მთავარი » საზოგადოება

ეკომიგრანტები სვანეთიდან და მთიანი აჭარიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2014 ერთი კომენტარი | 16,344 ნახვა

მსოფლიოში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უმთავრესად კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. გაეროს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, ხულო 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური დანაკარგები კი 100 მლრდ. დოლარს აღწევს.

სტიქიური მოვლენების შედეგად ადგილნაცვალი პირების, ანუ ეკომიგრანტების რაოდენობა, მსოფლიო მასშტაბით, 25 მილიონს აღწევს. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, კლიმატის ცვლილების ფონზე 2050 წლისათვის ეკომიგრანტთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზრდება. ტერმინი ეკოლოგიური მიგრანტი პირველად 2001 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის ნორმან მაიერმა გამოიყენა. მისი განმარტებით, ეკომიგრანტი ეს არის “პირი, რომელსაც არ შეუძლია დარჩეს საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე.“

საქართველო ბუნებრივი კატასტროფების სიხშირის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში სტიქიების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა და უფრო მეტ აქტივაციას განიცდის. ეს ყოველივე ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში აისახება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასროფების შედეგად საქართველოში სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 400–ს მიაღწია, ხოლო ზარალი 500 მილიონ აშშ. დოლარზე მეტია. ყოველივე ეს კი აისახება ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ყელბერაშვილი, სვანეთისა და ზემო აჭარის ეკომიგრანტების საკითხების შესწავლით უნივერსიტეტში ამ თემის გაცნობისთანავე დაინტერესდა, აგროვებდა მონაცემებს და ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

მარიამ ყელბერაშვილს “ამბიონი” საქართველოში, კერძოდ სვანეთიდან და მთიანი აჭარიდან ეკომიგრანტების მდგომარეობაზე ესაუბრა:

„ეკომიგრანტებში მოიაზრება არა მხოლოდ სტიქიური მოვლენის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები ანუ ე.წ. „განსახლებული ოჯახები“, არამედ რისკის ზონაში მცხოვრები „განსახლებული ოჯახებიც“, რომელთა სახლებიც აფოციალურადაა შეფასებული, როგორც დანგრეული, აღუდგენელი და საცხოვრებლად უვარგისი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით ამჟამად საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული, მათგან 11 ათასი ოჯახი კი სასწრაფო განსახლებას საჭიროებს.

საქართველოში ეკოლოგიური მიგრაციების მასშტაბის მიხედვით შეიძლება ითქვას გამოიყოფა ორი პიკი: 1987 წლის, რომელიც მოხდა სვანეთი-აჭარის და 1991 წლის, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და იმერეთის რეგიონებს შეეხო.
ეკომიგრანტების განსახლება ძირითადად აჭარის მაღალმთიანეთიდან მიმდინარეობს, რადგან აჭარა უკიდურესად მცირე მიწიან რეგიონს წარმოადგენს და ბუნებრივი კატასტროფების მაღალი სიხშირითაც გამოირჩევა.

1989 წელს აპრილში სტიქიური უბედურება აჭარას დაატყდა თავს. მეწყერმა წალეკა მაღალმთიანი სოფლები, კერძოდ, ხულოს, ქედის, შუახევის (სოფ. ხუდუნეთი, სადაც 1000-მდე ეკომიგრანტი ადამიანია და იყო მსხვერპლიც) მუნიციპალიტეტები. მაღალმთიანი აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წლების განმავლობაში 9 ათას ოჯახზე მეტი, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი იქნა განსახლებული. სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულია სულ 4144 ოჯახი. აქედან: I კატეგორიას მიეკუთვნება დაზარალებულთა 29 ოჯახი; II კატეგორიას – 166; III კატეგორიას –1274; IV კატეგორიას – 2675.

სტიქიური უბედურების გამო მოსახლეობის მიგრაცია აჭარიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა, თუმცა გამოიყოფა წალკის მუნიციპალიტეტი, სადაც აჭარიდან ეკომიგრანტთა განსახლება 90-იანი წლებიდან მიმდინარეობდა. 2009 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით წალკის მუნიციპალიტეტის 22 სოფელში აჭარიდან განსახლებული 1757 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული. საზღვრისპირა მხარეში მათი ჩასახლების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონის გაქართველების მიზნით მოხდა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ეკომიგრანტთა ნაკადების გადაადგილების დინამიკას შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატის 2014 წლის საველე პრაქტიკის გეოგრაფიის საგნის ფარგლებში ვიმყოფებოდით მთიან აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტში, წალკა სადაც ვესაუბრეთ ეკომიგრანტთა განსახლების დეპარტამენტის უფროსს, რომელმაც მოგვაწოდა ახალი ინფორმაცია. სოფელ პანტნარიდან იგეგმება 14 ოჯახის გადასახლება სტიქიური უბედურების ზონიდან კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

რა პრობლემებია დაკავშირებული ეკომიგრაციის პროცესთან?

ეკომიგრაციის პროცესთანაა დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემა. მათ შორის გაურკვევლობა სახლების, ნაკვეთების, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით და დაძაბულობა ეთნიკურ ნიადაგზე სომხურ თემსა და ჩამოსახლებულებს შორის. წალკაში ეკომიგრანტების ნაწილი სახელმწიფომ ჩაასახლა, უმრავლესობა თვითდინებით, თავიანთი ხარჯებით ჩავიდა. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სახლის დატოვება აჭარაში განვითარებული მასშტაბური სტიქიების გამო მოუხდათ, ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში იმ პირობით შესახლდნენ, რომ სახელმწიფო სახლების საფასურს გადაიხდიდა. აღნიშნული სახლების დიდი ნაწილი დღემდე არ გახლავთ შესყიდული. ხარჯების დაფარვა მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა თავიანთი ხარჯებით შეძლო , თუმცა მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო სახლების დაკანონება ვერც მათ შეძლეს, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ბერძნები ბრუნდებიან უკან თავიანთ სახლებში და ეკომიგრანტებს სახლების დატოვებას სთხოვენ.

რას გვეტყვით სვანეთიდან ეკომიგრანტების შესახებ?

ეკომიგრანტთა ძალზედ დიდი რაოდენობაა სვანეთიდან. 1987 წელს სვანეთი ბოლო წლების ყველაზე მძიმე ზამთრის მოწმე გახდა. იანვარში რამდენიმე სოფელი 3-დან–5 მეტრამდე თოვლის საფარქვეშ აღმოჩნდა. თოვლის სიმაღლე იმდენად დიდი იყო, რომ დაახლოებით 2000 სახლი ზვავის ქვეშ მოჰყვა, ხოლო – 85 ადამიანი გარდაიცვალა. განსაკუთრებით დაზარალდა მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთის) რაიონები. გზები ჩაიკეტა, სოფლებთან კავშირი გაწყდა, კომუნიკაციის ყველა საშუალება მწყობრიდან გამოვიდა. რისკის ზონიდან 16 000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. მათი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა მხარეებში გადანაწილდნენ.

2014 წლის საველე პრაქტიკის დროს აგრეთვე ვიმყოფებოდით წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც სასწავლო საველე პრაქტიკის ფარგლებში მოხდა ეკომიგრანტების განსახლების ადგილების კვლევა. გავესაუბრეთ როგორც აჭარის, ისე სვანეთის ეკომიგრანტებს. მათი თქმით, მდგომარეობა საკმაოდ რთული და კრიზისულია. მინიმალურია სახელმწიფო დახმარება, იმყოფებიან ძალზედ რთულ პირობებში და მოვლენების განვითარების მოლოდიში.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები რეალურად არსებობს, სტიქიური მოვლენებით დაზარალებული პირების პრობლემაზე ერთიანი ინფორმაციის მოძიება საკმაოდ პრობლემური საკითხია. არ არსებობს ერთიანი ელექტრონული ბაზა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და განსახლებულ პირთა შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას.“

კლიმატის ცვლილებები და მათგან გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები 21-ე საუკუნის ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგეს. ბუნებრივი კატასტროფების სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია. თანამედროვე კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ამოცანა კი მათი რისკების შემცირება და თანმხლები უარყოფითი შედეგების შერბილებაა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი