მთავარი » დღესასწაულები

კვირიკობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.07.2022 10 კომენტარი | 25,525 ნახვა

სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.

კვირიკობაწმიდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. აქ დაცულია წმიდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც “ლაგურკა”, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.

როგორც სვანური ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა ეს ეკლესიაც დარბაზულია. მას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის. ორი სარკმელი – ერთი საკურთხეველში და მეორე დასავლეთ კედელში. ამჟამად მოქმედია დასავლეთის შესასვლელი.

ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და შესანიშნავი ქართველი მხატვრის თევდორეს მიერ, რომელიც XI-XII სს-ის მიჯნაზე დემეტრე მეფის კარზე მოღვაწეობდა.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ოთხი ფიგურა, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული სარკმლისა და კარის ორივე მხარეს: ზემოთ წმიდა კვირიკე და წმიდა ივლიტა, ხოლო ქვემოთ წმიდა ბარბარე და წმიდა ეკატერინა. ტაძრის საკურთხევლის კანკელზე, მის ზედა ნაწილში, მოცემულია წელსზევითი გამოსახულებები შემდეგი თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ – წმიდა სტეფანე, წმიდა კვირიკე, შემდეგ აღსავლის კარები და შემდეგ წმიდა ივლიტა და წმიდა ქრისტინა.

კალა, ლაგურკასამხრეთის კედელი დათმობილი აქვს წმიდა კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ორ ეპიზოდს – პატარა კვირიკეს სასახლის კედლიდან გადმონარცხებას და წმიდა ივლიტას სიკვდილით დასჯას. მათ ზემოთ გამოსახულია ანგელოზი მოწამოებრივი ნიმბით ხელში. ამ გამოსახულებებს ახლავს წარწერები: “წმიდაი ივლიტა ჰმადლობს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან სრულყო წამებაი წმიდისა კვირიკესი, ძისა თვისისა”, ხოლო მეორე კომპოზიციაზე: “თუესა ივლისსა იე (15) წამებაი წმიდისა კვირიკესი. მან უღმრთომან მეფემან გარდამოაგდო წმიდაი კვირიკე საყდართაგან”. წამების დღე აღნიშნულია წმიდა ივლიტეს თავის კვეთის გამოსახულებაზეც: “თუესა ივლისსა ივ (16) წამებაი წმიდისა ივლიტასი”. ორივე თარიღი აღნიშნულია ძველი წელთაღრიცხვით – ამჟამად კვირიკობა და ივლიტობა 28-29 ივლისს აღინიშნება.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შესასვლელი კარების ზემოთ, კედლის მთელ სიგანეზე მოთავსებულია ლურჯ ფონზე თეთრი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა სამ სტრიქონად: “სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი წმიდისა კვირიკესი სადიდებელად და სალოცველად ამის ხევისა აზნაურთა ყოველთა, რომელნი აშენებენ ამას წმიდასა ეკლესიასა; წმიდაო კვირიკე, ადიდენ და შეიწყალენ ყოველნი, ამენ.”

ლაკურგის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუა საუკუნეებში, რადგან მიწისძვრას ძლიერ დაუზიანებია. ამას გვაუწყებს წარწერა: “საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი, ახლად შევამკე”. ამ დროს ხელმეორედ, მაგრამ ძველი მოხატულობის მიხედვით მოხატეს საკურთხეველი და კანკელი.

ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომლებიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული.

წმ.კვირიკე და ივლიტაწმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან. მალე ის მმართველ ალექსანდრესტან დაიბარეს.

ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მეც ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი, ტირილით მიიწევდა დედისკენ. გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა, მაცხოვარს შეჰღაღადა და თავიც მოჰკვეთეს.

წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი