მთავარი » სხვადასხვა

“ედემის ბაღი” თბილისის ერთ-ერთ ეზოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.06.2010 3 კომენტარი | 7,982 ნახვა

მანდარინიფარშევანგები, გედები, ხოხბები და სილამაზით გამორჩეული სხვა ფრინველები თანამედროვე ბაღების, სკვერების და პარკების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დეკორაციაა. და არა მარტო დეკორაცია. ეს ველურ ბუნებასთან უშუალო კონტაქტიცაა, ზოგჯერ კი ამ საოცარი არსებების “დამეგობრების” შანსიც.

თბილისის პარკებისთვის ეს ფუფუნება, ალბათ, ცოტა ნაადრევია. თუმცა, გამწვანების დღევანდელი ტენდენციიდან გამომდინარე, შეიძლება დეკორატიული ფრინველები ქალაქის სკვერებსა და ბაღებშიც ვიხილოთ. მანამდე კერძო კოლექციებში უცხოეთიდან შემოყვანილი იშვიათი ფრინველების შეძენის უნიკალური შანსით კერძო პირები ინტერესდებიან.

“ქართველი კაცი სახლის მოსაწყობად არაფერს იშურებს. ვისაც როგორ შეუძლია, ცხადია. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნება ისეთი დეტალის შეტანა, როგორიცაა ფარშევანგი – ბაღში, გედი – აუზში და ხოხბის ვოლიერები” – ამბობს თბილისში მცხოვრები ალბერტ მანელოვი, რომელიც საკუთარ სახლში დეკორატიული ფრინველების ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კოლექციას ფლობს. მის ეზოში მოწყობილ ვოლიერებში ისეთ ფრინველებსაც ნახავთ, რაც არც თბილისის და არც რეგიონის სხვა ქალაქების ზოოპარკში არაა.

აბელ მანელოვი (დეკორატიული ფრინველების კოლექციონერი): “ყველაფერი დაიწყო მტრედებიდან. ჩემმა ძმამ სოფლიდან ორი უბრალო მტრედი ჩამოიყვანა. მერე უკეთესი მტრედები. მერე ქათმები, ციცარი, იხვი. მერე რუსეთში ფარშევანგები შევიძინეთ და ჩამოვიყვანეთ. ფარშევანგებს მოჰყვა ხოხბები, გედები, მანდარინები, პეგანები, ოგარები, კაზარები… უნიკალური კოლექცია შეიქმნა”.

ეს იშვიათი ფრინველები ჯავახეთის 28-ში ცხოვრობენ და მრავლადაც. მათ შორის თეთრი ფარშევანგებიცაა და კიდევ უფრო იშვიათი – შავფრთიანი ფარშევანგებიც. ამ უკანასკნელს საქართველოში და მთლიანად კავკასიაში მხოლოდ 2 კერძო კოლექციაში ნახავთ.

ფარშევანგი

ბუნების შედევრების ბუნება

ფარშევანგები ძალიან მგრძნობიარეები არიან და ნებისმიერ ხმაურზე მაშინვე რეაგირებენ, ყვირიან და სიგნალიზაციის ფუნქციას ასრულებენ. მათი ამ თვისებების გამოყენების პრაკტიკაც კი არსებობს. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკულ ბირთვულ ბაზებს ბატებიც იცავენ. ბატიც ასეთივე ფრთხილია, ხმაც ასეთივე მაღალი აქვს და ნებისმიერ ხმაურზე რეაგირებს.

ფარშევანგი ადამიანს არ უფრთხის და არც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ვთქვათ, ბავშვს რომ მივარდეს და ჩაუნისკარტოს, ასეთი რამ გამორიცხულია. უბრალოდ, ინდაურივით დაიბღვირება ხოლმე.

თუმცა, რამდენადაც კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ, იმდენად აგრესიულია მღრღნელებისადმი, რითიც დამატებითი სარგებელი მოაქვს. ერჩის ვირთხებს და ქვეწარმავლებს. ეს უკანასკნელები ფარშევანგს თვითონვე უფრთხიან და მის საბინადროს ახლოს არ ეკარებიან.

ხოხბების მამამთავარი

ალმასის ხოხობირაც შეეხება ხოხბებს, აქ ყველაფერი, რა თქმა უნდა, კოლხური ხოხბიდან იწყება. ის ხოხბების მამამთავრად ითვლება და მთლელი ხოხბების გვარის საერთო სახელწოდებაც (“ფაზან” – “ფაზისი”) აქედან მოდის.

აქედანვეა გამოყვანილი ხოხბის ხელოვნური ჯიშების უმეტესობაც. დეკორატიული, სამრეწველო და სანადირო ხოხბების მისაღებად სელექციონერები ძირითადად კოლხურს იყენებენ.

კოლხური ხოხბის ველური სახეობა ხელოვნურ პირობებში იშვიათად გვხვდება – ტყვობას ვერ უძლებს, მოშიანურება რთულია, გამრავლება კი – შეუძლებელი. არის შემთხვევები, როცა ველური გარემოდან ხდება კვერცხის აღება, ან წიწილის თუ დაჭრილი ფრინველის აყვანა, რაც ყოველთვის წარუმატებლობით მთავრდება. ამიტომ სელექციის შედეგად მისი მოშიანურებული სახეობაც გამოიყვანეს, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან შემოვიდა.

აქვეა სიამის ხოხობი, რომელიც საქართველოში არსოდეს ყოფილა და ახლაც ერთადერთი წყვილია.

რაც შეეხება ჩინეთის ბინადარ სამეფო ხოხობს, ის დღეს ძალიან იშვიათ სახეობად აღარ ითვლება, არის ზოოპარკში და რამდენიმე კერძო კოლექციაში. თავზე აქვს გამოკვეთილი თეთრი “გვირგვინი”, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება. თუმცა, მისი განსაკუთრებულობა მაინც გრძელი კუდია, ყველაზე გრძელი – ხოხბებში.

ვერცხლის ხოხობი სულაც აღარაა იშვიათი, მაგრამ მართლაც იშვიათი ბუნება აქვს, რაც ხოხბების ყველა სხვა წარმომადგენლისგან განასხვავებს. ჩინეთის თეთრ-ლურჯი ბინადარი დინჯია, ადვილად ეჩვევა ადამიანს, შინაურდება და ერთადერთია ხოხბებს შორის, რომლის გაშვება ბაღშიც შეიძლება. ამისთვის საჭიროა ფრთის გაკრეჭა.

ჩვენში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰყავს ოქროს ხოხობი, ძალიან ლამაზია და მალე მრავლდება. მისგანაა გამოყვანილი ბაჯაღლოს ხოხობი, რომლის ფერებიც მოწითალოს ნაცვლად ხასახასა ყვითელია. მათი მონათესავეა ალმასისებრიც, რომლის ფერებიც თითქოს ნაკლებად გამორჩეულია, მაგრამ წყობა და შეხამება საოცარ ეფექტს ქმნის.

ბაჯაღლოს, ოქროს და ალმასისებრ მამალ ხოხობს 2 ან სამი დედალი სჭირდება, რადგან აგრესიულია და ერთი დედლის ყოლისას არის საფრთხე, რომ მოკლას კიდეც.

იხვების “მის მსოფლიო” და შავი გრაცია

შავი გედიმანდარინი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ იხვად ითვლება. იგი იხვების დედოფლადაა აღიარებული. მათ, კაროლინებთან ერთად, ევროპის ელიტურ პარკებში აშენებენ. ბუნებრივად, ბინადრობს ბაიკალზე და სახალინის კუნძულებზე. არც შემაწუხებელი ხმა აქვს, სასიამოვნოდ წრიპინებს. ეს სახეობა რომ იყოლიოთ, ცხადია, წყლის მცირე აუზი დაგჭირდებათ. აუზში კი მის გარდა შეგიძლიათ გედებიც გაუშვათ.

შავი გედი ავსტრალიის ბინადარია და საქართველოში 2 წყვილია – სამებაში და მანელოვის კერძო კოლექციაში.

უცნაური ქათმები

სილამაზე და განსაკუთრებულობა ისეთი სრულიად ჩვეულებრივ არსებებშიც შეიძლება აღმოაჩინოთ, როგორიც ქათმებია. თუმცა, ქათამი მხოლოდ შინაურსაც არ ნიშნავს.

სუმატრა ველური ქათმის სახეობაა. აქვს შავი ფერი, რომელიც მკვეთრ სიმწვანეში გადადის. ზრდასრულ ქათამს არაბუნებრივად გრძელი კუდი აქვს, ისე რომ 30 სანტიმეტრს მიწაზეც კი მიათრევს. თუ თავისი კუდის სიგრძით ფარშევანგის ასოციაციას ტოვებს, ფიზიკური და ვიზუალური მონაცემებით მოჩხუბარი ქათმების სახეობებს ჰგავს. ქათმის ჩხუბის თბილისელი მოყვარულების გამოცდილებით კი, მოჩხუბარი ქათმების სხვა ჯიშებს შანსსაც არ უტოვებს. რაც მთავარია, მისი ჩხუბისთავობა მხოლოდ ქათმებზე ვრცელდება და ადამიანის მიმართ აგრესიული არ არის.

ძალიან სასარგებლო და იშვიათია დიეტური ქათამი, რომელიც ვიზუალურად ჩვეულებრივისგან არ განსხვავდება. განსხვავებულია მისი კვერცხი – ფერითაც და თვისებებითაც. ეს ერთად-ერთი უქოლესტერინო ქათმის კვერცხია, რომელიც შემადგენლობით მწყრის კვერცხის იდენტურია და შესაბამისი სამკურნალო თვისებებითაც ხასიათდება. სელექციონერებმა სპეციალურად გამოიყვანეს განსხვავებული ფერის – ჭაობისფერი, ცისფერი და წითელი კვერცხების მდებელი ქათამი, რომ ჩვეულებრივი ქათმის კვერცხისგან გარჩევა შეიძლებოდეს.

კვება

ზრდასრული ფარშევანგის თუ ხოხბის კვება რთული არ არის. იკვებებიან ძირითადად მარცვლით (ხორბალი, სიმინდი, ქერი; სასურველია კომბინირებულად), ბალახით და ხილ-ბოსტნეულის ნარჩენებით.

რაც შეეხება წიწილას, ნაზია და გასაზრდელადაც – რთული. მოგეხსენებათ, ველური ფრინველი ბუნებაში ძალიან სწრაფად იზრდება. მტაცებელმა რომ არ დაიჭიროს, სწრფად უყალიბდება ბუმბული, ფრთები და ამ ინტენსიური ზრდის პროცესში თუ პატარა რაღაცა დააკლდა, კვდება. ბუნებაში ან კალიას დაიჭერს, ან ობობას, უამრავი ბალახია, სახლის პირობებში კი ასეთი “დელიკატესები” შეუძლებელია. ამიტომ ეს დანაკლისი ხორცით, ხაჭოთი ან სპეციალური ვიტამინებით უნდა ანაზღაურდეს.

ნინო ლომთაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი