მთავარი » ქრისტიანობა

“შენ მხოლოდ ერთადერთი ძმა გყავს და მასზე უარს ამბობ…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.01.2020 | 791 ნახვა

შენ მხოლოდ ერთადერთი ძმა გყავს და მასზე უარს ამბობ. ჩემი ძმა არ არისო, – გაიძახი. მართლაც დიდი დანაშაული ჩაიდინა. მოხუცი კაცის სახლში შეიპარა, მოკლა იგი და ფული მოიპარა. სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. ახლა ის ციხეში თავის უკანასკნელ საათს ელოდება. საპყრობილიდან მოგწერა და გთხოვა, ძმურად გეპატიებინა, სიკვდილის მერე გელოცა მისთვის და პანაშვიდები გადაგეხადა. ასევე გთხოვა, მშობლების გვერდით დამკრძალეო. შენ კი რით უპასუხე? ითაკილე, პირი იბრუნე მისგან, წერილს არ უპასუხე, ძმას არ ნახულობ, მის სახელსაც არ წარმოთქვამ – ჩემს პატიოსნებას ჩირქი მოსხცოო.

ჰოი, პატივმოყვარევ, ნუთუ ვერ ხედავ შენს საშინელ თავკერძობას? ნუთუ ვერ ხედავ, რომ შენი თავკერძობით ჩირქს სცხებ იმასვე, რაც შენმა ძმამ შერყვნა დანაშაულით? მაგრამ შენი ძმა ინანიებს დანაშაულს, შეინანე შენც შენი ეგოიზმი და სიამაყე. არ არის იმის დრო, საკუთარ თავსა და მით უმეტეს, სახელზე იფიქრო, იფიქრე ძმაზე, რომელიც იღუპება და დახმარებას გთხოვს. თუ ვინმე იძირება მღვრიე წყალში, ხელ-ფეხს იქნევს, იბრძვის სიცოცხლისთვის და ამ დროს ნაპირზე მყოფს წყალს შეაშხეფებს, მან წყენით პირი უნდა იბრუნოს წყალწაღებულისგან? იცი, რა თქვა უფალმა? – არ მოვსულვარ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად (მათე 9,13).

შენმა ძმამ ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ ამ ბოროტებისთვის მალევე მიიღებს კაცთაგან ყველაზე საშინელ სასჯელს. მას თავი არ აურიდებია ადამიანური სასჯელისთვის – მას ღვთის სასჯელისა ეშინია და ტირის, ციხეში ზის და დასამშვიდობებლად მისვლას გევედრება, რომ შენდობა აიღოს შენგან. იცის, რომ ამ ქვეყანაზე არავინ შეუნდობს, თუ ძმა არ აპატიებს. მას სურს ამ სოფლიდან ძმის მიერ მაინც წავიდეს შენდობილი. შენ კი უარს ეუბნები. რატომ? პატივმოყვარეობის გამო! მაგრამ იცოდე, ზეცაში წმინდანებისთვის მის გულწრფელ სინანულს შესაძლოა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შენს სიმართლეს. ქრისტემ ავაზაკი ჯვარზე შეიწყალა. შენ კი როგორ აპირებ ქრისტესთან ზიარებას და შეერთებას, თუკი ასე შორს ხარ ქრისტეს გულმოწყალებისაგან?

ამას წინათ ჩვენს მხარეში მძიმე დანაშაულის გამო ერთი კაცი დასაჯეს. იგი ტირილითა და თრთოლით, ღრმად და გულწრფელად ინანიებდა დანაშაულს. მხურვალედ ლოცულობდა, როცა დასასჯელად მიჰყავდათ, მუხლს უდრეკდა ხალხს და ყვიროდა: “შემინდეთ, ძმებოო!” ამის შემხედვარე ყველა ტიროდა. მრავალგზის ევედრებოდა მღვდელს: “მამაო, ილოცე ჩემთვის, ილოცე, რომ უფალმა მაპატიოს!” ზოგიერთი მოწმე ჰყვებოდა, – ასე გვეგონა, იმ ქვეყანაში დამნაშავეს კი არა, წმინდანს მივაცილებდითო! ასეთ ღრმა სინანულს ძალუძს წამში შეცვალოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.

შენს ძმასაც ფერი უცვალა სინანულმა. გთხოვ, წახვიდე და სინანულით ბოლომდე დაეხმარო. ნუ განიკითხავ განკითხულს, ზურგს ნუ შეაქცევ მონანულს. იყავი შენი ძმისადმი მოწყალე. თქვენი მშობლები იმ ქვეყანაზე ავაზაკებს კი არა, ღვიძლ შვილებს გელიან. მშობლებს ნუ დაამწუხრებ. მოინახულე საპყრობილეში, ისე, თითქოს ქრისტე მოინახულე. და ქრისტეც გესტუმრება მდიდრული საჩუქრებით.

მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს ძმას.

წმიდა ნიკოლოზ სერბი.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი