ფილმ “საიდუმლო საქართველო –ს” პრეზენტაცია
სტუდია “გუთანის” მეხუთე ფილმის – “საიდუმლო საქართველოს” ჩვენება სამების ტაძართან არსებულ “სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდულ ცენტრში” გაიმართა. ფილმში ასახულია ქართველი ემიგრანტების ცხოვრება და ის ემოცია, რომელიც მათ სამშობლოსთან განშორებამ მოუტანა. ნაჩვენებია აჭარისა და ლაზეთის ცხოვრება, როგორც მაგალითი ემიგრანტებისათვის იმის შესახსენებლად, თუ რამდენად რთულ პირობებში მოახერხეს მათ, შეენარჩუნებინათ ენა, მამული და სარწმუნოება.
ალექს გელაშვილი (პროექტის ხელმძღვანელი): “როდესაც ემიგრაციის თემაზე ფილმის გადაღება გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ფილმის პრეზენტაციის დროს, რომელიც სამებაში გავმართეთ, დაგვიკავშირდნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები, გამოგვიგზავნეს ბილეთები, დაგვხვდნენ და გვიმასპინძლეს. ანუ ფილმის ხარჯები ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა დაფარეს. ჩვენ არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და არ გვეგონა, თუ უცხოეთში წავიდოდით. 21 დღე დავყავით,…შვიდი შტატი მოვიარეთ და იქიდან ჩამოტანილი ემოცია, ტკივილი, ცრემლი სამშობლოს სიყვარულისა ამ ფილმში ჩავწურეთ. ემიგრაციის თემა ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა იმ თემებს შორის, რასაც შევხებივართ.
ფილმის გადაღება ამერიკაში დავიწყეთ და შემდეგ საქართველოში გავაგრძელეთ, რადგან აქ ემიგრანტებისთვის ნიმუშადაა ჩართული აჭარისა და ლაზეთის ცხოვრება, რომლებმაც ურთულეს პირობებში შეინარჩუნეს ენა, მამული და სარწმუნოება.
ქართველები ათი წელია წასულები არიან და ენას ივიწყებენ, ამით გვინდოდა მაგალითისთვის გვეჩვენებინა ჩვენი სისუსტე და წინაპრების სიძლიერე.
ფილმის მონტაჟისას ერთ-ერთმა გმირმა გადაწყვიტა ემიგრაციიდან საბოლოოდ წამოსვლა, შეგვპირდა, რომ ჩამოსვლისას ქართულ მიწას აკოცებდა.… შევაჩერეთ ფილმის მონტაჟი, დაველოდეთ, გადავიღეთ და მივხვდი, როგორ უნდა დასრულებულიყო ფილმი, ანუ ამ გოგონას ჩამოსვლით საბოლოოდ. მართლაც, ასე მთავრდება ფილმი.
ფილმზე მუშაობა ჯვართამაღლების დღესასწაულზე, 27 სექტემბერს დასრულდა. ის კურთხევით გახლავთ გადაღებული და თან საოცარი ის უძღვოდა, რომ შვიდგზის ლოცვა არ გაგვიწყვიტავს ამ პერიოდის განმავლობაში.
შემდეგი ფილმი ახალგაზრდა გოგონას სულის საპატივცემულოდ მინდა გადავიღო, რომელიც ავარიაში დაიღუპა. ფილმი აგებული იქნება სულის მდგომარეობაზე გარდაცვალების შემდეგ.…ჩემი მოძღვარი მეუბნებოდა, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, თუ ადამიანმა სულის მარადიულობა არ ირწმუნა, ის მრევლი ვერასდროს გახდება, ან ზედაპირული მრევლი იქნება, მისი რწმენა სულის ცხონებამდე ვერ მიჰყვება და თუ სულის მარადიულობის გჯერა, მაშინ უკვე მარადიული ცხოვრებისაც გწამს, ღმერთის, მეორედ მოსვლის და რასაც უყურებ, ხედავ, რომ ამით არ მთავრდება ცხოვრება და იწყებ სულის გადარჩენაზე ფიქრსო.
მე პანაშვიდზე მისვლისას თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ქორწილში, იმიტომ, რომ სულის მარადიულობას იქ განვიცდი და ამას ვეხები.… მინდა, ეს შინაგანი განცდა ფილმში გადმოვიტანო.
ჩვენ ამ ყოველივეს ლოცვით, კურთხევით ვაკეთებ და ღმერთი გვეხმარება განხორციელებაში…”
სტუდია “გუთანი” 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა. ემსახურება ქართული ფესვების გაცოცხლებასა და აღორძინებას. სტუდია იკვლევს ძირძველი ქართული სოფლებისა და ეკლესია–მონასტრების ცხოვრებას, ეროვნულ ტრადიციებს, ფოლკლორს, წეს–ჩვეულებებს, ქართულ კულტურას, ეროვნულ ღირებულებებს. განახორციელა ისეთი ცნობილი პროექტები, როგორიცაა: კინოპროექტი “საქართველოს ხერხემალი”, ფილმები: “ქართველები ქერჩში”, “ძამის ხეობა”, “აბორტი”, “მამა სერაპიონი”, “მლოცველი თუთიყუში – ჩიკო”, “აკაკი მინდიაშვილის თეოლოგიური ლექციები” და სხვა..
ქეთი ჭელიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
საოცრად ემოციური და აქტუალური ხასიათის ფილმი იყო.. წარმატებები და წარმატებებიი:**
ფილმში ნაჩვენებია აჭარისა და ლაზეთის ცხოვრება, როგორც მაგალითი ემიგრანტებისათვის იმის შესახსენებლად, თუ რამდენად რთულ პირობებში მოახერხეს მათ, შეენარჩუნებინათ ენა, მამული და სარწმუნოება.