მთავარი » ქრისტიანობა

ფერისცვალება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.08.2018 | 19,646 ნახვა

ფერისცვალებამაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული 19 აგვისტოს აღინიშნება და იგი ერთ-ერთ განსაკუთრებულ სასწაულთაგანს უკავშირდება, რაც იესო ქრისტემ ამქვეყნად აღავლინა. უფალმა ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ მოციქულებისა და ყოველი მორწმუნისათვის მომავალი ცხოვრების საიდუმლო ეჩვენებინა. გვასწავლა, რომ თითოეულმა ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა დაიწყოს მზადება და შეუდგეს სულიერ ფერისცვალებას, რათა დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი. რა საიდუმლოებას მოიცავს მაცხოვრის ფერისცვალება, რა არის ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის საჭირო და როგორ უნდა შევხვდეთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს? “ამბიონს” წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მღვდელი გიორგი რაზმაძე ესაუბრა.

მამა გიორგი (რაზმაძე): “ფერისცვალება ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის. ეს დღე განსაკუთრებულია ყოველი მართლმადიდებლისათვის. ყველამ ვიცით, რომ ამ დროს იესო ქრისტემ ფერი იცვალა და ეს ფერისცვალება თავის თავში ძალიან დიდ მისტიურ საიდუმლოებას მოიცავს. მოციქულები, რომლებიც ამის ხილვის ღირსნი გახდნენ, ფაქტიურად გაოგნებულები გახლნენ და მათი გულები მხოლოდ იმის ფიქრით იყო განმსჭვალული, რომ ასეთი მარადიული ნეტარებით გამოწვეული სიხარული განიცადეს. პეტრე მოციქული უფალს სთხოვს, რომ გააკეთონ სამი კარავი: ერთი – უფლისათვის, მეორე – მოსესთვის, მესამე –  ელიასათვის და იქ სამუდამოდ დარჩნენ. როცა მოწაფეები უფლის ბრწყინვალების ღირსნი შეიქმნენ, მათი სული სიხარულით აივსო.

დიონისე არეოპაგელი ამის შესახებ წერდა, რომ ეს იყო წამიერი სამოთხე მოციქულებისათვის წუთისოფელში და მათ სურდათ, ამ მარადიული, ნეტარი სიხარულის განცდა არ დაეკარგათ. აღარ უნდოდათ, მიწიერ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. ეს ენით აღუწერელი სიხარულის განცდაა და ასკეტი მამები, რომლებიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ და უფლის მარადიულობას ჭვრეტენ, სწორედ ამ დიდი სიხარულისთვის ემზადებიან. ჩვენდა სასიქადულოდ და ღვთის წყალობით, გვყვანან მამები, რომლებიც შინაგანი ლოცვით არიან დაკავებულნი. ჩვენ ვხვდებით მათ, ვსაუბრობთ მათთან სულიერ საკითხებზე. თითოეული წარმოთქმული შინაგანი ლოცვა, ვგულისხმობ იესოს ლოცვას, უსაზღვრო სიხარულს ანიჭებს მათ და სხვა განზომილებაში გადაჰყავს ისინი. სწორედ ამიტომ ტოვებენ ყველაფერ მიწიერს და ცდილობენ, სადმე, თუნდაც გამოქვაბულში შევიდნენ და მხოლოდ ღმერთს ჭვრეტდნენ.

ყოველი მართლმადიდებლის მოწოდება ამ წუთისოფელში უნდა იყოს ის, რომ მოიხვეჭოს სულიწმიდის მადლი, რათა ცხონდეს. ამის მიღწევა სხვადასხვა საშუალებებით ხდება. ზოგი სულიერ ფერისცვალებას იესოს ლოცვით მოიპოვებს. ყველაზე უმოკლესი გზა, ყველაზე დიდი სითბო, რაც კი შეიძლება არსებობდეს, არის თაბორის ნათელი, რომელიც სულიერ მამებს ეძლევათ და შემდეგ ცდილობენ, მოსწყდნენ ამ ყველაფერს და მხოლოდ უფალს ჭვრეტდნენ.

შეგახსენებთ გრიგოლ პალამას პერიოდს, როცა მისი სწავლების შემდეგ ძალიან დიდი წინააღმდეგობა დაიწყო. ნაწილი თვლიდა, რომ ეს იყო შექმნილი, ათონელი მამები თავისი ისიქასტური გამოცდილებით კი ამბობდნენ, რომ ეს ღვთის მარადიული ენერგია გახლდათ, რომელიც უფალს სდევდა, მაგრამ უხილავი იყო ადამიანებისთვის.

უფალმა ფერისცვალების საიდუმლო მხოლოდ სამ მოწაფეს იმიტომ გამოუცხადა, რომ 12 მოციქულს შორის ერთ-ერთი იუდა იყო, რომელსაც ქრისტე უკვე 30 ვერცხლად ჰყავდა გაყიდული, რის გამოც ის ვერ გახდა ღირსი ამ დიდი სიხარულის მიღებისა. სამ მოწაფეს იმის გამოც უჩვენა ეს მადლი, რომ მას როცა შეიპყრობდნენ და ჯვარზე გასაკვრელად წაიყვანდნენ, მათ დანარჩენი მოწაფეები გაეძლიერებინათ. მაცხოვრის ფერისცვალება იმ ძალების გამოვლინება იყო, რაც უფალს ახლდა და ეს მოციქულებმა თავისი ხორციელი თვალით იხილეს.

ათონელი მამები ამის შესახებ წერდნენ, რომ არსებობს სამგვარი ნათელი ამ წუთისოფელში: ეს არის გონებრივი, რომლითაც ადამიანი ფერებს, მოქმედებებს აღიქვამს; ინტელექტუალური, მაგალითად, როცა მუსიკოსი – ბგერბით, ხოლო პოეტი ლექსით გადმოსცემს ამ ყველაფერს, მაგრამ ინტელექტუალურ ნათელს არ აქვს ისეთი ძალა, რომ სულიერი, ანუ თაბორის ნათელი დაიტიოს, და მესამე სწორედ ეს თაბორის ნათელია, რომელიც სულიერ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, წითელ ხაზად გასდევს. ეს ის ნათელია, რომელიც მეუდაბნოე ბერებსა და მთელ ქრისტიანულ სამყაროს უპყრია. ეს არის ლოცვა, მარხვა, ღვაწლი, აღსარება, ზიარება, სულიერი ცხოვრება და თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თავისი ცხოვრების წესით ამ ნათელის ხილვის ღირსი  გახდეს.

მინდა გავიმეორო, რომ ინტელექტუალურ ნათელს არ აქვს იმის უნარი, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს, რადგან დღევანდელი წუთისოფელი სულიერებას უწოდებს ხელოვნებას, თეატრს, მსახიობობას და ა.შ. მაგრამ ეს ძალიან შორსაა იმ მადლისაგან, რასაც თუნდაც დღევანდელ დღეს, ფერისცვალების დღესასწაულზე დედა ეკლესია გვაწვდის.

ყოველმა ქრისტიანმა უნდა მოიხვეჭოს ეს მადლი, ნათელი და ცდილობდეს, უფალთან იმ თანაზიარ სიხარულში შევიდეს, რომლითაც დღევანდელ დღეს აღვსილნი იყვნენ მოციქულები.

საოცარია ის ფაქტი, რომ ფერისცვალების დროს იესო ქრისტეს აღთქმის ორი დიდი წინსწარმეტყველი, მოსე და ელია გამოეცხადნენ. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამ დროს მათ შორის საუბარი იყო ქრისტეს ჯვარცმაზე, იმიტომ, რომ მოსემ რჯული მისცა ებრაელ ხალხს. ის განსაკუთრებულად განდიდდა და მისი საფლავი ჯერაც არ არის ცნობილი. ელია წინასწარმეტყველი კი, იცით, რომ ცეცხლის ეტლით იქნა აღტაცებული ზეცად, ანტიქრისტეს დროს მოვა და ხელახლა იქადაგებს მართლმადიდებლობას, თვითონ კი ანტიქრისტეს ხელით მოკვდება.

უფალს ფერისცვალებისას ორი უდიდესი წინასწარმეტყველი ესაუბრებოდა და ამის ხილვის ღირსნი რომ გახდნენ მოციქულები, შეძრწუნდნენ, რადგან ისინი ხორციელი ადამიანები იყვნენ. როდესაც ქრისტე გაცისკროვნებული ნახეს, სახარება გვაუწყებს, რომ იქვე დაეცნენ. ხილვა რომ შეწყდა, უფალი მივიდა მათთან და წამოაყენა. ეს მადლი, აღსანიშნავია, რომ მოციქულებმა იმხელა საზომით მიიღეს, რისი განსჯის უნარიც ჰქონდათ, თორემ ღვთის მადლი დაუტევნელია. ამიტომ, ისევ ვამბობ, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია, სულიწმიდის მადლი მოიხვეჭოს, რათა ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს.

ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა დავესწროთ ღვთისმსახურებას, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ და საერთოდ, ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ღვთისმსახურებას არ დააკლდეს. იყო ძველი ტრადიცია, როცა ზარის ხმას გაიგონებდნენ თუ არა ჩვენი წინაპრები, მაშინვე ტოვებდნენ ხელსაქმეს, გარბოდნენ ეკლესიაში, ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას და ეზიარებოდნენ. ზიარება – ეს არის კულმინაცია, როცა ქრისტე შემოდის ადამიანში და განაღმრთობს მას. ის ცოდვების მიმტევებელია, ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, კეთილი საქმისა ზიარებას ნუ დაივიწყებთ. ეს მსხვერპლი სათნოა ღვთისათვის. ამით ჩვენს სულსაც ვარგებთ და უფალსაც გავახარებთ”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.