მთავარი » ხატები და ფრესკები

დონის ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2011 ერთი კომენტარი | 2,908 ნახვა

(19.08)

დონის ღვთისმშობლის ხატიდონის ხატი დიდი მთავრის დიმიტრი დონელის დასახმარებლად ჩამოსულმა დონელმა კაზაკებმა ჩამოიტანეს. ის ბაირაღის მსგავსად გრძელ ჭოკზე იყო დამაგრებული და ომის განმავლობაში რუსეთის ჯართან ერთად იმყოფებოდა. კულიკოვის დიადი ბრძოლის დროს, რომელიც 1380 წელს მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის გაიმართა, ხატს მეომართა რიგებში დაატარებდნენ, რათა ისინი თათრების, ლიტველებისა და რიაზანელების წინააღმდეგ ბრძოლაში განმტკიცებულიყვნენ. მტრის დამარცხების შემდეგ კაზაკებმა ხატი უძღვნეს დიდ მთავარს დიმიტრის, რომელმაც ის ჯერ მოსკოვში გადაიტანა და იქ მიძინების ტაძარში მოათავსა, ხოლო ხარების ტაძრის განსრულების შემდეგ, იქ დააბრძანა. მდინარე დონის სანაპიროზე ღვთისმშობლის შემწეობით მოპოვებული გამარჯვების მოსახსენებლად ხატს დონისა ეწოდა.

1591 წლს ყირიმელი უფლისწული ნურადიანი თავის ძმასთან – მურად გირეისთან ერთად მრავალრიცხოვანი ურდოებით მოსკოვს მოადგა. მეფე თეოდორე იოანეს ძეს იმედი არ ჰქონდა, რომ თავისი ძალებით ამ მოულოდნელ თავდასხმას მოიგერიებდა და შემწეობისთვის ზეციურ დედოფალს ლოცვით მიმართა. მან ბრძანა, რომ დონის და სხვა ხატებთან ერთად ქალაქის გარშემო ლიტანია აღესრულებინათ, ხოლო შემდეგ მის სალაშქრო ეკლესიაში დაებრძანებინათ. მთელი ღამის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდა მეფე და ღვთისმშობელს ევედრებოდა, რომ მტრის უკუგდებაში დახმარებოდა ჯარს. მას ეუწყა, რომ ქრისტესი და მისი ყოვლადწმიდა დედის მადლით გამარჯვებას მოიპოვებდა. გათენებისთანავე გამძვინვარებული თათრები თავს დაესხნენ რუსებს. მთელი დღე-ღამის განმავლობაში იბრძოდნენ, მაგრამ უეცრად, უხილავი ძალით შეშინებულნი, გაიქცნენ და ბრძოლის ველზე დახოცილები, დაჭრილები და მთელი აღჭურვილობა დატოვეს. იმავე 1591 წელს იმ ადგილას, სადაც მეომართა შორის ღვთისმშობლის ხატი იდგა, დონის მონასტერი დაარსდა. სასწაულთმოქმედი ხატი მონასტრის ეკლესიაში მოათავსეს და მისი ყოველწლიური დღესასწაული (,,წმიდა ხატის მიერ გაღებული წყალობის გამო’’) 19 აგვისტოს დააწესეს. ამ დროს მიძინების ტაძრიდან დონის მონასტრამდე ლიტანია აღესრულებოდა. მეფე ალექსი მიხეილის ძემ კიდევ ერთხელ დამტკიცა ეს ლიტანია თათრების დამარცხების შემდეგ, როცა მათ კურსკის საზღვრები გადმოლახეს. 1686 წლის 7 მაისს დონის ხატი ვ.ვ. გოლიცინის ლეგიონს ახლდა და დაბრუნებისას 1687 წლის 10 სექტემბერს მას ხელმწიფეები იოანე, პეტრე და მეფის ასული სოფიო მიეგებნენ.

დონის ღვთისმშობლის ხატის ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღუთისმშობელო, სახიერო და მსწრაფლშემწეო შუამდგომელო ჩუენო, გიგალობთ შენ, კეთილთა და საკვირველთა საქმეთა შენთათვის, რომლისთვისცა საუკუნითგან მარადის გარდამოევლინების მეოხებაჲ ხელშეუვალი შენი ქუეყანასა ამას ერსა ჩუენსა სასწაულთმოქმედითა დონისა ხატითა შენითა, უცხო თესლთა მხედრობანი ოტებულ – იქმნებიან ერი შენი უვნებელად დაცულ არს საშინელისა სიკუდილისაგან ყოველნი კაცნი ცხოვნდებიან, ცრემლნი მტირალთანი დაშრტებიან, მოთქმანი მართალნი დაეყუდებიან და მწუხარებაჲ სიხარულად ყოველთა გარდაიქცევის, გვეყავ ჩუენცა, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო ჭირსა შინა ნუგეშინისმცემელ, განახლებაჲ და სასოებისა ჩუენისა, სახეჲ სიმტკიცისა, წყაროჲ მოწყალებისა და მოთმინებაჲ დაუშრეტელი ყოველსა მწუხარებასა შინა. მიაგე ყოველთა ვედრებისა მათისაებრ: ყრმანი აღზარდენ, ყმაწვილნი განაბრძვნენ და შიში ღუთისაჲ მათ შორის დანერგენ, უსასო – ქმნილნი განამტკიცენ და უძლურთა მოხუცებულებაჲ დაიცევ, ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა მოხედენ, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაჲ განაძლიერენ და ყოველნი მშვიდობითა და სიყუარულითა აღგვავსენ, დანერგენ თანხმობაჲ, დედაო გულმოწყალეო, ყოველნი მბრძოლნი და პყრობილნი განამართლენ, ყოველნი ბილწებანი აღხოცენ, რაჲთა არა მიიწივნეს ცოდუანი ჩუენნი წინაშე საშინელისა სამშჯავროჲსა და არცაღა მოიწიოს სამართლად რისხუაჲ ღუთისა ჩუენ-ზედა. ლოცუითა და ყოვლადძლიერითა საფარველითა შენითა მიხსენ ჩუენ ზედამოსვლისაგან მტერთასა, სიყმილისა, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა და ყოვლისა ბოროტისა სატანჯუელისაგან, სასოებითა მეოხებისა შენისათა მოემადლნეს ღუთისაგან მაღლისა მოტევებაჲ და წარხოცუაჲ ცოდუათა ჩეუნთა და შეგვიწყალოს ჩუენ. მას ევედრე, რაჲთა მიმთხუეულ ვიქმნნეთ ზეციურსა სასუფეველსა მისსა და მარჯუენით დგომასა წინაშე საყდრისა ღუთისა, სადაცა შენ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, წარდგომილ ხარ სამარადისოჲთა დიდებითა, ღირს მყვენ, რაჲთა ანგელოსთა და წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა სახელსა ძისა შენისასა, თანადაუსაბამოჲთა მამითა მისითა, ყოვლადწმიდისა და სახიერისა და ცხორებისმომნიჭებელისა სულისა წმიდისა თანა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი