მთავარი » ახალი ამბები

ეროვნულ არქივში ეთნიკური უმცირესობების კვირეული გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2010 | 1,763 ნახვა

ეროვნული არქივისაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ექსპოზიცია “მრავალეროვანი თბილისი”. ამ ღონისძიებით დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ქალთა საბჭოს” მიერ ორგანიზებული ეთნიკური უმცირესობების კვირეული, რომელიც თბილისობას ეძღვნება. გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და “საქარველოს ქალთა საბჭოს” ხელმძღვანელმა მზექალა შანიძემ გახსნეს.

წარმოდგენილ იქნა ეროვნულ არქივში დაცული XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი წერილობითი და ფოტო დოკუმენტები: თბილისის ბაპტისტთა საზოგადოების მოხსენებითი ბარათი საქართველოს მთავრობისადმი ჟურნალ “რწმენის ხმის” გამოცემის თაობაზე, საქართველოში XIX საუკუნეში თურქეთიდან გადმოსახლებული თურქულენოვანი ბერძნების ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, სპარსეთის გენერალური კონსულის თხოვნა თბილისში არსებული მეჩეთის გადასახადებისაგან გათავისუფლების თაობაზე, მიმოწერა თბილისში მცხოვრები ქურთი მოსახლეობის კულტურული მომსახურების გაუმჯობესების შესახებ, თურქეთიდან თბილისისა და ახალციხის მაზრებში გადმოსახლებული ქურთებისა და იეზიდების ყოფა-ცხოვრების თაობაზე, აკაკი წერეთლის თხზულება “დავითის გვირგვინი” (ლეგენდა ქართველ ებრაელებზე), თბილისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათი აკიმოვის (დღევანდელი ლადო ასათიანის) ქუჩაზე სიძველის გამო დანგრეული ძველი ებრაული სამლოცველოს ნაცვლად სინაგოგის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ, საქართველოს მწერალთა კავშირის შუამდგომლობა ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე თბილისელი აშუღის იეთიმ გურჯისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე, წერილები თბილისში გერმანული გაზეთის (“კაუკაზიშე პოსტ”) დაარსების შესახებ (გაზეთს რედაქტორობდა გერმანელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, “ვეფხისტყაოსნის” გერმანულ ენაზე მთარგმნელი, არტურ ლაისტი), მოგონებები და საგაზეთო სტატიები უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას შესახებ, რომელიც სამკურნალოდ საქართველოში იმყოფებოდა, 1913 წელს სურამში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს, თბილისში ხოჯევანის სასაფლაოზე დაკრძალულ XIX-XX საუკუნეების სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სია… ასევე, თბილისში არსებული ლუთერანული სასაფლაოს, პეტრე-პავლეს სახელობის გერმანული ეკლესიის კუთვნილი მიწის, თბილისის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის კუთვნილი სახლის გეგმები, დღევანდელი გ. ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე კათოლიკური ეკლესიის პროექტი, თბილისის მუსლიმური მეჩეთის, ებრაელთა სინაგოგისა და წმიდა გიორგის სომხურ-გრეგორიანული ეკლესიის მეტრიკული წიგნები…

უმცირესობების კვირეულიქეთევან გაბრუაშვილი (“საქართველოს ქალთა საბჭოს” თავმჯდომარის მოადგილე) : “ჩვენი ორგანიზაცია “საქართველოს ქალთა საბჭო” დაარსდა 1947 წელს. ხელმძღვანელია აკადემიკოსი ქალბატონი მზექალა შანიძე. ჩვენმა ორგანიზაციამ მიზნად დაისახა ეთნოსების დაახლოებით გაგვეცნო მათი კულტურა, ხელოვნება… ამდენად, ჯერჯერობით შევქმენით რამოდენიმე კომიტეტი, მაგრამ იმდენად საქმიანი, იმდენად გამართლებული და დროული აღმოჩნდა ეს, რომ ეთნოსები თვითონ გვაკითხავენ და გვთხოვენ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც, ვაღიარებ, დიდი გამარჯვებაა და ჩვენ, “ქალთა საბჭო” არ დავიშურებთ ენერგიას, რომ ეს არ გავაგრძელოთ. აი, ამ საზოგადოებრივმა აზრმა განაპირობა ის, რომ ეთნოსების უფრო ახლოს გაცნობის მიზნით კვირეული დაგვეწესებინა და ჩაგვეტარებინა მერიის თანადგომით, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. კვირეული ეროვნულ არქივში დაიწყო. მადლობა თეონა იაშვილს, რომელმაც ხელი შეგვიწყო და აქ დაცული და გამოფენილი მასალებით ერთხელ კიდევ დაგვაახლოვა ეთნოსთა ჯგუფებთან. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც გაეროს ასოციაციის მიერაა გადაღებული და მასში 9 ეთნოსია წარმოჩენილი. ეს არის 20-20 წუთიანი ფილმი თითო ეთნოსზე. ჩვენ ვთხოვეთ გაეროს ასოციაციას და ვგეგმავთ, ერთი ჩვენება კიდევ მოვაწყოთ სადმე და ამ კვირეულში ჩავრთოთ.”

ნათია მირიანაშვილი (საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის დოკუმენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილების უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი) : “საქართველოს ეროვნულ არქივში უამრავი მასალაა დაცული საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნული უმცირესობის შესახებ. ესენი არიან: პოლონელები, გერმანელები, ბერძნები, თურქები, ქურთები… მათზე ინფორმაცია უხვად მოიპოვება როგორც საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივში, ასევე კინო-ფოტო-ფონო არქივში, სადაც სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფოტო-სურათებია, რომლებიც დაცულია ერმაკოვის, როინიშვილისა და სხვათა ფოტოალბომებში.

საისტორიო არქივში უამრავი დოკუმენტია გერმანელების შესახებ, რადგანაც ვიცით, რომ როცა გერმანელები აქ გადმოსახლდნენ, კოლონიები დააარსეს ბოლნისის, თეთრიწყაროს ტერიტორიებზე. გერმანული დასახლებები იყო თბილისშიც. ჩვენ გამოფენაზე საისტორიო არქივში დაცული მასალების სულ მცირე ნაწილი გვაქვს წარმოდგენილი. საისტორიო არქივში თვით გერმანულ ენაზე შექმნილი ხელნაწერებიც მოგვეპოვება, რომლებიც იმდენად არ შეესაბამება ახლანდელ გერმანულ ენას, რომ თავად გერმანელებსაც კი უჭირთ მათი წაკითხვა, თუ ვინმე ამის სპეციალისტი არ არის. გერმანელებს ჰქონდათ თავიანთი წესდება, ასევე ეკლესია, ლუთერანული ეკლესია, რომელიც დანგრეული იყო და შემდეგ საბჭოს მოედანთან ააგეს და ახლაც იქაა. ჩვენთან შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ ინფორმაციას მათი ჩამოსახლებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა აქ მათი კოლონიები. ასევე, უამრავი მასალაა პოლონელებზეც, რომლებიც მეფის რუსეთის დროს გადმოსახლდნენ, რადგან მათ დასჯის მიზნით აგზავნიდნენ საქართველოში, კავკასიაში. ასევე – ლატვიელებზე, ლიტველებზე, დუხაბორების ჩამოსახლებაზე. რადგანაც ამიერკავკასიის ცენტრი საქართველო იყო, ამიტომ ამიერკავკასიის ფედერაციის ყველა მასალა ჩვენთანაა დაცული.”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი