მთავარი » კონკურსი

ელენე ნამორაძე – “ჩემი სკოლა” – სსიპ ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.11.2014 | 2,733 ნახვა

სკოლა – ოთხსართულიანი, ნაცრისფერი, სტანდარტული შენობა საქართველოში, რკინის რიკულებით შემოფარგლული, პატარა სპორტული მოედნით, აქა-იქ მდგარი ოდესღაც დარგული ხეებით და ალაგ-ალაგ მოასფალტებული ეზოთი, ყველა ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი.

დილით ადრე გაღვიძება, ხვეწნით მოპოვებული დილის ძილის სიტკბო.

-კიდევ ხუთი წუთი რა!… და მერე… ნახევრად გაღვიძებული, უზარმაზარ ჩანთამოკიდებული ბავშვები თავქუდმოგლეჯილები რომ გარბიან სკოლისაკენ, ელენე ნამორაძე რადგან სკოლა, რაც უნდა ახლოს იყოს, მაინც სულ გაგვიანდება.
ჩემს სკოლაში რომ შემოხვალთ, უთუოდ მოგხიბლავთ დასუფთავებული დერეფნები, სასიამოვნო ფერებით შეღებილი კედლები, კეთილმოწყობილი და მყუდრო ბიბლიოთეკა, თვალსაჩინოებებითა და ხელსაწყოებით აღჭურვილი ლაბორატორია, თუმცა როგორც კი საკლასო ოთახის ზღურბლს გადააბიჯებთ, იგივე გრძნობა ნამდვილად ვეღარ დაგეუფლებათ. ლამაზი დერეფნების ფონზე მართლაც უღიმღამოდ გამოიყურება ალაგ-ალაგ ბათქაშჩამოყრილი, გაცრეცილი საკლასო ოთახის კედლები, ბავშვებს რომ შეძლებისდაგვარად გაულამაზებიათ კედლის გაზეთებითა თუ სხვა თვალსაჩინოებებით, ძველმოდური დაფები და პალტოს საკიდები ალაგ-ალაგ მომტვრეული, სიძველისაგან გაცრეცილი და დამდნარი რუკები, მაღალ ფანჯრებზე სასაცილოდ და ეულად ჩამოკიდებული ძველი ფარდები, კიდევ უფრო საბრალოდ და მარტოსულად ჩამოკონწიალებული ნათურები. ერთი სიტყვით, როგორც ილია იტყოდა “აქა-იქ ოთახის სამკაულად ეყარა სხვადასხვაგვარი ნივთები”. სამწუხაროდ, გაპრიალებული ტუალეტების, თანამედროვე სპორტული დარბაზებისა და კომფორტულად მოწყობილი საკლასო ოთახების ფუფუნება საჯარო სკოლის მოსწავლეებეს არ გვაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ესეც შესაძლებელი გახდება.

ყოველ დილით სკოლის დერეფნებში ბუზებივით ირევიან ბავშვები, პედაგოგები თუ მანდატურები. ყველას თავისი კლასისაკენ მიეჩქარება, რომ არ დააგვიანდეს. ისმის ზარის ხმა და დერეფნებში ნელ-ნელა სიჩუმე ისადგურებს, თუმცა ზოგისთვის ავის მომასწავებელი, რადგან დააგვიანდა… მკაცრად მომზირალი მანდატურისა და მორიგე პედაგოგის მზერა… სწრაფად, გულში გადათვლილი დაგვიანებები და ნატვრა… ნეტვ, მეხუთე არ იყოს! თორემ საყვედური და ოქმი არ აგცდება… ასე იწყება ყოველი სასწავლო დღე ჩემს სკოლაში. შემდეგ კი გაკვეთილები… ზოგი საინტერესო, ზოგიც უინტერესო… პედაგოგები – მკაცრები და გულკეთილები, გაბრაზებულები და კმაყოფილები, მაგრამ ყველანი მონდომებულნი, რომ ცოდნა გადმოგვცენ, გაგვიზიარონ, გვასწავლონ… მოსწავლეების ოინები: მასწავლებლის სკამზე დადებული ჭიკარტები, ექსპრომტად შექმნილი სახუმარო ლექსები და რეპლიკები, მასწავლებლის მაგიდასთან მოკალათებული, სოლიდურად ჩაცმულ-დახურული ჩონჩხი… და გასახალისებლად ბავშვების მიერ მოფიქრებული სხვა უამრავი ხრიკი… და ბოლოს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლის კარებთან ერთბაშად მიმწყდარი, მოყიჟინე ბავშვების უზარმაზარი გუნდი და გასასვლელ კართან მიჭყლეტილი, მუდმივად მობუზღუნე სკოლის დარაჯი, ვაი-ვაგლახით გაღებული სკოლის კარი და ბრძოლა “თავისუფლებისთვის”…

სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას ახალისებს და აცოცხლებს პერიოდულად დაგეგმილი ღონისძიებები, პრეზენტაციები და ღია გაკვეთილები, კულინარიული დუელი თუ სპორტული შეჯიბრებები, საინტერესო და დასამახსოვრებელი.
პრეზენტაციებისთვის ბევრ საინტერესო მასალას ვიძიებთ, მასწავლებელთან ერთად ვსაუბრობთ თემის ირგვლივ, ვცვლით იდეებსა და მოსაზრებებს, ვამზადებთ სლაიდებს, შემდეგ კი ჩვენს ნამუშევარს დირექტორის, სასწავლო ნაწილისა და სხვა პედაგოგების წინაშე წარვადგენთ. ცოტას ნერვიულობ, ღელავ, მაგრამ თუ კარგად გამოგივიდა, გსიამოვნებს და ცოტათი გეამაყება კიდეც.

ერთად დაგეგმილი დასუფთავების დღე, მართლაც, სახალისო იყო, როცა ყველანი სკოლის ეზოში შევიკრიბეთ, ერთად დავასუფთავეთ და გავალამაზეთ ეზო. ასევე ძალიან ვიმხიარულეთ კულინარიულ დუელზე, სადაც იმდენი გემრიელი კერძი მოვამზადეთ, თანაც ისე ლამაზად გაფორმებული, რომ მასწავლებლებს ნამდვილად გაუჭირდათ საუკეთესოს გამოვლენა, თუმცა გულნატკენი არავინ დარჩენილა, გარკვეულ ნომინაციაში ყველამ გაიმარჯვა.

ასეთია ჩემი სკოლა, ვიღაცისთვის ერთი უღიმღამო, არაფრისმთქმელი ნაცრისფერი შენობა, ჩემთვის კი ბავშვობის მთელი ისტორია ცრემლიანი და ღიმილიანი, სიხარულითა თუ გულისტკენით, მარცხითა თუ წარმატებით აღსავსე, თუმცა იმედიანი, ლაღი და ბედნიერი.

ელენე ნამორაძე, 13 წლის
სსიპ ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლის VIII2 კლასის მოსწავლე

გაგვაცანით თქვენი სკოლა! მოგვწერეთ თქვენც…
“ჩემი სკოლა” – კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი