მთავარი » ჯანმრთელობა

ეპიდსიტუაციის პროგნოზი 2016 წლის ზაფხულისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.07.2016 | 4,311 ნახვა

სიცხე ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული შემთხვევების, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.

ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.

თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადებაგადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.

დიარეული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:

• წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;

• არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ. ანადუღარი წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;

• სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება; უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;

• შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);

• ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;

გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
საკვების მოსამზადებლად
სასმელების დასამზადებლად
ყინულის მოსამზადებლად
ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად
ხელების დასაბანად

მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი პროდუქტი და მზა კერძები. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მზა კერძები – თავდახურულ ჭურჭელში;
სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მზა პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით დამზადებული ტორტებისა და კრემიანი ნამცხვრების მომზადებასა და მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი და სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი, ხარისხიანი კარაქი, დამზადებული პროდუქტი კი მოვათავსოთ მაცივარში არა უმეტეს 2 საათისა 80C ტემპერატურაზე;
არ შეიძინოთ ხორცი და ხორცის პროდუქტები რომლებიც იყიდება ან ინახება არასათანადო პირობებში;
დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
ექიმის მოსვლამდე თავი უნდა შეიკავეთ კვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.
მოერიდეთ სოკოს შეგროვებას თუ მათ კარგად არ იცნობთ. გახსოვდეთ: იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც იწვევს მოშხამვას, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ, სოკოს დაბერების ან დაჭიანების შემთხვევაში, რომელშიც დროთა განმავლობაში გროვდება ტოქსინები.

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა კიდევ ერთხელ მივმართავთ სოკოს მოყვარულებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:

შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად;
სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;
არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო;
სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს;
გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა – ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება – მცდარია!

ყურადღება მიაქციეთ საკვების მომზადებისა და მოხმარებისას ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენის წესების დაცვას.

ხელების საპნითა და გამდინარე წყლით ხშირი დაბანა დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე წყალსატევებში ბანაობისას. მოერიდეთ ასეთი წყლის ჩაყლაპვას და დაიცავით ჰიგიენის წესები. ნუ დააბინძურებთ წყალს, რომელშიც ბანაობთ.

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცოფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკუთრებაში მყოფი და მიკედლებული ცხოველების ცოფზე აცრა, მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის რეგულირება. ცხოველისგან დაკბენა/დაკაწვრა/დადორბვლის შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხის გადასაწყვეტად.

ზაფხულის პერიოდში აქტიურდებიან გველები. გველის კბენისგან თავის დაცვის მიზნით, იმ ტერიტორიებზე, სადაც ცნობილია მათი გავრცელება, იარეთ მაღალყელიანი და სქელლანჩიანი ფეხსაცმლით. გველის დაკბენის შემთხვევაში ეცადეთ დაიმახსოვროთ გველის ფერი (ეს დაეხმარება ექიმებს სწორი ანტიდოტის შერჩევაში დაზარალებულის სამკურნალოდ), არ გაეკიდოთ გველს და არ შეეცადოთ მის მოკვლას, არ დასეროთ დაკბენილი ადგილი და არ ეცადოთ შხამის გამოდევნას რაიმე მეთოდით, არ გამოიყენოთ ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები! დაზარალებული მოათავსეთ მშვიდად და ეცადეთ დაკბენის ადგილი იყოს უფრო ქვევით, ვიდრე გული; დაკბენის ადგილი დაფარეთ სუფთა სახვევით და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს – ადექვატური დახმარების მიღების მიზნით. გახსოვდეთ! ყველა რაიონული ცენტრი მომარაგებულია გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით! რაიონის ცენტრში მდებარე საავადმყოფოები შეძლებენ აღმოგიჩინონ ადექვატური დახმარება!

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. აუცილებელია შინაური ცხოველების დროული აცრა ჯილეხის წინააღმდეგ; კატეგორიულად დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. ჯილეხით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფი სწორედ ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავებაში მონაწილე პირებია.

ავადმყოფ ან მკვდარ ცხოველთან, ფრინველთან კონტაქტი შესაძლოა მოიცავდეს საფრთხეს ადამიანთათვის.

თქვენი ცხოველის, ფრინველის დაავადების ან სიკვდილის შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს.

პროგნოზი იმუნიზაციით მართვადი ინფექციების მხრივ (რომელთა წინააღმდეგ არსებობს ეფექტური ვაქცინები და ქვეყანაში ტარდება რუტინული იმუნიზაცია) – კეთილსაიმედოა. მიუხედავად ამისა, დასასვენებელ ადგილებში ახლად ჩამოყალიბებულ კოლექტივებში მოხვედრილ აუცრელ მოზარდებს/მოზრდილებს შორის შესაძლოა გავრცელდეს ზოგიერთი ვაქცინით მართვადი ინფექცია, მოზრდილი ასაკის კონტიგენტის არასრულფასოვანი იმუნური სტატუსის გამო. ამიტომაც, დასასვენებელი ბანაკების დაკომპლექტებისას ყურადღება უნდა მიექცეს აცრის სტატუსს (ასაკის მიხედვით). აუცრელი პირების დაშვება ასეთ კოლექტივებში მიზანშეუწონელია.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ მშობლებს ბავშვთა აცრების საჭიროების შესახებ! კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენი შვილების აცრებს! დარწმუნდით რომ მათ მიღებული აქვთ ყველა ვაქცინა ასაკის შესაბამისად. თუ აღმოაჩენთ, დარღვევას თქვენი შვილის იმუნიზაციის კალენდარში – მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და მოითხოვეთ იმუნიზაცია!

გარემოს ტემპერატურის მატების ფონზე იქმნება ხელსაყრელი პირობები ისეთი დაავადების გავრცელებისათვის, რომელიც მწერებს გადაქვთ (ტრანსმისიული დაავადებები)! ზაფხული საუკეთესო პერიოდია ტკიპების, კოღოებისა და ფლებოტომუსების აქტიურობისათვის. მათ კი შეუძლიათ გადაიტანონ ისეთი დაავადებები როგორიცაა მალარია, ლეიშმანიოზი, სხვადახვა სახის ცხელებები. ტრანსმისიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის აუცილებელია გადამტანებისაგან თავის დაცვა: ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რეპელენტების (დამაფრთხობლები) წასმა და/ან შესხურება სხეულის ღია ადგილებზე.

არ დაუშვათ გადამტანების გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა თქვენს საცხოვრებლებთან ახლოს! წყლის მარაგები იქონიეთ თავდახურულ ჭურჭელში, არ დაუშვათ საგუბრების, ტბორების ჩამოყალიბება! არ იქონიოთ გამოუყენებელი საბურავები ღია ადგილას: მათში ჩაგროვილი წვიმის წყალი შესაძლოა დაავადებათა გადამტანი კოღოების გამრავლების ადგილად იქცეს!

2015 წლიდან მსოფლიოში გაიზარდა ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი. ეს დაავადება ჩვენში ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა რეგისტრირებულია მისი გადამტანი.

ზიკასა და სხვა ტრანსმისიული დაავადებების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობა წელს, ისევე როგორც შარშან, ჩაატარებს სადეზინსექციო სამუშაოებს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში – ანაკლიიდან სარფამდე. აგრეთვე, ყველა იმ ადგილას სადაც ზედამხედველობით გამოვლიდება გადამტანების არსებობა.

ბუნებაში ყოფნისას, დამატებით, სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ეს დაგიცავთ ტკიპებისგან! ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელებაც, ამიტომ დაუშვებელია ცხოველებიდან ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.

გახსოვდეთ, ამ წესების დაცვა დაგიცავთ ნებისმიერი ტრანსმისიული დაავადებისგან!

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის, ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად, აუცილებელია მათი აცრის სტატუსის კიდევ ერთხელ გადამოწმება და ასაკობრივად გამორჩენილი აცრების სკოლაში შეყვანამდე ჩატარება.

წყარო: http://www.ncdc.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი