მთავარი » ქრისტიანობა

ერთგულება ღმრთისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2020 | 612 ნახვა

ერთგულება ღმრთისა – რაკი ერთხელ მიანდო თავი ქრისტეს მოძღვრებას, პავლე მოციქულის სიქადული და ბედნიერება უფლის ჯვარი შეიქნა (გალატ. 6, 14). სახარება ქრისტესი მხოლოდ მაშინ გამოცვლის და განწმენდს ადამიანს, როცა იგი მას სრულიად დაემორჩილება. ყოველი კაცისათვის სიქადული და ბედნიერება ისაა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს; მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანის ღმერთი ის არის, რის მიმართაც მას ყველაზე დიდი სიყვარული აქვს. ჩვენს თავს ვიტყუებთ, როცა ვამბობთ, რომ ქრისტიანები ვართ და ამ დროს მასზე მეტად ამსოფლიური სიამენი გვიყვარს. ანგარების მოყვარის გულში ვინ სუფევს, ვინ არის მისი ღმერთი – ოქრო და ვერცხლი.

ვინც დღე და ღამ თანამდებობის ამაღლებაზე და ჩინ-მედლებზე ოცნებობს, მისი ღმერთი პატივი და ჯილდოა; ქალებისათვის, რომელთათვის ბედნიერება კარგად ჩაცმასა და მორთვა-მოკაზმვაში მდგომარეობს, ღმერთი არა ქრისტე, არამედ ამა სოფლის ამაოებაა! ზოგიერთი ხალისიანი და მხიარული მაშინაა, როცა ქაღალდს თამაშობს, ე.ი. მისი ღმერთი ეს სამარცხვინი ჩვეულებაა; მსგავსად ამისა, შურიანი კაცისთვის ბედნიერებას სხვისი უბედურება წარმოადგენს, გაუმაძღარი კაცისათვის ღმერთი მუცელია, ლოთისთვის – ღვინო და ა. შ. ერთხელ მაცხოვარმა ურიებს უთხრა, რომ მათი განთავისუფლება მხოლოდ მას შეეძლო. ურიებს ეწყინათ, ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და მაშასადამე, თავისუფალნიცო. მაშინ იესომ უპასუხა: ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონა არს იგი ცოდვისა (იოანე 8, 34). თუ ცოდვას არ მოიშლი, ბოლოს შენი ბატონი და ღმერთი იგი შეიქნება. ის კი არ მოგეთხოვება, რომ ყოველი ამსოფლიური საქმე დაივიწყო და ყოველ წამს ღმერთზე იფიქრო, არამედ ის, რომ შენი ღმერთი ქრისტე იყოს და არა სხვა რომელიმე საქმე ან ჩვეულება. ადამიანში უმთავრესი და უმჯობესი გულის გრძნობა და სითბოა. და თუ შენ მათ რომელიმე ამსოფლიურ საიამეს, ანუ ცოდვას შესწირავ, ღმერთს რაღას მიართმევ? სარდეს ქრისტიანებს ღმერთი სჯულისადმი ნელთბილ დამოკიდებულებას საყვედურობს (გამოცხ.3. 15). და ნელთბილობაზე უკეთესად გულგრილობას თვლის. შენ კი თბილი და მხურვალე ცოდვისათვის ხარ, ხოლო ღმრთის და მისი სიტყვისათვის – გრილი. ქრისტიანი კი, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, მკვდარი უნდა იყოს ცოდვისთვის და ცოცხალი მადლისათვის, მის გულში არა ცოდვა, არამედ ქრისტე ღმერთი უნდა სუფევდეს.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი