მთავარი » ქრისტიანობა

ეფრემ ასურის ლოცვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.03.2014 15 კომენტარი | 47,778 ნახვა

ეფრემ ასური სირიელი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, ეფრემ ასური კერძოდ, საქართველოში.

ღირსმა მამამ საღვთო წერილის, უფრო ზუსტად, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისათვის იღვაწა. მას მრავალი ლოცვა და საგალობელი ეკუთვნის. ერთ-ერთია “უფალო და მეუფეო”, რომელიც ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს.

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი – შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით. კვირა საღამოდან კი კვლავ განვაახლებთ. ეფრემ ასურის ლოცვის ძალასა და მნიშვნელობაზე “ამბიონსდეკანოზი ამირან ამირანაშვილი ესაუბრა:

“მე, როგორც მოძღვარი, ლოცვას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ლოცვა ეწოდება სიტყვათა წყობას, რომელიც უფლისადმი არის მიმართული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სიტყვები ვის მიერაა დალაგებული. უამრავი უავტორო ლოცვაა. ამასთანავე, არსებობს ლოცვები, რომლებიც იმთავითვეა დადგენილი. მაგალითად, “მამაო ჩვენო” – იესო ქრისტეს ლოცვა. არის სხვადასხვა წმინდა მამის, სასულიერო მოღვაწის ლოცვები. მე, მაგალითად, ეფრემ ასურის ლოცვას განა მხოლოდ მარხვაში ვკითხულობ, არამედ მთელი ჩემი სასულიერო ცხოვრების მანძილზე. ჩემთვის ყველაზე მეტად გამორჩეული სწორედ ეფრემ ასურის ლოცვაა. თავდაპირველად სხვის დასანახად საკურთხეველში ტრაპეზის წინ მეტანიის გაკეთება მერიდებოდა. საერთოდ, უფლის წინაშე სულიერების თამაშს გავურბივარ. ეს, რა თქმა უნდა, დიდ ცოდვად მიმაჩნია. ზოდჯერ არაპროფესიონალი, გაუწვრთნელი ადამიანები ღვთის წინაშე მლიქვნელობას იწყებენ. ფარისევლობაა გამოთქმით ტექსტების წაკითხვა, გადამეტებული მეტანიები და ა.შ. ჩემთვის, როგორც ყოფილი მსახიობისთვის, ეს ამაზრზენია. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს და ზოგისთვის შენიშვნაც კი მიმიცია. მაგალითად, დიდი მეტანიის დროს მუხლებზე ვიჩოქებთ და თავს მიწას ვახებთ, მაგრამ ზოგი სხვის დასანახად თავს იატაკზე უკაკუნებს, ვიღაცას მუხლებში უვარდება. რა ნაკლოვანებაც ერში თავს იჩენს, სამწუხაროდ, ის ეკლესიაშიც აღწევს. ტაძარი კედლებით დაცულია, მაგრამ მე ფიზიკურ დაცვას არ ვგულისხმობ. ღვთის სახლში შემოდიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ეძებენ, ვინმეს თაყვანი სცენ, ანუ მათ თავიანთი კერპები ჰყავთ მაშინ, როცა უფლის პირველი მცნება გვასწავლის: არა ქმნა თავისა შენისა კერპი და არცა ვინმესაგან, რამეთუ შენ თაყვანი ღმერთს უნდა სცე, მისი მონა უნდა იყო და არა ადამიანის, პიროვნებისა.

აფრემ ასურის ლოცვა ჩემთვის ცხოვრების პროგრამაა. ამ ლოცვაში ჩვენმა წმინდა მამამ უფლისადმი უდიდესი გაწონასწორებული დამოკიდებულება ჩადო. მოდით, ვთქვათ ეს ლოცვა… იმდენად მიყვარს, რომ პატარა ბავშვივით ზეპირად ვიცი:

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

აი, ეს რომ შემასრულებინა, ჩემზე ბედნიერი მოძღვარი არ იქნებოდა. ამას შინაგანი განცდისათვის ვამბობ. ბედნიერება იცით რა არის? სწორედ ის, რომ შენში მაცხოვარი სუფევს, არსად გეჩქარება, არავის ეპირფერები, უფლით ხარ აღვსილი და თუ ვინმე შენთან მადლის მისაღებად მოდის, უფლის მცირე ნაწილს უზიარებ და რაც უფრო მეტად გასცემ, მით მეტად აგავსებს მაცხოვარი. ეს თუ არ გააჩნია მოძღვარს, მაშინ ის სულ შემკრთალია, ჰგონია, რომ ვერაფერს აკეთებს და მუდამ ცდება, თვითონაც დაძაბულია და ამ თავის არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობას სხვებსაც გადასდებს ხოლმე. შესაბამისად, მისი მრევლიც დაფეთებულია. მწყემსმა რომ იძახოს, მგელი, მგელიო, ფარა ხომ შეშინდება?! ცხვრები გაიბნევიან, ზოგი ბუჩქებს მიაშურებს თავს, ნაწილი კი ამ არეულობაში გადაიჩეხება სადღაც. მწყემსი თავად უნდა იყოს დინჯი, გაწონასწორებული, მოწესრიგებული. შეიძლება რაღაც შემეშალოს, მაგრამ ამ შეცდომისთვის საკუთარი თავის კი არ უნდა მეშინოდეს, არამედ უფლის, რადგან ვიცი, დამსჯის და იმიტომ, რომ მაშინვე არ მოვინანიე. ეს ჩემი ცდომილება არ გამორჩება სწორედ მას და არა ვიღაც პიროვნებას, ხელმძღვანელს, დირექტორსა თუ უფროსს. აი, ეს არის ჩადებული ეფრემ ასურის ლოცვაში: “მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი”, ანუ წმინდა ეფრემი უფალს სთხოვს, საკუთარი ცოდვები შეაცნობინოს, მათი განცდა მიანიჭოს. წმინდა ეფრემზე ამბობდნენ, რომ ის ძალიან თამამი მამა იყო, არავის ერიდებოდა და ყველას პირში ახლიდა ნაკლოვანებებს. მას დიდი ბრძოლები ჰქონდა და თითქმის სალოსის სტატუსი მიანიჭეს. ყველაზე დიდი ნორმა უფალმა შექმნა, რომ ადამიანი ამ ნორმების ფარგლებში მოექცეს, ამიტომ ბევრჯერ ეს ვიღაცისთვის ნორმაა და სხვისთვის – სიმართლე, რასაც პიროვნება უფლის შთაგონებით ამბობს.

მოძღვარმა როგორ არ უნდა ამხილოს ადამიანი, რომელიც ჯერ არ მოსულა და არიქა, ეჩქარება, ერთ წელიწადში უნდა ყველაფრის მოხვეჭა, სამი-ოთხი წლის შემდეგ კი რაღა მიიღოს? დარჩება ვაკუუმი, სიცარიელე. სინამდვილეში, პიროვნება ჯერ უფლის მადლით უნდა გაივსოს და მადლმოსილი, მადლით აღვსილი გახდეს. ჩემი გაგებით, სიტყვა “მადლი” უფალს ნიშნავს. ანუ როცა მადლით ხარ სავსე, შენში მაცხოვარია და ეშმაკი ვერ დაიბუდებს, მაგრამ როგორც კი ეშმაკი მცირე სიცარიელეს იპოვის ადამიანში, იქვე დამკვიდრდება და წააქცევს, დაღუპავს პიროვნებას.

ასე, რომ ეფრემ ასურის ლოცვაში მწყემსისა და ცხოვართა დამოკიდებულება ბრწყინვალედაა მოცემული. “მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდადმეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე,” – მთავრობისმოყვარება იმას არ ნიშნავს, ვინმე ხელმძღვანელი არ გახდეს, მღვდელთმთავრად არ წავიდეს, ასეთი რამ არ არსებობს. ეს უფლისგანაა დადგენილი და ამას ხელდასხმით ღებულობს ესა თუ ის ადამიანი. მთავარია, ამისკენ პიროვნება თვითონვე არ მიილტვოდეს, ეს არ იყოს თვითმიზანი. გავიხსენოთ დიდი წმინდანი, მღვდელთმთავარი ნიკოლოზი. რამდენჯერ გაექცა ის ამქვეყნიურ პატივს?! მას სულიერი მოღვაწეობა და ღმერთით აღვსება სურდა და არა თანამდებობა, ვინმეს დაჩაგვრა. სწორედ ამიტომაც ეფრემ ასურის ლოცვა განსაკუთრებით მაინცდამაინც ამ მძიმე, მე ვიტყოდი, უმძიმეს მარხვაში იკითხება. ეს მარხვა არის წრთობის უმაღლესი მწვერვალი და იმისთვის ეძლევა ადამიანს, რომ სულიერი წრთობა მიიღოს. თუ გამოწრთობილი არ ხარ, შენგან ვერავინ ვერაფერს გამოიყვანს, ანუ შენგან არაფერი გამოვა. მაშინ რად გინდა შენი თავი?! რად გინდა ის გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგიყვანსო?! რამდენიც არ უნდა ირბინო, თუ სწორი გზა არ იცი, დავარდები და ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ როცა ჭეშმარიტ გზას ადგახარ, ცხოვრების ბოლომდე არ უნდა გადაუხვიო. რთულია სულიერებაზე საუბარი, მაგრამ ვიმეორებ, ეფრემ ასური ის მჭედელია, რომელიც ყველას გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიჭედოთ, გამოვიბრძმედოთ და ამ მარხვაში მისი ლოცვის წყალობით წრთობის კულმინაციას, მწვერვალს მივაღწიოთ.

რაც შეეხება მეტანიებს, ეფრემ ასურის ლოცვისას თექვსმეტი მეტანია კეთდება. პირველი სამი მუხლის მერე – სამი დიდი მეტანია, შემდეგ თორმეტი მცირე და განმეორებით ლოცვის ბოლოს – ერთი დიდი მეტანია.

მინდა, დაგლოცოთ და გისურვოთ, ყველა ლოცვას შეგნებულად მიუდგეთ. მსურს, ამ მარხვამ სიხარული მოგცეთ და არა – ტანჯვა. არა სატანჯველად, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა გექმნეთ ყველა ზიარება.

შეგეწიოთ დიდი მამა ეფრემ ასურის მადლი!”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

15 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი