მთავარი » საზოგადოება

ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს ვანდალები შეესივნენ!!!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.06.2010 ერთი კომენტარი | 3,442 ნახვა

პრესა.გესაგანძურის მთავარი მცველი: “საგანძურის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს. ეს არის მასირებული, დამანგრეველი შეტევა საგანძურზე! მე სხვა სიტყვები არ მომეძევება. როგორი სასჯელიც არ უნდა წამოვიდეს ჩემს წინააღმდეგ, ამას ყველგან ვიტყვი”

ეროვნულ საგანძურში, 12 ივნისს, დატრიალებულ ამბავს, თავად ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები დანაშაულად, ვანდალიზმად აფასებენ და ამაში ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს ადანაშაულებენ. ის რაც მუზეუმის თანამშრომლებისთვის დანაშაული და ვანდალიზმია, კულტურის სამინისტროსთვის “გაუგებრობა, ან აბსურდია”.

პრესა.გე გთვაზობთ ჟურნალისტურ მოკვლევას, 12 ივნისს, ეროვნულ საგანძურში მომხდარ, რბილად, რომ ვთქვათ, აურზაურთან დაკავშირებით. ამ მასალაში თითოეული სიტყვა ეფუძნება კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრის დროს ჩაწერილ ინტერვიუებსა და დოკუმენტებს, რომლებიც ვნახეთ და გადავიწერეთ.

პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორს, გია მარსაგიშვილს; უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვაჟა ხირსელს; მუზეუმის დაცვის პოლიციის განყოფილების გამგეს, შოთა ხაბეიშვილს; ეროვნული საგანძურის კურატორს ელენე კავლელაშვილს; საგანძურის რესტავრატორს ერმილე მაღრაძეს და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სოფიო ხუნწარიას.

ჩვენი მედიასაშუალება არ არის პირველი, რომელიც 12 ივნისს მომხდარ ფაქტს აშუქებს. “ოქროს ფონდში ბარბაროსულად შეჭრის” თაობაზე 13 ივნისს, ხელოვნების მუზეუმის წინ, “ანჩისხატის და სიწმინდეების კრებულის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელიც სააგენტოებმა გააშუქეს, ამაზე ინფორმაცია გასულ კვირას ტელეკომპანია “მაესტრომაც” გადასცა, მაგრამ ვრცელი მასალა, იგივე ჟურნალისტური მოკვლევა პრესა.გე–ს გარდა, დღემდე არავის გაუკეთებია.

ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და ამიტომ, გასულ ოთხშაბათს, პირდაპირ მივედით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, იქ სადაც, ბატონი დავითის კაბინეტია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ვთხოვეთ ლორთქიფანიძის თანაშემწესთან დაკავშირება, რომელმაც განგვიცხადა, რომ “ბატონი დავითი მართლა ძალიან დაკავებულია, ვერ მიგიღებთ, ჩვენს ფიარს დაუკავშირდითო”. ფიარის, იგივე ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანა ვერულაშვილის რჩევით, ვითარებაში უკეთ გასარკვევად ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორს, გია მარსაგიშვილს მივაკითხეთ, რომელიც შაბათს მუზუემში არ იყო, ქალაქგარეთ, მუზეუმის ერთ–ერთი თანამაშრომლის დედის დაკრძალვაზე გახლდათ წასული. მომხდარის შესახებ მას ტელეფონით შეატყობინეს. გამომდინარე აქედან, ის, რაც შაბათს ეროვნულ საგანძურში მოხდა, გადმოცემით იცის; ამას დარღვევად აფასებს და ამბობს, რომ ამიერიდან, მუზეუმი შორს დაიჭერს თავს შპს “სტუდია მეტროსგან”, რომელიც საქართველოს მთავრობის დაკვეთით, უცხოურ ტელევიზიებში განსათავსებლად საქართველოზე ერთწუთიან კლიპს იღებს. სწორედ ამ კლიპის ერთი კადრის გადასაღებად, ეროვნულ საგანძურში შესვლას, თუ შეჭრას მოჰყვა დიდი აურზაური.

მანამდე, გია მარსაგიშვილი “მეტროს” ხელმძღვანელობას ტელეფონით ესაუბრა – “ეროვნულ მუზუემში მათგან 11 ივნისს მოვიდა წერილი, “გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, 12 ივნისს ოქროს ფონდში შევიტანოთ გადაღებისთვის აუცილებელი, მცირეოდენი განათების აღჭურვილობა”. ეს წერილი ჩვენ გადმოგვიგზავნეს, რომლის მიღების შემდეგ “სტუდია მეტროს” წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათ უნდოდათ 4 საათზე მოსვლა. ჩვენ ვთხოვეთ სამზე მობრძანებულიყვნენ. ისინი ოქროს ფონდში 7-8 კაცის დაშვებას მოითხოვდნენ. მე 5–6–ზე ვლაპარაკობდი და ბოლოს, შევთანხმდით 7-8 კაცზე. მესამე საკითხი განათებას ეხებოდა; ავუხსენი რომ ფონდში საკმარისი განათება იყო, რომ ყველა ტელევიზია ფონდის განათების ფონზე უპრობლემოდ აწარმოებდა გადაღებას და თითქოს ამაზეც რაღაც თანხმობა გვქონდა. მეორე დღეს, ანუ შაბათს კახეთში ვიყავი აუცილებლად წასასვლელი. მათ აქ მოსვლა დააგვიანეს;

ხუთს რომ ათი წუთი დააკლდა, დაახლოებით იმ დროს მოსულან. ჩვენს თანამშრომლებთან სატელეფონო კავშირი მქონდა. შემდეგ, ოქროს ფონდის ზედამხედველებმა დაურეკეს ელენე კავლელაშვილს, რომელიც არის ოქროს ფონდის მცველი. ისიც კახეთში იყო. უთხრეს, რომ ოქროს ფონდში საკმაოდ დიდი აპარატურის შეტანას ცდილობდნენ. ელიკო იქიდან სასწრაფოდ წამოვიდა”.

გია მარსაგიშვილს ვთხოვეთ ელენე კავლელაშვილთან შეხვედრაში დაგვხმარებოდა. იგი მუზეუმის ფოიეში დაგვხდა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა და გვთხოვა დავლოდებოდით. დრო უქმად, რომ არ დაგვეკარგა, მუზუემის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვაჟა ხირსელთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. ამაშიც ბატონი გია დაგვეხმარა, “ნახეთ ბატონი ვაჟა, მგონი საქმის ვითარება იცისო”, – გვითხრა, ვაჟა ხირსელის სამუშაო კაბინეტთან მიგვაცილა და გამოგვემშვიდობა. მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ინტერვიუს ჩაწერაზე კატეგორიული უარი განგვიცხადა – “მე პირადად დავით ლორთქიფანიძეს ვემორჩილები და სანამ ის არ მიბრძანებს, ინტერვიუს ვერ მოგცემთ. დაუკავშირდით, მისგან ნებართვა აიღეთო”. ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა ჩვენს სატელეფონო ზარს კვლავ არ უპასუხა. შემდეგ ისევ მუზეუმის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ანა ვერულაშვილს დავურეკეთ და დახმარება ვთხოვეთ, რაზეც ცივი უარი მივიღეთ – “თქვენ რა, ორი რესპონდენტი – გია მარსაგიშვილი და ელიკო კავლელაშვილი არ გყოფნით, ამ აბსურდზე რომ ამხელა ამბავს ტეხთო?!”

ხელოვნების მუზეუმის და იქ არსებული ეროვნული საგანძურის უსაფრთხოების ირგვლივ, ვაჟა ხირსელს, პირადი საუბრის დროს, რამდენიმე კითხვა დავუსვით, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო პასუხი ამ კითხვაზე გაგვცა – როგორ მოიქცევით, თქვენმა ზემდგომმა ისეთი რამ, რომ გიბრძანოთ, რისი შესრულებითაც კანონი დაირღვევა? – “იცით რა, ჩემო კარგო?! კანონი დაირღვევა, მაგრამ შენი უფროსი, რომ გიბრძანებს, უნდა შეასრულო, მაგრამ მე რომ ვეტყვი რომ ეს არის უკანონო და ის კიდევ მიბრძანებს, მე პასუხისმგებლობა მეხსნება”.

ჩვენს მკითხველს ვთხოვთ, ერთი წუთით წარმოიდგინოს რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს ეროვნული საგანძური, ჩვენს წინაპრებს მის უსაფრთხოებაზე ლორთქიფანიძე–ხირსელისეულად, რომ ეზრუნათ (მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ). ვაჟა ხირსელისგან შევიტყვეთ, რომ შაბათს საგანძურში მომხდარი ამბის შემდეგ, საგანძურის მთავარი მცველი, იგივე კურატორი, ელენე კავლელაშვილი “გულის წასვლამდე იყო. სადღაც წასული გახლდათ. ჰოდა, რომ ჩამოვიდა და აქ ეს ამბავი დახვდა, ელდა ეცა. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, გული რაღაცას მიზამდა. ეს დაუშვებელია”.

როგორც პრესა.გე-მ შეიტყო, შაბათ საღამოს, “სტუდია მეტროს” და მათთან ერთად დაახლოებით ასი კაცის საგანძურში შესვლის, თუ შეჭრის და იქ აპარატურის შეტანის შემდეგ, დაცვის პოლიციამ დამხმარე ძალა ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან გადმოიყვანა. ინტერვიუს მოცემაზე დაცვის პოლიციის განყოფილების გამგემ, შოთა ხაბეიშვილმაც უარი გვითხრა – “ამის უფლება არ მაქვსო”. პირადი საუბრისას განგვიმარტა, რომ დაცვის პოლიციას, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ექვემდებარება, შაბათს კანონი არ დაურღვევია. ამის შემდეგ მან საქაღალდე გახსნა და მაგიდაზე დავით ლორთქიფანიძის ხელმოწერილი წერილის ასლი დაგვიდო და გვითხრა – “ჩვენ აი, ამ დოკუმენტით ვიხელმძღვანელეთო”. ეს წერილი სიტყვა-სიტყვით გადმოვიწერეთ:

N01/10–636
11..06.10

შსს ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსს, პოლიციის კაპიტანს თამაზ მამულაშვილს

ბატონო თამაზ, შპს “სტუდია მეტრო”, საქართველოს მთავრობის დაკვეთით აწარმოებს კლიპის გადაღებას საქართველოს შესახებ. კლიპის ერთი კადრის გადაღება მოხდება ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. გთხოვთ, ამა წლის 12 ივნისს, “სტუდია მეტროს” წარმომადგენლები დაუშვათ ოქროს ფონდში და შეატანინოთ გადაღებისთვის საჭირო განათების აღჭურვილობა.

პატივისცემით ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე

შოთა ხაბეიშვილთან საუბრის დასრულების შემდეგ, ხელოვნების მუზეუმის საგანძურის კურატორს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ელენე კავლელაშვილს შევხვდით და ვესაუბრეთ. იგი უკვე 30 წელია საგანძურის თანამშრომელია. ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე, არასდროს უნახავს ის, რასაც შაბათს შეესწრო:

“მანამდე, 4 ივნისს ოფიციალური შეტყობინება მივიღე, რომ “სტუდია მეტრო” საქართველოზე კლიპს იღებდა, რომლის ერთი კადრისთვის, ოქროს ფონდში ფოტოგადაღების ნებართვას ითხოვდა. ისინი 5–ში მოვიდნენ, აქაურობა დაათვალიერეს და საგანძურისთვის მიუღებელი, გარკვეული პირობები წამოაყენეს – “უკეთესი ფოტოები, რომ გამოგვივიდეს, დამატებით განათებას გამოვიყენებთო…” ვუთხარი, რომ ამის გაკეთება დაუშვებელი იყო, რაზეც მომიგეს – “ნუ გეშინიათ, დავრეკავთ და მოვაგვარებთო”. ავუხსენი, რომ ეს საქმე ვერ მოგვარდებოდა, უნდა დამორჩილებოდნენ ჩვენს მოთხოვნებს, რაც არა ჩვენი კაპრიზი, არამედ, საერთაშორისო კანონებით განსაზღვრული მოთხოვნებია. მათ ვუთხარი, რომ ხელს იმ შემთხვევაში შევუწყობდით, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებდნენ. ამ საუბრის შემდეგ ისინი წავიდნენ. 11–ში მუზუემის კონსერვატორი გია მარსაგიშვილი მობრძანდა და მითხრა, რომ იგივე ჯგუფი 12–ში შემოვიდოდა; “სპეციალური, რეზოლუციანი მიმართვა არსებობს, შემდგომში მოგიტანთო”. როცა ვკითხე როგორ შემოვლენ–მეთქი, ბატონმა გიამ მომიგო, “ყველა პირობას დაიცავენ, განათების გარეშე შემოდიანო“. მას ორი მამაკაცი ახლდა, ვერ გეტყვით ისინი ვინ იყვნენ, მაგრამ მათაც მითხრეს, რომ “პრობლემა არ არის, ამ პირობებს დავიცავთო”. მე ვიცოდი რომ ისინი შაბათს ორ საათზე უნდა მოსულიყვნენ. აქ ვერაფერი პრობლემა ვერ დავინახე; ვიფიქრე, რომ შემოვიდოდნენ და ერთ–ორ ფოტო–კადრს გადაიღებდნენ, რასაც ზედამხედველებიც მშვენიერ კურირებას გაუწევდნენ. მე არ ვიცოდი თუ ისინი ვიდეო–გადაღებას აპირებდნენ. დაპირებული, რეზოლუციადადებული ქაღალდი, დაგვიანებით, პოსტ ფაქტუმ, კვირას მივიღე, რომელშიც ეწერა, რომ კლიპი უნდა გადაღებულიყო, რისთვისაც ამ ჯგუფს “მცირეოდენი განათების აღჭურვილობა” უნდა შემოეტანა. ამ ქაღალდს მუზეუმის გენერალური დირექტორის რეზოლუცია ედო, გია მარსაგიშვილის სახელზე – “გთხოვთ, განიხილოთ და შესაძლებლობის შემთხვევაში დართოთ ნება”.

შაბათს, 12 ივნისს ელენე კავლელაშვილს საგანძურის ზედამხედველებმა 16.45 წუთზე დაურეკეს და უთხრეს, რომ გადასაღებად არავინ მოსულა. როცა ხუთის ნახევრის შემდეგ საგანძურის დასათვალიერებლად არავინ მიდის, იქაურობა იკეტება და შესაბამისად, ფონდის კურატორმა მათ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ საგანძური დაეკეტათ. 16.52 წუთზე ზედამხედველებმა კურატორს კვლავ დაურეკეს – “მოვიდნენ და კატეგორიულად ითხოვენ შემოსვლას, აპარატურის შემოტანასო”. ამის შემდეგ ელენე კავლელაშვილი ერთ-ერთ სტუმარს (სავარაუდოდ “მეტროს” წარმომადგენელს) ტელეფონით თავად დაელაპარაკა, რომელმაც აუხსნა, რომ მათ საგანძურში მხოლოდ ერთი პატარა ნათურის შეტანა უნდოდათ. საგანძურის კურატორს რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაურეკეს – “მძიმე აპარატურა შემოაქვთ, განუზომლად დიდი რაოდენობის ხალხი შემოდისო”.

ელენე კავლელაშვილი კახეთიდან იმ წუთას წამოვიდა და თბილისში ჩამოსულს, რვის ნახევარზე ასეთი სურათი დახვდა:

“მუზეუმის წინ უცხოური მარკის უზარმაზარი ტრაილერი იდგა, რომლის უკანა კარი გაღებული იყო; მასში რაღაც ნარჩენები ეწყო, ყუთების ცარიელი კარკასები; ჩანდა რომ მუზეუმში მძიმე აპარატურა იყო შეტანილი. იქვე იდგა სპეციალური მოძრავი ბარი – დიდი მანქანა, რომელზეც იყიდებოდა ლუდი, ჩაი, ყავა, ნამცხვრები. იქვე იყვნენ ახალგაზრდა გოგო–ბიჭები, რომლებიც ლუდს შეექცეოდნენ და მუზეუმში შედიოდნენ, გადიოდნენ. პლუს ამას, იქ კიდევ სამი თუ ოთხი მიკროავტობუსი და კიდევ ერთი სატვირთო მანქანა იდგა. საერთოდ, ასეთ დროს მუზეუმის წინ ტრანსპორტის ასეთი ჭარბი რაოდენობა არ არის და ამის დანახვაზე შევშფოთდი. მუზუემის კარი ღია გახლდათ. ფოიეში დიდი ზომის სადენები, დენის წყარო იყო შემოტანილი – რამდენიმე მსხვილი კაბელი პირდაპირ საგანძურისკენ მოდიოდა. საგანძურის კარი ბოლომდე ღია და საგანძურის პირველი, დიდი დარბაზი ხალხით სავსე დამხვდა; შიგნით დაახლოებით ას კაცამდე იქნებოდა. როგორც საგანძურის ზედამხედველებმა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, ორი საათის განმავლობაში საგანძურში დაახლოებით სამასი კაცი შევიდა და გავიდა, რაც არის დაუშვებელი! დარბაზის ცენტრში ასევე მათ მიერ შეტანილი კომპიუტერები იდგა. საგანძურში კომპიუტერების შეტანა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან გამოსხივება იქაურობას ვნებს.

ამ კომპიუტერებში უყურებდნენ იმას, რაც ხახულის ღვთისმშობლის ხატთან ხდებოდა. ნახევარი დარბაზი შემოტანილი აპარატურით, ყუთებით იყო სავსე. რომ შემოვედი ხახული ვერ დავინახე, რადგან დიდი შავი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, რომელიც ანჩისხატის კარადის საფასადო ნაწილს შუაზე კვეთდა. ხახულის კარადა საერთოდ არ ჩანდა, ხოლო ანჩისხატი ნახევრად იფარებოდა. აღშფოთება ვერ დავმალე და ხმამაღლა მივმართე – ეს, რას სჩადით? თქვენ საქართველოს უპირველესი ხატები დააზიანეთ–მეთქი. დარბაზში ტემპერატურული რეჟიმი დარღვეული იყო, კონდენცირება აღარ იგრძნობოდა. პლუს ამას, დარბაზში ეს ხალხი რაციბეით და მობილურებით იყო შემოსული, რაც ასევე დაუშვებელია. როგორც მითხრეს, ერთმა გოგონამ სიგარეტიც კი ამოიღო და კიდევ კარგი არ მოსწია. იცით როგორი სურათი დამხვდა?! – საგანძურის დარბაზი კინოგადაღების მოედნად ჰქონდათ გადაქცეული, თავისი სალონით. იმ წუთში ვერ დავინახე შავი ფარდის მიღმა რა ხდებოდა. ორმა ახალგაზრდა კაცმა დარბაზიდან გამომიყვანა.

მე ვერ ვჩერდებოდი, ხმამაღლა ვყვიროდი, აღშფოთებას გამოვხატავდი. ჩემს კაბინეტში შემომიყვანეს და მოითხოვეს გავჩერებულიყავი, მაგრამ მე ვერ გავჩერდებოდი, ტყვიამფრქვევის წინაშეც, რომ დავმდგარიყავი, მაინც ვერ გავჩერდებოდი, იქ ისეთი სურათი დამხვდა. ვერ დამაკავეს, დარბაზში ისევ შევბრუნდი – აქაურობა სასწრაფოდ დატოვეთ–მეთქი. ქართველებთან ერთად იქ ფრანგები და უკრაინელებიც იყვნენ. ერთ-ერთმა ფრანგმა რომ დამინახა, გამოაცხადა – “ოქეი”, გადაღება შეწყვიტეს და დარბაზიდან აპარატურის გატანა დაიწყეს. ხახულს შავი ფარდა, რომ ჩამოხსნეს, მის თავზე დიდი, გრძელი კინოფარის ჩამოღება ვეღარ მოასწრეს. ზედამხედველებმა მითხრეს, რომ თითქმის სამი საათის განმავლობაში ხახულს ანათებდა გვერდებიდან ორი ძლიერი კინოფარი და ერთი ზემოდან. როგორი ცივი განათებაც არ უნდა ყოფილიყო, სხივები საშინლად აზიანებს, რადგან აქ გვაქვს ოქრო, რომელზეც სხივები უარყოფითად მოქმედებს; ასევე გვაქვს ვერცხლი, რომელიც უკვე რეკრისტალიზაციას განიცდის; ტიხრული მინანქარი გვაქვს, რომელიც მეშვიდე–მერვე საუკუნიდან მოყოლებული, მეთორმეტე საუკუნის ჩათვლით ფენებს შეიცავს; აქ გვაქვს პატიოსანი თვლები, რომლებიც ასევე უძველესია და ხახულს დავით აღმაშენებელმა შესწირა (თუ უფრო ძველი ქვები არა გვაქვს კიდევ). ამ ქვებს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, ასეთი სხივები მათთვის დაუშვებელია, აღარ ვლაპარაკობ ტემპერატურულ რეჟიმზე…

პლუს ამას, ხახულის წინ რკინის მძიმე რელსები იდო, რომელზეც ლითონის კინოგადაღების კამერის დასამაგრებელი მოწყობილობა მოძრაობდა. როგორც ზედამხედველებმა გადმომცეს, სანამ რელსებს გაამაგრებდნენ, როგორც ხახულის, ისე ანჩისხატის ვიტრინები ზანზარებდნენ. საგანძურში ყველანაირი პირობა დაირღვა; იყო რხევები, ბიძგები, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ტენიანობის დარღვევა, სინათლის დარღვევა, რის გამოც არა მარტო ხახულმა, არამედ ყველა ხატმა, რომელიც საგანძურშია დაბრძანებული, დაზიანება მიიღო, რომელიც დღესვე არ გამოჩნდება, თანდათანოდბით იჩენს თავს”.

ელენე კავლელაშვილი გასულ წლებში, სხვადასხვა ქვეყნებიდან (იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან…) ჩამოსული გადამღები ჯგუფების მუშაობას იხსენებს, რამაც ყოველგვარი ზედმეტი განათებების და აპარატურის გარეშე, უპრობლემოდ ჩაიარა. “მთელი ამ წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონიძიებებს, მაგრამ ამავდროულად, საერთაშორისო კანონის შესაბამის პირობებს ვაყენებთ, რომლის დაცვა აუცილებელია. უცხოეთის მუზეუმებში ასე მხოლოდ სიძველეების ასლებთან იქცევიან, დედნებთან მსგავსი ქმედება დაუშვებელია. ეს არის საყოველთაოდ მიღებული წესი”, – ამბობს ელენე კავლელაშვილი და გასულ შაბათს, ეროვნულ საგანძურში მომხდარ ფაქტს ასე აფასებს:

“საგანძურის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს. ეს არის მასირებული, დამანგრეველი შეტევა საგანძურზე! მე სხვა სიტყვები არ მომეძევება. როგორი სასჯელიც არ უნდა წამოვიდეს ჩემს წინააღმდეგ, ამას ყველგან ვიტყვი. შაბათს ჩემი არყოფნით ისარგებლეს; აქ რომ ვყოფილიყავი, თავს შევაკლავდი და ამას არ დავუშვებდი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც ასეთი გადაღებები ხდებოდა, ამ პროცესს მუზეუმის იმჟამინდელი დირექტორი, შალვა ამირანაშვილი ზედამხედველობის გარეშე არ ტოვებდა, თავად ესწრებოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ ის ზედამხედველობა მკაცრად იყო განსაზღვრული და ვერავინ გაბედავდა რაიმე ისეთს, რაც საგანძურს დააზიანებდა. აქაურობა ყოველთვის დაცული იყო. ჩვენი წინაპრები საგანძურს სხვანაირად უვლიდნენ. ჩვენ მოვალე ვართ იგივე გავაგრძელოთ”.

ეროვნული საგანძურის რესტავრატორი, ერმილე მაღრაძეც არ იყო შაბათს მუზეუმში, რადგან ეს მისთვის არასამუშაო დღეა; ამბობს რომ არავის გაუფრთხილებია, არაფერი იცოდა და ამიტომაც დასვენების დღეს სამსახურში არ მოსულა. გამომდინარე აქედან, მონაყოლზე დაყრდნობით, შესაძლო დაზიანებებზე ვერ გვესაუბრა, რადგან თავისი თვალით არ უნახავს, როგორი ტიპის განათებები, რა ტიპის აპარატურა შეიტანეს და ამუშავეს საგანძურში, “მაგრამ ძირითადად რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს არის დირექციის, უშუალოდ დათო ლორთქიფანიძის დანაშაული. გადაეცით ჩემგან ეს სიტყვები. ეს აურზაური არ შედგებოდა, ის რომ იქ მიბრძანებულიყო. ხომ იცოდა რომ ეს ხდებოდა?!”

ჩვენ დავინტერესდით იცოდა თუ არა საქმის ვითარება ეროვნული მუზეუმის ზემდგომმა, კულტურის სამინისტრომ. როგორც ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო ხუნწარიამ განგვიცხადა, “კულტურის სამინისტრომ იცოდა, რომ მზადდება სარეკლამო რგოლი. მუზეუმმა ჩაგვაყენა საქმის კურსში, რომ შემოვიდა გარკვეული დოკუმენტაცია, აპარატურის შეტანასთან დაკავშირებით. იქ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა, გარკვეულწილად ამას დავარქმევდი ან გაუგებრობას, ან აბსურდს. სარეკლამო რგოლი უნდა გადაეღოთ და ბუნებრივია, ამას სჭირდება სპეციფიური განათება და ასე შემდეგ. თუმცა გადამოწმებულ იქნა რა განათება შედის, რა ტექნიკა შედის და ასე შემდეგ, იმისთვის რომ რაიმე ნიმუში არ დაზიანებულიყო. უმჯობესია გამოითხოვოთ და ბოლომდე ნახოთ მთელი საბუთები, იქ კარგად ჩახედოთ რა და როგორ წერია”.

საბუთებიც გამოვითხოვეთ და კარგადაც ჩავიხედეთ, რა და როგორ წერია, მაგრამ გადამოწმებული და დაკონკრეტებული ვერაფერი ვნახეთ. ამ ინცინდენტის გახსენებამ კი 21 აპრილს, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ გაგვახსენა, რომელიც პრესა.გე–ზე 21 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით – “ექსპონატების გატანა ეროვნული საგანძურიდანაც შეუძლიათ”, რომელშიც გენერალური დირექტორი თავად საუბრობს როგორ გამოსცა კანონქვემდებარე აქტი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ მინისტრს, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, სურვილის შემთხვევაში საგანძურიდან ექსპონატის გატანა და კაბინეტში დაკიდება შეუძლია.

ნინო მიქიაშვილი
წყარო: www.presa.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი says:

    ვაი უბედურო საქართველო!

    აი ნათელი მაგალითი იმისა თუ ვის ხელშია ჩვენი ქვეყანა და როგორ ექცევიან მას.
    უმძიმესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მომხდარმა საშინელებამ, ეს ვანდალები და მანქურთები ვისი ხელდასმით მოქმედებდნენ?
    ვისი და საქართველოს ეგრეთწოდებული ხელისუფლების და მათი მარიონეტი პატარა კაცუნა ლორთქიფანიძის ხელშეწყობით.
    ამ ამბავში ისეთი სიცხადით დავინახე ,,ბატონი” პრეზიდენტის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული პოლიტიკის შედეგები, რომ უნებურად მის მიერ წამოწყებული ომის შედეგად დაკარგულ ძირძველ ქართულ სოფლებზე წამომსკდარი ცრემლები, ისევ წამომივიდა. გული უსაზღვრო ბოღმითა და სევდით ამევსო. უნებურად წამოვიძახე „ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!”. გამახსენდა ლადო გუდიაშვილის ერთი ცნობილი სურათი ,,სილამაზის შემფასებლები”. სურათი ასე გამოიყურება-მაგიდაზე დასვენებულია ულამაზესი ქალის სხეული და მის გარშემო შეკრებილნი არიან, მახინჯი სახის მაიმუნები. პირდაპირი ასოციაცია მიჩნდება… ეს ლამაზი ქალი ჩვენი სამშობლოა და ეს მაიმუნები, ის პირები არიან ვისაც სამწუხაროდ მისი ბედ-იღბლის გადაწყვეტილების უფლება აქვს მინიჭებული თუ მიტაცებული.
    ……………..
    გუშინ საღამოს მეტეხის ხიდიდან ავლაბრის აღმართს, ფეხით ამოვუყევი. ნაგვის თავახდილ ყუთში თავჩარგული, ძონძებში შემოსილი მოხუცი ქალი იქექებოდა, იქვე ახლოს მაწანწალა ძაღლი შეჩერდა და სევდიანი თვალებით ამომხედა… გადავხედე განათებულ რიყეს, ძველ თბილისს და რაღაცა უცხო და უცნაური მომეჩვენა, თითქოს თვალგახელილი გარდაცვლილი ადამიანის თვალებში არეკლილი სურათი იყო…
    ჩავიხარე, თავი ხელებში ჩავრგე და ვიგრძენი როგორ უნდოდა სულს გამოეხეთქა ნაჭუჭი, გარეთ გამოსულიყო და მეყვირა, მეღრიალა, გაიღვიძეთ ქართველებო, გაიღვიძეთ თორემ დავკარგეთ რაღაცა ძვირფასი, რაღაცა ახლობელი, განუმეორებელი და ასეთი ჩვენი….

    მეტი რაღა გითხრათ ადამიანებო, სული მიტირის, სული…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი