მთავარი » ფოტორეპორტაჟი

დოქიარის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2012 3 კომენტარი | 3,496 ნახვა

დოქიარის მონასტერი

დოქიარის წმიდა მონასტერი დაფუძნებული უნდა იყოს წმიდა ათანასე ათონელის თანამოსაგრის, წმიდა ექვთიმეს, დიდი ლავრის ყოფილი მეკელიის (ბერძნ. დოქიარის) მიერ. როგორც ჩანს, წმიდა ექვთიმემ წმიდა ნიკოლოზის სახელობის პატარა მონასტერი დაფნის ნავსადგურის ახლოს X საუკუნის II ნახევარში დააარსა. XI საუკუნის დასაწყისში, ახალი იღუმენის დროს, მეკობრეთა შემოსევებით შეწუხებული ბერები სხვა ადგილზე გადასახლდნენ. მოგვიანებით მონასტრის ტაძარი იკურთხა მთავარანგელოზთა სახელზე. დოქიარის მონასტერი, წესდების მიხედვით, ათონის იერარქიაში მე-10 ადგილზეა. XIV საუკუნის მძიმე ხანაში იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი და სერბეთის მეფე სტეფან დუშანი მონასტერს სხვადასხვაგვარ დახმარებას უწევდნენ. მომდევნო საუკუნეებში სავანემ არნახული გაჭირვება გადაიტანა. XVI საუკუნეში იღუმენ ალექსანდრეს, მოლდოვა-ვლახეთის ბატონისა და მისი მეუღლის დახმარებით თურქების მიერ განადგურებული მონასტერი აღორძინდა. XVII საუკუნეში აღდგა მონასტრის კოშკები, ხოლო 1660 წელს მას მიენიჭა სტავროპეგიალურის სტატუსი.

მონასტრის სამრეკლო აშენდა XVIII საუკუნეში. ოსმანთა იმპერიის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების დროს თურქები სასტიკად აწამებდნენ ბერებს, მთლიანად გაძარცვეს მონასტერი.

მონასტრის ღირსშესანიშნაობაა XVI საუკუნის ტაძარი კრეტული სკოლის ფრესკებით. მდიდრული კანკელი 1783 წელს დაიწერა. დოქიარი თავის ტერიტორიაზე 12 ტაძარს ითვლის, ხოლო მის გარეთ – 4-ს, რომლებიც გალავნის კედლების მოპირდაპირე მხარეს მდებარეობენ.

მონასტერს გააჩნია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმიდანთა ნაწილები, ბიბლიოთეკაში დაცულია 545 ხელნაწერი, მათგან 62 პერგამენტზეა დაწერილი და 5000 ნაბეჭდი წიგნი. დღეისათვის დოქიარში 30 ბერი მოღვაწეობს.

სწორედ დოქიარის მონასტრიდან ჩამოაბრძანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის “მსწრაფლშემსმენელად” წოდებული ხატის ასლი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ბრძანდება.

დეკანოზი ლევან მათეშვილი (ჟურნალი “კარიბჭე” № 3-8 2006 წ.)
ფოტო დეკანოზი დავით დათუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • მერი says:

    ძალიან ლამაზია ათონის მთა და უდიდესი მადლი ტრიალებს, გული მწყდება რომ ქალებისთვის ამ წმინდა მიწაზე ფეხის დადგა არ შეიძლება. ზუსტად არ ვიცი ამის მიზეზი და იქნებ რამე სტატია მოგვაწოდოთ იმის შესახებ თუ რატომ არის აკრძალული მანდილოსნებისთვის მისი მოლოცვა. გმადლობთ წინასწარ.

  • ეთერი says:

    გაოცებული ვარ ამ სილამაზით

  • tamari says:

    ათონის წმინდა მთაზე ქალის შესვლა მკაცრად იკრძალება. აკრძალვას საფუძვლად დაედო ერთი შემთხვევა: გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ქალიშვილი პლაკიდია რომიდან კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდა და გზად წმინდა მთის მონახულება მოისურვა. მას განსაკუთრებით მამამისის შეწირულობით აგებული „ვათოპედის“ მონასტრის ნახვა უნდოდა. როგორც კი პლაკიდია ტაძრის შესასვლელს მიუახლოვდა, გაიგონა ხმა, რომელიც კედლის ნიშაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. ხმამ უთხრა, რომ თუკი იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო, დაეტოვებინა იქაურობა, რომ მისი იქ ყოფნით ცდუნებაში არ ჩაეგდო მონაზვნები. შეძრწუნებულმა პლაკიდიამ დაუყოვნებლივ დატოვა იქაურობა და მას შემდეგ, ათონზე ქალის შესვლა აკრძალულია. – See more at: http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/atoni/atoni.htm#sthash.xb7p55YK.dpuf

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი