მთავარი » ქრისტიანობა

ეკლესია და სახელმწიფო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.10.2017 4 კომენტარი | 1,892 ნახვა

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (ახალდაბის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური): “ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან მატერიალური თანადგომის, ე.წ. “დაფინანსების” პრობლემურობაზე. დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ციტატა ასე ჟღერს: „ეკლესია მატერიალურად ყველასგან დამოუკიდებელი უნდა იყოს! წარმოიდგინეთ რომ იესო ქრისტე კეისარს დაეფინანსებინა!“ ერთგვარად რიტორიკულად ჟღერს და მსმენელნი განსჯის გარეშე მარტივად ვიწყებთ აზრის დათანხმებას, შემდეგ კითხვის ნიშნით მზერას ორთავეს მივაპყრობთ, მეტწილად კი ეკლესიას. საკითხი მართლაც რომ მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხის მქონე არ არის. გარკვევისათვის თუ როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა, ისევ ამ ურთიერთობის ისტორიას გადავხედოთ. მანამდე კი აღვნიშნავ: ამგვარი დიფერენცირება ეკლესია და სახელმწიფო არაკორექტულია. სახელმწიფო წარმოადგენს საზოგადოების სისრულეს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული, ეთნიკური თუ ყოფითი საერთო წეს-ცხოვრებით გაერთიანებული. მისი შენება, ცხოვრების გეზის წარმართვა, კონკრეტული მიმართულების არჩევა, სრული საზოგადოების არჩევანის შედეგია. თუ კი ვინმე მიიჩნევს რომ სახელმწიფოს და მის ორიენტაციას „მთავრობა“ უნდა წარმართავდეს, ეს მეტად მცდარი აზრია. მთავრობა (ყოველ შემთხვევაში წესით დემოკრატიულ წყობილებაში) ამ საზოგადოების უმრავლესის არჩევანს წარმოადგენს, არჩეულნი უმრავლესობის სურვილის წარმმართველნი არიან (უმცირესობის ხელყოფის და მათი ანგარიშგაწევის გათვალისწინებით). მთავრობა სწორედ საზოგადოების სამსახურშია, მათ ნებას უნდა აღასრულებდეს და არა პირიქით, მათ თუ კი ვინმე ფიქრობს, რომ მთავრობა ხალხს მართავს. ლათინური სიტყვა “მინისტრი” ერთმნიშვნელოვნად მსახურს ნიშნავს!!! თავის მხრივ ეკლესია საზოგადოების სისრულეს წარმოადგენს, ეთნიკური და ყოფითი ნიშნის მიუხედავად. ქრისტე ყოველთა გამომხსნელად მოვიდა. „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.“(გალატ.3.28). „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“. (მათ.28.19,20).

ეკლესია ჭეშმარიტად აღმატებულია ყოველგვარ სახელმწიფოებრიობაზე. იგი წარმოადგენს კაცობრიობისა თუ კონკრეტული ინდივიდის ურთიერთობას ღმერთთან. იგი მოიცავს საზოგადოების სისრულეს. მიუხედავად აღმსარებლური ნიშნისა, ყოველი სული მოწოდებულია ქრისტეში. ამდენად, რადგან ორთავე საზოგადოების სისავსეს წარმოადგენს სრულიად წარმოუდგენელია მიჯნის გავლება. ეკლესია არ განისაზღვრება ცალსახად სამღვდელო დასით. სამღვდელო იერარქია ეკლესიის წარმმართველი ნაწილია, რომელსაც ქრისტეს სწავლების განვრცობა და დაცვა ავალია. ეკლესიის სისრულეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მთელი საზოგადოება წარმოადგენს. თვით სამღვდელო დასი სწორედ საზოგადოების ნაწილია, მისით გამოსრული და არა საიდანმე ცალკე მოვლენილი. აღნიშნულ ორთა გაყოფა მეტად ხელოვნურია და ასე რიგად დიფერენცირება საზოგადოების წევრთა ხელყოფას წარმოადგენს. თუნდაც მთავრობის პირთა (რომელთაც ცალკე აღებულად თვლიან), მათ შორის ქრისტიანთა გარკვეული რიცხოვნობაა. ამგვარი განცალკევების ნაბიჯი ჯერ სოციალ-მენშევიკებმა გადადგეს, შემდეგ ბოლშევიკებმა. მკვეთრი ხაზი გაევლო როდესაც ეკლესია განათლების სფეროდან გამიჯნეს (არადა სიტყვა განათლება სწორედ ქრისტიანობიდანაა ნასესხები). მაცხოვრის სიტყვები: „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა” (იონ. 15, 19). არ გულისხმობს კონტრასტულ გამიჯვნას. აბსოლიტურ განყენებას. ნურც ცინიკურად ახსენებს ვინმე „საჭიროების კომპრომისს“. მოცემული ცნება წუთისოფლის სულისკვეთებისგან სხვაობაზე საუბრობს, მაგრამ არ გულისხმობს საზოგადოებისგან განდგომას, რომლის შესაძენად მოვიდა მაცხოვარი, რომელი ფუნქციის აღმასრულებელიც არის ეკლესია. „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.“(მარკ.2,17). კლასობრივი და სოციალური სხვაობა კი სახარებაში უგულებელყოფილია. კვლავ წინამდებარე სიტყვას შეგახსენებთ: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.“(გალატ.3.28). საინტერესო ნიმუშია სახარებიდან: სიმართლეში მამხილებელი, ჰეროდეს მიერ შეპყრობილი იოანე ნათლისმცემელი, არათუ შეაგინებს შემპყრობელს, არამედ კვალად განსწავლის ჭეშმარიტებაში. ნათლისმცემელი არარა კომპრომისზე წასულა, მაგრამ არც ხელი უკრავს, განსწავლაში ნაწილობრივად დაინტერესებული პირისთვის. „რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. „(მარკ.6.20). ასევე, ამ საკითხის სწავლების სახედ გვეძლევა საღმრთო ისტორია. წმიდა წინასწარმეტყველნი ღმრთისგან გაუცხოვებულ საზოგადოებას ცხოვრებისეული წესით გაემიჯნებოდნენ, მაგრამ ურთიერთობა არ გაუწყვეტავთ და მათ შორის თავდადების ფასად სიმართლის ხმად იდგნენ.

შევეხოთ საკუთრივ მატერიალური დახმარების საკითხს. საღმრთო ისტორია ამ საკითხზე მსჯელობისას უშეღავათოდ ერთმნიშვნელოვანია. როდესაც საღმრთისმსახურო ინსტიტუტი დაარსდება (ძველი აღთქმის ეპოქა) სწორედ რომ საზოგადოება განუყოფელია და სამღვდელო დასის „გამოცალკევება“ სრულიად კონკრეტული ნიშნით ხდება. აღნიშნული მსახურების მეტადრე საპასუხისმგებლო ვითარების გამო მათ საერთო წესისგან განსხვავებით სხვა კანონები (საკუთრივი) ეძლევათ, რაც მათში სიწმიდის დაცვას ემსახურებოდა და არა პრივილეგირებას. საერო დასისთვის პრიორიტეტული იყო საღმრთისმსახურო საჭიროებათა უზრუნველყოფა. ეს ყოველივეზე უწინარესი იყო. საზოგადოების ყურადღება ღმრთისკენ იყო მიმართული. მისი თავკაცნი (ისუ ნავე, მსაჯულნი, საულ-დავით-სოლომონ მეფენი) სწორედ ამ საკითხის რეგულირებას კურირებდნენ. ღმრთის ტაძარი ყველაზე გამორჩეული უნდა ყოფილიყო ყველა ასპექტით! ღმრთისგან უწყებული მოსეს რჯული სრულიად კრებულს ავალდებულებდა ამ საკითხში სისტემატური წვლილის შეტანას. ქრისტიანულ ეპოქაში ამგვარი ხედვის გადატანა სრულიად ბუნებრივად ხდება. ამის თვალსაჩინო ნიმუშები უხვადაა წარმოჩენილი. მაგალითისთვის ორიოდეს დავჯერდები. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი პირველი მსოფლიო კრების მოსაწვევ ხარჯებს სახაზინო ფონდით სრულად აფინანსებს. აქვე შევნიშნავ, იმპერიის რეგიონებიდან ეპისკოპატის ტრანსპორტირებას სწორედ სახაზინო საჯინიბო ემსახურება. ასევე შევნიშნავ, ესაა იმპერატორი რომელიც თავისუფალი იყო სასულიერო დასის, თუ რომელიმე პირთა იდეოლოგიური ზეგავლენისგან. იგი თავად მიდის ქრისტიანობისკენ. მისივე ცნობილი სიტყვებია: „თუ ვინმემ შიშველი მღვდელი ნახოს, საკუთარი სამოსით დაფაროს მისი სიშიშვლე“ (“პერიფრაზი”). სწორედ მის დროს მოხდა ქრისტიანობისთვის იდეოლოგიური და მატერიალური ხელშეწყობა. ამგვარი ხაზით გრძელდება მთელი ქრისტიანული ეპოქა, რისი ნახვაც მკითხველთა წრისთვის ფართოდ ხელმისაწვდომია ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა ცხოვრებაში. საზოგადოებრივი მთლიანობა ქრისტიანულ სივრცეში სწორედ რომ ადვილად დასანახია.

ამ თემაში პრობლემური ნაწილიც უდავოდაა. ეს მთელ საღმრთო პერიოდში ისახება. პირველი – მოსეს რჯულამდე საღმრთოდ ნებაყოფლობითი გასაღები უფრო აქტიური და ნაყოფიერად ჩანს. კანონის შემოღებამ საზოგადოებრივი განწყობის სახე შეცვალა. არაერთსულოვანი იყო. მეორე – სამღვდელო დასში იოლი ცხოვრების მოსწრაფების მოსურნეებმა იჩინეს. რაც მათ ღმრთისმსახურებაში ისახება. არაერთი პერსონა ამ მიზეზით “ეტმანსებოდა” და ეკედლება ეკლესიას. უსინდისოდ ხელის მოთბობის მცდელობით. იუდა „მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ.“ (იოანე.12.6). შევნიშნოთ, საეკლესიო ქონება საზოგადოების საკუთრებაა. შემდეგი დანიშნულებით, მისია-ქადაგების საკითხთა და საღმრთისმსახურო ატრიბუტიკათა უზრუნველსაყოფად. ქველმოქმედება-სოციალურ საკითხთა მოწესრიგება. პირველი ქრისტიანები თავის მონაგებს ეკლესიის ერთობას წირავდნენ, რაც უპირველესად უმწეოთა დასს ხმარდებოდა. მესამე – წინარედ აღნიშნულით საშიშროება წარმოჩინდება, ღმრთისმსახურთა წუთისოფლისეულ სულთან კომპრომირებით. სწორედ ეს უკანასკნელი ხდება აღნიშნული თემის ძირითად მიზეზად. ამ საკითხის რეგულირება ცალსახად ეკლესიის მოვალეობაა. სადაც მოქმედ და აღსაზრდელ ღმრთისმსახურთა შორის სულიერ ღირებულებათა პრიორიტეტულად წარმოჩინება მოხდება. მატერიალური ფონდი დასახულ იქნება ცალსახად სულიერის სამსახურში და არა ცხოვრების მიზნად. საკითხის კომპრომისულ ინსტიტუტად გარდაქცევად დასახვა ცალსახად სუბიექტთა დამოკიდებულებით ხედვად მიდის. ეკლესია კი რიცხოვნობის მიუხედავად სუბიექტთა ნაწილს არ წარმოადგენს. შესაბამისად მასთან დაკავშირებული საკითხები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულთა სულიერი მდგომარეობით არ განისაზღვრება. ამის რეგულირება სრულიად სხვა გზებით ხდება, რომლის პრაქტიკა საკმაოდ დიდი და წარმატებულია. ამასთანავე, ანგარების საშიშროება სახელმწიფოს მხრიდან თანადგომის შეწყვეტით, არც შემცირდება და არც გაქრება. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, წინარე უღმერთო პერიოდში, მთელი რიგი სასულიერო პირები, საღმრთო მსახურების საზღაურს კადნიერად ითხოვდნენ კერძოთაგან. პირიქითაც შევნიშნავ, მთელ რიგ სამღვდელო პირებში ამგვარი წესისკენ ბიძგება, თანადგომის შეწყვეტამ გამოიწვია, ისეთებშიც კი რომლებიც არ იწონებდნენ ასეთ ქცევას. კონკრეტულად, წითელი სახელმწიფო ეკლესიას აუცილებელ გადასახადს აკისრებდა, რომელი ბეგარაც არარეალურ ოდენობას წარმოადგენდა. თვით პატიოსანი სასულიერო პირებიც კი იძულებულნი იყვნენ ტაძრის მოქმედად შენარჩუნებისთვის, ღმრთისმსახურებაში, მრევლისთვის გამოსაღები ეთხოვა! აქვე შევნიშნოთ, აღნიშნული წყობილება-მმართველი ძალა საზოგადოებისთვის ძალად თავსმოხვეული იყო. მსგავსი ძალადობით, პირდაპირ თუ შეფარულად საზოგადოებაზე მავანთა გაბატონება ყოველთვის მოხდება. თუნდაც ჩვენთვის ნაცნობი რეალობა. კითხვას ვსვამ: მსგავს უზურპატორთა არსებობა ფართო საზოგადოების სახეს წარმოადგენს? ამის გამო საჭიროდ ხომ არ ხდება საზოგადოების და მთავრობის დიფერენცირება? და ამგავრი ხედვით ზოგად დაქსაქსულობამდე ხომ არ მივდივართ? ჩემი აზრით, სწორედ ეს უკანასკნელია მავანთა მიზანი.

ერთგვარად კარგია ეკლესიის მატერიალური დამოუკიდებლობა, რომელიც კომპრომირებით მავანთა მართულობისგან დახსნის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არა ანგარების საკითხის მოხსნას. ეს პრობლემა იყო და არის ეკლესიაში. თუ წარსულში, თუ დღევანდელობაში ქვეყნის მთავარნი პირადი მიზნების განსახორციელებლად, ხალხში არსებულ სანდო ავტორიტეტთა გამოყენებას ცდილობდნენ. ამისთვის არც სასულიერო პირთა ანგაჟირებას ერიდებიან. ისტორიაშივეა ცნობილი, როცა სასულიეროდ შესარჩევ პირს თავიდანვე კერძო ინტერესისთვის ამზადებდნენ. ამგვარი სახენი რეალურად მათ სამსახურში იყვნენ. ობიექტურობას გამოვიჩენ: ქრისტიანობისთვის, თუ საქართველოს, თუ მსოფლიოს ისტორიაში სახელმწიფოთა ყველა მმართველი არ ყოფილა მირიან-ვახტანგ-აშოტ-დავით (აღმაშენებელი) ან კონსტანტინე დიდივით პირნათელი. მთელ რიგ მირონცხებულ მონარქთათვის ეკლესია საფარველ იარაღად მიაჩნდათ. მაგრამ განვმარტოთ, რომ ეს არ ყოფილა და არ არის ზოგად ეკლესიის სახე და ცნება. ამის საპირწონედ სასულიერო პირთა წმიდათა აურაცხელი დასი მოვიყვანოთ. სწორედ ეს უკანასკნელნი იყვენ მთელი ისტორიის მანძილზე ქრისტეს სამწყსოს სულისკვეთების წარმმართველნი და ეკლესიის სახე მრევლის ცნობიერებაში. ქრისტე ყველასგან თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედებდა, მაგრამ მის გვერდით ანგარი იუდა მოღვაწეობდა. ეკლესიის სივრცეშიც ანგართა გარკვეული რიცხოვნობა მის სახეს არ განსაზღვრავს. ეს პრობლემა ქრისტედან მოყოლებული უწყვეტად იყო, მაგრამ ქრისტეს კრებული გარკვეულ ეტაპზე თავისი ორგანიზმის მთლიანობას განწმედდა. თავის დროზე თავად იუდა ჩამოცილდა ამ ერთობას.

ამდენად, ეკლესიის საზოგადოებისგან ცალკე მოაზრება სწორედ რომ სავალალო და არამართებულია. ამით არა სასულიერო პირთა დისკრედირება მოხდება, არამედ – მრევლის. ხალხისგან ქრისტეს ეკლესიის იზოლირებით ზნეობის და მორალის ჩახშობა ხდება (თუ მეყსეულად, თუ ეტაპობრივად), რითაც იბადება ეპოქალურად ცვალებადი, ცალკეულ სოციუმებად დაყოფილი „სიმართლე“. ასეთი „სიმართლენი“ კი შეგვიძლია ცხადად დავინახოთ, თუნდაც გავლილი ბოლო ასი წლის მონაკვეთში.

ქართულ რეალობაში არსებობს ერთი საინტერესო ისტორიული მაგალითი. საზოგადოებრივმა დაქსაქსულობამ დაასუსტა სახელმწიფო, გაქრობის პირზე მივიდა. ამ დაქსაქსულობის თანამდევად რეგიონალურმა ხელმძღვანელობებმა ეკლესიის ხელყოფა მოახდინეს, რის ფონზეც ეკლესიამ მძიმედ სანახავი სახე მიიღო. ამის შემდეგ იწყება მთელი ერისთვის გარდამტეხი მოვლენები. სახელმწიფოს გამთლიანებით ხელისუფალი დახმარების ხელს უწვდის ეკლესიას. მას ათავისუფლებს ჩარეულ ხსენებულთა ზეგავლენისგან და შიდა რეორგანიზებისთვის საეკლესიო კრების მოწვევის საშუალებას აძლევს. შევნიშნოთ, რომ ქრისტეს კრებულში არსებული პრობლემების გამო ეკლესია სანქციებს მანამდეც მიმართავდა, მაგრამ გარეშე პირთა პროტექტორატის გამო არ ხორციელდებოდა. დამნაშავე პირი მფარველის ხარჯზე არ ემორჩილებოდა თავისზე მოწეულ განაჩენს. სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივმა გამთლიანებამ ხელი შეუწყო საეკლესიო დადგენილებათა ქმედითუნარიანობას. სწორედ ამ მიზეზის შედეგად გახდა ცნობილი რუის-ურბნისის სახელით წოდებული კრება! აქვე შენიშვნას დავურთავ: სახელმწიფომ (მმართველმა ძალამ) არა საეკლესიო დასის და სწავლების ხელყოფა მოახდინა, თავის სარგო ინტერეს-შეხედულებისამებრ, არამედ საზოგადოების გამთლიანებით წესრიგი დაამყარა, რის მერეც შეძლო ეკლესიამ თავისი იურისდიქციის ამოქმედება! ამით, თავის მხრივ, სახელმწიფომ სარგებელი მიიღო სრულფასოვანი გამთლიანებით. საზოგადოებრივი სისრულე საერთო სარგებლის მბოძებელია”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • mama levani says:

    წერილი რომ მეტად ვრცელი არ გამოსულიყო მე ისტორიიდან უამრავი ნიმუშის მოტანას მოვერიდე, მაგრამ მაინც დავამატებ ყველასთვის კარგად ნაცნობ წმ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. სწორედ რომ სახელმწიფოს მმარტველთა მესვეურობით ახდენს ტაო-კლარჯეტის სულიერ აღმავლობას. რომელმაც ჩვენთვის არა მატერიალურად კულტურული სიმდიდრე დაგვიტოვა, არამედ სულიერი რომლითაც საუკუნეების ტაობანი გამოზარდა. ეს იყო იდეალური სინქრონი სულიერისა და საეროსი. შევნიშნავ რომ მეტად დიდი შენაწირის ხელში გამტარებელი გრიგოლი თავად უპოვარი იყო. აი სამაგალითო შემთვევა! ნუთუ ამის შემდგომ კიდევ ვინმეს გაუჩდება აზრი ერისგან ეკლესიის გამოცალკევების?

  • mama levani says:

    რა საინტერესო ფაქტია, ეკლესიის “მაკრიტიკებლების” ნებისმიერ გამოხდომებს თვალს გაფაციცებით ვადევნებთ და ფრიად განვრცობით რეზონანსში ვმონაწილეობთ. პირიქით კი დემაგოგიის საპირისპირო სწავლებაზე ინტერესი ნულოავნი. ჭაობის თევზებივით უძრაობა.წარმოდგენა მექმნება რომ საღი აზრი არ გვსიამოვნებს….

  • mama levani says:

    სამწუხაროა რომ დემაგოგიაზე ხელად ვრეაგირებთ, სიმარტლეს კი თვალს ვარიდებთ. აი ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი რატომ “ბრკოლდებიან” ქრისტიანები!

  • mama levani says:

    სამწუხაროა რომ დემაგოგიაზე ხელად ვრეაგირებთ, სიმართლეს კი თვალს ვარიდებთ. აი ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი რატომ “ბრკოლდებიან” ქრისტიანები!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი