მთავარი » კულტურა

ფოტოგამოფენა “შავ-თეთრი სიმფონიის” გახსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.02.2013 | 1,403 ნახვა

20 თებერვალს ხელოვნების სასახლეში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ორგანიზებით ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლის, ზურაბ დათუაშვილის საიუბილეო გამოფენა, სახელწოდებით “შავ-თეთრი სიმფონია” გაიხსნა.

ზურაბ დათუაშვილი ექსპოზიციაზე სხვადასხვა თემატიკის ასი ნამუშევარი გახლდათ წარმოდგენილი.

ზურაბ დათუაშვილი (ფოტოხელოვანი, ქართული გრაფიკული ფოტოგრაფიკის ფუძემდებელი): “რამდენიმე წელი, სიცოცხლე და დიდი სიხარული მომანიჭა ამ გამოფენის გახსნამ. ბედნიერი ვარ, რომ გამოფენაზე უამრავი დამთვალიერებელი გვესტუმრა და ჩემი სიხარული გაიზიარეს.

დღეს გული მაინც მწყდება, ბევრი რამის გადაღება ვერ მოვახერხე. მაქვს ძალიან დიდი დაუმუშავებელი არქივი, მაგრამ ვერ მოვასწარი გაკეთება. სინათლე აღარ მაქვს თვალში. ვეღარ ვხედავ, რომ გავაკეთო. დასამთავრებელი დარჩა უამრავი კარგი სურათი… ვწუხვარ, რომ მიმდევარი არავინ მყავს.

დიდ მადლობას ვუხდი ამ მუზეუმის ხელმძღვანეობას, ჩემს შვილს – მამა დავით დათუაშვილს და ინტერნეტჟურნალ “ამბიონს”, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ ფოტოგამოფენის მოწყობასა და ორგანიზებაში.”

დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, ზურაბ დათუაშვილის შვილი): “საქართველოს ნაკლებად ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ასეთი მონდომებით ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნების ნიმუშები. ბატონი ზურაბისთვის ფოტოხელოვნება, ფოგოგრაფიკა ცხოვრების ნაწილი გახლდათ. ვიზრდებოდი მამის გვერდით და ვხედავდი, მისი ყოველი წუთი დატვირთული იყო იმის ფიქრით,რომ ახალი კადრი, კომპოზიცია შეექმნა, დაენახა ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ ამჩნევდა და ეს ყოველივე ფოტოხელოვნების ნიმუშად ექცია. დღეს აქ ვხედავთ მოსულ ადამიანებს როგორ მოწონებასა და სიყვარულს გამოხატავენ თითოეული ნამუშევრის მიმართ. ზურაბ დათუაშვილი ეს ნიშნავს იმას, რომ ხელოვნებამ თავისას მიაღწია.

დღეს ფოტოხელოვნებაში ფოტოგრაფიკული მიმართულება არ გვაქვს. ამ გამოფენას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომაც, რომ ეს ნამუშევრები ხელოვნების მოყვარულებს ერთგვარ წახალისებას აძლევს, ფოტოხელოვნების ეს მიმართულება საქართველოში განავითარონ.

დიდ მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზებისთვის ინტერნეტჟურნალ “ამბიონს”, ბატონ გიორგი კალანდიას, FavStudio-ს ხელმძღვანელს, თამარ ჯაფარიძეს, რომელიც დაგვეხმარა აფიშებისა თუ სხვა ბუკლეტების დამზადებაში და გამოფენაზე მოსულ თითოეულ სტუმარს.”

თეონა ნოზაძე (ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” რედაქტორი): “ფოტოხელოვან ბატონ ზურაბ დათუაშვილის შემოქმედების შესახებ სტატია ინტერნეტჟურნალ „ამბიონში“ გამოქვეყნდა , რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველის მხრიდან. სარედაქციო წერილებში ხშირად ვიღებდით თხოვნებს, რომ კარგი იქნებოდა, თუ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნებოდა და ბატონი ზურაბის ნამუშევრებს გამოფენის ფორმატში იხილავდნენ. სწორედ ეს გახლდათ იმის ერთ-ერთი საბაბი, რომ მოგვეწყო ქართული ფოტოგრაფიკის ფუძემდებლის პერსონალური გამოფენა. დიდი მადლობა ხელოვნების სასახლეს, რომ ამ ღონისძიების მოწყობაში დაგვეხმარა.”

ჯაბა ხვიჩია (ანსამბლი “მადლი”): “ბატონი ზურაბ დათუაშვილის ამ საოცარი ნამუშევრების ხილვა ჩემთვის დიდი აღმოჩენაა. მიხარია, რომ დღეს ეს გამოფენა შედგა და ფართო საზოგადოება, ჩემი თაობა იხილავს იმ ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც ხშირად უნდა ჩანდეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
ბატონი ზურაბი და მისი შემოქმედება საქართველოს საუნჯეა. ანსამბლი “მადლისთვის” დიდი პატივია, რომ მოგვეცა საშუალება და ამ ფოტოგამოფენის გახსნაზე რამდენიმე მუსიკალური ნომერი შევასრულეთ.”

შეგახსნებთ, ფოტოგამოფენა 27 თებერვალს დაიხურება.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი:

ფოტოგამოფენა “შავ-თეთრი სიმფონია”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი