მთავარი » კულტურა

ელ გრეკოს მხატვრობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2014 2 კომენტარი | 12,660 ნახვა

“ელ გრეკო ძველი ოსტატია, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე… ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება, რომ გზა გვიჩვენოს”.

როჯეფ ფრაი

წმიდა პეტრეესპანური რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ელ გრეკო- დომენიკოს თეოტოკოპული (1541-1614) საბერძნეთში დაიბადა, იტალიასა და ესპანეთში კი თავისი ნიჭი სრულყო. მას ესპანელ მხატვარს უწოდებენ, რადგან ესპანური სკოლის ორგანული ნაწილია, თუმცა ელ გრეკოს არც საბერძნეთი თმობს. მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს (Δομήνικος Θεοτοκόπουλος), რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას.

თეოტოკოპულმა სახელი “ელ გრეკო” შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის წარმომავლობის მითითებით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო. საგულისხმოა, ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან მეტი ალბათობით ესპანეთიდან. თუმცა ესპანურად მისი სახელი იქნებოდა ელ გრიეგო.

ეს უდიდესი მხატვარი საოცარი სიღრმით სწვდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, განსხვავებულად აღიქვამდა სამყაროს. მან ფერწერაში სრულიად ახალი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა.

ელ გრეკო თავის შემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმიდანთა ხატვას. წმიდა პეტრე და პავლეის ხშირად ხატავდა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს, პეტრეს. “წმიდა პეტრეს ცრემლები” საოცარია არა მხოლოდ რელიგიური ღირებულებებით, არამედ ფერწერული კუთხითაც. წმიდანი თითქოს მხოლოდ ცრემლის მიღმა ხედავს სამყაროს. მისი ჭაღარა თმა, წვერი ქმნის განცდას, რომ ამ ადამიანმა უამრავი ცხოვრებისეული გაჭირვება გადაიტანა. ტილოზე არსებული ხე და ყავისფერი სივრცე კი სიღრმის ეფეტს ქმნის. წმიდანის სამოსი ორ ფერშია გადაწყვეტილი. ამ ფერწერულ ტილოს სხვათა ცოდვების გამო მწუხარებით აღსავსე კაცის ამბავი მოაქვს ჩვენამდე.

“წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების” ხატვა ელ გრეკომ სიცოცხლის ბოლო წელს დაასრულა. მოციქულების ყვითელი და მოწითალო მოსასხამების ნაოჭებიდან სინათლე იფრქვევა. მათ თვალებში სიმშვიდე სუფევს. ხელები ემოციურ დატვირთვას ინაწილებენ, რაც უცხოა ელ გრეკოს პერიოდის სურათებისთვის. სურათის ცენტრში წმიდა პეტრეს თეთრი შუქით განათებული ხელი თითქოს კითხვის ნიშნად აზის ფერწერულ ტილოს. აქ საბოლოო ჯამში წმიდანთა ფიქრისა და განსჯის პროცესია დაფიქსირებული.

წმიდა ოჯახიელ გრეკო ხატავს წმიდა ოჯახის წევრების სულიერ სიმშივდეს. ღვთისმშობლის, ჩვილი იესოს, წმიდა ანასა და წმიდა იოსების გარდა, აქ კიდევ ერთი პატარა ბავშვია- იოანე, რომელიც მომავალში იესოს მონათლავს. მას ხელში ხილით სავსე ვაზა უჭირავს და სიდინჯით აწვდის ხილს წმიდა ოჯახს. იოანე ნათლისმცემელი სახარების თანახმად, იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო. მან იწინასწარმეტყველა მესიის მოსვლა. იოანე ნათლისმცემელმა იესო მდინარე იორდანეში მონათლა.

ელ გრეკომ საოცრად გადმოსცა ქრისტეს ნათლისღების რელიგიური სწავლება, სურათში “ქრისტეს ნათლისღება”. ცალი მუხლით დაჩოქილი, თავმდაბალი იესო უფლის მორჩილებით ინათლება. ანგელოზები მას წითელ ტილოს გასამშრალებლად უმზადებენ. იოანე ნათლისმცემელი იესოს წყალს ნიჟარიდან ასხამს. წყალი სიმსუბუქით ეშვება მის თავზე. მტრედი-სულიწმიდა, იოანეს ხელისკენაა მიმართული. ის სხივებშია გახვეული. ტილოზე საოცრადაა გამოსახული შინაგანი და ზეციური სინათლის კონტრასტი.

“წმიდა იერონიმე” ხუთი წელი ცხოვრობდა სირიის ერთ-ერთ მონასტერში, წმიდა წერილზე მუშაობდა და ასკეტურად ცხოვრობდაა. მან ეკლესიას დაუტოვა მდიდარი მემკვიდრეობა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ ასკეტური ნაშრომები, წმიდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. წმიდა იერონიმემ დიდ ღვაწლში, ლოცვასა და მარხვაში გალია სიცოცხლე. ელ გრეკოს ტილოზე, ფიქრისა და ინტელექტუალური ცხოვრების კვალი იერონიმეს თვალებსა და შუბლზეა გადატანილი, გადაშვილი წიგნის ამავეს მიუთითებს.

ჯვარცმული ქრისტე და ორი დონატორიგამორჩეულია ელ გრეკოს “ჯვარცმული ქრისტე და ორი დონატორი“. ორი დონატორი, ნახატის შემკვეთია. მათგან ერთი კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირია, მეორე ესპანელი დიდებული. მათ სახეზე აღბეჭდილია მოკრძალება, რიდი, იმედი, გადარჩენის სურვილი. ჯვარცმული იესო კი ზეცისკენ იყურება და უფლის განჩინებას მოელის. იესოს არაამქვეყნიური სხივი ადგას. ამობურცული თვალის უპეები წამებაში განვლილ საათებზე მიუთითებს. ბაგეები კი მოკუმულია დათმენის უსასრულო შეგრძნებით. ტილოს ტრაგიზმს ელვასავით თვალისმომჭრელი იმედი ასხივოსნებს. როცა ეს ტილო იქმნებოდა, არაერთი მსგავსი სიუჟეტისა და თემატიკის ნამუშევრები დაუხატავთ. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისის ღირებულება შემორჩა, ელ გრეკოს “ჯვარცმული ქრისტე და ორი დონატორი” კი ყოველდღე ხელახლა შეიძლება შეიცნო და დაინახო. ლუვრში მის სანახავად უამრავი ხელოვნების მოყვარული ჩადის.

ტილოზე “ესპოლიო (ქრისტეს განმოსვა)” ჯვარცმის წინა წუთებია აღწერილი. აქ ჩანანან ადამიანები, რომლებიც ჯვარზე გასაკრავად ამზადებენ ქრისტეს. მის ირგვლივ თავმოყრილი დაკუნთული ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ქრისტეს. არც ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ქრისტეს განმოსვას აპირებს ან ესწრება, ზეცისკენ არ იყურება. ქრისტე ჯვარისმტვირთელიმხოლოდ ქრისტეს აღუპყრია თვალები ელვისაგან განათებული უსასრულობისკენ. მხოლოდ ის ხედავს კაცთა უგუნურების გამო მომავალ რისხვას. იესოს ცრემლიანი თვალები აქვს, მაგრამ სახეზე მაინც სიმშვიდე აქვს შენარჩუნებული. ტკივილი ხორციელი და სულიერი აქ განუყოფელია.

ქრისტე ჯვარისმტვირთელში” ელ გრეკო გადმოსცემს ქრისტეს, რომელმაც არა მარტო პირდაპირი მნიშვნელობით აზიდა საკუთარი მხრებით ჯვარი გოლგოთაზე, არამედ კაცობრიობის ცოდვათა ჯვარიც იტვირთა. ტილოზე ის ზეცისკენ იყურება. ცრემლიანი თვალები სულაც არ უგულებელყოფს იმ სიმშვიდესა და მზაობას მსხვერპლას შეწირვის წინ, რომლითაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ქრისტეს ნათელი ადგას თავზე, რომელიც წაგრძელებული კუთხეებით ჯვრის ფორმის სინათლეს ქმნის. ჯვრის წვერი თითქოს არღვევს ცის ერთიან ფონს და ზეცაში იჭრება, იქ, სადაც ნათელი სუფევს. ქრისტეს სახე დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მისი ყოველი ნაკვთი, წვერის თმის ღერებიც კი, ძარღვები – მის ხელებზე.

ელ გრეკოს ფასი ერთეულებმა იცოდნენ. დიდი ოსტატი გარდაიცვალა ტოლედოში, ფაქტობრივად, ფუნჯით ხელში. თანამედროვეებმა დავიწყებას მისცეს მისი შემოქმედება. ელ გრეკოს არ ჰყოლია წინამორბედი და არ დაუტოვებია ღირსეული მიმდევრებიც.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი