ეკო პლასტელინი – ახალგაზრდა დედის წარმატებული წამოწყება

ახალგაზრდა დედამ, გვანცა ამურველაშვილმა, საკვებად ვარგისი ინგრედიენტებით ეკო პლასტელინის დამზადება კარანტინის პერიოდში დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც. როგორც გვანცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პლასტელინი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის, ისევე როგორც – ხატვა, გაფერადება და სხვა. რატომ დაინტერესდა ამ ბიზნესის წამოწყებით და რა მოთხოვნაა დღეს ბაზარზე ეკო პლასტელინზე? გვესაუბრება 2 მცირეწლოვანი შვილის დედა, პროფესიით ლიტერატურათმცოდნე, გვანცა ამურველაშვილი.
„ვცდილობ ჩემ შვილებს ჯანმრთელი და ჯანსაღი გარემო შევუქმნა, როგორც ფიზიკურად, ისე -სულიერად და გონებრივად. მინდა თავისუფალი, ბუნებასა და ადამიანთან ახლოს მყოფი პიროვნებები გავზარდო, ამიტომ დიდი სიფრთხილით ვარჩევ მათთვის პროდუქტს, სათამაშოებს და აქტივობებს. ეკო პლასტელინზე ინფორმაციულობა ძალიან დაბალი იყო, თუმცა, ინტერესი და მოთხოვნები ნელ-ნელა იზრდება.“
რა ასაკიდან იწყება ბავშვის პლასტელინთან ურთიერთობა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება?
ბავშვის პლასტელინთან ურთიერთობა 6 თვის ასაკიდან იწყება და თავის ეტაპებს გადის. ამ ასაკში ბავშვი იმეცნებს საკუთარ სხეულს და გარე სამყაროს, სწავლობს შეხებითა და შეგრძნებებით, პლასტელინი კი ხელს უწყობს სენსორული მოტორიკის განვითარებას. ამ ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საძერწი ცომი, პირველ რიგში, იმიტომ რომ ის არ შეიცავს წებოს, მზადდება მხოლოდ საკვები პროდუქტებისგან, არის ეკოლოგიურად სუფთა და შესაბამისად, უსაფრთხო. ამიტომ, თუკი პირში ჩაიდებს, ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არის რბილი და ჩვილის თითები მარტივად ერევა მას, ეუფლება ხელის სწორად გამოყენების ტექნიკას. ასევე, ნატიფი მოტორიკის ჩამოყალიბების პროცესში პლასტელინი დიდ როლს თამაშობს. ბავშვები ამ ასაკში ეჩვევიან რუდუნებით აკეთონ თავიანთი საქმე, ძერწონ პატარა დეტალები, ამას გარდა, ეკო პლასტელინის ფაქტურა ძალიან კარგი დამამშვიდებელია ბავშვებისთვის.

როგორ დაიწყეთ პირველად ეკო პლასტელინის დამზადება?
მე ყოველთვის ვცდილობ ქართული პროდუქტი ვიყიდო, თუკი ამის არჩევანი მაქვს. კარანტინის პირობებში გამიჭირდა ქართული პლასტელინის ყიდვა. მაღაზიებში მხოლოდ შემოტანილი პროდუქტი დამხვდა, ისიც ისეთი, რომელიც წებოს შეიცავს და გარდა იმისა რომ საფრთხის შემცველია გარკვეულ ასაკში, ნივთებს ეკრობა და თითქმის შეუძლებელია მისი მოცილება. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემით გამეკეთებინა პლასტელინი, უფრო მეტიც, ბავშვს თავად გაეკეთებინა. ამას მთავარი დადებითი ის ჰქონდა რომ ბავშვი დიდხანს იყო დაკავებული ცომის კეთებითა და ფერის მიღებით. მე ამ დროს შემეძლო დამესვენა ან რაიმე საქმე მეკეთებინა. საბოლოოდ ისე მომეწონა პროდუქტი, რომელსაც ჩემი შვილი თავად ქმნიდა რომ მომინდა სხვა ბავშვებსაც ჰქონოდათ და კიდევ ერთი ქართული ნაწარმი შემატოდა ბაზარს. დაინტერესება სულ მალე მოჰყვა და ყოველდღიურად იზრდება, ძალიან მოსწონთ ჩვენი პლასტელინი და ძალიან მეხმარებიან ჩემი ბიზნესის განვითარებაში.
როგორ არის შესაძლებელი ეკო პლასტელინის შეძენა?
ამ ეტაპზე ეკო პლასტელინის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. შექმნილი მაქვს Facebook გვერდი – Fertso • ფერწო, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოგვწერონ და შეგვიკვეთონ მათთვის სასურველი ფერისა და რაოდენობის ეკო პლასტელინები. აქვე აღვნიშნავ, ეს პლასტელინები გაცილებით იაფია და ხელმისაწვდომი. შეკვეთების მიწოდებაში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. სამომავლოდ მსურს, მაღაზიებშიც შესაძლებელი გახდეს ამ პროდუქტის შეძენა. მინდა, ეკოცნობიერების ამაღლებაშიც პატარა წვლილი შევიტანო და ჩემს საწარმოში, რომელსაც გავაფართოვებ, დავასაქმო ქალები, მარტოხელა დედები და ხელი შევუწყო მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, შევუქმნა ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ შეძლონ მუშაობა, ცხოვრება და განვითარება, მაგრამ მანამდე ჯერ დროა გასავლელი, მივყვები ამ მიზანს და ვიცი, აუცილებლად მოვახერხებ, ჩემი საქმიანობა იყოს სიკეთის მომტანი, ქვეყნისა და ადამიანებისთვის.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.