მთავარი » ჯანმრთელობა

ფარისებრი ჯირკვალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.03.2011 89 კომენტარი | 139,940 ნახვა

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები დღეს ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში. ფარისებრი ჯირკვალი მომცრო პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა.
ჩიყვი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება მრავალი დაავადების დასაბამი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ – ენდოკრინოლოგ, მედიცინის დოქტორ მაკა კვირიკაშვილთან:

რა დაავადებები ახასიათებს ფარისებრ ჯირკვალს?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების და მისი რეგულაციის დარღვევის შედეგად განვითარებული დაავადებები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იყო ცნობილი. ამ მიმართულებით საუკუნეების განმავლობაში ბევრი რამ გაირკვა და გაკეთდა. მიუხედავად ამისა, მათი გავრცელების სიხშირე და მიმდინარეობის ხანგრძლივობა, არა იშვიათად ჩატარებული თერაპიის დაბალეფექტურობა დღემდე აქტუალურს ხდის ამ დაავადებებს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლასიფიკაცია მისი ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით შემდეგია:

1 ეუთირეოიდული ჩიყვი (შენარჩუნებული ჰორმონალური სტატუსი)
2 ჰიპოთირეოზი – თანდაყოლილი, ან შეძენილი (დაქვეითებული ჰორმონალური სტატუსი)
3 ჰიპერთირეოზი (მომატებული ჰორმონალური სტატუსი)
სონოგრაფიულად გამოყოფენ ფარისებრი ჯირკვლის დიფუზურ და კეროვან ცვლილებებს. ულტრაბგერითი ცვლილებების გათვალისწინებით ფარისებრ ჯირკვალს ახასიათებს შემდეგი პათოლოგიები:
4 დიფუზური ჩიყვი (დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი);
5 კვანძოვანი ჩიყვი (ადენომა);
6 ფარისებრი ჯირკვლის კიბო.

შესაძლებელია თუ არა ჩიყვის ბოლომდე განკურნება?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების უმრავლესობას საფუძვლად უდევს იოდის დეფიციტი. მოგეხსენებათ, იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, ადამიანის ორგანიზმში იგი არ წარმოიქმნება. ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქნის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება – ყალიბდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიებს მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება – ჩიყვი – შეიძლება მიმდინარეობდეს განსხვავებული ჰორმონალური სტატუსით, შესაბამისი კლინიკური გამოსავლით.

-ეუთირეოიდული ჩიყვი, თუ ის იოდდეფიციტის შედეგია, იოდპროფილაქტიკის სწორი დაგეგმარების შემთხვევაში სასურველ შედეგს იძლევა.
– ჰიპოთირეოიდული ჩიყვი, განსხვავებული ეტიოპათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს იოდდეფიციტის, ან აუტოიმინური თირეოიდიტის შედეგი. აღნიშნულ მდგომარეობათა შორის განსხვავება განაპირობებს მკურნალობას და კლინიკური გამოსავლის შედეგს.
– ჰიპერთირეოიდული ჩიყვის თერაპია თირეოსტატიკური სამკურნალო საშუალებებით – სამწუხაროდ, არ იძლევა დაავადების რეციდივის თავიდან აცილების გარანტიას. საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, ან რადიოაქტიური იოდით (I-131) მკურნალობა.

რა შემთხვევაშია დასაშვები ქირურგიული ჩარევა?

შეკითხვაში თითქოს პასუხიც ჩანს. როდესაც თერაპიული მკურნალობა არაეფექტურია, შესაბამისი ჩვენების საფუძველზე მივმართავთ შემდეგი ტიპის ქირურგიულ ჩარევებს:
8 ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია
9 ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალური რეზექცია
10 ჰემითირეოიდექტომია
11 ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ენუკლიაცია

ფარისებრი ჯირკვლის კვლევისა და დიაგნოსტიკის რა მეთოდები არსებობს?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა ორი მიმართულებით წარმოებს:

1. ჯირკვლის მორფოლოგიის განსაზღვრა;
2. ჯირკვლის ფუნქციის განსაზღვრა (Hoster F. A. 1989)
სადღეისოდ სონოგრაფია (ექოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა) ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდია, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული განპირობებულია მისი საკმარისად მაღალი სიზუსტით. მართალია, სონოგრაფია არ იძლევა ქსოვილის ჰისტოლოგიური დიფერენცირების საშუალებას, მაგრამ ამავე დროს ის საკმარისად ზუსტად ასახავს ჯირკვლის ზომებსა და მის მაკრომორფოლოგიას. ამას გარდა, ის იძლევა დამიზნებითი პუნქციის საშულებას, რაც კიდევ მეტად ზრდის მეთოდის ღირებულებას. ფარისებრი ჯირკვლის სონოგრაფიული კვლევის მიზანია (Wiedemann W., Bornwr W. 1984, Lutz H., Meudt R. 1984, Braun B. 1992):

1. ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების გამოვლენა, ან მისი უარყოფა (კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, თირეოიდიტი, ადენომა, ავთვისებიანი სიმსივნეები);
2. ფარისებრი ჯირკვლის ნოზოლოგიათა დიაგნოსტიკა;
3. ფარისებრი ჯირკვლის მოცულობითი პროცესის გამოვლენა, ცისტის დიაგნოსტირება მოცულობითი პროცესისგან;
4. სცინტიგრამაზე გამოვლენილი ”ცივი” ზონების დიფერენცირება;
5. პალპირებადი წარმონაქმნების დიფერენცირება;
6. ფარისებრი ჯირკვლის ზომების დადგენა;
7. მკურნალობის შედეგების კონტროლი;
8. ფუნქციური ბიოფსია;
9. სასკრინინგო კვლევა.

თირეოიდული ჰორმონების განსაზღვრა სისხლის პლაზმაში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მათი შემცველობის განსაზღვრა იმუნოფერმენტული მეთოდით საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ საფუძვლიანი დიფერენციაცია ეუ-, ჰიპო- და ჰიპერთირეოიდულ მდგომარეობებს შორის. რადიოიმუნოლოგიური ტესტის დიაგნოსტიკის სიზუსტე დაავადებულებში შეადგენს 90%-ს.

რა ეტაპებს მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

1. თერაპიული – პროფილაქტიკური (იოდით), შენაცვლებითი თერაპია (თიროქსინით), თირეოსტატიკური საშუალებები;
2. ქირურგიული;
3. რადიოაქტიური იოდი (I-131); ამ მეთოდს ფარისებრი ჯირკვლის უსისხლო ოპერაციას უწოდებენ, რომლის შედეგად ფარისებრი ჯირკვალი წყვეტს ფუნქციონირებას ჯირკვლის შენარჩუნებით. სამწუხაროდ, აღნიშნული მეთოდი საქართველოში არ ტარდება.

რა სიმპტომები ახასიათებს ჩიყვს?

ჰიპოთირეოიდული ჩიყვის შემთხვევაში ჰორმონების უკმარისობა უარყოფითად აისახება ორგანიზმის სისტემების ფუნქციონირებაზე. ხშირია გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება. ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია, სუსტდება გულის ცემა, თავს იჩენს ბრადიკარდია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ყაბზობა, იმუნიტეტის და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ანემია. ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია (უშვილობა, სპონტანური აბორტი, იზრდება კრეტინიზმით დაავადებული ბავშვის გაჩენის რისკი) და სხვა.
თირეოიდული ჰორმონების სიჭარბე ხასიათდება შემდეგი სიმპტომატიკით: წონაში კლება, ტაქიკარდია, მომატებული ნერვული აშლილობა, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, გამოხატული ოფთალმოლოგიური პრობლემები, მენსტრუალური ციკლის მოშლილობა, უშვილობა, თვითნებური აბორტები, სითბოს აუტანლობა, შინაგანი ცახცახი, უმიზეზო ფორიაქი, გამოხატული ტრემორი და სხვა.

რამდენად ხშირია ჩიყვი ბავშვებში?

რისკჯგუფებს ქმნიან:

1. ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდან გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებდნენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;
2. 1-4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არ იღებენ იოდიზირებული მარილით გამდიდრებულ საკვებს;
3. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ფიზიკური განვითარების შეფერხების ნებისმიერი ფორმა, აქვთ ენდემიური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობა;
4. გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.

რამდენად საშიშია ჩიყვი ორსულებისთვის? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ნაყოფზე?

ფარისებრ ჯირკვალს ხშირად გონიერ ჯირკვალსაც უწოდებენ, ვინაიდან მისი ჰორმონები, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალურ სფეროზე ახდენენ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ქალები 5-7-ჯერ უფრო ხშირად უჩივიან, ვიდრე მამაკაცები. ეს სნეულებები ქალებს უმთავრესად შვილოსნობის ასაკში ემართებათ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ორსულები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ამ ორგანოს ესა თუ ის პათოლოგია. ორსულობისას ქალების უმრავლესობას იოდის დეფიციტი უვითარდება, მაგრამ ზოგიერთის ორგანიზმი ეგუება ამ მდგომარეობას და ნაყოფის განვითარებისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალურ კონცენტრაციას უზრუნველყოფს.

თირეოიდული ჰორმონი ასტიმულირებს ენერგიის წარმოქმნას და ზრდის ჟანგბადზე ქსოვილის მოთხოვნას. ხელს უწყობს ცილების სინთეზს, ზრდას, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას. სხვა ანაბოლური ჰორმონისგან განსხვავებით, იგი არა მარტო ზრდის, არამედ ქსოვილთა დიფერენცირების პროცესს არეგულირებს და ამით ბავშვის ორგანიზმს ზრდასთან ერთად მის მომწიფებასაც უწყობს ხელს.

მუცლად ყოფნის პერიოდში ეს ჰორმონი აკონტროლებს ემბრიოგენეზს (ნაყოფის ფორმირება), ორგანოების და სისტემების დიფერენცირებას, ტვინის მომწიფებას, ინტელექტის ფორმირებას. მუცლად ყოფნის ადრეულ ეტაპზე თირეოიდული ჰორმონის გავლენით ფორმირდება ძირითადი ცერებრული ფუნქციები. ამ ჰორმონის ნაკლებობა ტვინის განვითარება-ფორმირების ამა თუ იმ ეტაპზე შეჩერებას განაპირობებს, რასაც შეუქცევადი პროცესები, ადამიანის ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების განუვითარებლობა მოჰყვება. ისინი გავლენას ახდენენ ფილტვების ქსოვილის, ძვალ-სახსროვანი სისტემის ფორმირებაზე. ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ორგანიზმის იოდით მომარაგებას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებს ძვლის წარმოქმნას, აჩქარებს ძვლებში მინერალების (უმთავრესად კალციუმის და ფოსფორის) ჩალაგებას.

იმის მიხედვით, რომელ ეტაპზე დაიწყო თირეოიდული ჰორმონების სინთეზის დარღვევა, მოსალოდნელია:

მუცლად ყოფნის პერიოდში:
1. თვითნებური აბორტი;
2. მკვდრადშობადობა;
3. თანდაყოლილი ანომალიები;
4. მაღალი პერინატალური სიკვდილიანობა;
5. ნევროლოგიური კრეტინიზმი (გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, სიელმე);
6. მიქსედემატოზური კრეტინიზმი (გონებრივი ჩამორჩენა, სიმაღლეში ჩამორჩენა, ჰიპოთირეოზი);
7. ფსიქომოტორული დარღვევები.

ახალშობილის პერიოდში:
1. ნეონატალური ჰიპოთირეოზი;
2. ნეონატალური ჩიყვი.

რას გვეტყვით ჩიყვის პროფილაქტიკის შესახებ?

ჩიყვის პროფილაქტიკა – ეს იგივეა, რაც იოდდეფიციტის პროფილაქტიკა. წყლიდან და ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. მინერალურ წყლებში ეს ელემენტი შედარებით მეტია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, თევზი. ბევრია იოდი თევზის ქონშიც. არსებობს შეხედულება, თითქოს ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგ.: ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს არ შეეფერება სინამდვილეს. საერთოდ, ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი უმნიშვნელო რაოდენობითაა, შედარებით მეტია ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, კვერცხში.

მთელ რიგ ქვეყნებში ოდდეფიციტური დაავადებების პროფილაქტიკაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იოდიან მარილს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ფიზიოლოგიურ, იაფ და გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს. ალტერნატიული საშუალებაა იოდიზირებული ჩაი. იოდდეფიციტურ კერებში მცხოვრები მოსახლეობის იოდით გამდიდრებული პროდუქტებით უზრუნველყოფა გულისხმობს მოსახლეობის მასობრივ პროფილაქტიკას იოდიანი პროდუქტებით (მარილი,რძე, პური, ზეთი, წყალი, შაქარი). არსებობს იოდიანი კოსმეტიკაც. დიდ ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობისთვის იოდის ძირითად წყაროს რძის პროდუქტები წარმოადგენს, ვინაიდან მათ საქონლის საკვების იოდირებას კანონი ავალდებულებს. თუმცა მარილი ამ თვალსაზრისით შეუცვლელია. მართლაც, იოდდეფიციტის სავალალო შედეგების პროფილაქტიკისთვის ყველაზე მარტივი გზაა. ის ერთადერთი მინერალია, რომელიც საკვებს სპეციალური ქიმიური დამუშავების გარეშე ემატება, ამასთანავე, მას მოიხმარს მოსახლეობის ყველა ფენა, განურჩევლად სოციალური და ეკონომიური სტატუსისა. მისი დღიური ნორმის დიაპაზონი (საშუალოდ 5-10გ) მცირეა და არ არის დამოკიდებული სქესზე, ასაკსა და სეზონზე. იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის მარილის მოხმარების გაზრდა არ არის საჭირო, მაგრამ იოდდეფიციტის სიმძიმის კვალობაზე შეიძლება ადეკვატურად გაიზარდოს მარილის იოდიზირების პროცესი. მარილის იმ დოზით იოდირება, რომელიც ყოველდღიურად 150-250მკგ იოდის მიღებას უზრუნველყოფს, უსაფრთხოა, მათ შორის მათთვისაც, ვისაც იოდდეფიციტი არ აღენიშნება. კალიუმის იოდით გამდიდრებულ მარილს თავისებური სუნი, ფერი და გემო აქვს. ვინაიდან იოდი აქროლადი ნაერთია, მარილი უნდა მოვარიდოთ ნესტსა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას. მისი შენახვა სასურველია მჭიდროდ დახურულ მუქ ჭურჭელში. იოდიანი მარილი კერძს არა მომზადებისას, არამედ ქურიდან გადმოდგმის შემდეგ უნდა დაემატოს, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა იოდის ინაქტივაციას იწვევს.

ამჟამად, მსოფლიოს 40 ქვეყანაში მოქმედებს მარილის იოდირების უნივერსალური პროგრამა, რაც მოსახლეობისთვის მხოლოდ იოდიანი მარილის მიწოდებას ითვალისწინებს.

ექიმის რჩევა: იოდის პრეპარატებით თვითმკურნალობა და თვითპროფილაქტიკა კატეგორიულად იკრძალება. ამ პრეპარატების არასწორმა მიღებამ შესაძლოა ვერაფერი უშველოს იოდდეფიციტურ პრობლემას, მეტიც, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, იოდის პრეპარატების მიღებამდე უნდა დავაზუსტოთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. იოდშემცველი საშუალებების მიღება უკუნაჩვენებია ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობისას. თუ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება გაქვთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს კვალიფიციური რჩევისთვის.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

89 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი