ფესტივალი "ქართული სული"ამბიონი ფესტივალი "ქართული სული"
მთავარი » კულტურა

ფესტივალი “ქართული სული”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2010 | 2,647 ნახვა

აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში7 მაისს თიბისი გალერეაში “ქართული სულის” მიერ ორგანიზებული აკაკი წერეთლის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას პროფესორი თამაზ ტყემალაზე უძღვებოდა.

ფესტივალი “ქართული სულის” ისტორია 2004 წლის გაზაფხულიდან იწყება და სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტარდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან – თიბისი, ქ. თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.
სპონსორები – “კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “გალაქტიონი”, “ასკანელი ძმები”, “ზარაფხანა”.
საინფორმაციო მხარდამჭერები – “საზოგადოებრივი მაუწყებელი” და რადიო “არ დაიდარდო”.

წელს ფესტივალი 27 აპრილს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ჩხაიძე ზურა (ფესტივალ “ქართული სულის” დამფუძნებელი): “ფესტივალი უკვე საკმაოდ მძაფრი ფაზით მიმდინარეობს. დღეს ჩვენი სულმნათის, დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის საღამო ჩატარდა. ხედავთ, ქართველებს ამ დიდებული მწერლის რამხელა სიყვარული გაგვაჩნია?! განსაკუთრებით ყურადღება მინდა გავამახვილო ახალგაზრდებზე, რომლებმაც აკაკის ლექსები არაჩვეულებრივად, როგორც პროფესიონალებმა ჩამოაყალიბეს. აღსანიშნავია, რომ ამ საღამოზე პოეტის უკვდავ ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც მოვისმინეთ. აკაკი ლექსს კი არ ქმნიდა, სიმღერას წერდა ლექსად. ეს ისეთი უკვდავი ჰანგებია, რაც მომავალი თაობებისათვის თეთრ დროშად იქცევა, როგორც ალამი სიყვარულისა და მშვიდობისა”.

აკაკი წერეთლის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე ვასილ ამაშუკელის დოკუმენტური ფილმი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” იქნა წარმოდგენილი. თამაზ ტყემალაძის თქმით, იმავე დღეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ორდისკიანი ალბომის “ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 1912 წელს” პრეზენტაცია შედგა. “პროექტის ავტორები არიან: კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, კინომცოდნე მარინა კერესელიძე და სცენარის ავტორი ნინო ნატროშვილი. დისკი ავსტრიაში აღადგინეს. ფილმს ფონად გასდევს ახალი მუსიკალური პარტიტურა, რომლის ავტორია მიხეილ მდინარაძე. მოგეხსენებათ, აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდა”.

აკაკი წერეთლის ლექსები მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავად წაიკითხეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი პოეტები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები. სიტყვა წარმოთქვეს: მაყვალა გონაშვილმა, გოგი დოლიძემ, რევაზ მიშველაძემ…

მაყვალა გონაშვილი (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე): “ინდოელი ფილოსოფოსი ვივე კანადა წერდა, რომ ყოველ ერს ცენტრალური ბგერა აქვს მთავარი თემა და თუ იმას დაივიწყებს, ის კვდებაო. სულ ვფიქრობდი, რა იყო ქართველი ერის მთავარი თემა. ეს არის მწერლობა! ყველაზე დიდი, რაც ქართველ კაცს შეუქმნია, ქართული ლექსი და პოემაა. 2010 რომ აკაკისა და ვაჟას წლად გამოცხადდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერი თავის ფესვებს უბრუნდება. დღევანდელი დღე სწორედ ამის დასტურია და ჩემთვის ორმხრივად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ 7 მაისი ქართველებისათვის პოეზიის დღეა, დავიწყებული დღესასწაული, რომელიც ტიციანმა, პაოლომ და გალაკტიონმა 1920 წელს დააფუძნეს და რომელსაც მთელი საქართველო აღნიშნავდა. მეორე რიგში კი იმის გამო, რომ დიდი დავისა და სევდის შემდეგ ქართველი მწერლები თავის სახლს დაუბრუნდნენ და დღეს იქ ძალიან ლამაზი პოეზიის საღამო ჩავატარეთ. შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან “აკაკიობა” დაიწყო. კარგად ვიცნობ მის ბიორგაფიას. ის საოცარი პიროვნებაა სევდითა და სიხარულით, იუმორითა და ცრემლით სავსე. მის სიცოცხლეში ყველაფერი პარადოქსულია. ის გახლდათ კაცი, რომელიც მეფე იყო და, ამავე დროს, უსახლკარო, ყველა ქალს უყვარდა, თუმცა მარტოდმარტო ცხოვრობდა, სულ სიყვარულზე წერდა, მაგრამ მხოლოდ სიბერეში შეუყვარდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი ისეთივე უცნაურია, როგორც ჭეშმარიტი პოეტების სიცოცხლეში”.

ფილმის გადაღების საიუბილეო წელს საქართველოში კიდევ ერთი ექსპედიცია მოეწყო. მისი სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი გახლდათ გოგი დოლიძე, ცნობილი რეჟისორი და ჩოხოსანი, რომელიც საღამოს ჩოხოსან მეგობრებთან ერთად ჩოხაში გამოწყობილი ესწრებოდა: “აკაკი წერეთელთან არის დაკავშირებული ქართული კინემატოგრაფის აღმოცენება, რადგან სწორედ მისი მონაწილეობით შეიქმნა ვასილ ამაშუკელის ცნობილი დოკუმენტური ფილმი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”, რომელიც თავისი იდეურ-პროფესიული დონით იმ დროის მსოფლიო დოკუმენტურ კინოს უნიკალური ძეგლია. არსად, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ ეპოქაში არ გამართულა ისეთი გრანდიოზული მანიფესტაცია, როგორიც იყო აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, ანუ 200 კილომეტრზე გადაჭიმული 12 დღიანი დღესასწაული და, შესაბამისად, როგორც უკვე დამტკიცებულია, 1912 წლამდე არსად შეუქმნიათ ასეთი ფილმი რომელიმე საზოგადო მოღვაწეზე. ღვთის წყალობით, “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” რესტავრირებულ იქნა. ახლახან აღდგა მისი გამოსახულება პირველყოფილი ბრწყინვალებით და ეს, ალბათ, ყველაზე დიდი მიღწევაა, რომლითაც 15 მაისს ქართული კინოს დაარსების 5 წლისთავი აღინიშნება”.

ზურა ჩხაიძე: “მინდა, დღევანდელი დღე ყველას მივულოცო და მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერ ადამიანებსა და კომპანიებს: თიბისის, ჯეოსელს, რომელიც ჩვენი თანაპარტნიორია, თბილისის მერიას, რადგან მთელ ფესტივალს გვერდში უდგას, კულტურის სამინისტროს, ჟურნალისტებს, ტელევიზიებსა და თითოეულ პიროვნებას, ვინც აქ იმყოფება და თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის აკეთებს იმას, რაც ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქის ვალია”.

პ. ს. აკაკი წერეთელი იყო დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ის “მამათა და შვილთა ბრძოლის” მონაწილე გახლდათ. განუზომელი წვლილი მიუძღვის “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ჩამოყალიბებასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. მან ყოველთვიური ჟურნალი “აკაკის თვიური კრებული” დააარსა. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალის – “ხუმარას” რედაქტორი. ილია ჭავჭავაძესთნ ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ედგა სათავეში. მისმა შემოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ერის სულიერი კულტურის აღორძინებაში.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი