მთავარი » ქრისტიანობა

ეკლესია – ხსნის კიდობანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.10.2011 3 კომენტარი | 3,738 ნახვა

“ტაძარი ხომალდად აღიქმებოდა, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების ქაოსიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს…”

ეკლესია ქრისტეს სხეულად იწოდება, რომლის თავი თვითონვეა. ტაძარი რომ უფლის სახლია, თვით მაცხოვარი მოწმობს სახარებაში. “სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა”. ტაძარიამ სიტყვებით უფალი პირდაპირ გვამცნობს, რომ ტაძარი მისი სახლია, სახლი ღვთისა და სახლი სალოცავი. ეკლესია სახეა ხილული და უხილავი ქვეყნისა.

ტაძარში საკურთხეველი შეესაბამება სამშვინველს, ტრაპეზი – გონს, შუა ტაძარი კი – სხეულს.
როგორც ვხედავთ, ეს სამივე სიმბოლო ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. ეკლესიის მიზანია, აღადგინოს ღვთის მეუფება ქმნილებაში – ადამიანში, აზიაროს სასრული და დროებითი უსასრულოს და მარადიულს. ეკლესია უხმობს ყველას, რომ აამაღლოს ღვთის მიერ მონიჭებულ პატივში. ეს ხელეწიფება ეკლესიას, რადგან მისი თავი იესო ქრისტეა.
ტაძარს მარადისობას უწოდებენ, განცხადებულს წუთისოფლის წარმავლობაში. ხომალდს, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს.

ტაძარში ყველაფერს ორგვარი ბუნება აქვს – მატერიალური და სულიერი. საეკლესიო სიმბოლო, საიდუმლოდ შეიცავს იმას, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს. ამ კავშირს რეალური საფუძველი აქვს. წმ. მაქსიმე აღმსარებელი ხილულ და უხილავ სამყაროზე – ცასა და ქვეყანაზე – საუბრობს, მათ ერთიანობას უსვამს ხაზს: “სულიერი განცდის მქონე ადამიანებისთვის მთელი გონებით საწვდომი სამყარო, წარმოდგება საიდუმლოდ აღბეჭდილი გრძნობად სამყაროში, სიმბოლური სახეების საშუალებით. მთელი გრძნობადი სამყარო კი, სულიერი ჭვრეტის შედეგად, წარმოგვიდგება მთელ გონებით საწვდომ სამყაროში არსებულად და ლოგოსების საშუალებით შეიმეცნება”.

საეკლესიო სიმბოლო, სულიერი სამყაროს გახსნაა. სულიერი კიბეა, რომელიც შინაგანად აკავშირებს ადამიანს იმასთან, რის სიმბოლოსაც წარმოადგენს. მასში უზარმაზარი ინფორმაციაა ჩადებული. არსია, რომლის გზითაც ღვთიური მადლი აღწევს ადამიანის სულში.

პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი (“კარავი საწამებელისა”) სამი ნაწილისგან შედგებოდა: წმიდათა წმიდა (“წმიდა წმიდათა”), წმიდათა და ეზო. წმიდათა წმიდაში, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი, იდგა აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობნის სახურავზე ქერუბინთა ორი ოქროს ქანდაკება იყო. კიდობანში იდო ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით, ტაკუკი და მანანა, რომლითაც უფალი უდაბნოში ასაზრდოებდა ებრაელებს; და აარონის კვერთხი, რომელიც უფლის ნებით განედლდა აარონის სამღვდელო ღირსების დასამოწმებლად. წმიდათა წმიდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის ხსნა ერთხელ – იესო ქრისტეს მოსვლით აღესრულებოდა. მეორე ნაწილშიც მარტო მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. აქ იყო ამაღლებული სამსხვერპლო საკმევლისთვის, ტაბლა – 12 პურით და შვიდტოტა შანდალი. მესამე ნაწილში, ეზოში, ხალხი ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.
მოსეს შემდეგ, სოლომონ მეფემ ააგო დიდებული ტაძარი იერუსალიმში სკინიის მსგავსად. ნაბუქოდონოსორის შემოჭრისას ის დაიქცა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა კვლავ ააშენეს ტაძარი იერუსალიმში. (ეს ტაძარი ქრისტეშობიდან 70-ე წელს რომაელებმა დაანგრიეს.)

თავისი შინაარსით, ქრისტიანული ტაძარი მემკვიდრეა ძველი აღთქმის ტაძრისა. ისიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხეველი, შუა ტაძარი და კარიბჭე. მაგრამ თუ ძველში ხალხი მხოლოდ ეზოში დაიშვებოდა, ახლა ის შუა ტაძარში ლოცულობს, რადგან უფალმა თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანი და გაუღო კარი სასუფეველისა. გრძელდება მსხვერპლშეწირვაც, მაგრამ ახალი “მსხვერპლი და ძღვენი” არის თვითონ მაცხოვარი, თავისი ნებით შეწირული ჩვენთვის და თვითონვე აღმასრულებელი ღვთისმსახურებისა, რადგან იგია “მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა”. საკურთხევლის წინასახე ძველი აღთქმის ტაძარში იყო წმიდათა წმიდა. საკურთხევლისაგან განსხვავებით (რომელიც აღმოსავლეთითაა) წმიდათა წმიდა დასავლეთით მდებარეობდა, რაც სიმბოლურად ადამიანის მიერ სამოთხის დაკარგვას და ღმერთთან დაშორებას ნიშნავს.

საოცარი სულიერი მემკვიდრეობა აკავშირებს ძველი და ახალი ტაძრების წმინდა ნივთებსაც (ტაკუკი – ღვთისმშობლის ხატი, შვიდტოტა შანდალი და სხვ.). ეს ასეც უნდა იყოს, რადგან როგორც პავლე მოციქული ამბობს, “აჩრდილი აქუნდა ჰსჯულსა მერმეთა მათ კეთილთა”, ე.ი. სჯული ძველი აღთქმისა მხოლოდ აჩრდილი იყო იმისა, რასაც თავისი განკაცების შემდეგ ნათელი მოჰფინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც “არცა სისხლითა კაცთა და ზუარაკთაითა, არამედ თვისითა სისხლითა შევიდა ერთგზის სიწმიდესა მას, და საუკუნოი გამოჰჴსნაჲ ჰპოვა”.

ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ფორმების სიმბოლიკა

“იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა, წაგრძელებული ფორმის, აღმოსავლეთით მიმართული, ორივე მხარეს აღმოსავლეთით ჰქონდეს მინაშენი”. ტაძარი აღიქმებოდა ხომალდად, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების ქაოსიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ტაძრის ამგვარი აღქმა მომდინარეობს ნოეს კიდობნიდან, რომელიც ღვთის კურთხევით შეიქმნა და მასში მყოფნი წარღვნას გადაარჩინა. III საუკუნის მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი წერს: “ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა”. ქრისტიანული ტაძრის მეორე აუცილებელი პირობა, არის აღმოსავლეთით მიმართება. ეს ნიშნავს, რომ საკურთხეველი, რომელიც ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმიდა ადგილია, მდებარეობს აღმოსავლეთით. როგორც III საუკუნის წმ. მამა გერმანე კონსტანინოპოლელი განმარტავს, ლოცვის დროს აღმოსავლეთით დგომა ან აღმოსავლეთით თაყვანისცემა დაკავშირებულია უფალთან, რადგან იგია “მზე იგი სიმართლისა” და მასაც “აღმოსავალ ეწოდა, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი მისნი”.

როგორც ითქვა, წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმა აღმოსავლეთის აფსიდით განასახიერებს ხომალდს და თუმცა საუკუნეების განმავლობაში ტაძარი სხვადასხვა ფორმისა შენდებოდა, მაგრამ სულიერი მნიშვნელობა ხსნის კიდობნისა ყოველ მათგანშია შენარჩუნებული.

ქრისტიანული ტაძრის ასევე გავრცელებული ტიპია ჯვრის ტიპი. თვითონ ფორმა ჯვრისა კოსმოსს, მატერიალურ სამყაროს ნიშნავს, რადგან ყველაფრის აგებულებაში არის ჯვარი. გოლგოთის მერე ჯვარი ღვთიური სიყვარულის სიმბოლო გახდა. ორი გადამკვეთი ხაზი არის ჭეშმარიტება და სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება. ვერტიკალური ხაზი განასახიერებს ქვეყნის შეერთებას ზეცასთან, ღმერთის შერიგებას ადამიანთან, გახსნილ ედემს. ქვევით მიმართული ხაზი აღნიშნავს ღვთის გამარჯვებას ბოროტ ძალებზე. ჰორიზონტალური ხაზი კოსმოსის სიმბოლოა. მას ადარებენ ორ ხელს, რომლითაც უფალი თითქოს ხელს ხვევს, მოიცავს მთელს კაცობრიობას. ამავე დროს, ჯვრის ვერტიკალური ხაზი აღნიშნავს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ჰორიზონტალური კი – ურთიერთობას მოყვასთან, ღრმთეებრივ სიყვარულში ცხოვრება, ერთობაა ღმერთთან და ერთმანეთს შორის.

ტაძარი არებობს წრიული ფორმის ტაძრებიც. წრე მარადისობას ნიშნავს, მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ეკლესიაც ხომ მარადისობისკენაა მიმართული და მარადისობის გამჟღავნებაა დედამიწაზე. წრე ერთგულებასაც ნიშნავს, იგულისხმება საიდუმლო დაწინდვა ეკლესიისა ქრისტესთან. ტაძარი-რვაკუთხედი ბეთლემის ვარსკვლავს მოგვაგონებს და აქედან გამომდინარე, ეკლესია გვესახება გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად მომავალი ცხოვრებისაკენ. ის ასევე აღნიშნავს მერვე დღეს. ქვეყნიერების ცხოვრება აღირიცხება შვიდი დღით, მერვე კი მარადისობაა ღვთის სასუფეველში, ესაა ცხოვრება მერმისა მის საუკუნისა.

არსებობს შერეული ტიპის ტაძრებიც.

ტაძრები ხშირად მთავრდება გუმბათით, რაც ცას გამოსახავს. გუმბათის თავზე ჯვარია, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს, სადიდებლად: “თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლადწმიდითა”. ორი გუმბათი აღნიშნავს მაცხოვრის ორ ბუნებას, სამი – სამების სამ იპიოსტასს, ხუთი – იესო ქრისტესა და ოთხ მახარებელს, შვიდი შვიდ საეკლესიო საიდუმლოს და შვიდ მსოფლიო კრებას.
ეკლესიის ეზოში ან შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც ადრეულ საუკუნეებში არ არსებობდა და მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.

უნდა აღვნიშნოთ ტაძრის გალავანი და კარიბჭეც, ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ადრეული ტაძრის აღწერა სწორედ აქედან იწყება. ევსევი კესარიელი (IV ს.) ტვიროსის ტაძრის გალავნის კედელს “ყველაზე საიმედო დამცველს” უწოდებს, “დიდ და ზეაღმართულ” კარიბჭეზე კი ამბობს, რომ იგი შორს მდგომთაც უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, რაც შიგნითაა. ეზო “წმიდა მიდამოდ” მას რამდენჯერმე აქვს მოხსენებული.

წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს: “მართალია, ტაძარი ხელშესახები მასალით აიგება,მაგრამ ზეციური ძღვენითაა მორთული, მღვდელმთავრის საიდუმლო ლოცვით ნაკურთხი, ღვთიური მირონით ცხებული და მთლიანად უმაღლესი არსებისადმი მიძღვნილი საბრძანებლად”.

“ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა.
ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი,
არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან, ამიტომაც არის ტაძარი – ცა დედამიწაზე”,-
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • კობა says:

    დიდებული სტატიაა, კარგი იქნება მსგავსი სტატიების გამოქვეყნება მომავალშიც.

  • ანი. says:

    ძალიან საინტერესო და შემეცნებითი სტატიაა, მადლობა ქეთის.

  • მანანა says:

    დიდება უფალს!!!სტატია საუკეთესოა და გვამცნობს,რომ ხვთის ხატად შექმნილი ადამიანების გადარჩენის და სრულყოფის ერთად ერთი ,, კიდობანია ეკლესია”,რომ იქ ხდება ქრისტესთან მიახლოვება,ზიარება…ეს ვიცოდით მეტ ნაკლებად ქართველებმა,მაგრამ ახლა როცა ხვთის წყალობით გამოვფხიზლდით,ბოლო ჟამის ქართველები…საჭირო და აუცილებელია,იქ მოღვაწე მამებმა გვაპოვნიოს ჭეშმარიტება და დაგვაახლოვოს მასთან.კიდობანს ღირსეული საჭეტმპყრობელნი სჭირდება მრევლის გადასარჩენად,ჩვენ ხომ მათ ვანდობთ ყველაზე მთავარს, სულს გადასარჩენად და უნდა გვჯეროდეს რომ ახლაც ნოეს მსგავსი მოღვაწენი,ნამდვილი მამები და მეგზურები სხედან ჩვენთან ერთად კიდობანში…და არა მოძღვარი,რომელიც დაბნეული გეტყვის:- მე რა ვიცი ცხონდები თუ არა, მე ისიც არ ვიცი მე რა მელის ვცხონდები თუ არაო… და ასეთ შემთხვევაში ბრმებს ბრმამ გვიწინამძღვროს სად მივიყვანთ კიდობანს? ან დავიძრებით ადგილიდან…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი