მთავარი » სხვადასხვა

ერთი ძველი “ფარდის” ამბავი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2010 5 კომენტარი | 5,889 ნახვა

მეცხრამეტე საუკუნეში, დამოუკიდებლობა დაკარგულ საქართველოში სრული განუკითხაობა სუფევდა. დაუნდობლად იძარცვებოდა ქართული ეკლესია–მონასტრებიც. ერთი ძველი სწორედ ამ პერიოდში, ერთხელ აღდგომის წინა დღეს, სიონიდან მოიპარეს უძვირფასესი ისტორიული რელიქვია, ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი, საკურთხევლის გადასაფარებელი.

გავიდა საუკუნეზე მეტი. და აი, მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ევროპაში მყოფი ემიგრანტი ქართველები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ლიტერატურული მეცნიერების განვითარებაში, თამარ და აკაკი პაპავები იხსენებენ:

“1936 წელს ჩვენ ჰამბურგიდან ბერლიონში – ლიხტერ ფელდში – ჩვენს სახლში გადავბარგდით. ჩვენი სახლის კარები ყველა მეგობრისთვის ღია იყო და ხშირი სტუმრები არ დაგვკლებია, როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც: ამ უკანასკნელთა შორის იყო ერთი, დოკტორ ხოპპ, (ებრაელი) რომელსაც საქართველოზე ბევრი რამ წაეკითხა. ეს უცხოელი კულტურული კაცი იყო და ჩვენის წარსულით დიდად დაინტერესებული.

ერთ მშვენიერ დღეს, ამ დოკტორმა ხოპპმა აღელვებით გვაუწყა, რომ მისი პაციენტის ერთი მეზობელი “კავკასიელი” (სომეხი) გარდაიცვალა და მისი მეუღლე, გერმანელი ქალი, ზოგ დარჩენილ “კავკასიურ ნივთებს” ჰყიდისო”.

დოქტორმა ხოპპმა ერთ-ერთი გასაყიდი “ფარდა” ქართულად მიიჩნია. და სულ მალე პაპავების ოჯახი, გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი და ვიქრორ ნოზაძე გაემართნენ სომეხი კოლექციონერის ქვრივთან. ფარდაგი მართლც ქართული აღმოჩნდა. სასწრაფოდ ფოტო-სურათი გადაუღეს და საფრანგეთში, ექვთიმე თაყაიშვილს გაუგზავნეს, რათა გაერკვიათ ქსოვილის ზუსტი წარმომავლობა.

ექვთიმეს პასუხმა დაიგვიანა, რადგან იგი ლევილში არ იმყოფებოდა. თუმცა პაპავებმა გადაწყვიტეს ეს ფარდაგი მაინც შეეძინათ, თუკი ფინანსურად შეძლებდნენ. მაგრამ ექსპერტებმა 25 000 დოლარად შეაფასეს, ეს იმ დროს განუზომლად დიდი თანხა იყო, მითუმეტეს ლტოლვილი ქართველებისათვის.

ამასობაში ექვთიმეს პასუხიც მიიღეს. იგი აღფრთოვანებული წერდა:

“თქვენ მიერ ნაპოვნი სიონის ტრაპეზის ნაქარგი გადასაფარებელი ფრიად და ფრიად საყურადღებოა და მისი ხელიდან გაშვება შეუძლებელია… ეს განძი, დიდი ხელოვნებით არის შესრულებული, ქსნის ერისთავის იესე ყულარაღასის მეუღლის, ქეთევანის მიერ, რომელიც იყო ასული მეფე თეიმურაზ მეორის დის, მაკრინესი და მამიდაშვილი ჩვენი სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორისა”. სწორედ ქეთევანს შეუწირავს ეს უძვიტფასესი ნაქარგი ფარდაგი სიონისათვის 1773 წელს.

ქსოვილი იმითაც ყოფილა უნიკალური, მსოფლიო მეცნიერულ ლიტერატურაში აღწერილ ქსოვილთა შორის, რომ მხოლოდ მასზეა გამოსახული გენეალოგიური ხე, ბიბლიური იესეს ნერგი, რომლისგანაც მომდინარეობენ, გარდა თვით ღვთისმშობელი მარიამისა, ძველი აღთქმის მეფენი და წინასწარმეტყველნი, დავითი, ქართველ-ბაგრატიონთა წინაპრად მიჩნეული. ბაგრათიონთა ტიტულიც ხომ ასე იწერებოდა: იესენიან-დავითიან ბაგრატოვანნი.

პაპავების ოჯახმა ყველა ღონეს მიმართა, რათა ეს რელიქვია შეეძინათ და შეენარჩუნებინათ საქართველოსთვის. ამ ამბავს ასე იხსენებენ:

“დრ. ხოპპმა მოლაპარაკება გააცხოველა და დიდის მოხერხებითაც ჩაატარა, რის შედეგადაც შედარებით პირველთან დაკლებულ ფასში, ფარდა ვითომ თავისთვის შეიძინა და შემდეგ ჩვენ გადმოგვცა. ჩვენი და ყველა ჩვენი მეგობრის სისარულს საზღვარი არა ჰქონდა…”

მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ევროპაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. 1939 წელს სიფრთხილის გამო, ფარდაგი ჰამბურგის ცნობილ ბანკს მიაბარეს სეიფში შესანახად. მაგრამ 1943 წელსჰამბურგზე საჰაერო თავდასხმები გახშირდა და ბანკიც დაიბომბა და დაიწვა. ის სეიფი კი სადაც ქართული “ფარდა” ინახებოდა, სასწაულით გადარჩა.

პაპავებმა ფარდაგი სასწრაფოდ გამოიტანეს ბანკიდან და შორეულ მოგზაურობებშიც მუდამ თან დაჰქონდათ. ასე აღმოჩნდა არგენტინაში ქართული “განძი”. ამის შესახებ თამარი და აკაკი ასე წერდნენ:

“ჩვენი იდუმალი ოცნება იყო – თუ ოდესმე ბედი გაგვიღიმებდა და განგება სამშობლოს ხილვას კვლავ გვაღირსებდა, – ეს განძი თბილისში თან ჩაგვეტანა და უკანვე დაგვებრუნებინა სიონისთვის, რომელსაც იგი ეკუთვნოდა.

ამის გამო, ჩვენ გვსურს ამ განძის შესახებ ყველას ვამცნოთ ეს ჩვენი წადილი, იმ იმედით, რომ თუ ჩვენ ვერა, სხვებმა მაინც ეს განძი ჩვენის სახელით საქართველოში ჩაიტანონ და სამშობლოს არ დაუკარგონ”.

სამშობლოს სიყვარულით და ზრუნვით გულანთებულ პაპავებს ეს ოცნება აუსრულდათ, რეზო თაბუკაშვილის ხელით მათ არგენტინიდან საქართველოს დაგმოსცეს ეს უძვირფასესი რელიქვია, რომელიც დღეს თბილისის ხელოვნების მუზეუმში ინახება.

ასე დაუბრუნდა სამშობლოს, მრავალ განსაცდელს გადარჩენილი “ქართული ფარდა”.

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი