მთავარი » საზოგადოება

,,ენა ენერგიაა…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2017 | 1,883 ნახვა

ეროვნების განმსაზღვრელი ნიშანი არის ენა, რომელსაც მშობლიურ ენას ანუ ,,დედა ენას” უწოდებენ. დედა ენა კი, ყველამ ვიცით, რომ ადამიანის უძვირფასესი საუნჯეა, სადაც ერთ მთლიან სისტემად არის ჩამოყალიბებული ხალხის აზრი, შემოქმედებითი ძალა და სულიერი ცხოვრების ისტორია. ზოსიმე ქვეყნის ბუნება, ხალხის ისტორია, მისი ფსიქიკური წყობის თავისებურებანი თავის ბეჭედს ასვამენ ენას, მის ბგერათა სისტემას, გრამატიკულ წყობას, ლექსიკას. ყოველივე ეს განუმეორებელი ელფერით მოსავს ენას, რომელიც ამის გამო ყველაზე ახლობელი და ორგანულია, სწორედ, ამ ბუნების წიაღში მოქცეული ადამიანებისათვის. ამიტომ ბავშვს ყველაზე უკეთ დედა ენა უხსნის გონების კარიბჭეს და განაცდევინებს ისეთ სიტკბოებას, რასაც ვერ მიანიჭებს ვერც ერთი სხვა ენა. ადამიანი მხოლოდ მშობლიურ ენაზე აღწევს სრულყოფას გონებრივი და ენობრივი განვითარების თვალსაზრისით, უცხო ენაზე ამის მიღწევა შეუძლებელია. ,,ვინც ზედმიწევნით არ სწავლობს თავის ენას, ის ვერასოდეს ვერ მიეწევა ჯეროვანს სიღრმეს აზრისას და გრძნობისას და იქნება მეტ-ნაკლებობით ფუქსავატი არსება, თუნდაც მთელი დუჟინი უცხო ენები იცოდეს”. ( იაკობ გოგებაშვილი)

თავის დროზე პედიატრმა ირ. ფაღავამ ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ ქართველ ბავშვებს, რომლებიც დაწყებით კლასებში რუსულად სწავლობდნენ, არტერიული წნევა რამდენადმე უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ. მაგრამ როცა ეს ბავშვები კვირა დღით შეამოწმეს, ნორმალური არტერიული წნევა აღმოაჩნდათ. თითქმის მივადექი სათქმელს. დღეს ქვეყანაში, ყველაფერთან ერთად, ენის პრობლემა დგას და არავინაა ამის გამკითხავი. ენათა სიყვარულმა და ,,თანასწორობამ” მშობლიური ენის დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს. ჩემთვის სულ ერთია ვინ წამართმევს ენას: რუსი, ჩინელი, თუ ამერიკელი, რადგან მე ჩემი ენით ვარ თვითმყოფადი. ,, რა ენა წახდეს, ერის დაეცესო” – ამბობს გრიგოლ ორბელიანი.

კარგია უცხოური განათლება ჩვენში, მაგრამ ის, რომ ბარბარიზმებით გავავსოთ ენა, არ გვეპატიება! ის, რომ მხოლოდ ინგლისური წარწერები ვაკეთოთ, არც ეს გვეპატიება! მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს, სადაც უამრავი ქართველი ტურისტი ჩადის და გაოცებულნი ჩამოდიან… რა აკვირვებთ? – სილამაზე? – სისუფთავე?… ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა ნიშანდობლივი: როგორც კი გასცდებით საქართველოს საზღვარს, ვერსად ნახავთ აბრას, რომელიმე სხვა ენის წარწერებით. მხოლოდ აზერბაიჯანულად! კეთილი ინებე და მიხვდი, რაც წერია! ისინი აფიქსირებენ იმას, რომ თავიანთ ქვეყანაში პრიორიტეტია საკუთარი ენა. და ჩვენ რას ვაკეთებთ მათგან განსხვავებით? აბრები აჭრელებული გვაქვს უამრავი ენის წარწერებით. ქართული ასოებითაც ინგლისურს ვწერთ. ცალკეული მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს…

ადრე ყური გაგვიხედნეს რუსულით, ახლა – ინგლისურით და ქართული, დააკვირდით თანამედროვე დიალოგებს, ის აღარაა, რასაც თუნდაც მე-20 საუკუნის ქართველი სიამოვნებით მოისმენდა.

სხვათაშორის, შეიძლება ზოგს სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ დადგენილია, ენას თავისი მუხტი აქვს (კოდირებული), იმდენად ძლიერი გავლენაც აქვს, რომ შეიძლება სახე, ხასიათი, აზროვნება შეუცვალოს ერს. ილიას სიტყვებია: ენა, მამული, სარწმუნოება”. ენა პირველ ადგილზე დგას, რადგან მასშია მთელი ჩვენი ქვეყნის სული და ენერგია, თუ ის შეიბღალება (მერე და, როგორ იბღალება), მამულიც და სარწმუნოებაც თან მიჰყვება და ამის მაგალითები უამრავი გვაქვს. დავიწყოთ თუნდაც ბიბლიიდან: ბაბილონის გოდოლი რომ არ აეშენებინათ, ღმერთმა ხალხს ენა აურია…და ამით უკვე ყველაფერი ითქვა!

დღეს არა გვაქვს უფლება ამ პრობლემას გვერდი ავუაროთ. ენის სიწმინდეზე თუ არ ვიზრუნეთ, მის შესწავლაზე, რაც საუბედუროდ სკოლებშიც აღარ ისწავლება სათანადოდ, მალე ჩვენ ქართველებიც აღარ ვიქნებით! იყო დრო, არასწორად რომ მეთქვა რამე, მეკითხებოდნენ: ვინ იყო შენი ქართულის მასწავლებელიო… და ახლა მე მიჩნდება იგივე კითხვა სრულიად საქართველოს მიმართ: გვყავს კი დღეს ჩვენ ქართულის მასწავლებლები? (გადახედეთ ე. წ. კატის გამოცდების სტატისტიკას და ყველაფერს პასუხი გაეცემა).

ის ენერგია, რაც ქართულ ენას აქვს, უფალმა მოგვმადლა, ნუ დაგვავიწყდება! სწორედ ქართულია ის ენა, რომლითაც საიდუმლო გაცხადდება მეორედ მოსვლის ჟამს: ,, დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა”. (იოანე ზოსიმე ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”).

მაპატიოს მკითხველმა ჩემი გულის ტკივილი “დაწუნებული” ქართული ენის გამო… ის დიდი იმედიც მაპატიოს, რაც ყოველთვის მაქვს: ,,და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა”(იოანე ზოსიმე).

მოამზადა რუსუდან კენჭოშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი