მთავარი » კულტურა

ეროვნულ არქივში გამოფენა “ვახტანგ VI” გაიხსნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2012 | 2,923 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 20 დეკემბერს, 13:00 საათზე გამოფენა “ვახტანგ VI” გაიხსნება.

ვახტანგ VIქართლის გამგებლისა და მეფის, პოეტის, მთარგმნელის, მწიგნობარისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ VI-ის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს. მათ შორის არის როგორც მეფობის პერიოდში გაცემული დოკუმენტები, ისე ლექსები, თარგმანები, კანონები, მის მიერ დაარსებული სტამბის გამოცემები.

ვახტანგ VI 1675 წელს დაიბადა. 1703-1714 წლებში ქართლის გამგებელი, ხოლო 1716-1724 წლებში ქართლის მეფე იყო. მის მოღვაწეობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მწიგნობრული და საზოგადოებრივი საქმიანობა. ვახტანგ მეფის უდიდესი დამსახურებაა 1705-1708 წლებში შექმნილი კანონები, რომელიც ქართული სამართლის ისტორიისათვის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. მასვე უკავშირდება პირველი ქართული სტამბის დაარსება 1708-1709 წლებში.

სამართლის წიგნის შედგენამდე ვახტანგმა ერთ კრებულში მოაქცია ძველი ქართული (სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გიორგისა, სამართალი აღბუღასი), თუ უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები. ამას დაურთო დარბაისელთა (საერო და სასულიერო განათლებული პირების) უშუალო მონაწილეობით თავისი შედგენილი “სჯული”.

ვახტანგ VI-ის კანონები მალე მთელ საქართველოში მოქმედ კანონთა წიგნად იქცა. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება მდიდარი დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავს 1700-1732 წლებში ვახტანგ VI-ის საქმიანობის ყველა სფეროს. არქივში დაცულია მის მიერ გაცემული 171 საბუთი, აგრეთვე მრავლადაა საქმიანი იურიდიული დოკუმენტები, სადაც გამოყენებულია ვახტანგის კანონები.

საინტერესო მასალაა დაცული ქართულ ხელნაწერ წიგნთა კოლექციაში: 11 სამართლის წიგნი, გადაწერილი XVIII-XIX საუკუნეებში. “კინკლოსი” (წელთაღრიცხვის სქემა), რომელიც მეფემ შეადგინა ისპაჰანში ყოფნის დროს, თალაიმასალის (ბრძანებების მაგვარი) წიგნი, “ქილილა და დამანა” (თარგმანი სპარსულიდან), ლექსების კრებული “ანბანთქება” და სხვა. აგრეთვე არის ხელნაწერები, რომლებიც გადაიწერა ვახტანგ მეფის ბრძანებით. მაგალითად, 1706 წელს გადაწერილი “გულანი”, ფიტარეთის წინამძღვარ იობის მიერ.

ეროვნულია არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა გამოფენაზე წარმოადგენს ვახტანგ VI-ის სტამბის პირველ გამოცემას, 1709 წელს დაბეჭდილ სახარებას და 1710 წელს გამოცემულ კონდაკს (ლიტურგიკული წიგნი), რომლებიც შემკულია მინიატურებით.

ეროვნულ არქივში გამოფენა “ვახტანგ VI” წლის ბოლომდე გაგრძელდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი