მთავარი » ქრისტიანობა

ეფრემ ასური – გამონათქვამები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2021 | 3,175 ნახვა

ხსენება – 10 თებერვალი, ღირსისა ეფრემ ასურისა (373-379)
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს. ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩინეობა – მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.

თუკი შენ არ პატიობ ყველას, ვინც კი შეგცოდა, მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები… ღმერთი არ მიგიღებს.

მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.

კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.

სინანული კიდეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.

ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.

ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგვტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.

რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკუეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსას.

განკითხვის დღეს ყველანი წარვსდგებით უფლის წინაშე, სრულიად შიშველნი, ძრწოლვით. მაშინ მიაგოს ბოროტსა და კეთილს თავიანთ საქმეთა შესაბამისად, რადგან ყოველი საქციელი ჩვენი უფლის წინაშეა დამარხული.

ცხადად განცხადდება ჩემი ცოდვები ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და ყოველთა დაბადებულთა წინაშე… ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უსჯულოებანი და შევრცხვები!

თუკი არ იცი, მღვდელი ღირსია თუ არა მღვდლობის ხარისხის, ნუ მოიძულებ მას. ქრისტეს მცნების გამო როგორც ოქროს ვერ მოაკლებს ბრწყინვალებას ჭუჭყი, კიდევაც რომ დაფაროს იგი, როგორც სუფთა მარგალიტს ვერაფერს ავნებს უსუფთაო და უკეთური საგნების შეხება, ამის მსგავსად მღვდლობა არ იბილწება ადამიანისაგან. კიდეც რომ არ ყოფილიყო ის მღვდლობის ღირსი ხარისხის მიღების დროს.

თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭლად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.

შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრები და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.

ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.

ამაოებათა ამაოება არის მთელი ჩვენი ცხოვრება.

შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან.

იცოდეთ, რომ ყველანი მოკვდავები ვართ, ამიტომ გვმართებს ვიგლოვოთ და ვიტიროთ ჩვენივე თავი და არა ის, ვინც მოკვდა, რადგან რომელიც საკუთარი ცოდვებისთვის გლოვობს, დიდიად არგებს მის სულს.

მართალთათვის სიკვდილი შვება და განსვენებაა, მათ არ ეშინიათ სიკვდილის.

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოტმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა – აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა – აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმიანონის წესი.

ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხის კარი, სიყვარულისა გამო გვიჩვენა ზეცად აღმავალი კიბე, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას. ამის გამო გვმართებს თქმად – ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი