მთავარი » სხვადასხვა

დმანისი – სატახტო ქალაქი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.11.2011 4 კომენტარი | 5,832 ნახვა

დმანისი – მას ისტორიული გეოგრაფიის წყაროებში უძველესი დროიდან ქვემო ქართლი, ზოგადად კი ქართლი ჰქვია.

ქვემო ქართლის აღმოსავლეთ ნაწილს გარდაბანი ერქვა, დასავლეთს – გაჩიანი. საქართველოს მეფის – ფარნავაზის დროს ქართლოსის ძის გაჩიოს კუთვნილ მიწაზე ქვემო ქართლის ეს ორი ნაწილი საერისთავოებად ჩამოყალიბებულა: ხუნანის საერისთავო (ხუნანი გორისხევით, კობისხევით და მტკვრის სანაპირო ზოლი თბილისამდე) და სამშვილდის საერისთავო, რომელიც დანარჩენ ხეობებს აერთიანებდა.დმანისი დმანისის ეპარქია მდებარეობდა გაჩიანიას და შემდეგ სამშვილდის საერისთავოს ფარგლებში.

დმანისის საეპისკოპოსო ცენტრი V საუკუნიდანაა ცნობილი, როდესაც წმ.მეფე ვახტანგ გორგასლის დროს დაფუძნდა საეპისკოპოსო კათედრა ქალაქ დმანისში,სადაც სიონის ბაზილიკაა.

ქვემო ქართლის უძველეს მმართველთა შორის მოიხსენებიან ქართლის პიტიახშები (ქვეყნის თავი, მთავარი). საპიტიახშოს ძირითადი ტერიტორია სამშვილდის საერისთავო იყო, თუმცა მათი მმართველობა ზოგჯერ მთელ ქვემო ქართლს მოიცავდა.

პიტიახშები ქვემო ქართლში უკანასკნელად VIII საუკუნეში მოიხსენებიან, როდესაც ქალაქ სამშვილდეში სამშვილდის დიდ, გუმბათიან საკათედრო ტაძარს ქართლის ერისთავების მემკვიდრეები, “ნათესავით პიტიახშები” – ვარაზ-ბაკურ და იოანე აშენებენ, ან “აღადგენენ”. ზოგიერთი წერილობითი წყაროს ცნობით, სამშვილდის სიონის აგებას უკავშირებენ წმიდა მეფე არჩილ I-ს , წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, ხოსროიანთა შტოს წარმომადგენელს, რომელიც თიანეთის სიონის ტაძარში ყოფილა დაკრძალული.

IX საუკუნის 70-იან წლებში ლიპარიტ ბაღვაში (ორბელიანი) გვარამ მამფალის ყოფილ ტერიტორიას დაეპატრონა თრიალეთში და კლდეკარი გაამაგრა, შექმნა კლდეკარის საერისთავო.

ზურტაკეტის ხეობის ნაწილი XI საუკუნის I ნახევარში, კლდეკარის ერისთავების – ლიპარიტ ორბელიანების ერთ შტოს ეპყრა.

გომარეთის მხარეს, ანუ შავწყალის ხეობას ძველად ზურტაკეტი ერქვა,რომელიც სათავეს შამბიანის მთებში იღებს და მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადია. “მცირე ქალაქი გომარეთი” მდინარე ზურტაკეტის ნაპირზე იყო გაშენებული. გომარეთი ამ მხარეში ეკლესიათა სიმრავლით გამოირჩევა.

X – XIII საუკუნეები გამოირჩევა განსაკუთრებით დიდი აღმშენებლობით ქვემო ქართლში. საქართველოს სამეფო სახლი აღადგენდა ეკლესია-მონასტრებს, ციხე-სიმაგრეებს, სასახლეებს, ხიდებსა და “ფუნდუკებს”- სასტუმროებს.

XIII საუკუნის დამლევსა და XIV საუკუნის დამდეგს დმანისში დამკვიდრებულა საქართველოს სამეფო სახლის ერთი შტო – ლაშა-გიორგის შთამომავლები. ჟამთააღმწერლის ცნობით, ვახტანგ III დემეტრეს ძე დაასაფლავეს დმანისის სიონში და არა მცხეთაში, სადაც იმ დროს ქართველ მეფეებს ჩვეულებრივად კრძალავდნენ.

ქვემო ქართლის ციხე-ქალაქების, სამშვილდისა და დმანისის გარდა, დაწინაურებული იყო ლორე და გაგი. XIII საუკუნეში ისინი წარმოადგენდნენ სახელმწიფოში სანაპირო საერისთავოებს. გაგის საერისთავო საზღვარი შამქორის მინდორზე გადიოდა და მას მხარგრძელების საგვარეულოდან მართავდნენ. ციხის სახელწოდების გამო გაგელი ერისთავები ეწოდებოდათ. ისინი საქართველოს მეფის მოხელეები იყვნენ და მტერთაგან განთავისუფლებული სომხეთის დიდ ნაწილს ფლობდნენ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილებაში შემავალს.

XIII საუკუნის 30 -იან წლებში ქვემო ქართლი მთელ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად, მძიმე განსაცდელშია მონღოლების, ლანგ- თემურისა და სხვა მომთაბარე ტომების შემოსევისაგან.

ეს განაპირა საერისთავო, რომელიც შემოსეული მტრის პირველ დარტყმებს იღებდა, განსაკუთრებით ზიანდებოდა.დმანისის სიონი ერთის მხრივ, სავაჭრო და საქარავნო გზების სიახლოვე და პირველხარისხოვანი საზაფხულო და საზამთრო საძოვრების სიმრავლე ხელს უწყობდა მეურნეობის აყვავებას, მეორე მხრივ კი მომთაბარეთა შემოსევისგან ჩანაგდებოდა. XVI ს-ის პირველი ნახევრისათვის ქვემო ქართლში ძველი მოსახლეობის მესამედი ყოფილა დარჩენილი.

XV საუკუნეში სამეფო – სამთავროებად დაყოფილ საქართველოში ქართლის სამეფოს ეკუთვნოდა ქვემო ქართლიც, სადაც უკვე არსებობდა სათავადო, საბარათიანოს სახით. მასში შედიოდა ალგეთის, ქციისა და მაშავერის ხეობები. სათავადოს ცენტრი სამშვილდის სიონი იყო. ქვემო ქართლი მოწინავე სადროშოს შეადგენდა, რომელსაც სათავეში ედგა სარდალი ბარათაშვილთა სახლიდან.

XVI- XVII სს.-ში ქვემო ქართლის სათავადოს ხელმძღვანელი ბარათაშვილების საგვარეულო რამდენიმე შტოდ გაყოფილა: ორბელიშვილ-ყაფლანიშვილებად, ზურაბიშვილებად, იოთამაშვილებად, აბაშიშვილებად, გოსტაშაბიშვილებად, იარალიშვილებად…

იმ მძიმე საუკუნეებში მტრის უამრავი ურდოსაგან მედგრად იცავდნენ თავს გაგის, ქვეშის, ორბეთის, ბირთვისის, ფარცხისის, ხულუტის, კოჯრის ციხე-სიმაგრეები.

XVIII საუკუნეში ლეკიანობამ ქვემო ქართლი განსაკუთრებით გააჩანაგა.

XIX საუკუნეში რუსეთის მთავრობის ხელშეწყობით უცხო ტომების შემოსახლებამ ქვემო ქართლში იმატა, თურქულენოვან და სომეხ მოსახლეობას ბერძენი და გერმანელი მოახალშენეები დაემატნენ.

XX სს.- ის 20-იან წლებში ბოლშევიკური რუსეთის მმართველობამ ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი სომხეთის რესპუბლიკას გადასცა. ეს იყო გამბაკი, ქარყული, ლორე-ტაშირი და მდინარე დებედას შუა წელი.

1991 წელს დმანისის ეპარქიაში ეკლესიათა შესწავლამ გვაჩვენა, ქვემო ქართლის ამ ნაწილში XII-XIII სს.-ში ფართოდ გაშლილი ჩანს საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობანი. ვრცელ წარწერებში მრავალგან გვხვდება წმიდა მეფეების – თამარისა და დავითის მოხსენება. მაგ.: ლამაზი საყდრის დიდი სამონასტრო კომპლექსის ეკლესიის ტიმპანისა და სოფ. ჰამამლოს ეკელესიის წარწერაში წმიდა მეფე თამარის გარდა ერისთავი კახაჲ, ეკლესიის აღმაშენებელი ბეღლაძე ოქროპირი და კრავი გვხვდება.

სეიფაანთ საყდრის წარწერაა: “თამარ ღმრთისა სწორის სამლოცველო”. წმიდა მეფის თამარის შვილის – ლაშა-გიორგის დროს დმანისი, ასევე “გომარეთის მცირე ქალაქი” (როგორც უწოდებს ქართლის ცხოვრებაში დიდ გომარეთს უფლისწული ვახუშტი ბაგრატიონი) სამეფო მამულს წარმოადგენდა.

XII-XIII სს. მიჯნაზე სამეფო მამულში გუმბათიანი ეკლესიები იგება: წუღრუღაშენი, ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი, ფიტარეთი, დმანისის სიონის კარიბჭე.

მნიშვნელოვანია დმანისის ნაქალაქარი, ლამაზი საყდრის სამონასტრო კომპლექსი XIII ს., ბოსლევის სამება XII-XIII სს., შავწყალის ქვაბ-ციხეთა კომპლექსი ეკლესიებით, ეგრესის ისტორიული ეკლესიები ძველი საფლავის ქვებით, თამარის სამწირველო (1184-1212წწ.), ქვემო ორმაშენის ეკლესია და სამრეკლო XI ს., დიდი გომარეთის ეკლესია, “ღვთისმშობელი”, 1014-1022წწ. გომარეთის ნაქალაქარში ხიზანაანთ ეკლესია – კვირაცხოველი. ეთნოგრაფიული სასაფლაო მითოლოგიური და რელიგიური სიმბოლიკით, ეროვნული ჩაცმულობისა და სამეურნეო ყოფის დეტალებით, ცხენებით, ვერძებით.

სოფელ გომარეთში: ქვა-სვეტები, ეკლესია “კვირაცხოველი”, VI-VII სს.-ში, სტელა, ჯვრების რელიეფები ქრისტიანული სიუჟეტებითა და ორნამენტით.

სოფელ რევაზაშენის ეკლესიები, სოფელ საჯას ეკლესიები, ასომთავრული წარწერებითა და რელიეფებით. სოფ. საფარლოს ეკლესიები ძველი ნასახლარებით, სოფელ ახას ტერიტორიაზე ნანგრევთა ნაშთები, ძველი ნასოფლარებითა და ეკლესიებით, ციხე გალავნებითა და ქვა -სვეტებით, გამოქვაბულთა კომპლექსებით.
დიდ გომარეთში “სიხუაანთ საყდარი”( 1034 წელი).
დიდი გომარეთის მიდამოებში ბაღვაშ ორბელიანთა ციხე გამოქვაბულთა და ციკლოპურ ნაგებობათა ნაშთები, სამირონეებითა და დარბაზული ეკლესიის ნაშთებით, გაშლილი ხელის გამოსახულება ქვა-ჯვარზე ასომთავრული წარწერით, მოხსენიებულია მეფე დავითი. დამლუტის ხეობაში – სოფ. უკანგოში ორი ეკლესია, დარბაზულები, ადრექრისტიანული დროის, დათარიღებულია V საუკუნით.

დმანისის ეპარქია განსაკუთრებით ინტენსიური მშენებლობით V საუკუნის პერიოდიდან XVIII – საუკუნის I ნახევრამდე გამოირჩევა.

ჭოჭიანთ ხევის დარბაზული ეკლესია, ფართენის ნასოფლარის ეკლესიები ბედიანის ხევის მარჯვენა მხარეს, ველისპირის დარბაზული ეკლესია მცირე გორაზე, ტატუაანთ ჭალის ეკლესია ჭალიძეებისა – ციხე-გალავნის კომპლექსი, (რელიეფური ჯვრიანი ქვები და სამშენებლო ეკლესიის ქვები დაფანტულია გარშემო ტერიტორიაზე, გარშემო ტყეა).
ბოსტნების ხევის ეკლესია, მდებარე ლალოველის ველიდან 500 მეტრის მანძილზე.

ეკლესია დარბაზული – უსინათლოთა საზოგადოების დასასვენებელი სახლის ტერიტორიაზე. სოფ. განახლებაში ეკლესია ამაღლება (VI-VIII სს). სოფ. ველისპირის ეკლესია გვიანდელი გადაკეთებული, ორნამენტიანი ქვები ჩატანებულია კედლების მშენებლობაში. სოფ. შავწყალში ეკლესიაზე მიშენებული იყო კარტოფილის საწყობის შენობა. კაკლიანის მიდამოებში ძველი ნასახლარები საწნახელებისა და წისქვილთა ნაშთებითა და ციკლოპური ნასახლარებით.

წმიდა ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს ლიპარიტების (ორბელიანთა) უბანში სამონასტრო კომპლექსს, რომელიც XVIII საუკუნეში დაცარიელებულაო. “ეს უნდა იყოს კაკლიანი”. სხვები ფიქრობენ, არის ჩათახი, მე ვფიქრობო, რომ არისო ძველი ლიპარიტების უბანი, რომელიც აღნიშნული აქვსო ვახუშტი ბატონიშვილს გეგმაზე გეოგრაფიაში”.

ვარდის უბანი ვახუშტი ბატონიშვილის გეგმაზე აღნიშნულია, როგორც ვარდი ჭალა მოდამნახეს ციხე-სიმაგრის ქვემოთ. “მოდამნახეს ქვემოთ, ვარდისუბანში არს მონასტერში უგუმბათო, მშვენიერს ალაგას, მის ქვემოთ უერთდება ქციას კლდეისის ხევი, რომელიც გამოსდის ბენდერის მთების ერთ-ერთ შენაკადისაგან” მოდამნახეს ციხესა და ლიპარიტების (ორბელიანთა) უბნის შუაში და მშვენიერი სანახავიაო, წერს: მინაშენი დაბალია, მთავარი ტაძარი კი არის ძალიან მაღალი.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი