მთავარი » სხვადასხვა

ერთხელ სპარტაში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2012 4 კომენტარი | 3,755 ნახვა

ოფლიანი სახე მოუწმინდა. – ცოტა მოითმინე და ყველაფერი დამთავრდება… ქალმა მადლიერი სახით შეხედა. დიდი ტკივილის მიუხედავად თვალებში სიხარული ემჩნეოდა. ჩვილი თავადაც ხვდებოდა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ ყველა ტკივილი დაავიწყდებოდა. ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა მეანის მითითებები შეესრულებინა. მოთმინებით ელოდა დასასრულს. ეს ხომ მისი პირველი შვილი იყო, პირველი სიხარული. თავისი უმანკო სიყვარულის ტკბილი ნაყოფი. როგორ სათუთად ატარებდა ცხრა თვე… ორივე ერთად შეხაროდნენ მომავალს. მათი გული სიამით სავსე იყო. ნაზად ეფერებოდნენ მუცელში მყოფს. თავადაც, დედის წიაღში მყოფი გრძნობდა ალერსს და მკრთომალე მოელოდა სამზეოს. როგორ იყო მისი დედა, ვისითაც საზრდოობდა, ვისშიც მყუდროდ, თბილად და უსაფრთხოდ მოკალათებულიყო? ან მამა, რომლის ძლიერ ხელს, დედისგან განსხვავებულს, არჩევდა, საფარველის წინდად იგულებდა? მოდიოდა, თავადაც ლამობდა გარეთ გამოსვლას, დრო ხომ მოკლე იყო?! ო, რა მოულოდნელობით აღსავსე იყო პირველი შეხვედრა. როგორ მიიღებდა მას სოფელი, რა ელოდა? ჯერ შუქის პირველი სხივები მიეალერსნენ. შემდეგ ვიღაცის მძლავრი ხელი სწვდა, მძლავრად და სათუთად სამზეოზე გაიყვანა. მაშინ კი გაშალა შეკუმშული ფილტვები და ცხრა თვის დაგროვილი სათქმელი საქვეყნოდ შემოსძახა.

დედამ ცრემლიანმა, დაქანცულმა, ნატანჯი სახით, მაგრამ უზომოდ ბედნიერმა შეჰხარა. მამამ სიდინჯე – თავშეკავება აღტაცებული ყიჟინით შეცვალა: ბიჭია, ბიჭი!!! დედამ მეანს აკანკალებული ხელებით ჩვილი ჩამოართვა. მკერდზე მიიწვინა. დედის სუნმა მათრობელად იმოქმედა. ინსტინქტით საზრდოს ახალი წყარო იპოვნა და ხარბად დაეწაფა. ხუმრობა ხომ არაა ამოდენა გზის გამოვლა?! დამაშვრელს დაპურება უნდა. ნაზად და მძლავრად ქაჩავდა ძუძუს. დედას სიამით უძგერდა გული. გრძნობდა, როგორ მოშხუოდა მისი მკერდიდან შეუცვლელი ნექტარი. ტკივილი დავიწყებას მიეცა. ვერ საცნაურყო, ეს დრო როგორ გავიდა, სად გაქრა. მისი სისხლი და ხორცი მკერდზე ეწვინა და განუზომელ სითბოს აწვდიდა.

– საკმარისია, – თქვა უხუცესმა. ეხლა საქმეს მივხედოთ. მამამ ჩვილი აიყვანა და ლელიანისკენ გასწიეს.
– ძვირფასო, ნუთუ ასე საჭიროა, ცოდვაა ჩვენი პაწია, ნუ იზამ, გეხვეწები, დამიტოვე. გევედრები, შეხედე, რა ნაზია, იგი ხომ სულ მთლად თოთოა?

– სოფლის წესი უცვლელად უნდა შესრულდეს, ადათი არ დაირღვევა, – მკაცრად გააწყვეტინა უხუცესმა.
– ცოტა ხნით მაინც დამიტოვეთ, ცოტა კიდევ მოწოვოს. ერთს კიდევ მოვეფერები.

– კმარა! – იყო ნათქვამი. ცრემლები, როგორც ქვიშაში წყარო, უკვალოდ დაიკარგა. თავისი გზა ვერ იპოვა, კალაპოტი ვერ გაჭრა. იწვა მიწაზე, ვერ მიხვდა, სად აღმოჩნდა, სამოთხიდან უცებ სადღაც მიტოვებულში ამოყო თავი. ნიავი ლელიანს შრიალით არხევდა. Nნელ-ნელა სველდებოდა. სიცივემ თანდათან მთლიანად მოიცვა. ცხვირში შეუღუტუნა. ცხიკ! ერთხელ, ორჯერ და ასე მოჰყვა. კანკალი აუვარდა, შესცივდა, დასცხა, ვერ მოერია უცხო გარემოს. დედის მუცელი მოენატრა. უკან დაბრუნება ინატრა. ნეტავ, არ გამოვსულიყავი გარეთ. საშველად დედას უხმო. მთელი ხმით იხავლა. – ვერ ივარგებს! – მოესმა მკაცრად თქმული უცხო ხმა, – სპარტას მხოლოდ საუკეთესო სჭირდება. გაათავეთ, აღასრულეთ წესი.

ტირილი კვნესად შეეცვალა. წყვდიადის კარიბჭესთან დედის შეკივლება მოესმა.

-დედა, – წაიჩურჩულა გულში და მარადისობას შეერია. იმ ღამეს ცისკენ მცირე ნათელი ამაღლდა. მიწას უნუგეშო ცრემლები და სოფლის წეს – ადათი დარჩა.

ელფი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი