ შესაფერისი. გამოსახულება შერწყმული უნდა იყოს ერთმანეთთან. რაც ფოტოსურათის დედააზრია, ის უნდა წამოვწიოთ წინ, სხვამაც რომ დაინახოს.. არ უნდა დაკარგო განწობილება, ხასიათი, ხანდახან მისტიურიც, რომ ფოტომ მოახდინოს ის ღრმა გავლენა, რომელიც ფოტოხელოვანმა დაინახა და განიცადა.

იაპონელებმა თქვეს, ფერადი ფოტოგრაფია არის რეკლამა, შავ-თეთრი ფოტოგრაფია კი – ხელოვნებაო. მე ფერადსაც ვიღებ, მაგრამ, ჩემი შეხედულებით, იაპონელები მართლები არიან. შეიძლება, ვცდები. ფერადში შედარებით მარტივია შექმნა ფოტოხელოვნების ნიმუში, რადგან ფერი მნიშვნელოვნად გვეხმარება რათა ფოტო სასიამოვნოდ და ლამაზად აღვიქვათ. ბევრად რთულია შავ-თეთრ ფოტოში მიაღწიო შენს ჩანაფიქრს, რადგან აქ ფოტომხატვარს არსენალში მხოლოდ შავი და თეთრი ფერი აქვს. ძალიან ძნელია აამეტყველო ეს ორი ფერი ესთეტიური შედეგის მისაღწევად. ფოტოგრაფიკა მიუხედავად თავისი ფერთა სიმწირისა, ძალიან მეტყველი და მომაჯადოვებელი ხელოვნებაა.

ფოტოჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენითაც დაგაჯილდოვეს…

ძალიან რთულია ფოტოჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობა. თუ დრო და საშუალება გაქვს, ჯობს, ფოტოხელოვნებით დაკავდე, რადგან ჟურნალისტიკაში დრო არ ითმენს. თუ ფოტოგრაფიაში შეგიძლია იფიქრო, შენი ჩანაფიქრის გადმოცემას ერთი თვე, ან თუნდაც ერთი წელი მოანდომო, შეიტანო ნიუანსები, ფოტოჟურნალისტიკაში მომენტალურად უნდა გადაიღო. რეაქცია, სისწრაფეა აუცილებელი, რომ დაიჭირო ის კადრი, რაც კონკრეტული საგაზეთო თუ საჟურნალო სტატიისთვისაა საჭირო. რეპორტაჟის გადაღებისას გვიხდებოდა ძალიან ბევრი სურათის გადაღება. შეიძლება ორი 36 კადრიანი ფირიდან მხოლოდ 5 ფოტო ამოგვერჩია. ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ სურათი გაზეთში გამოსაქვეყნებელი გახდეს, ფოტოჟურნალისტიკას ჩემი ცხოვრების 45 წელი დავუთმე და ალბათ ღვთის წყალობის გამო ეს ჯილდოც გადმომეცა.

რამდენად ადვილია ასწავლო ფოტოსაქმე და რა მნიშვნელობა აქვს ფოტოგამოფენებსა და ფოტოკონკურსებში მონაწილეობას?

ცეკვამნიშვნელოვანია გქონდეს სურვილი, რომ შეისწავლო ეს საქმე. ხშირად ნიჭიერს მშრომელი ადამიანი სჯობს, რადგან ნიჭიერი უმეტესად ზარმაცია. მშრომელი კაცი ყოველთვის იმარჯვებს, თუმცა ფოტოგრაფიაში ნიჭიც და შრომისმოყვარეობაც შერწყმულად საჭიროა. ვისაც უყვარს, რა თქმა უნდა, ის წარმატებასაც აღწევს. დიდი როლი აკისრია ოსტატს, ვინც ასწავლის ფოტოსაქმეს დაინტერესებულ ადამიანებს. მასზეცაა დამოკიდებული, როგორ გაზრდის და ჩამოაყალიბებს ფოტოგრაფიის მოყვარულს. როცა ის უხსნის, რა არის გადაღებულ ფოტოზე მნიშვნელოვანი, როგორ უნდა შეიქმას ხელოვნების ნიმუში, ვინც გაითვალისწინებს რჩევებს, ოსტატადაც ჩამოყალიბდება.

გასათვალისწინებელია ფოტოს დასათაურება. ის სრულად უნდა გადმოსცემდეს ნამუშევრის შინაარსს. შერჩეულმა სახელმა შეიძლება ისეთი ემოცია გამოიწვიოს ადამიანში, რომ ფოტოს მნიშვნელობამ 50 %-ით მოიმატოს. ფოტოხელოვანი გურამ თიკანაძე თავის ნამუშევრებს ისეთ სახელებს ურჩევდა, რომ ის უხდებოდა და ზუსტად გადმოსცემდა ფოტოს აზრს. ამ მხრივ მეც დიდხანს ვფიქრობ, ხშირად ვიღებდი რჩევას სხვადასხვა ადამიანისგან და ვითვალისწინებდი კიდეც.

ფოტოგამოფენებსა და ფოტოკონკურსებში მონაწილეობას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოფენას უამრავი ადამიანი ესწრება. ამ დროს შეგიძლია დააკვირდე სხვის სურათს, შეადარო შენსას, რა შეცდომა დაუშვი ფოტოს გადაღებისას. იმ ნიუანსს მომავალში შეიტან, გაამდიდრებ და უკეთესს გახდი შენს შემოქმედებას. გამოფენაზე მოსულ ხალხს უჩვენებ, რა არის ფოტოხელოვნება, ოსტატობა და მას სიხარულს, სიამოვნებას მოჰგვრი. მასაც შეაყვარებ ამ საქმეს.

როგორ გამოიყურება დღეს თქვენი ფოტოარქივი, რაზე გწყდებათ გული?

მომღერალს თავისი საყვარელი სიმღერა, მხატვარს – ნახატი, ფოტოგრაფს კი – მისი ნამუშევრებიდან გამორჩეული ფოტოები აქვს. ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად მომწონს: “გაზაფხული მთაში”, “სნოს ციხე”, “მთვარის სონატა”, “მეცხვარის პორტრეტი”, “ცეკვა მთიულური”, “რამაზ ჩხიკვაძის პორტრეტი”, თუმცა ალბათ ყველა ჩემი ნამუშევარი მიყვარს რადგან იგი ჩემი ცხოვრების და სულის ნაწილია.

დღეს გული მაინც მწყდება, ბევრი რამის გადაღება ვერ მოვახერხე. ეს არის წამის ამბავი და გაიქცა უკვე ის კადრი. მაქვს ძალიან დიდი დაუმუშავებელი არქივი, მაგრამ ვერ მოვასწარი გაკეთება. სინათლე აღარ მაქვს თვალში. ვეღარ ვხედავ, რომ გავაკეთო. დასამთავრებელი დარჩა უამრავი კარგი სურათი… მიმდევარი არავინ მყავს. მინდოდა შვილიშვილები გაჰყოლოდნენ ამ საქმიანობას, მაგრამ თუ არ გიყვარს ფოტოხელოვნება, დაძალებას აზრი არ აქვს…

ქალი
ბატონო ზურაბ, როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოში ქართული ფოტოხელოვნების აღორძინება?

ამისათვის საჭიროა, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს გულისხმიერი მიდგომა, დაინტერესება და შემდგომ იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც უყვარს ეს საქმე და ააღორძინებს ქართულ ფოტოხელოვნებას. სამწუხაროა, რომ ხელოვნების ეს დარგი ამჟამად არ ვითარდება და კვდება, არ ჰყავს პატრონი. დღესაც არიან ნიჭიერი ადამიანები, შეიძლება მათი შეკრება და ფოტოხელოვნების განვითარებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია, რომ ახლახან ერთ-ერთმა ფოტოჟურნალისტმა ითავა ქართული ფოტოხელოვნების შესახებ წიგნის გამოშვება, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართველ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. წიგში მკითხველი ჩემს ფოტოხელოვნების ნიმუშებსაც იხილავს. საქართველოში, განსხვავებით საზღვარგარეთის ქვეყნებისგან, მსგავსი წიგნი ჯერ არ გამოსულა. მიხარია, რომ ამ მხრივ ინტერესი გამოიჩინეს.

ბატონი ზურაბი დღეს ხანში შესულია, იგი სოციალურად დაუცველია. სამწუხაროდ, შექმნილი აქვს მხედველობის პრობლემა, რაც ცხადია, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. თითქოს მისი ომსგადარჩენილი ერთადერთი თვალი ისევ საქართველოს ველ – მინდვრებს, მთებს, ტყეებს დასტრიალებს. ვისაც გაქვთ სურვილი, შესაძლებლობა, დაეხმაროთ ერის მემატიანეს, როგორც მატერიალურად ისე უნიკალური ფოტოარქივის დამუშავებაში, (ეს ჩვენი რედაქციის პოზიციაა) მოგვწერეთ: info@ambioni.ge

გახსოვდეთ, წუთიერება წარმავალია. ფოტოხელოვანი განგებით მიმადლებული ნიჭითა და საოცარი შრომისმოყვარეობის ხარჯზე ცდილობდა ყოველი წუთის შეჩერებას. მისი ფოტოარქვის დამუშავება კი ქართული ფოტოხელოვნების ისტორიას მნიშვნელოვნად გაამდიდრებს.

დღეს გთავაზობთ ფოტოხელოვან ზურაბ დათუაშვილის გრაფიკული და მხატვრული ფოტონამუშევრების დიდი არქივიდან მცირე ნაწილს, რომელიც ხასიათდება უშუალობით, სისადავით, ორიგინალური ხედვითა და კომპოზიციური სრულყოფით.

ზურაბ დათუაშვილის შემოქმედებას “ამბიონის” მკითხველს ფოტორეპორტაჟის განყოფილებაში ორ ნაწილად შემოგთავაზებთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • გიორგი (სხვა) says:

    საინტერსო სტატიაა, მადლობა რომ გაგვაცანით ჩვენთვის უცნობი ქართველი ფოტოხელოვანი.
    წავიკითხე სტატია და გული მომიკვდა რამდენი გაუკეთებია ცალი თვალით ამ ადამიანს, რომელიც ჩანს რომ თავის ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებულია.
    რატომღაც გამახსენდა ჩვენი გენიალური მხატვარი ნიკალა, რომელიც სიღარიბეში და გაჭირვებაში გარდაიცვალა.
    მოუთმენლად ველი მის ფოტონამუშევრებს.(გთხოვთ მალე დადოთ).

  • Nestani says:

    რა საოცარი ნამუშევრებია… მე ვისურვებდი რომ ამ არაჩვეულებრივი ხელოვანის გამოფენა მეხილა.. მართლა საოცარია..:***ნებისმიერი ერი ინატრებდა და იამაყებდა ასეთი ნიჭიერი და დიდებული შემოქმედი ადამიანით. იქნებ მოეწყოს ფოტო გამოფენა, უფრო ფართო საზოგადოებამ რომ იხილოს და ეს საგანძური.

  • ალეკო says:

    უცებ დოდო აბაშიძე გამახსენდა სურათს რომ შევხედე.რა პატარაა საქართველო და რა ცოტანი ვართ.ღმერთმა გვამრავლოს.:-)))

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი