მთავარი » სხვადასხვა

დონორებსა და სუროგატ დედებს დაბადებული ბავშვების შვილად აღიარების უფლება არ ექნებათ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.06.2012 | 2,077 ნახვა

კანონში შემავალი ცვლილებების შესახებ გვესაუბრება “საია-“ს იურისტი ქეთევან ქაჩლიშვილი: “ხელოვნური განაყოფიერების შესახებ საკითხები დღეისათვის რეგულირდება “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით. კანონში დონაციასა და სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხები მოკლე და ზოგადი ხასიათისაა (მუხლები №141,143,144). სუროგატი მასში არ არის გაწერილი დონორისა და სუროგატი პირის უფლება-მოვალეობები, თუმცა ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვის კანონიერ მშობლად მითითებულია უშვილო წყვილი, ხოლო დონორს ან/და სუროგატ დედას არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომპლექსური ცვლილებები შედის ერთდროულად რამდენიმე კანონში, კერძოდ, “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში”, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, “საექიმო საქმიანობის შესახებ კანონში”, “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში”, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში”.

დღეისათვის მოქმედი “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით” გაწერილია მხოლოდ დაქორწინებული და დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილების წარმოშობის დადგენა და ბავშვის დაბადების ჩაწერის წიგნში მათი მშობლად მითითების საფუძველი და წესი.
სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს ხელოვნული ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებით დაბადებული ბავშვის წარმოშობის დადგენას, კერძოდ, არსებული პროექტით:

ასეთი ბავშვის მშობლად მოიაზრება ის უშვილო წყვილი (ან მარტოხელა დედა), რომელმაც კანონით დადგენილი წესით დადო ხელშეკრულება სუროგატ დედასთან ან/და გამეტის დონორთან. მათ ბავშვის მიმართ გააჩნიათ ყველა უფლება-მოვალეობა, მიუხედავად დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

სუროგატი დედა (ქალი, რომელიც მუცლად ატარებს ნაყოფს უშვილო წყვილისთვის და ორსულობამდე აქვს გაცხადებული თანხმობა, რომ ბავშვი დაბადების შემდეგ გადაეცემა ამ წყვილს.) არ ჩაითვლება მის მიერ ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიებით დაბადებული ბავშვის დედად.

ასევე, გამეტის დონორს, რომლის კვერცხუჯრედიდანაც დაიბადა ბავშვი (გამეტის დონორი არის პირი, რომელიც გასცემს თავის გამეტებს ხელოვნული ჩასახვის ტექნოლოგიების განსახორციელებლად), არ წარმოეშობა მშობლის უფლება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად დაბადებული ბავშვის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამის სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე უარი განაცხადა თანხმობაზე და მიუხედავად მისი უარისა ბავშვი მაინც დაიბადა.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მოცულობითი ხასიათისაა და ითვალისწინებს მნიშვნელოვნი საკითხების დეტალიზაციას, მაგალითად, განსაზღვრულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები, გაწერილია, რა არის სუროგაცია, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი დედა, რა უფლებებით ისარგებლებს იგი, ვინ შიძლება იყოს გამეტის დონორი და მისი უფლება-მოვალეობები, ასევე, მნიშვნელოვანი ტერმინები და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის ის საკითხი, რომ გამეტის დონორობა უფასოა და დონორი იღებს მხოლოდ დონორობასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას (დრო, ტრანსპორტი, სამუშაოდან მოცდენა და სხვა.). გამეტების ექსპორტი და იმპორტი დაუშვებელია. დღეისათვის შესაძლებელია როგორც უფასო, ასევე ფასიანი დონაცია და აღნიშნული საკითხი ნებაყოფლობითია. ვფიქრობ, გამეტის უფასო დონორობამ შეიძლება პრაქტიკაში გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს.”

რატომ გახდა აღნიშნული ცვლილებების შეტანა საჭირო?

კანონპროექტის ინიციატორის მიერ ცვლილებათა სავალდებულოობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ამ სფეროში არსებული ტექნიკური და სამედიცინო მიღწევები გაცილებით წინ წავიდა და საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შემუშავება, რათა შესაძლებელი იყოს ამ მიმართულებით განვითარებული პროცესების სამართლებრივ ჭრილში მოქცევა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

“საქართველოს სამოქალაქო კოდექსში” შესატანი ცვლილება შეიძლება დადებითი კუთხით შეფასდეს, ვინაიდან ხდება ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვის წარმოშობის საკითხის დაზუსტება, მათ შორის, ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც ჰომოლოგიური და ჰეტეროლოგიური ხელოვნური ინსემენაციის გამოყენების შემდეგ მამაკაცი გარდაიცვლება.

დაგიზუსტებთ, რომ რაიმე სახით ჩამოყალიბებული ან/და გაწერილი დონორთა და სუროგატ პირთა უფლებები დღეისათვის არ არის. აღნიშნულის დარეგულირება ხდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებითა და არსებული პრაქტიკით.

აღნიშნული ცვლილებების ინიციატორი არის საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი