მთავარი » ჯანმრთელობა

ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 27.04.20112 კომენტარი | 1,939 ნახვა

მთელ მსოფლიოში რეპროდუქციული ორგანოების, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელისა და მკერდის კიბო უფრო და უფრო ხშირია. ხშირია, ასევე, მისგან გამოწვეული სიკდილიანობა საქართველოშიც. კიბოსგან განკურნების შესაძლებლობა მატულობს, თუ მას ადრეულ ეტაპებზე აღმოვაჩენთ. სწორედ ამისათვის არის მოწოდებული მოსახლეობის მასობრივი სკრინინგი.

,,screen” – ინგლისური სიტყვაა და გადარჩევას ნიშნავს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პათოლოგიური პროცესი ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ და ვიმკურნალოთ.

ეროვნული სკრინინგ ცენტრიროდის გაიხსნა სკრინინგ ცენტრი, რა გამოკვლევები ტარდება და რა ასაკის კატეგორიაზეა გათვლილი? ამ თემებზე “ამბიონს” ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის განყოფილების მენეჯერი – ნინო ჭეიშვილი ესაუბრა:

,,2008 წელს ქალაქ თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს პირველი ლედის, ქ-ნ სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით ამოქმედდა ეროვნული სკრინინგ ცენტრი და განხორციელება დაიწყო პროგრამამ, რომელმაც მიზნად დაისახა გარკვეული ასაკობრივი ჯგუფების ქალბატონებში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების ადრეულ სტადიაში გამოკვლევა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ქალბატონებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან თბილისში.

40 წლიდან 70 წლამდე ქალბატონებისთვის – სარძევე ჯირკვლის, 25 წლიდან 60 წლამდე ქალბატონებისთვის კი საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები ტარდება.

დღესდღეისობით პროგრამა ახორციელებს მამაკაცებში პროსტატის კიბოს მართვის პროგრამას პს ტესტის სახით. მასში მონაწილეობენ თბილისში რეგისტრირებული მამაკაცები 45 წლიდან 70 წლამდე.

ახლახან დაემატა სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, რომელიც მოიცავს 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს, როგორც მამაკაცებს, ისე – ქალბატონებს.

ამ ეტაპზე თბილისში ორი – ვარკეთილისა და დიდუბის სკრინინგ ცენტრია გახსნილი. ეროვნულ სკრინინგ ცენტრს პროგრამის განხორციელებაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სამ ქვეკონტრაქტორთან: ონკოდისპანსერთან, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრთან და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან.

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს რეგიონებშიც: კახეთში, იმერეთში, აჭარაში და ქვემო ქართლში, ახლო მომავალში დაემატება საშვილოსნოს ყელის გამოკვლევაც.

რეგიონებში პროგრამა ხორციელდება ჯანდაცვის სოციალური პროგრამების სააგენტოს დაფინანსებით ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ, ხოლო სრულიად საქართველოში – პირველი ლედის პატრონაჟით.

მომავალში რეგიონების პროგრამა გაფართოვდება და შევა ყველა ის კომპონენტი, რაც თბილისის მოსახლეობისათვის არსებობს.

რაც შეეხება სპეციალისტების შერჩევას, ეს კონკურსის მეთოდით ხდება, მათი გამოცდილებისა და ტესტირების საფუძველზე.

სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები მოიცავს შემდეგ პროცედურებს: 1. ძუძუს კიბოს სკრინინგი მამოლოგის მიერ მკერდის დათვალიერებით იწყება, შემდეგ კეთდება მამოგრაფია, რომელიც გულისხმობს ძუძუს ქსოვილის რენტგენოლოგიურ კვლევას ციფრული მამოგრაფის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში კეთდება ექოსკოპია და დამატებით ბიოფსიაც. მამოგრაფიაზე ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა და მინიმალური დოზით ხდება. ძუძუს კიბოს სკრინინგი მეტად ხანმოკლე პროცედურაა.

მამოგრაფია ტარდება შიშველ მკერდზე, რაც კვლევის დროს რამდენიმე წამით მოექცევა სპეციალური აპარატურის ქვეშ. პროცედურა მტკივნეული არ არის.

pap ტესტი – საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა იწყება საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღებით. შემდეგ ამ ნაცხს მიკროსკოპის ქვეშ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა უტარდება. საეჭვო ცვლილებების შემთხვევაში ტარდება დამატებითი კოლპოსკოპიური კვლევა და ბიოფსია.

პროსტატის კიბოს მართვის შემთხვევაში ვიყენებთ ps ტესტს, რაც გულისხმობს პროსტატის სპეციფიური ანტიგენის დონის კვლევას სისხლში. შემდგომ ანტიგენის დონის სიმაღლის მიხედვით დგინდება, რამდენად არის სარისკო ავთვისებიანობაზე პროსტატის პათოლოგია.
სწორნაწლავის გამოკვლევა ტესტური რეაქტივების მეთოდით ხდება. ჩვენთან მოსულ პაციენტებს ტესტები მიაქვთ სახლში, აკეთებენ გარკვეულ პროცედურებს და ისევ მოაქვთ ჩვენთან, შემდეგ ხდება მასალის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე.

ჩვენი ცენტრი სარგებლობს ევროპის ქვეყნებში მიღებული და შემუშავებული სტანდარტებით (გაიდლაინებით). ასაკობრივი ჯგუფების გადანაწილებაც ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ხდება. საფრანგეთის იონის დეპარტამენტის დაავადებათა სკრინინგის ასოციაციასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. ძირითადად საზღვარგარეთიდან მოწოდებული ინფორმაციითა და გაიდლაინებით ვსარგებლობთ.

ყველა გამოკვლევა უფასოა. თბილისის მასშტაბით პროგრამას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით, რეგიონებში კი – ჯანდაცვის სოციალური პროგრამების სააგენტო და ახორციელებს სკრინინგ ცენტრი.

წელიწადში ერთხელ კუს ტბაზე მარათონი იმართება ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივით, სადაც საქართველოს პირველი ლედიც მონაწილეობს. ეს მარათონიც ისევე, როგორც სხვა სკრინინგ ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები სკრინინგის მასობრივი რეკლამირებისათვის არის მოწოდებული, რათა ეს პროგრამა უფრო მეტად დაინერგოს და რაც შეიძლება მეტი ქალბატონი მოვიდეს გამოსაკვლევად.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.