ეკატერინე გაბაშვილი
XIX საუკუნეში საქართველოში ქალთა საზოგადო აქტივობის მხრივ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. მნიშვნელოვანი იყო მათი როლი სამწერლო და მთარგმნელობით საქმიანობაში. ქართველი ქალების სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართულენოვანი სკოლის გახსნა ჩვენს ქვეყანაში. 1915 წელს მათ მიერვე დაარსებულ სკოლაში ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა. ეს გახლდათ პირველი პრეცედენტი საქართველოში, როცა მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. დიდი ღვაწლი დასდეს ქართველმა ქალებმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც როგორც მატერიალურად, ასევე თავისი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით. რომელი ერთი ჩამოვთვალო: კნეინა მაკრინე ერისთავი, ელენე ბატონიშვილი, კესარია დადიანი, მანანა გეხტმანი, ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ბაბო (ბარბარე) ხერხეულიძე, ნინო ნაკაშიძე, ელენე და ნინო ყიფიანები და სხვანი. ამჯერად თქვენს ყურადღებას ეკატერინე გაბაშვილზე შევაჩერებ.
ეკატერინე გაბაშვილი – მწერალი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ერთი მეტად მნიშვნელოვანი და რთული ლიტერატურული ჟანრის – მცირე მოთხრობის ანუ ნოველის დამკვიდრება ქართულ მწერლობაში. ეკატერინე გაბაშვილი 1851 წლის 16 ივნისს სოფ. ახალქალაქში, კასპის მუნიციპალიტეტში დაიბადა. პირველი ნაწარმოები “გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ” გამოაქვეყნა 1870 წელს “დროებაში”.
მამა – რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან–მოურავი) ეკუთვნოდა ლიბერალურ თავადაზნაურობას, დამთავრებული ჰქონდა პირველი გიმნაზია. იყო სასამართლოს მდივანი, შემდეგ – ვექილი. დედა – სოფიო ვახტანგის ასული ბაგრატიონი დავითაშვილისა, კეთილშობილი და განათლებული ქალი, ადრე გარდაიცვალა. ეკატერინე მაშინ ხუთი წლისა იყო. ობლების – ეკატერინესა და უმცროსი ძმის სოსიკოს აღზრდა ბებიამ (დედის მხრიდან) ბარბარემ იტვირთა. 7 წლის ეკატერინე მიაბარეს ქ. გორში პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს – მაიკოს, რომელსაც საკმარისი განათლება არ ჰქონდა და ეკატერინეს ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ წერა–კითხვა და რამდენიმე ლოცვა შეასწავლა.1859 წ. ეკატერინე თბილისში ჩამოიყვანეს და ჯერ გერმანულ სკოლაში მიაბარეს, შემდეგ 12 წლისა გადაიყვანეს მადამ ფავრის ცნობილ პანსიონში. 1868 წ. ეკ. გაბაშვილი დაბრუნდა გორში.
17 წელს ეკატერინემ მასწავლებლობა დაიწყო – ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა–კითხვას. აქვე დაწერა მოთხრობა “სოფლის მასწავლებელი”.
1871 წ. გადმოსახლდა თბილისში, მისთხოვდა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაშვილს. თბილისში ეკ. გაბაშვილი დაუახლოვდა ქართული მწერლობის მოწინავე წარმომადგენლებს: ილიას, ვაჟას, აკაკის. ეკ. გაბაშვილს 11 შვილი ჰყავდა – 7 ვაჟი და 4 ქალი. 1911 წ. ქართულ თეატრში დაბადებიდან 60 წლის იუბილე გადაუხადეს. საზოგადოების წინაშე ეკატერინე აკაკიმ გაიყვანა და ხელზეც ეამბორა თურმე… ეკატერინე გაბაშვილს ამ საღამოზე უთქვამს სიტყვა, სამშობლოსადმი მიმართული: “ყოველი წამი ჩემი სიცოცხლისა, გეკუთვნის შენ და შენი გაუმჯობესების სურვილს. და თუ ჩემი ნაბიჯი მკრთალი და უფერულია, ნუ დამსჯი, ის ხომ რაც არის, შენია და შენ გეკუთვნის!”
საქართველოს საისტორიო არქივში მნიშვნელოვანი ცნობები ინახება ეკატერინე გაბაშვილის მიერ თარგმნილი წიგნების გამოცემის შესახებ. დოკუმენტებში შემონახულია მწერალთან მიწერ-მოწერა, ანგარიშები და მოხსენებები საიუბილეოდ მისი თხზულებების დაბეჭდვის თაობაზე (ფ. 481, აღწ.1, საქ. 549, ფურც. 3; ფ. 481, აღწ.1, საქ. 1179, ფურც. 14.):
“მის მაღალკეთილშობილებას ეკატირინა რევაზის
ასულს ქ-ნს გაბაშვილისას
ქ. შ. წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების გამგეობამ თავის სხდომაზედ 22 ამ თვისას, დაადგინა: “ეთხოვოს ქალბატონს ეკატირინე რევაზის ასულს გაბაშვილისას, წარმოუდგინოს გამგეობას თავისი საყმაწვილო მოთხრობები და ამასთანავე თავისი პირობებიც, თუ რა პირობებით შეუძლიან დაუთმოს გამგეობას მათი გამოცემა”.
საინტერესოა ეკატერინე გაბაშვილის თხოვნა ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოების გამგეობისადმი მისი მეორე წიგნის გამოცემის შესახებ:
“წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას ვსთხოვ ზემოდ ჩამოთვლილი მოთხრობები დაბეჭდოს თავისის ხარჯით 1910 იანვრისთვის. ათი წელიწადია სწორედ, რაც ჩემი საბავშვო მოთხრობების პირველი ნაწილი დაიბეჭდა წ.კ.ს. ხარჯით. ამ ათი წლის განმავლობაში, უთუოთ გაიყიდა პირველი გამოცემა, თუ სრულიად არა, იმდენი მაინც, რომ გამოცემის ხარჯი და ავტორის გონორარი (75 მ.) გადიხადა.
ახლაც, ვთხოვ წ.კ.ს. მმართველობას, თუ იკისრებს კვლავ გამოცემას მეორე წიგნისას, დამინიშნოს ასი მანათი გონორარად, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ასი მანათი ჩამერიცხოს საწევრო შემოსატანად, რადგან ჩემის უთაურობით თუ გულმავიწყობით, რიგზედ ვერ შემომაქვს წლიური შემოსატანი და შერაცხილ ვიყვე იმ წევრთა სიაში, რომელთათვისაც ასი მანათია შესატანად სავალდებულოდ.
ეკატირინე გაბაშვილისა
1909 წ. ივნისი 4.”
აქვეა კომისიის მინდობილობით ქ.შ.წ-კ. საზოგადოების გამგეობისადმი გაგზავნილი ა. დიასამიძის განცხადება, რომელშიც კომისია გამგეობას სთხოვს, თავდებობა გაუწიოს სერგეევის ან სხვა რომელიმე ქაღალდის სავაჭრო ფირმასთან ბეჭდვისათვის საჭირო ქაღალდის კრედიტად გამოსატანად, რადგან კომისიის მიერ შეგროვებული 300 მანეთი საკმარისი არ არის თხზულებათა სრულად გამოცემის ხარჯის დასაფარად: “ეკ. გაბაშვილის თხზულებათა საიუბილეო გამოცემის კომისიას განზრახვა აქვს ახლო მომავალში შეუდგეს ზემოხსენებულ თხზულებათა გამოცემას ერთ წიგნად. კომისია უკვე კარგა ხანია, რაც შეუდგა საჭირო თანხის შესაკრებად თადარიგს და ახლა მას აქვს სამას მანეთამდის. მაგრამ ეს თანხა სრულიად საკმარისი არ არის იმ ხარჯის დასაფარავად, რომელიც მოსალოდნელია მთელი თხზულებათა გამოცემის დროს. ამიტომ კომისია სთხოვს გამგეობას, თავდებობა გაუწიოს სერგეევს ან სხვა რომელიმე ქაღალდის სავაჭრო ფირმასთან ბეჭდვისათვის საჭირო ქაღალდის კრედიტად გამოტანის შესახებ. კომისიას იმედი აქვს ეს ხარჯი დაფაროს ახლო მომავალშივე წიგნის ხელისმოწერის შემოსავლიდან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს ვალი დაიფარება იმ მოგებით, რომელიც დარჩება ეკატერინე გაბაშვილის პატივსაცემად გამართულს საიუბილეო საღამოს, რომელიც განზრახულია მომავალ წლის იანვარში. კომისიას იმედი აქვს, რომ გამგეობა ხელს გაუწყობს ფრიად სიმპატიურ საქმეს – ეკ. გაბაშვილის თხზულებათა გამოცემისას – და მით დააჩქარებს მისს განხორციელებას.
ნოემბრის 2-ს
1910 წელს.”
ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებასთან არსებული ქალთა წრის კომისიის კრების ოქმიდან ირკვევა, რომ ეკატერინე გაბაშვილის თხზულებათა საიუბილეო გამოცემის შესახებ კრებამ დაადგინა: “მიენდოს კნ. ანეტა დიასამიძეს შუამდგომლობის გაწევა მთავარ გამგეობასთან ქაღალდის ვაჭრობის ფირმებთან საჭირო თავდებობის გაწევისა გამო. საჭირო განცხადების შეტანის ვადად კრებამ განსაზღვრა 4 ნოემბერი.
მიენდოს იმავე კნ. ან. დიასამიძეს, შეეკითხოს ქ-ნ. ეკ. გაბაშვილისას თანახმა არის თუ არა თხზულების სტილისტურ შესწორებაზედ და თუ თანახმაა, მიენდოს თუ არა ეს შრომა გრ. ყიფშიძეს.
ეთხოვოს ლ. ბოცვაძეს, შეეკრას პირობით მესტამბეს ეკ. გაბაშვილის თხზულებათა გამოცემის შესახებ.”
ეკატერინე გაბაშვილის საიუბილეო კომიტეტის 17 იანვრის 1911 წლის ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ იუბილის გადახდა 6 მარტს ქართულ თეატრში დადგინდა.
აქვეა ნიკო ლომოურის წერილი, რომელშიც ეკატერინე გაბაშვილს “ნიჭიერ მწერალს და ძვირფას ნათლიდედას“ უწოდებს და ნათლად აღწერს თავისი ავადმყოფობის სიმძიმეს.
ზოგადად, ამ დოკუმენტიდან კარგად ჩანს, თუ რა გზა გაიარა გამოცემამდე ეკ. გაბაშვილის თხზულებათა კრებულმა (ფ.481, აღწ.1, საქ.1179).
საინტერესოა ეკ. გაბაშვილის თხოვნა ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებისადმი, გადასინჯონ მისი წარდგენილი 16 პატარა, საბავშვო მოთხრობა, რომლებიც საყმაწვილო ჟურნალ “ნობათსა” და “ჯეჯილში” იბეჭდებოდა და რასაც ღირსეულად ჩათვლიდნენ, გამოეცათ საზოგადოების ხარჯით (ფ. 481, აღწ.1, საქ. 450):
“1) ჩემი სურვილია გამოიცეს ყველა მოთხრობანი ერთ წიგნათ, კარგ ქაღალდზედ, ზოგიერთი იმ სურათებით, რომელნიც შეიძლება შევიძინო ჯეჯილის რედაქციიდან.
2)გამოიცეს საახალწლოთ ამ სათაურით “საახალწლო ფეშქაში ბავშვებს”.
3) მიეცეს ავტორს 1900 წელს, თიბათვეში ათი თუმანი გონორარად, თუ მაშინ ცოცხალი იქნება და თუ არა, ეს ათი თუმანი მიემატოს მისი სახელით სალიტერატურო ფონდს.
1898 წ. 27 ოქტომბერი.”
აღსანიშნავია ეკატერინე გაბაშვილის წინადადება ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებასთან არსებული გამომცემლობის კომისიისადმი (ფ.481, აღწ.1, საქ. 2050, ფურც. 1,2):
“წელს, იანვარში შესრულდება ორმოცდაათი წელიწადი, რაც მე ვეწევი მწერლობას და ცოტათ თუ ბევრად ამ ორმოცდაათი წლის ნაღვაწი აღნიშნავს იმ დროს სვლის ავ-კარგს, გამოსახავს ამა თუ იმ პირს ამ გასულის და ფრიად შესანიშნავი ხანისას ჩვენ ნაციონალურ თვით განვითარებაში და წინსვლაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ წ-კ.გამ. საზოგ. უალაგო და უდავო არ იქნება ჩემი ნაწერების შეგროვება და მათი გამოცემა.
ამ ათი წლის წინათ წ.კ.ს. არსებულმა ქალთა კომისიამ საზოგადოების ხარჯით გამოსცა ჩემგნით შეკრეფილი, ჩემი მოთხრობათა კრებული, რომელზედ დანახარჯი ფული, ვგონებ, მაშინვე გადვიხადე, ჯერ ჩემი იუბილეიდგან შემოსული ფულით, რომელიც სულ უკლებლივ გადაეცა წ.კ.ს. საზოგადოებას და მერე იმ კვიტანციის წიგნაკებით მიღებული, რომელნიც თითქმის მთელ საქართველოში იყო დარიგებული და წიგნის გამოსვლამდე შეგროვილი? მე არავითარი ანგარიში და წარმოდგენა არა მაქვს იმ გამოცემის შესახებ და ვგონებ, არც თითონ საზოგადოებას აქვს რამე? უწინ, როცა ყოველი გამოცემა საქველმოქმედო იყო და ქართულ წიგნს გასავალი არა ჰქონდა, ყოველი ავტორი და მეც, რასაკვირველია, დიდ ბედნიერებად ვთვლიდით იმ მოწყალებას, თუ ვინმე გვიჩვენებდა ჩვენ ნაწერებს დასტამბულათ, არამ თუ ჯილდოზედ გვქონოდა რაიმე ბაასი.
ეხლა კი, როდესაც დრო შეიცვალა და ჩვენი გამომცემლობა მთავრობისაგან მატერიალურად უზრუნველ ყოფილია და მეც ცხოვრება გამიჭირდა, მეტ გონორარს მოვითხოვ იმდენს, რამდენიც თვით საზოგადოებას აქვს მიღებული სხვა ავტორების შესახებ დასაჯილდოებლად.
1)ჩემი სურვილია, რომ გამოიცეს ამ წლის პირველ მაისისათვის ცალკე წიგნათ აქ იქ ჟურნალ გაზეთებში გაბნეული მოთხრობები ამ უკანასკნელ ათი წლის განმავლობაში დაწერილი. ვფიქრობ, რომ ისინი შეადგენენ ერთ კარგა მოზრდილ ტომს.
2)მეორე წიგნათ აყვეს გამოცემული ჩემი ახალი, ჯერეთ დაუბეჭდავი ექვსი თუ შვიდი მოზდილი მოთხრობა, რომელნიც უკვე დამზადებული მაქვს.
3)და საყმაწვილო მოთხრობანი, ან სულ ერთად შეგროვილი, ერთ დიდ ტომათ ან წვრილ წვრილ, პატარა წიგნაკებათ, როგორც გამომცემელი საზოგადოება თავის სასარგებლოდ და ხელსაყრელად დაინახავს.
რაც შეეხება უკვე ქალთა კომისიისაგან გამოცემულ ჩემ მოთხრობათა კრებულს ჯერჯერობით იმათი გამოცემა, შეიძლება, გადაიდოს, თუმცა მთელი გამოცემულობა უკვე სრულად გაყიდულია.
მე შემთხვევით გადმომცეს, რომ ვითომ ჩემი საყმაწვილო მოთხრობანი მიმეყიდნოს, ან გადამეცეს სრულ საკუთრებით წ.კ.ს.გ. მე ამ გვარი პირობა არ მახსოვს და თუ ამ გვარი პირობა ან წერილობით, ან სიტყვიერად მაქვს რამე, ყოვლად შეუძლებლად მივიჩნევ ჩემი სიტყვის უკან წაღებას.
1890 წ. წერა-კით. საზგ. გამოსცა ჩემი წიგნი რამდენიმე ჩემის მაშინდელი დაწერილი მოთხრობიდან. მაშინ ბ. მიქაბერიძე იყო საზოგადოების მდივნათ და იმას ვთხოვე იმ გამოცემაში მოეცა ჩემთვის 100 მ. მე მინდოდა, ჩემის ერთხელ ერთად აღებულის სალიტერატურო ნაშრომით მიმეძღვნა რამე სახსოვარი კოტე მაყაშვილისთვის, რომელიც ამ დროს ჩემი ოჯახის წევრად შემოდიოდა და რომელსაც ნიჭიერ ყმაწვილ კაცათ ვთვლიდი.
ასი მანეთის საზოგადოებისგან წამოღება ძლიერ მძიმედ მივიჩნიე და იქიდგან 25 მ. ისევ მდივანს დაუბრუნე საზოგადოების სასარგებლოთ და 75 მ. ვიყიდე ის საჩუქარი, რომელსაც დღესაც პატივისცემით და ღირსეულად ატარებს ამისი პატრონი…
ყველა ამის შეძლება, მე ვთხოვ ზემო ხსენებულ საზოგადოებას, ორი კვირის განმავლობაში მიპასუხოს ჩემ წინადადებაზედ. სიას ჩემი ნაწერებისას, ან თუ შეგროვება იქნება საჭირო ჩემის მხრით, მაშინ წარმოვადგენ.
ეკატერინე რევაზ გაბაშვილისა
1921 წ.
იანვარი.”
აქვეა სია ეკ. გაბაშვილის საყმაწვილო მოთხრობებისა, რომელნიც “ჯეჯილში” იბეჭდებოდა 1890 წლიდან (ფ.481, აღწ. 1, საქ. 2050, ფურც.3).
საისტორიო არქივში მოიპოვება დოკუმენტები, რომლებშიც ეკატერინე გაბაშვილი მოხსენიებულია ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოების გამგეობის წევრად (ფ.481, აღწ. 1, საქ. 139). ასევე, აქ შეგიძლიათ იხილოთ მწერლის გამოსაცემი მოთხრობების სია (ფ.481, აღწ. 1, საქ. 1656, ფურც.1), რასაც თან ერთვის ს. დადიანის საინტერესო კომენტარი ეკატერინე გაბაშვილის წერის სტილთან დაკავშირებით (ფ.481, აღწ. 1, საქ. 1645, ფურც. 4): “თუმცა მხატვრულ ნაწარმოებთ საერთოდ დიდაქტიკა და ტენდენცია არ უნდა ახლდეს, მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში მიზანს და დანიშნულებას, რომელთა მიხედვითაც ჩვენი მწერალი სწერდა ამ მოთხრობებს, თითქმის ყველა მოთხრობა ნიჭიერად დაწერილია და მოზარდ თაობისათვის ძვირფასი საჩუქარი იქნება…
P.S. რაც შეეხება ეკატ. გაბაშვილის მოთხრობების ენას, ჩემი აზრით, უეჭველად უნდა შესწორდეს.
1916 წ. 5/VII.”
აქვეა გაბაშვილის წერილი: “სამოცდაათი ეგზემპლარი საყმაწვილო მოთხრობებისა მივიღე.
ეკატერინე გაბაშვილის
1917 წ. იანვარი 23.”
ასევე, მწერლის უწყება, რომ ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებისაგან გაგზავნილი წიგნები ხელთ აქვს (ფ.481, აღწ.1, საქ. 1639, ფურც. 2).
საისტორიო არქივშია დაცული, აგრეთვე, ეკატერინე გაბაშვილის იუბილეზე გაწეული ხარჯებისა და საიუბილეოდ გამოცემული წიგნების შემოსავალ-გასავლის ანგარიშები (ფ. 481, აღწ.1, საქ. 1239, 1276).
მნიშვნელოვანია ეროვნული საბჭოს სხდომის ოქმი, რომელშიც მოიპოვება ცნობა ჭრა-კერვის სკოლის გამგის ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის ყრილობის დელეგატად არჩევის შესახებ (ფ. 1836, აღწ.1, საქ.13, ფურც. 3):
“ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების მმართველობამ ორშაბათს 14 ნოემბერს 1917 თავის საგანგებო კრებაზედ გადასწყვიტა: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, თავმჯდომარე ზემო ხსენებულის საზოგადოებისა და გამგე ამ საზოგადოების ჭრა-კერვის სკოლისა, დაინიშნოს დელეგატად იმ საეროვნო კრებაზედ, რომელიც დანიშნულია 19 ნოემბერს 1917 წელს, გადამწყვეტის ხმით ყოველ დაყენებულ კითხვებზედ და გადაწყვეტილებაზედ, რომელნიც აღიძვრიან კრების არჩეულ საბჭოსგან და დადასტურებულ იქნებიან საზოგადო კრებისგან ხმის შეკრებით.
ტფილისი კრების და საზოგადო გამგეობი
1917 წელს თავმჯდომარის ამხანაგი:
14 ნოემბერი მდივანი საზოგადოებისა ნ. გაბაშვილისა
დ. მრევლიშვილისა”
ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მოამზადა თათია ნავროზაშვილმა
ეროვნული არქივის მასალებზე დაყრდნობით
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.