მთავარი » ქრისტიანობა

როგორ გავანაწილოთ გონივრულად დრო?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.10.2012 | 5,777 ნახვა

“აიძულე თავი ღვაწლისათვის. ნუ იურვი და დროს უქმად ნუ დაკარგავ. რადგან დროს, რომელსაც ყოველდღიურად უმიზნოდ და ფუჭად ხარჯავ, ვეღარ ჰპოვებ. და ანგარიში უნდა ჩააბარო შენი ცხოვრების ყოველი დღის, საათისა და წამის შესახებ. ადამიანი არა მხოლოდ უნდა გარბოდეს, არამედ გზის სტადიონებსაც (სიგრძის ერთეული) ზომავდეს. და ამასთან, არ ჩამორჩეს და არ იზარმაცოს.”

იოსენ ათონელი (ისიხასტი)

თითოეულ ადამიანს ღვთისაგან დრო გარკვეული ხანგრძლივობით მოგვეცემა. თუმცა მას ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ და ფუჭად ვკარგავთ. საათი როგორ ვაკონტროლოთ დრო, რომ ჩვენი თითოეული დღე გონივრულად წარვმართოთ? “ამბიონს” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი მალხაზ ყიფიანი ესაუბრა:

“დრო ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სამწუხაროდ, ჩვენ მას ხშირად უსარგებლოდ ვიყენებთ. როდესაც ადამიანებს სულიერი ღირებულებების შესახებ ვესაუბრები, ვუხსნი, რომ მერვე მცნება: არა იპარო, მხოლოდ სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფას, ან ვიღაცის სახლში ჩუმად შესვლასა და რაიმე ნივთის მოპარვას კი არ გულისხმობს, არამედ თუნდაც დროის ფუჭად კარგვასაც. ამ ცოდვის თანამონაწილე ჩვენ თვითონ ვხდებით ჩვენი ცხოვრების წესის მიზეზით. ღმერთს ვპარავთ იმ დროს, რომელიც მან სულ სხვა დანიშნულებით მოგვცა. ადამიანმა სულიერი თვალის დახმარებით უნდა განსაზღვროს და გონივრულად გაანაწილოს ყოველდღიური გრაფიკი, რათა როგორც ილია მართალი ამბობს, საკუთარ თავს ვკითხოთ: “აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?”

დრო მხოლოდ საკუთარი შვების, სიამის, განცხრომისა და კეთილდღეობისათვის ზრუნვაში არ უნდა გავლიოთ.”

მამაო, რა არის დროის სიმცირის მიზეზი?

დროის სიმცირის უმთავრესი მიზეზი საკუთარი არასწორი, ჩამოუყალიბებელი სულიერი ცხოვრებაა. წმ.იოანე ოქროპირი ამბობს: ადამიანის ბუნება ცუდისაკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე კარგისაკენ. ამიტომ ის, რომ ადამიანი ამ დროს არამიზნობრივად ანაწილებს, ამის მიზეზი ჩვენშივეა და თუ მას მეტ-ნაკლებად მიზნობრივად დავხარჯავთ, ჩვენი ცხოვრებით ღმერთსაც და კაცთაც სათნო ვეყოფით.

თანამედროვე ეპოქაში ადამიანის სული უფრო სხვა მიზნებითაა დაკავებული. სურს, ირგვლივ ყველაფერი მოიწყოს, ყველა მას ემსახურებოდეს. ეს ხშირად დროის სიმცირის განცდას იწვევს. რამდენადაც გინდა ყველაფერი მოასწრო, ამ დროს არაფერი გამოგდის…

როგორ უნდა დაიწყოს ქრისტიანმა თავისი დღე, რომ დღის განმავლობაში დროის სიმცირე არ იგრძნოს?

ადამიანმა სარეცელიდან ადგომისა და მოწესრიგებისთანავე პირჯვარი უნდა გადაიწეროს, წმიდა ხატების კუთხეში სანთელი აანთოს, მადლობა შესწიროს უფალს ყოველი გათენებული დღისათვის და დილის ლოცვა წაიკითხოს. დილითვე მან მეტ-ნაკლებად უნდა შეძლოს, დაგეგმოს თავის დღე. სწორად დაგეგმარებული საკუთარი ცხოვრებით ადამიანმა მაგალითი სხვასაც უნდა მისცეს. დატვირთული სამუშაო თუ სასწავლო გრაფიკის მიუხედავად, მან უნდა გამონახოს დრო ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობისთვის, ძილის, დასვენების, სრულყოფილი კვებისათვის… და რაც მთავარია, საკუთარ სულზე ზრუნვასაც დიდი დრო უნდა დაუთმოს. დაძინებამდე ადამიანმა უნდა აღასრულოს ძილად მისვლის ლოცვები. ღვთისაგან გამოითხოვოს კურთხევა, რომ აღსრულებული საქმეების კეთების საშუალება მიეცა. დღის განმავლობაში სწორად დაგეგმარებული საკუთარი ცხოვრება სასურველ შედეგს მოგვიტანს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე ადამიანის ცხოვრება ფუჭი და უსარგებლოა, მადლისაგან განძარცვულია. ვითხოვოთ, მოგვეცეს დრო სინანულისათვის, სიკეთის ქმნისათვის და ვეცადოთ, მეორე დღეს მაინც გავაკეთოთ ის სასარგებლო საქმეები, რისი აღსრულებაც ერთ დღეს ვერ შევძელით.

ხშირად ვამბობთ, რომ დრო დაჩქარდა, რომ დროის შეგრძნება არ გვაქვს… ასე იმიტომ ხომ არ არის, რომ დროს ნაყოფიერად არ ვიყენებთ, ზოგჯერ “დროსტარებაში” ვართ გართულნი და მხოლოდ გვიან ვწუხვართ დაკარგულ დროზე?

მატერიალურ-ტექნიკურმა პროგრესმა შედეგად მოიტანა ის, რომ ცხოვრების რიტმი აჩქარებულია. კომუნიკაციისა და გადაადგილების ისეთი საშუალებები, როგორიცაა ტელეფონი და მანქანა, ადრე არ იყო. დღეს ამ საშუალებებით ჩვენს საქმეს გაცილებით მალე ვაკეთებთ. ძველად კი ამისათვის 1 კვირა, 1 თვე იყო საჭირო. სამყაროს ერთ წერტილში მომხდარი ამბის შესახებ შეიძლება ერთ წელში შეგვეტყო, ან თუნდაც მთელი ცხოვრება უნდა დავლოდებოდით მას. ამ პროგრესმა ცვალებადი გახადა ჩვენი ცხოვრების რიტმიც, რამაც გამოიწვია ადამიანის სულიერი სამყაროს დეგრადაციაც. მაშინ თუ ადამიანი მეტ დროს ღვთის დიდებას, სიყვარულს უთმობდა, დღეს ისინი ამით აღარ არიან დაკავებულნი და გართობის ის უზნეო საშუალებები, რომლებიც მრავლადაა და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, მაგ.: კაზინოები, ტოტალიზატორები, ადამიანში დროის აღქმას აფერმკრთალებს. მსმენია ადამიანებისგან, რომ კაზინოებში სპეციალურად ისეთი მყუდრო გარემოა შექმნილი, რომ შეიძლება 24 საათის განმავლობაში დღე და ღამე ვეღარ შეიგრძნო… ბოროტმა იცის ადამიანის შესაძლებლობები, რა საშუალებებით დააკნინოს და განაშოროს ღმერთს. მას კარგად ჰყავს ადამიანი შესწავლილი. როცა ჩვენ გონიერ ადამიანს გვიწოდებენ, “ჰომო საპიენსს”, ეს გონიერება იმაში უნდა გამომჟღავნდეს, რომ სულიერების იმ მდელოს უნდა დავეწაფოთ, რომელიც ეკლესიის წიაღშია. ჩვენ თვითონ ვქმნით ადამიანები იმ გარემოს, რომ დრო დაჩქარებული იყოს, ამას ვერავის დავაბრალებთ.

გვეთვლება თუ არა ცოდვად დროის ფუჭად დაკარგვა?

რა თქმა უნდა. დროის ფუჭად კარგვა, როგორც აღვნიშნეთ, ათი მცნებიდან ერთ-ერთი მცნების დარღვევაა. ჩვენ „არა იპაროს“ მცნებას ვარღვევთ. ღმერთს ვპარავთ იმ საუკეთესო დროს, რომელიც ჩვენ სხვა დანიშნულებით შეგვეძლო გამოგვეყენებინა. მაგ.: ღვთის დიდებაში, მის სიყვარულში, საკუთარი სულის ცხონებისათვის ზრუნვაში, მოყვასის საკეთილდღეო ცხოვრებაში და ზოგადად, ჩვენი საკუთარი პიროვნების კვლევაში, აღმოგვეჩინა ჩვენს თავში უარყოფითი თვისებები და გვეზრუნა მათ აღმოსაფხვრელად…

შეიძლება წინასწარ დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება, როცა არ ვიცით, მეორე წუთს რა შეიძლება მოხდეს ჩვენს თავს?

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ ჩვენ ამ დაგეგმარებას, წინასწარ გათვლას, რომელიც კარგისკენ არის მიმართული, მის გახორციელებას ღვთისაგან უნდა გამოვითხოვდეთ. მართალია, ჩვენ კი ვგეგმავთ, მაგრამ არ ვიცით ხვალ ან ზეგ რა მოხდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ხვალინდელი დღე სიკეთისა და კარგი საქმისთვის არ დავგეგმოთ. ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში ღვთის შემწეობა უნდა იყოს და უნდა ვთქვათ, თუ ღმერთი ინებებს, თუ უფალი შემეწევა, ამ დაგეგმილ საქმეს განვახორციელებ…

როგორ გამოვიყენოთ თავისუფალი დრო, რომ ამ დროს ცოდვის ჩადენას თავი ავარიდოთ?

თაფლი საუკეთესო საზრდელია ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი უზომოდ მიღება იწვევს თაფლით თრობას, რომელიც მოწამვლაზე უარესია. ამიტომ ადამიანმა თავის სარწმუნოებრივ ცხოვრებას უნდა შეუსაბამოს მისი საერო ცხოვრება. თავისუფალ დროს ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ არა მარტო საგალობლის მოსმენა თუ საღვთისმეტყველო წიგნის კითხვა, არამედ საერო ლიტერატურის კითხვა და ეროვნული, პატრიოტული მუსიკის მოსმენა… დავკავდეთ ხელსაქმით, სპორტის იმ სახეობებით, რომელიც აგრესიას არ აყალიბებს ადამიანში და ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს… ზომიერების ფარგლებში ეკლესია ადამიანებს ურჩევს: ვიყოთ დაკავებულნი იმ კეთილი საქმეებით, რასაც რეალობა გვთავაზობს და შემოზღუდულნი ვიქნებით ბევრი ცუდი საქმის ქმნისაგან.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი