ეკატერინე მახნიაშვილის ხატწერა
ხატმწერი ეკატერინე მახნიაშვილი უფალს მადლობს, რომ ხატწერის ნიჭი და კურთხევა აქვს, რომ ეს ნიჭი ღვთისა და ერისათვის მოიხმაროს. იგი 5 წელია ხატებს წერს და მუშაობისას დღემდე ითვალისწინებს პედაგოგის, ეკატერინე მამადაშვილის რჩევებს. ფიქრობს, რომ ხატმწერმა ხატის დაწერამდე დაწვრილებით უნდა შეისწავლოს წმინდანის ცხოვრება, ღვაწლი და შემდეგ შეუდგეს მის გამოსახვას. ამჟამად მამა გაბრიელის ხატს წერს, რომლის გვერდით მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იქნებიან გამოსახულნი, ზევით კი პანაღეა, ღვთისმშობელი. „ამბიონს“ ეკატერინე მახნიაშვილი თავად ესაუბრა:
„“ხატმწერი ის ვირია, რომელზეც უფალი იჯდა იერუსალიმში შესვლისას და საკითხავია ხარ თუ არა ის ვირი, რომელზეც უფალი იჯდა,” – ეს სიტყვები ჩემი ხატმწერის პედაგოგის, ეკატერინე მამადაშვილისგან მაქვს მოსმენილი და მიჭირს საკუთარ თავს ხატმწერი ვუწოდო. თუმცა, ამ სიტყვებმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა და გავბედავ, გიამბოთ, თუ როგორ დავინტერესდი ხატწერით.
სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი, ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, თუმცა ხატის დაწერის სურვილი გამიჩნდა. ლექციების დასრულების შემდეგ ქაშუეთის ტაძარში მივედი. მსურდა, ხატწერაზე მოძღვრისგან კურთხევა ამეღო. დაბნეულმა სტიქაროსანს ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი, მან ღიმილით შემომხედა და დამარიგა: „უწინ, ბერებს ხატი რომ დაეწერათ წლობით მარხულობდნენ, განმარტოვებაში იყვნენ და ასე ემზადებოდნენ, შენ კი უცებ მოგდომებია კურთხევის აღებაო.“ ეს სტიქაროსანი დღეს მამა შალვა კეკელიაა. მისი დარიგებით თვალი ამეხილა. დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, მარხვა, ზიარება…
დაახლოებით ერთი წლის შემდგომ ჩემი მოძღვრის, დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილის კურთხევით ხატწერის შესწავლა დავიწყე. ასევე, აკადემიის ბიბლიოთეკაში ვეცნობოდი ხატწერასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი სიხარულისა და მადლის მომტანი იყო.
მალე შევუდექი ჩემს პირველ ხატზე – წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატზე მუშაობას. ცხადია, ტექნიკურად და დახვეწის თვალსაზრისით პირველ და მომდევნო ნამუშევრებს შორის სხვაობაა, თუმცა, მიხარია, რომ ყველა ხატს ჩემი ხელწერა აერთიანებს. როცა ასეთი პასუხისმგებლობა გაქვს ღვთისგან მოცემული, ცდილობ უფრო მეტი აკეთო უფლისთვის, რადგან “ღმერთი რაც მეტს გაძლევს, მეტს გთხოვს.”
ამ საქმის შესწავლისას, დამწყებთ შეიძლება გქონდეთ სირთულეები, განსაცდელები – მატერიალური თუ სულიერი. მაგრამ, არ უნდა შეუშინდეთ. ახალი ხატის დაწერის დაწყებისას, ხშირად მქონია შემოთავაზება ამა თუ იმ საერო სამუშაოზე… ზოგჯერ გაურკვევლობაში ვიყავი… არ მინდოდა იმ მონის საქციელს დამსგავსებოდა ჩემი მოქმედება, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და ისიც მიწაში დაფლა (მათეს სახარებიდან). ამიტომ უფალს ვთხოვდი დახმარებას. მალევე მამა თეოდორე გიგნაძის კურთხევით წმ. პანტელეიმონ მკურნალის ხატი დავწერე. ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს საქმიანობაში. “რამეთუ ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.” (მათე 25 თავი.29 მუხლი).
ხატწერა ძალიან მეხმარება სულიერ ცხოვრებაში. ალბათ სხვა ხატმწერებიც დამეთანხმებიან, რომ ხატის დაწერა ყველაზე დიდი ლოცვაა. ამ დროს სულიწმიდის მადლი გადმოდის შენზე, ასევე იმ წმინდანის ღვაწლის მადლი, რომელ წმინდანსაც წერ, მაგრამ გარდა მადლისა იმხელა კონტაქტი მყარდება წმინდანსა და ხატმწერს შორის, რომ წმინდანის ხასიათსაც კი გაცნობს. მაგალითად, წმინდა ბარბარე, რომელიც უფლისათვის თავისი ღვაწლით ბავშვი აღესრულა, მისგან სხვა ხასიათი მოდის, ვიდრე – წმ. იოანე ნათლისმცემლის წერისას;
ჩემ მიერ შესრულებული ყველა ხატი ნატურალური პიგმენტებითააა დაწერილი ემულსიის, კვერცხის გულის ნაზავში. ასე იწერებოდა ხატები უწინაც… ასეთი ტექნიკით შესრულებულ ხატებს მეტი სიმსუბუქე და ჰაეროვნება აქვთ, რაც მლოცველს, შეიძლება ითქვას, ლოცვასაც კი უადვილებს. როდესაც ხატს ვასრულებ არ მგონია, თუ ის ჩემი შესრულებულია. ის უკვე არა ჩემი, არამედ ზოგადია და ყველა მლოცველს ეკუთვნის.“
ეკატერინე მახნიაშვილი მოხარულია, რომ დღეს ხატწერის შესწავლით მრავალი ადამიანია დაინტერესებული და მათ წარმატებებს უსურვებს.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
wmindanta cxovrebis shesaxeb wigni.