ექვთიმე თაყაიშვილი
საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცულია უამრავი საინტერესო ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. ამჟამად ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტზე, რომელშიც მნიშვნელოვანი მასალაა ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ. დამფუძნებელი კრების კანცელარიის აღნიშნული საქმე შეიცავს ხელოვნების კომისიის შემადგენლობასა და სხდომის ოქმებს. დოკუმენტშია ექვთიმე თაყაიშვილის განცხადება საქართველოდან ხელოვნების ნიმუშების, საკულტო ნივთების, ბიბლიოთეკების გატანის აკრძალვის შესახებ, მისივე მოხსენება მცხეთაში სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისიის გაგზავნის, საპატრიარქო ტაძრის – სვეტიცხოვლის გადასარჩენად, დაუყოვნებლივ შესაკეთებლად საჭირო თანხის გამოყოფისა და ერთიანი მთლიანი ქართული მუზეუმისა და საერთო არჩევითი გამგეობის შექმნის თაობაზე,აგრეთვე, წინადადება თბილისისათვის ისტორიული და ეროვნული სახის შესანარჩუნებლად ძველი ქალაქის ციხისა და სახლების დაცვა-შეკეთებისა და ახალი შენობების ეროვნული სტილით აგების შესახებ; ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრება გამოთქმული დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის სხდომაზე სახელოვნებო ცენტრის შენობის შესაძლებლობის ფარგლებში გადაკეთების თაობაზე, რათა შენარჩუნებულიყო ქართული სტილი; მოხსენება დამფუძნებელი კრების ხელოვნ. კომისიის სხდომაზე ქართული “საისტორიო-სახელოვნო ნაშთების” სავალალო მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. აგრეთვე, მისი წინადადება განათლების მინისტრის უფლებებში მიწის გირაოს ნებართვისა და მიწაში ადრე ნაპოვნი ნივთების ჩამორთმევისა და სახელმწიფო მუზეუმისთვის გადაცემის თაობაზე და სხვ.
ფონდი 1833, აღწ. 1, საქმე 1001.
“ექვთ. თაყაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან გააქვთ დიდძალი ნივთები ხელოვნებისა, ნაშთნი არქეოლოგიურნი, ბიბლიოთეკები და სხვადასხვა და მოითხოვს, რათა ხელოვნების კომისიის მიერ შემუშავებულ იქნეს დეკრეტი მათი გატანის აკრძალვის შესახებ”.
აქვეა დადგენილება:
“მიენდოს ექვთიმე თაყაიშვილს დეკრეტის შემუშავება საქართველოდან მნიშვნელოვან საკულტო ნივთების გატანის აკრძალვის შესახებ, რომელიც წარმოედგინოს ხელოვნების კომისიას შემდეგი სხდომისათვის”.
“ექვთიმე თაყაიშვილი. საქართველოდან გატანილი არქივი კუთვნილისამებრ მოლაპარაკებით უნდა დავიბრუნოთ. ყუბანს ჩვენ ბევრი რამ მივეცით, მივეცით აგრეთვე მანქანა ზღვიდან სილა მიწის ამომღები, რომელიც ეხლა 20 მილიონი ღირს. ადერბეიჯანს მიეცა არქივი და სხვანი.
ექ. თაყაიშვილი აკეთებს მცირე მოხსენებას, რომ საქართველოში აქა-იქ გაფანტული ძვირფასი ისტორიულ-არქეოლოგიური ნივთები ქურდ-ავაზაკ პირთაგან ადვილად იტაცება და თუ რამე დავაყრეინეთ მათ ხელიდან, ისინიც შესაძლებელია კვლავ ისევ დაგვეკარგოს ხელიდანო. შემოქმედის მონასტრის სამკაული ოზურგეთის ხაზინაშია, ზოგი ისევ მონასტერში და ასევე ბედშია დანარჩენ კუთხეების განძეულობაც. საჭიროა მთავრობამ იკისროს მათი მოგროვება, უშიშარ ალაგას შენახვა და რის აღდგენაც შეიძლება, აღდგინებულ იქნეს.
დადგენილება:
ეთხოვოს მთავრობას ასეთ ნივთების მოგროვება-პატრონობა, გატაცებისაგან უზრუნველყოფა და შენახვა.
გაგრძელება მსჯელობისა ვარანცოვის ძეგლის მოხსნის შესახებ.
ექვთ. თაყაიშვილი: სამარცხვინო იქნება ჩვენი რესპუბლიკისათვის, თუ ვარანცოვის ძეგლს ავიღებთ; იშვიათი ხელოვნების ძეგლია, ნიჭის გამოხატულობაა, პიროვნება მისი ჩვენთვის ლიტერატურისა და თეატრის დასაწყისის მომაგონებელია და არა ცარიზმისა. ბოლშევიკებმა ასეთი ძეგლები არსად არ მოხსნეს. თანახმა ვარ საბურთალოზე ჯვრის აღებისა, მაგრამ ვარანცოვის ძეგლის აღება კი იქნება ვანდალიზმი. თუ ჩვენ დღეს ასეთ საშუალებით მოვიწონებთ, ხვალ სხვები გამოილაშქრებენ და მოგვისპობენ ყოველგვარ ნაშთებს…”
“ექვთიმე თაყაიშვილი აკეთებს მოხსენებას ისტორიულ ნაშთების საზღვარგარეთ გატანის აკრძალვის შესახებ და ადგენს საამისოდ შემუშავებულ დეკრეტის ტექსტს.
პროექტი დეკრეტისა
საისტორიო საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტურო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვისა.
1.აკრძალულია გატანა საქართველოს რესპუბლიკიდან განათლების მინისტრის ნებადაურთველად ყოველგვარი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და საკულტურო ნივთებისა.
შენ. ამგვარ ნივთებს შეადგენენ: 1.ყოველგვარი მიწაში და სასაფლაოებში ნაპოვნი ნივთები ლითონებისა, ძვლისა, თიხისა, მინისა და ხისა. 2.ყოველგვარი საეკლესიო ნივთები და სამკაულები, ხატი, ჯვარი, ჭურჭელი, შესამოსელი, ქსოვილები, ნაკერი ნაქარგი ნივთები, ხელთნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნები, სიგელიგურჯანი ქანდაკებანი და ჩუქურთმანი ქვები და სხვა ჩუქურთმიანი ნივთები. 3.ყოველგვარი ძველი იარაღი, საომარი და საოჯახო. 4.ყოველგვარი ძველი სამკაულები დედაკაცისა და მამაკაცისა, 5.ძველი ფულები, მენდლები და ჟეტონები. 6.სურათები, ნახატები და სხვა მხატვრული ნაწარმოები, გარდა ფოტოგრაფიული სურათებისა და ახალ მხატვართა ნაწარმოებთა. 7.ნაბეჭდი წიგნები ქართულ და უცხო ენებზედ, რომელნიც დასტამბულნი არიან 26 მაისამდის 1918 წლისა. 8. ძველი ტანისამოსი. 9.ძველი ცხენის შემკობილებანი, რახტი, ლაგამი, უნაგირი, ყაჯარი ანუ ახალი. 10.ყოველგვარი ძველი საპირფარეშო იარაღი. 11.ყოველგვარი ძველი ავეჯი”.
დადგენილება:
“დეკრეტი ისტორიულ ნაშთთა საზღვარგარეთ გატანის აკრძალვისა პრინციპიალურად მიღებულ იქნეს, მხოლოდ დამფუძნებელ კრებაში მისი შეტანა დროებით გადადებულ იქნეს მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებამდე”.
“ექვთიმე თაყაიშვილი აკეთებს მოხსენებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის – სვეტიცხოვლის შესახებ, რომელიც პატრიარქ-კათალიკოზის ცნობით, დაუყოვნებლივ საჭიროებს შეკეთებას. მომხსენებელი მოითხოვს ხელოვნების ნაშთს, ჩვენ წარსულის დიდება-სიამაყეს, ჩქარა მივეპატრონოთ, თვარა თუ დაინგრა – საშვილიშვილო სირცხვილს დავიმსახურებთ შინ საქართველოში და გარეთ განათლებულ ქვეყნების თვალშიაცო. რადგან საქართველოს ეკლესიას და სამღვდელოებას არავითარი ქონება არ გააჩნია დღეს და სიღატაკეს განიცდის, საჭიროა ამიტომ ათ მილიონიანი ფონდიდან მაინც გაიღოს მთავრობამ საამისო ხარჯებიო”.
“იგივე მოახსენებს, რომ დიდებულ პოეტ აკაკი წერეთლის საფლავი სამწუხარო მდგომარეობაშია: ზემოდან კედელთა ნანგრევები სცვივა, საფლავი იფარება და საჭიროა მისი გაწმენდა, ან საფარი კედლის გაკეთება, ან საფლავის ცოტა აქეთ გამოწევა. ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ ვახ. ღამბაშიძის თავმჯდომარეობით შეადგინა საამისო კომისია და სასურველია ხელოვნების კომისიამაც მიიღოს მასთან ერთად შესაფერი მონაწილეობა.
დადგენილება:
დამფუძნებელ კრების ხელოვნების კომისიის და ეთნოგრაფიულ საზოგადოების კომისიისაგან შესდგეს ერთი მთლიანი კომისია. მოწვეულ იქნენ აგრეთვე ინჟინერები და მათთან საპატიო წევრიც ქალაქის თავი ბ. ჩხიკვიშვილი, რომლებიც შეიმუშავებენ გეგმას აკაკის საფლავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და წარმოუდგენენ ხელოვნების კომისიას განსახილველად და დასამტკიცებლად”.
“ექვთ. თაყაიშვილი. საჭიროა შეიქნას ერთი მთლიანი ცენტრალური ქართული მუზეუმი, რომელსაც სათავეში ეყოლება ერთი გამგეობა ამორჩეულ საბჭოს სახით, რომელიც ირჩევს თავისით თავმჯდომარეს. ამ ცენტრალურ მუზეუმს უნდა დაუქვემდებარდეს აგრეთვე სამხატრო გალერეია და სახელმწიფოს/ისტორ/არქივი. რუსეთში არქეოლოგიური კომისია დიდი უფლებებით იყო ახჭურვილი და იმის ნება დაურთველად ვერვის ვერ შეეძლო ვერც რომელიმე ისტორიულ ნაშთის გადაკეთება და ვერც გათხრის წარმოება. ამგვარად ცენტრალურ მუზეუმის ქვეშ თავმომყრელი იქნება არქივები, სამხატრო გალერეია, ყოველგვარი მუზეუმები და არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული დარგები. გამოყოფილი იქნება ამათგან და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ დრამა და პოეზია”.
დადგენილება:
“პრინციპიალურად მიღებულ იქნეს ამ პროექტის საბოლოო ფორმის გამომუშავება მიენდოს ექ. თაყაიშვილს, რათა ხელოვნების კომისიის სახელით წარუდგეს დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად”.
“ექვ. თაყაიშვილი აკეთებს მოხსენებას პოეტ აკაკი წერეთლის საფლავ-ძეგლის შესახებ, რომლის აზრით თუ ძეგლის აგებას შევუდგებით, საჭიროა ახლავე კომისიის დაარსება ფართო უფლებით; ასეთ კომისიის წევრებად თავის მხრივ ასახელებს ა. კალგინს, გ. ქიქოძეს, ვახტ. ღამბაშიძეს, ბენ. ჩხიკვიშვილს და გ. დიასამიძეს.
წინადადება ე. თაყაიშვილისა მიღებულ იქნა.
დადგენილება:
დაარსდეს პოეტ აკაკი წერეთლის საფლავის გამამშვენებელი და ძეგლის ამგები კომისია გ. დიასამიძის, გერ. ქიქოძის, ა. კალგინის, ვახტ. ღამბაშიძის და ბენია ჩხიკვიშვილისაგან და მიენიჭოთ მათ უფლებანი გეგმის შემუშავების და განხორციელებისათვის”.
ამ დოკუმენტშივეა “მსჯელობა ტფილისისათვის ისტორიულ და ეროვნულ სახის შენარჩუნებაზე.
ექ. თაყაიშვილი მოითხოვს რათა ციხის, ყოფილ ზარაფხანისა და აბანოების და სხვა ისტორიულ შენობების სახის შენარჩუნებას. შემოდის წინადადება საკითხის გამოსარკვევად საჭირო ძალების დაუსწრებლობისა გამო გადაიდოს მსჯელობა.
ექვთ. თაყაიშვილი აკეთებს მოხსენებას ბეთანიის ეკლესიის შესახებ, რომელიც ამას წინად განუახლებია საისტორ-ეთნოგრაფიო საზოგადოებას, ბარათაშვილებს 50 დეს. მიწა შეუწირავთ და ერთი ბერიც დასახლებულა იქ და უვლიდა იქაურობას ჩინებულად. დღეს კი როდესაც მიწის კომისიას ის მამული ჩამოურთმევია სახელმწიფოდ, უსახსროდ დარჩენილა ბერი, შიმშილისა და სიცივისაგან შეწუხებული, აყრილა და სხვაგან წასულა, – და ამ სახით ბეთანის პატრონი, ყურის მგდებელი და მომვლელი აღარა ჰყავს და ეს დიდებული ნაშთი, ღვთის ანაბარად დატოვებული, შესაძლებელია ბოროტი ხელისაგან მთლად განადგურდეს. მისი აზრით, ერთად ერთი საშუალება ნაშთის დასაცავად არის ის, რომ აღიძრას შუამდგომლობა მთავრობის თავმჯდომარის წინაშე, რათა საისტორ-ეთნოგრაფიო საზოგადოებას მიეცეს საკულტურო თანხიდან ექვსი ათასი მანეთი ბეთანიის ყარაულის დასაჭერად, რომელსაც თვიურად მიეცემა ჯამაგირად ხუთას-ხუთასი მან.
დადგენილება:
ეთხოვოს შუამდგომლობა მთავრობის თავმჯდომარეს, რათა საისტორ-ეთნოგრაფიო საზოგადოებას მიეცეს წლიურად დახმარება 6 000 მან. ბეთანიის მონასტრისათვის ყარაულის დასაქირავებლად”.
“ექვთ. თაყაიშვილმა განაცხადა, რომ კვირას, 25 აპრილს 12 საათზე იხსნება გამოფენა სამაჰმადიანო საქართველოს სამხატვრო-საისტორიო ნაშთებისა”.
“ექვ. თაყაიშვილი აკეთებს მოხსენებას ქართულ საისტორ-სახელოვნო ნაშთების შესახებ, რომლებიც უპატრონოდ და უყურადღებოდ არიან დატოვებულნი, ბუნების სტიქიონნი და ბოროტნი ხელნი მათ განადგურებას უქადიან (მარტვილის ტაძარი, ბოლნისი და სხვები) და მათ დასაცავად კი არავითარი სახსარი არ მოეპოვება არც საპატრიარქო საბჭოს და არც სხვა საისტორიო საზოგადოებათ.
ბოლნისს გვინგრევენ თათრები, იქ კი დასახლებას თხოულობენ რაჭველები და თურმე მიწათმოქმედების სამინისტრო მათ ნებას არა რთავს.
დადგენილება:
ეთხოვოს პირად კომისიის მხრივ მიწათმოქმედების სამინისტროს, რომ ბოლნისში ნება დართოს მსურველ ქართველთ დასახლებისა.
ხელოვნების ნაშთების დასაცავად და შესაკეთებლად ეთხოვოს მთავრობას რათა ამისათვის გადასდოს განათლების მინისტრის განკარგულებაში ორი მილიონი მანეთი საკუთარ განყოფილების /თუნდაც მაგიდის/ შესაქმნელად.
ექვ. თაყაიშვილი აკეთებს რა მოხსენებას თავის შარშანდელ მოგზაურობის შესახებ, როდესაც მან აღწერა ბევრი ნაშთი-სიძველე და ზოგიც ჩამოიტანა მუზეუმში; ითხოვს ამ საქმის გაგრძელებას საწელსაოთაც და საამისო ხარჯს საპროპაგანდო თანხიდან.
დადგენილება:
ეთხოვოს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს, რათა სამოგზაუროდ მიეცეს ექ. თაყაიშვილს საპროპაგანდო თანხიდან საჭირო ფული, რადგან ხელოვნების ნაშთთა აღწერვის დროს ის აგრეთვე საჭირო პროპაგანდასაც გასწევს ხალხში.
ექ. თაყაიშვილი: საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში როცა მიწასა სთხრიან, დიდძალ საისტორიო ნაშთების ნივთებს პოულობენ კერძო პირები და თავის სურვილებისამებრ ხმარობენ მათ. ბევრი წილი საზღვარ გარეთ გადის. საჭიროა განათლების მინისტრის უფლებაში გადავიდეს მიწის გათხრის ნებართვის უფლება და დღემდე ნაპოვნი, მიწიდან ამოღებული ნივთები ჩამოერთვათ და გადაეცეს სახელმწიფო მუზეუმს.
დადგენილება:
წინადადება მოწონებულ და მიღებულ იქნეს კონკრეტიულად.
ნაშთთა აღმოსაჩენად მიწის გათხრის უფლება ეძლეოდეს განათლების მინისტრის ნებართვით.
დაევალოს ექ. თაყაიშვილს საამისო პროექტის შედგენა-შემუშავება ხელოვნების კომისიის მხრივ დამფუძნებელ კრებაში წარსადგენად და დასამტკიცებლად.
მოხსენება ევალება ექ. თაყაიშვილს”.
მოამზადა თათია ნავროზაშვილმა
საისტორიო არქივის მასალებზე დაყრდნობით
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ყოჩაღ, თათი .. ძალიან საინტერესო სტატია! დიდი მადლობა, ამ დიდებული ადამიანის ღავწლის შესახებ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობები რომ გაგვაცანი !
dzalian saintereso statiaa mdlobt rom aset saintereso ragaceebs wert bavshvebistvis vinc magalitad eqvtime tayaishvilze ar icis da waikitxav mashin is codnas miigebs. kidev gixdit did madlobas.
dzalian saintereso statiaa martlac
me me_4 klasshi var magram eqvtime tayaishvilze araperi msmeni simartle rom gitxrat